"ეს კოშმარი იყო!" - ქართველი გიორგის თავგადასავალი, რომელიც ირლანდიაში თავს პოლიტიკურ დევნილად ასაღებდა და შემდეგ საქართველოში დაბრუნდა - კვირის პალიტრა

"ეს კოშმარი იყო!" - ქართველი გიორგის თავგადასავალი, რომელიც ირლანდიაში თავს პოლიტიკურ დევნილად ასაღებდა და შემდეგ საქართველოში დაბრუნდა

ირლანდიის გაზეთ „აირიშ თაიმსის“ (The Irish Times) 11 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია საქართველოს შესახებ, სათაურით - „ქართველები ირლანდიაში: რატომ მიდის ბევრი ქართველი იქ და რატომ დაბრუნდა ერთ-ერთი უკან?“ (ავტორი - დენიელ მაკლაფლინი, თბილისიდან).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„გიორგი“, რომელსაც ნამდვილი სახელის გამხელა არ სურს, ირლანდიაში თავისი ცოლით და ორი მცირეწლოვანი შვილით 2022 წლის მაისში ჩავიდა. როგორც იგი ამბობს, თბილისში ხმის რეჟისორად მუშაობდა და იმიტომ გადაწყვიტა საქართველოს დატოვება, რომ თავი აერიდებინა ხელისუფლების დევნისაგან - იმ ბრალდებით, რომ იგი თითქოს ოპოზიციას ღონისძიებების მოწყობაში ეხმარებოდა. „გიორგის“ თქმით, იგი აპოლიტიკურია და არასოდეს გასჩენია რომელიმე პარტიისადმი დახმარების სურვილი ქვეყანაში, რომლის საზოგადოება ორად არის გაყოფილი, პოლიტიკურ ნიადაგზე.

„ქართველებისათვის ირლანდიაში ჩასვლა გართულებულია - შენგენის ზონის ქვეყნებისაგან განსხვავებით, დუბლინში გასამგზავრებლად აუცილებელია ვიზა... ირლანდიაში წასვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მეუბნებოდნენ, იქ საამური ცხოვრებააო. მე თვითონაც ბევრი რამ წავიკითხე ირლანდიაზე და ირლანდიელ ხალხზე. ამიტომ ვიფიქრე, რომ თუ იქ ჩასვლა ძნელი იქნება, ასევე რთული იქნება ჩემი მოძებნაც“, - ამბობს „გიორგი“, რომელიც დუბლინში ესპანეთის გავლით ჩავიდა. იგი ვარაუდობს, რომ ალბათ ესპანეთის აეროპორტის ან ავიაკომპანიის თანამშრომლები შესაბამის იმიგრაციულ კანონმდებლობას არ იცნობდნენ (ან მოთხოვნებს ყურადღება არ მიაქციეს) და, როგორც ჩანს, მათ დაიჯერეს გიორგის ნათქვამი - ოჯახი ირლანდიაში მცირე ბარგით მიემგზავრებოდა და იქ მხოლოდ მცირე ხნით შვებულებას გაატარებდა.

დუბლინის აეროპორტში ჩაფრენისას გიორგიმ თავშესაფარი მოითხოვა. წინასწარ მან თვითმფრინავში თავისი და ოჯახის წევრების პასპორტები გაანადგურა, რასაც თავშესაფრის მიღების ბევრი მსურველი აკეთებს - იმ მიზნით, რომ ქვეყნის ხელისუფლებას მათი განაცხადის განხილვა გაუძნელდეს (გაუჭიანურდეს) და ამით ქვეყანაში ყოფნის დრო გაუგრძელდეთ.

„გამოცდილმა ადამიანებმა მითხრეს, რომ ირლანდიაში ჩასვლისას პასპორტები თან არ უნდა იქონიოთ, თორემ სწრაფადვე უკან დაგაბრუნებენო“, - ამბობს „გიორგი“, რომელიც 40 წლისაა. იგი ვარაუდობდა, რომ მისი განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, რომლის საფუძველი [საქართველოს ხელისუფლების] დევნა იყო, ირლანდიისათვის საკმარისი აღმოჩნდებოდა და მას ქვეყანაში დარჩენის ნებას მისცემდნენ, თუმცა იყო იმის რისკიც, რომ მცირეწლოვან ბავშვებიანად დაუყონებლივ გააძევებდნენ.

