რუსული საავიაციო "რულეტკა" - მთვრალი მფრინავები, პილოტის ყალბი მოწმობები და ჰაერში გადმოკიდებული 70-ტონიანი ჯართი - კვირის პალიტრა

რუსული საავიაციო "რულეტკა" - მთვრალი მფრინავები, პილოტის ყალბი მოწმობები და ჰაერში გადმოკიდებული 70-ტონიანი ჯართი

6 დეკემბერს ჩვენს სამეზობლოში, აზერბაიჯანის დედაქალაქის - ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას „ბოინგ-737-800“-სი ბეწვზე გადაურჩა ავიაკატასტროფას - ეკიპაჟის მოქმედების მიუხედავად, ფრთასხმულობის მექანიზმი არ გადავიდა დაშვების რეჟიმში, რამაც უკიდურესად სახიფათო გახადა 70-ტონიანი სამგზავრო ლაინერის დაჯდომა ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე...

დღე-ღამეში მთელ მსოფლიოში ათი ათასობით სამგზავრო რეისი სრულდება და ასეთი ან კიდევ უარესი საავიაციო შემთხვევების სრული გამორიცხვა შეუძლებელია, ამიტომაც ცნობილი რუსული ავიაკომპანიის - „აეროფლოტის“ ამ „ბოინგის“ სახიფათო დაშვებაც ბაქოს აეროპორტში, თითქოს არ უნდა გამხდარიყო განსაკუთრებული მსჯელობის საგანი, მაგრამ...

1-avia-1702289962.png
2023 წლის 12 სექტემბერს „ურალის ავიახაზების“ „ეირბას-320“-ის ჰიდრავლიკური სისტემიდან სითხის გაჟონვის შემდეგ ნოვოსიბირსკთან მინდორში ავარიული დაშვება - თავდაპირველად გმირებად გამოცხადებულ ეკიპაჟის ორივე წევრს ეხლა ავიაკომპანია გაგდებას უპირებს - თვითმფრინავის ავარიული დაშვება აეროპორტშიც იყო შესაძლებელი, მაგრამ პილოტებმა დარჩენილი საწვავის მარაგი არასწორად გათვალეს და მინდორში მოუწიათ დაშვებამ...

...მაგრამ ის, რომ ამ ზამთრის დაწყებიდან სულ რაღაც ათიოდე დღეში, 1-ელიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირირებული საავიაციო კომპანიების სამგზავრო და სატვირთო ლაინერებთან დაკავშირებით არანაკლებ... 42(!) საავიაციო ინციდენტი დაფიქსირდა...

ჩამოვთვლით მათ ნაწილს, ყველაზე სერიოზულს:

1 დეკემბერი - 5 საავიაციო შემთხვევა

ნოვოსიბირსკიდან აფრენილ, რუსული ავიაკომპანია „ირაეროს“ კუთვნილ, ასევე რუსული წარმოების „სუპერჯეტ 100“-ს დაუფიქსირდა ფრთაწინებისა და ფრთაუკანების მექანიზმების მწყობრიდან გამოსვლა, რის შემდეგაც გაითიშა ავტოპილოტიც.

სოჭში დაშვებისას „ურალის ავიახაზების“ „ეირბას-321“-ს გაეთიშა ერთი ჰიდროსისტემა.

კალინინგრადში დაშვებისას ისევ „ურალის ავიახაზების“ ისევ „ეირბას-321“-ის მართვის ორგანოების ხელსაწყოები მწყობრიდან გამოვიდა.

2 დეკემბერი - 3 საავიაციო შემთხვევა

სანქტ-პეტერბურგიდან მოსკოვში მფრენ „აეროფლოტის“ „ეირბას-321“-ს მარცხენა ტურბორეაქტიული ძრავა გაეთიშა.

მოსკოვიდან ერევნისკენ გაფრენილი „აეროფლოტის“ ბოინგ-737“-ი უკან მოაბრუნეს, რადგან... სალონის ერთ-ერთი კარი გაიღო.

3 დეკემბერი - 6 საავიაციო შემთხვევა

ყაზანიდან მოსკოვში დაშვებულ „აეროფლოტის“ „ეირბას-320“-ს დაუფიქსირდა მარჯვენა ძრავის სახიფათო ვიბრაცია.

ირკუტსკის აეროპორტში დაჯდომისას „ირაეროს“ „ან-26ბ“-ს... წინა შასი დაეკეცა.

4 დეკემბერი - 4 საავიაციო შემთხვევა

ამ დღეს რუსული ავიაკომპანიების ოთხი რეისი შეწყდა აფრენამდე, სხვადასხვა ტექნიკური პრობლემის, მათ შორის - ძრავების გაუმართაობის გამო.

5 დეკემბერი - 4 საავიაციო შემთხვევა

ავიაკომპანია „პობედას“ „ბოინგ-737“-ი მოსკოვიდან აფრენისთანავე, მალევე, შერემეტიევოს აეროპორტში დაბრუნდა, თვითმფრინავის ჰიდროსისტემაში გამოვლენილი ტექნიკური პრობლემების გამო.

