გაუპატიურების 154 შემთხვევა, გარყვნილი ქმედებები და სხვა სქესობრივი დანაშაულები - როგორია შემზარავი სტატისტიკა - კვირის პალიტრა

გაუპატიურების 154 შემთხვევა, გარყვნილი ქმედებები და სხვა სქესობრივი დანაშაულები - როგორია შემზარავი სტატისტიკა

მიმდინარე წლის 9 თვეში, საქართველოში სქესობრივი დანაშაულის 412 ფაქტი დაფიქსირდა, მათგან 272 გახსნილია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ ინფორმაციაშია ასახული.

კერძოდ, უწყების ინფორმაციით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, გაუპატიურების 154 შემთხვევა დარეგისტრირდა, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების - 54, პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების - 22, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის - 86, გარყვნილი ქმედების კი - 96.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, სქესობრივი დანაშაულის 396 შემთხვევა აღირიცხა, შესაბამისად, აღნიშნული დანაშაული 4.04%-ით გაიზარდა.

ასევე, მიმდინარე წლის 9 თვეში, საქართველოში 52 ადამიანი მოკლეს. ამასთან, დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ ინფორმაციაშია ასახული.

კერძოდ, სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ქვეყანაში განზრახ მკვლელობის 27 და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის 25 ფაქტი დაფიქსირდა. მათგან უმეტესობა - 47 შემთხვევა გახსნილია. შსს-ს ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განზრახ მკვლელობის 8 შემთხვევით ნაკლები დაფიქსირდა, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობამ კი 4-ით მოიმატა.

დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წლის 9 თვეში, დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ წელს აღნიშნული დანაშაულის 3 ფაქტი აღირიცხა.

რაც შეეხება სიცოცხლის წინააღმდეგ სხვა დანაშაულებებს - უწყების ინფორმაციით, ამავე პერიოდში, მკვლელობის მცდელობის 44 ფაქტი გამოვლინდა, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის კი - 36.

ამასთან, დარეგისტრირდა თვითმკვლელობამდე მიყვანის 982 შემთხვევა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის 141 ფაქტი.

IPN