„გიორგის“ ოჯახს დუბლინის აეროპორტში „ძალიან კარგად“ მოეპყრნენ, მაგრამ როცა ისინი დუბლინის დასავლეთ ნაწილში მდებარე სატრანზიტო ცენტრ Citywest-ში მიიყვანეს, მათი ცხოვრება კოშმარად გადაიქცა: „იქ ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო - საწოლები არ გვყოფნიდა, რომ დაგვეძინა... ყველაფერს უკრაინელებს აძლევდნენ, თითქოსდა, სხვა ეროვნების ადამიანები არ არსებობდნენ... ჩემი პატარა ბავშვები პირდაპირ ბეტონის იატაკზე წვებოდნენ. შემდეგ ერთმა კაცმა ოთხი ბალიში მოგვცა და ბავშვებს იქ ეძინათ, თუმცა მე და ჩემს ცოლს, ფეხზე მდგომებს, თვლემა გვიწევდა ხოლმე“.

ექვსი დღის შემდეგ ოჯახი დუბლინის ერთ-ერთ სასტუმროში გადაიყვანეს. ცხადია, Citywest-თან შედარებით, სასტუმროში უფრო კარგი მდგომარეობა იყო, მაგრამ ერთოთახიანი ნომერი მაინც ძალიან ვიწრო აღმოჩნდა ოთხსულიანი ოჯახისათვის და არც კვება იყო ნორმალური, განსაკუთრებით - ბავშვებისათვის.

დაახლოებით, ექვსი თვის შემდეგ „გიორგიმ“ მუშაობის უფლება მიიღო მშენებლობაზე, მისი ხელფასი კვირაში 600-დან 750 ევრომდე თანხას შეადგენდა და დამოკიდებული იყო იმაზეც, თუ რამდენს იმუშავებდა ზეგანაკვეთურად.

„მე ბედმა გამიღიმა, რადგან მუშაობა კარგ ადამიანებთან ერთად მომიწია. იქ იყვნენ: ორი პოლონელი და ერთი რუმინელი, დანარჩენები კი - ირლანდიელები. მე ერთადერთი ქართველი ვიყავი. ისინი ხედავდნენ, რომ კარგად ვმუშაობდი და არ ვსვამდი“, - ჰყვება „გიორგი“, - "ჩემი სამუშაო მკვეთრად განსხვავდებოდა ხმის რეჟისორის მუშაობისგან, მაგრამ მეგობრებმა მითხრეს, თუ რა როგორ უნდა გამეკეთებინა. მოკლედ, ახალი პროფესია შევისწავლე“.

„გიორგი“ ამ ყველაფერს იხსენებს, როგორც ირლანდიაში გატარებულ საუკეთესო დროს, მის თავს გადამხდარი ყველა სიძნელის მიუხედავად - იმიტომ, რომ ყოველკვირეული 700-ევროიანი ხელფასი და მასზე დანამატი - 137 ევროს ოდენობით, ოჯახისათვის ნამდვილად კარგი იყო: უკეთესი ცხოვრებისა და დანაზოგის დაგროვების შესაძლებლობას იძლეოდა.

მაგრამ ირლანდიაში ყოფნის, დაახლოებით, მეცხრე თვეს ისინი გადაიყვანეს ქალაქ ათლონთან ახლოს მდებარე თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში და გადასატან (მოძრავ) პორტატულ კაბინებში მოათავსეს. „გიორგის“ თქმით, მისი ოჯახისათვის გამოყოფილი ოთახი ჭუჭყიანი იყო და მის გასუფთავებას ერთი კვირა დასჭირდა.

საცხოვრებელი ადგილის იძულებითი გამოცვლა იმას ნიშნავდა, რომ გიორგი დილით ადრე, 5 საათზე უნდა ამდგარიყო, წასულიყო მშენებლობაზე და საღამოს 7 საათზე დაბრუნებულიყო. მგზავრობამ და ბენზინის ხარჯებმა მისი შემოსავლები ორჯერ შეამცირა. განსაკუთრებით აუტანელი იყო კაბინებში ყოფნა, ზაფხულის სიცხეში... მოკლედ, გიორგიმ გადაწყვიტა, რომ დადგა დრო, სამშობლოში დაბრუნებულიყო.