„პობედას“ კიდევ ერთი „ბოინგი-737“-ი სათადარიგო აეროდრომზე დაეშვა, მეტეოხელსაწყოების მთლიანად მწყობრიდან გამოსვლის გამო.

6 დეკემბერი - 6 საავიაციო შემთხვევა

„აეროფლოტის“ „ეირბას-320“-ს პერმიდან აფრენის წინ საბარგო ნაკვეთურის კარი გაეღო.

ვნუკოვოში დაშვებისას „იუტეირის“ „ბოინგ-737“-ს ერთი ჰიდროსისტემა გაეთიშა.

„გაზპრომავიას“ „იაკ-42“-ს ფრენისას ორი ჰიდროსისტემა გაეთიშა.

მოსკოვიდან პეტროპავლოსკ-კამჩატკისკენ მფრენ „აეროფლოტის“ „ბოინგ-777“-ის ელექტროგაყვანილობას ცეცხლი გაუჩნდა.

7 დეკემბერი - 5 საავიაციო შემთხვევა

ულან-უდედან აფრენილ „ავიასტარ-ტუ“-ს სატვირთო „ტუ-204“-ის მარცხენა ტურბორეაქტიულ ძრავას პომპაჟი დაეწყო - მთელი ქალაქი უყურებდა საღამოს ცაში მფრენ ამ თვითმფრინავს, რომლის ერთი ძრავა უკან ცეცხლებს „ყრიდა“.

ნოვოსიბირსკიდან მოსკოვისკენ გაფრენილ ავიაკომპანია „სიბირის“ „ბოინგ-737“-ს ორივე ძრავის პომპაჟი დაეწყო.

8 დეკემბერი - 4 საავიაციო შემთხვევა

ავიაკომპანია „როსიას“ „ეირბას-319“-ის ავარიული დაშვება პილოტების კაბინის ჰერმეტიზაციის დარღვევის გამო.

„ბოინგ-737“-ს ავარიული დაშვება ნოვოსიბირსკში ძრავის პომპაჟის გამო.

9 დეკემბერი - 4 საავიაციო შემთხვევა

შერემეტიევოდან აფრენის შემდეგ „აეროფლოტის“ „ეირბას-330“-ს არ შეეკეცა შასი.

10 დეკემბერი

იაკუტიიდან აფრენის შემდეგ რუსულ „სუპერჯეტს“ არ შეეკეცა შასი და ეკიპაჟი იძულებული გახდა, უკან დაბრუნებულიყო.

ამ, შესაძლოა, ზოგისთვის მოსაწყენი სტატისტიკის უკან დიდი ხიფათი იმალება, რაც მგზავრების მშვიდობიან გადაყვანას ემუქრება...

მკითხველთა ნაწილმა შეიძლება თქვას - განა მარტო რუსული ავიაკომპანიების სამგზავრო თვითმფრინავებს უჩნდებათ ასეთი ტექნიკური პრობლემებიო?

2-avia-1702290066.jpg
„სამგზავრო ლაინერი სიმინდის ყანაში“ - ასეთი შეფასება მიიღო 2019 წლის 15 აგვისტოს, „ურალის ავიახაზების“ „ეირბას-321“-ის აფრენისას, ძრავაში ფრინველის მოხვედრის შემდეგ ჟუკოვსკისთან სიმინდის ყანაში ავარიულად დაშვებამ - პუტინმა მაშინვე კი გმირობა მიანიჭა ეკიპაჟის ორივე წევრს, მაგრამ სხვა საავიაციო სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ეკიპაჟს დროულად რომ ემოქმედა, თვითმფრინავის დასმა აეროდრომზევე შეეძლოთ - მათ მეც ვეთანხმები - ჟუკოვსკის საცდელი აეროდრომი, სადაც ორჯერ ვარ ნამყოფი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი - 4,6 კმ-იანია. შედარებისთვის - თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 3 კმ-ს შეადგენს...

რა თქმა უნდა - არა, მაგრამ სწორედ რუსეთის ავიაკომპანიების სამგზავრო ლაინერები ხდებიან „შენელებული მოქმედების ბომბები“, რის შესახებაც ჯერ კიდევ 2023 წლის 20 მაისის „კვირის პალიტრის“ სტატიაში - „საავიაციო კანიბალიზმის“ ხარჯზე მფრენი რუსული ავიაკომპანიების „ბოინგებით“ მგზავრობა სახიფათოა“ ვწერდი... პრობლემა არა ამერიკული „ბოინგებისა“ თუ ევროპული „ეირბასების“ ტექნიკურ არასრულყოფილებაშია, არამედ იმაში, რომ საერთაშორისო სანქციებდადებულ რუსულ ავიაკომპანიებს აღარ შეუძლიათ სრული ტექნიკური მომსახურება გაუწიონ დასავლეთში წარმოებულ საავიაციო ტექნიკას!

2022 წლის 26 თებერვალს ანუ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან სულ ორიოდე დღის შემდეგ ევროკავშირმა აკრძალა ევროპული წარმოების თვითმფრინავების რუსეთის ფედერაციისთვის მიყიდვა, ტექნიკური მომსახურება, დაზღვევა და, რაც მთავარია, ლიზინგით გადაცემა. მანამდე, დაახლოებით, იგივე გადაწყვეტილება მიიღეს აშშ-ში უკრაინაში, რუსეთის სამხედრო აგრესიის საპასუხოდ.

ერთი თვის შემდეგ კი, 2022 წლის 28 მარტიდან, გაუქმდა ყველა ის კონტრაქტი, რომლებიც რუსეთის ავიაკომპანიებისთვის სამგზავრო თვითმფრინავების ლიზინგად გადაცემას შეეხებოდა - ანუ წესით, რუსეთს მეპატრონეებისთვის უნდა დაებრუნებინა ათასზე მეტი "ეირბასისა" და "ბოინგის" ტიპის თვითმფრინავი, თუმცა...

1,3 ათასამდე სხვადასხვა ტიპის სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავიდან 800-მდე საფრენი აპარატი, ძირითადად, ამერიკული წარმოების "ბოინგები" და ევროპული "ეირბასები", რომლებსაც ლიზინგით რუსული ავიაკომპანიები უწევდნენ ექსპლუატაციას, რუსეთის ხელისუფლებამ სასწრაფოდ რუსეთის საავიაციო რეესტრში გადაიყვანა - ანუ კრემლმა, ფაქტობრივად, მიისაკუთრა დასავლური კომპანიების კუთვნილი რვა ასეულამდე თვითმფრინავი, თითოეული - 70-დან 150 მლნ დოლარის ღირებულების!

რუსეთმა დროებით კი "შეინარჩუნა" დასავლური წარმოების თანამედროვე სამგზავრო ლაინერები, მაგრამ წააწყდა ბევრად დიდ პრობლემას, რომელიც ამ თვითმფრინავების ყოველი რეისის შემდეგ უფრო და უფრო მწვავდება - მიტაცებულ "ბოინგებსა" და "ეირბასებს" აღარც ამერიკელები და არც ევროპელები ტექნიკურ მომსახურებას მეორე წელია, აღარ უწევენ, "ბოინგის" სათადარიგო ნაწილებს კი დაშლილი მანქანების ბაზრობაზე ვერ იშოვი.

3-avia-1702290186.jpg
ტრაგიკული შემთხვევა, როდესაც „აეროფლოტის“ თვითმფრინავის ტექნიკურ პრობლემას ეკიპაჟის სერიოზული შეცდომაც დაემატა - 2019 წლის 5 მაისს საწვავით სავსე რუსული „სუპერჯეტ 100“-ი ავარიულად დაეშვა შერემეტიევოში, რის შედეგადაც შასმა ვერ გაუძლო, დაირღვა საწვავის ავზების ჰერმეტულობა და ბორტზე მყოფი 78 ადამიანიდან 41 დაიღუპა - ვინც ვერ მოასწრო ცეცხლწაკიდებული თვითმფრინავიდან ევაკუაცია...

შესაბამისად, რუსულ ავიაკომპანიებს რჩებათ ერთი გამოსავალი - "საავიაციო კანიბალიზმი", როდესაც ერთი "ბოინგი" წყვეტს ფრენას, მას ნაწილებად შლიან და სხვა "ბოინგებისთვის" იყენებენ. ეს ძალზე სახიფათო გზაა, რადგან ყველა საავიაციო ნაწილს თავისი ფორმულარი აქვს და ერთ თვითმფრინავში უკვე გამოყენებული დეტალების გადატანა სხვა საფრენ აპარატზე არ არის რეკომენდებული, საავიაციო ფრენების უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე.

P.S. რუსული ავიაკომპანიები საერთაშორისო სანქციების დადებამდეც გამოირჩეოდნენ ისეთი საავიაციო შემთხვევებით, რაც ეკიპაჟების უდისციპლინობით იყო გამოწვეული, რამაც საშინელ ავიაკატასტროფებამდე მიიყვანა საქმე - 2008 წელს პერმთან ჩამოვარდა „აეროფლოტის“ „ბოინგ-737“-ი, რომლის ეკიპაჟის მეთაურს ალკოჰოლური სიმთვრალე დაუდგინდა - დაიღუპა ბორტზე მყოფი 88 ადამიანი, ხოლო 2013 წელს ყაზანთან ავიაკატასტროფა განიცადა ავიაკომპანია „ტატარსტანის“ „ბოინგ-737“-მა (დაიღუპა 50 ადამიანი), რომლის ეკიპაჟის მეთაურს თურმე... პილოტის ყალბი მოწმობა ჰქონია...