მეგობარმა ქართველმა კოლეგებმა იგი დაარწმუნეს, რომ მას არავინ დაემუქრებოდა სამართლებრივი დევნით. ოჯახი მიმდინარე წლის აგვისტოში თბილისში დაბრუნდა, ირლანდიაში 15-თვიანი ყოფნის შემდეგ.

„საბედნიეროდ, დღემდე ხელისუფლებასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ მე მაინც უარს ვამბობ ისეთ სამუშაოებზე, რომლებიც მთავრობასთან ან ოპოზიციასთან არის დაკავშირებული. დაკავებული ვარ მხოლოდ კორპორატიულ ღონისძიებებში მონაწილეობით - ქორწინებებით და სხვა მსგავსი საქმეებით, ვმუშაობ რესტორანშიც... მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ და მიხარია, რომ დავბრუნდი. მე მოვაგვარე ჯანმრთელობის პრობლემები, ბავშვები სკოლაში სწავლობენ... თუმცა, რა თქმა უნდა, ხელფასი მცირეა - დაახლოებით, 1000 ლარი (337 ევრო) თვეში, რაც მხოლოდ კვებისათვის თუ არის საკმარისი“.

„თუ მე სამართლებრივი პრობლემები არ მექნება და ღირსეულ ხელფასსაც ავიღებ, საზღვარგარეთ ცხოვრებაზე საერთოდ აღარ ვიფიქრებ... მაგრამ ვატყობ, რომ მხოლოდ ასეთ მცირე ანაზღაურებად ღონისძიებებში მონაწილეობით ნორმალურად ვერ ვიცხოვრებ. მე მჭირდება დიდ კონცერტებში მონაწილეობა, მაგრამ ჯერჯერობით მათზე უარს ვამბობ - მეშინია, ვაითუ, პოლიტიკური თვალსაზრისით შეაფასონ“.

„გიორგი" და მისი ოჯახი თბილისში საერთაშორისო მიგრაციული ორგანიზაციის (IOM) დახმარებით დაბრუნდა, რომელმაც საგზაო ხარჯები აუნაზღაურა და გრანტიც მისცა, რომელიც მან თავისი პროფესიისათვის (ხმის რეჟისორისათვის) აუცილებელი მოწყობილობების შესაძენად დახარჯა.

რუსუდან იმნაიშვილი - IOM-ის ეროვნული პროგრამის თანამშრომელი საქართველოში, რომელიც უცხოეთიდან ნებაყოფლობით დაბრუნების და რეინტეგრაციის კოორდინატორიც არის, ამბობს, რომ საქართველოდან ემიგრაციის მაღალი დონე გამოწვეულია უკეთესი საცხოვრებელი პირობებისა და უკეთესი სამუშაოს ძიების მიზნით, თუმცა ბოლო დროს მოიმატა იმ ქართველების რაოდენობამაც, რომლებიც საზღვარგარეთ სამკურნალოდ მიდიან.

„ირლანდიაში, ძირითადად, მხოლოდ სამუშაოს საძებნელად დადიან... თუმცა, ალბათ, იმიტომ, რომ ვერ მიიღეს ის, რასაც ელოდნენ, [ზოგჯერ] უკან ბრუნდებიან“, - ამბობს რუსუდანი. მისი თქმით, დაბრუნებულები „რეინტეგრაციის გრანტს“ იღებენ, რომელიც დაახლოებით, 1000 ევროს ოდენობით არის ოჯახის ერთ წევრზე და რომელიც შეიძლება [ახალი პროფესიის] შესწავლაზე და საჭირო მოწყობილობების ყიდვაზე დაიხარჯოს.

საქართველოს 3,7-მილიონიანი მოსახლეობის 16% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ეკონომიკური მდგომარეობა განსაკუთრებით გართულდა ქვეყანაში, ათობით ათასი რუსი და უკრაინელი მიგრანტის შემოსვლის შედეგად, რამაც კვების პროდუქტებზე, პირველი მოხმარების ნივთებზე და საცხოვრებელ ბინებზე ფასები გაზარდა. „რუსებისა და უკრაინელების ქვეყანაში შემოსვლით ბევრი ქართველი იგებს, მაგრამ ბევრიც აგებს - მათ ცხოვრების გაძვირების გამო სამშობლოში ყოფნა აღარ შეუძლიათ. ეს ყველაფერი უცხოეთში წასვლის გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს“, - ამბობს მარკ ჰალსტი, IOM-ის პროგრამის კოორდინატორი საქართველოში. მისი თქმით, ბევრ ქართველს ფინანსური მდგომარეობა კოვიდვირუსის პანდემიამაც გაურთულა.

ევროკავშირის ქვეყნებში ქართველი მიგრანტების მზარდმა რაოდენობამ ბრიუსელსა და თბილისს შორის ურთიერთობებში არალეგალური მიგრაცია სერიოზულ პრობლემად გადააქცია - თანაც ეს ხდება იმ გადაწყვეტილების წინ, რომლის თანახმად, ევროკავშირმა დეკემბერში საქართველოსთვის წევრობის ოფიციალური კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს.

„ადამიანების დიდი უმრავლესობა [ევროკავშირის ქვეყნებში] ეკონომიკური მიზეზების გამო მიდის. ირლანდიასთან საქართველოს უვიზო რეჟიმი არ აქვს, შესაბამისად, ირლანდიაში წამსვლელისათვის ქვეყანაში დარჩენის ერთადერთი საშუალება ისაა, რომ მათ თავშესაფრის მიღებისათვის განაცხადი წარადგინონ“, - ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე და მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანი წარმომადგენელი. მისი თქმით, „ჩვენ ირლანდიის ხელისუფლებასთან განვიხილეთ სიტუაცია და გადავწყვიტეთ, რომ აუცილებელია ისეთი სქემის შემუშავება, რომელიც საშუალებას მისცემს მიგრანტებს, ირლანდიაში ლეგალური სამუშაო ჰქონდეთ. ჩვენ ვიცით, რომ ირლანდიაში გარკვეული ვაკანსიები არსებობს, რომლებიც შეიძლება საქართველოს მოქალაქეებმა დაიკავონ და იმუშაონ“.

საქართველომ უკვე შეათანხმა ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანასთან ე.წ. ცირკულარული მიგრაციის სქემები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართველ მიგრანტებს, ლეგალურად იმუშაონ რამდენიმე თვის განმავლობაში, შემდეგ კი სახლში დაბრუნდნენ.

იმავდროულად, ევროკავშირის წევრი რამდენიმე სახელმწიფო საქართველოს ოფიციალურად აღიარებს „უსაფრთხო ქვეყნად“, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არ თვლიან საქართველოს მოქალაქეებს სერიოზული მუქარის თუ სამართლებრივი დევნის ქვეშ მყოფებად და, შესაბამისად, მათ მიერ წარდგენილი განაცხადებები თავშესფრის მისაღებად სწრაფად იქნება უარყოფილი. „ქართველებისთვის რომ იქაურ შრომის ბაზარზე ექვსი ან ცხრათვიანი მუშაობის უფლება არსებობდეს, ასეთ შემთხვევაში, თავშესაფრის პრობლემა მოიხსნებოდა“, - ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე, - "მე ვიყავი ირლანდიაში მარტში, უკვე დავიწყეთ ამ საკითხის განხილვა“.

საქართველოს მთავრობამ უკვე შემოიღო ევროკავშირში წამსვლელი მოქალაქეების დოკუმენტების დამატებითი შემოწმება, არალეგალური მიგრაციის შემცირების მიზნით. შესაბამისად, ქვეყნის აეროპორტებში უკვე არიან ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტოს - Frontex-ის თანამშრომლები. „ვფიქრობ, რომ [ევროკავშირის ქვეყნები] მთლიანობაში კმაყოფილნი არიან თანამშრომლობის დონით. რა თქმა უნდა, ჩვენ, ორივე მხარე, ვხედავთ პრობლემას და მის მოგვარებას თავს არ ვარიდებთ. გვესმის, რომ თავშესაფრის მსურველთა რაოდენობა საქართველოდან ძალიან ბევრია. საჭიროა ამ საკითხზე მუშაობა და მისი უცილობელი მოგვარება“, - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო