"აგრაფინა-კისკისაო, დადიანმა პრინცს მისცაო" - ვინ იყო კაცი, რომელმაც ცოლი მილიონის სანაცვლოდ ერთი ღამით გაათხოვა - ამბავი, რომელიც თბილისში მოხდა - კვირის პალიტრა

"აგრაფინა-კისკისაო, დადიანმა პრინცს მისცაო" - ვინ იყო კაცი, რომელმაც ცოლი მილიონის სანაცვლოდ ერთი ღამით გაათხოვა - ამბავი, რომელიც თბილისში მოხდა

თბილისში, კარგარეთელის ქუჩაზე მართლაც ზღაპრული შენობა დგას. ამ სასახლემ დროს გაუძლო და დიდებულ იერს ახლაც ინარჩუნებს. შენობა 1895 წელს გერმანელ არქიტექტორს, პაულ შტერნს აუშენებია. დაკვეთა კი შეყვარებული პრინცის, კონსტანტინე ოლდეგბურგისგან მიუღია.

ამ შენობის კედლები უნიკალური სიყვარულის ისტორიას ინახავს...

ლეგენდის მიხედვით, აგრაფინა ჯაფარიძეს პრინცმა კონსტანტინე ოლდენბურგმა - რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის დის, ეკატერინეს შვილიშვილმა, თბილისში სასახლე რომ აუგო.

აგრაფინას დედაც ჯაფარიძე ჰყოლია და მამაც. იგი 1866 წლის 26 ოქტომბერს დაბადებულა. იგი გახლდათ რაჭველი თავადის ქალი სოფელ ველდეთიდან. აგრაფინას მამა, რომელსაც, ასევე, კონსტანტინე ერქვა, 1860 წელს 26 წლისა გარდაცვლილა და მისი მეუღლე მელანია ქალიშვილებთან ერთად ქუთაისში გადასახლებულა. ამბობენ, რომ აქ ქალი მეორედ გათხოვილა დაქვრივებულ აზნაურ გიორგი იოსელიანზე. აგრაფინა ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელში მიუბარებიათ. 21 წლის აგრაფინა ცოლად გაჰყოლია ქვრივ თავადს - ტარიელ დადიანს, რომელსაც პირველი ცოლი, სოფიო შარვაშიძე გარდაცვლოდა და, როგორც ვარაუდით ამბობენ, 2 თუ 4 შვილს ზრდიდა. თურმე, მსახიობ გია ჯაფარიძის ბაბუა ანუ აგრაფინას დისშვილი კონსტანტინე ჯარში რომ მიჰყავდათ, იმხანად აგრაფინა უკვე ქუთაისელი ტარიელ დადიანის მეუღლე იყო. ამ უკანასკნელს ქალაქში დიდი გავლენა ჰქონია და მისი წყალობით კონსტანტინე ელიტურ ნაწილში გაუშვიათ...

"აგრაფინა-კისკისაო, დადიანმა პრინცს მისცაო"

აგრაფინა ულამაზესი და ძალიან ხალისიანი ქალი ყოფილა. აკაკი წერეთელმა, თურმე, მას "აგრაფინა-კისკისა" დაარქვა. გალექსილიც იყო: "აგრაფინა-კისკისაო, დადიანმა პრინცს მისცაო", რასაც ასევე გალექსილი "აგრაფინას პასუხი" მოჰყვებოდა: "დადიანი და პრინციო, ორივე კარგად ვიციო".

1880-იანი წლების დამდეგს 30 წლის პრინც კონსტანტინესთან შეხვედრას აგრაფინას ცხოვრება სრულიად შეუცვლია. იმხანად ქუთაისში ყუბანის კაზაკ ცხენოსანთა პოლკი დაბანაკებულა და მას ფლიგელ-ადიუტანტი, პრინცი კონსტანტინე ოლდენბურგი მეთაურობდა. მანამდე პრინცს რუსეთ-თურქეთის 1877-78 წლების ომშიც მიუღია მონაწილეობა და მოგვიანებით გენერალიც გამხდარა. ოლდენბურგელების გამოჩენილი გვარის წარმომადგენელი, რუსეთის იმპერატორის ახლო ნათესავი, წარმოსადეგი, მამაცი, დარდიმანდი და ხელგაშლილი პრინცი მცირედ თავზეხელაღებულიც ყოფილა და, როგორც ჩანს, შიგადაშიგ იმპერატორს პრობლემებსაც უქმნიდა. ვარაუდობენ, რომ ამ უკანასკნელს სწორედ ამის გამო მოუცილებია იგი დიდი ხნით რუსეთის იმპერიის დედაქალაქიდან და კავკასიას მიუვლენია.

უცოლო პრინცი მყისვე მოქცეულა ქუთაისელი ლამაზმანების ყურადღების ცენტრში, მაგრამ ახალგაზრდა კაცს მხოლოდ ერთი ქალისთვის მიუპყრია ყურადღება და... გულიც. პრინც ოლდენბურგს ტარიელ დადიანის მეუღლის - აგრაფინა ჯაფარიძისთვის ქუთაისში, მის პატივსაცემად გამართულ წვეულებაზე დაუდგამს თვალი. ამბობენ, აგრაფინასადმი ოლდენბურგის ყურადღებით გაბეზრებულ თავად ტარიელ დადიანს ხმლის ვადაზეც კი გაუკრავს ხელი, მაგრამ დროულად შეუჩერებიათ, რადგან იცოდნენ, ამგვარი ქმედება დადიანს ძალიან ძვირად დაუჯდებოდა. საინტერესოა, თავად პრინც ოლდენბურგს რამდენად დაუჯდა აგრაფინას გულის მოგება და დადიანისთვის ქალის "წართმევა"? ამაზე ბევრ რამეს ამბობენ, ტყუილს თუ მართალს, ამიტომ ჩვენც ვერაფერს დავიჩემებთ, გარდა ამ ტყუილ-მართლის მოყოლისა და გარდა იმ ფაქტისა, რომ წყვილი დაქორწინდა და ვიდრე პირში სული ედგათ, უდიდესი სიყვარულით ცხოვრობდნენ.

აგრაფინა-დადიანი-პრინცის ე. წ. სამკუთხედს რაც შეეხება, ამბობენ, თითქოს, ტარიელ დადიანს ნარდში თუ ბანქოში ფული წაუგია და ოლდენბურგს, ვალის გადახდის სანაცვლოდ, მისთვის აგრაფინასთან განშორება მოუთხოვია. იმასაც ამბობენ, დადიანი დიდხანს იყო უარზე, ვიდრე თავის თავზე არ აიღო განქორწინებისთვის საჭირო ბრალი და სათანადო კომპენსაციაც არ მიიღოო. კიდევ იმასაც ამბობენ, პრინცმა ოლდენბურგმა, აგრაფინასთან გატარებული ერთი ღამის სანაცვლოდ, თავად ტარიელ დადიანს მილიონი ოქროს თუმანი შესთავაზაო. ამ უკანასკნელმა ვერსიამ ედრიან ლაინის ამერიკული მხატვრული ფილმი - "უხამსი წინადადება" გამახსენა, შესანიშნავი რობერტ რედფორდისა და დემი მურის მონაწილეობით და... რატომღაც ვიფიქრე (ალბათ, პრინცის შემდგომი ცხოვრებისა და საქმეების გათვალისწინებით), რომ პრინცი ოლდენბურგი ასეთ შეურაცხყოფას არათუ ტარიელ დადიანს ან საყვარელ ქალს, არამედ - უკანასკნელ მდაბიოსაც არ აკადრებდა-მეთქი. სხვათა შორის, მოვლენებს გავუსწრებ და პრინც ოლდენბურგის ერთ "საქმეს" გავიხსენებ იმ პერიოდის დიდებული ქალბატონის, ოლდენბურგის ოჯახის ძალიან ახლობელი ადამიანის, ბაბო შარვაშიძის მემუარებიდან: როდესაც პრინცი აფხაზეთში, გაგრაში ზამთრის საკურორტო კომპლექსს აშენებდა, მშენებლობაზე ერთ-ერთი მუშა ავად გამხდარა და გარდაცვლილა. პრინც ოლდენბურგსა და ორდენებით დამშვენებულ სააღლუმო ტანსაცმელში გამოწყობილი მისი ამალის ყველა ჯენტლმენს ხის კუბო დიდი პატივით გაუცილებიათ სამუდამო განსასვენებლამდე. ბაბო შარვაშიძე წერს, - ეს იყო სულისშემძვრელი სცენა, გამომხატველი პრინც ოლდენბურგის სიმპათიისა იმ ხალხისადმი, რომლებიც მისთვის მუშაობდნენო. ამის წაკითხვის შემდეგ ვერაფრით წარმოვიდგენ, როგორ იკადრებდა პრინცი ამგვარი, მართლაც უხამსი წინადადებით ვინმესთვის მიემართა!

ოთხი სასახლე - საჩუქრად და სასახლის აჩრდილი

პრინც კონსტანტინე ოლდენბურგს ახალგაზრდა აგრაფინა ერთი ნახვით, გაგიჟებით შეჰყვარებია, შეჩენია ქალს და... ალბათ, მაინც რაღაც მნიშვნელოვანის სანაცვლოდ, დადიანის კაციც დაუყოლიებია ცოლთან გაყრაზე. გაეყარა თუ არა დადიანი აგრაფინას, პრინცს მაშინვე შეურთავს იგი და, უსაზღვრო სიყვარულის ნიშნად, საქართველოში მისთვის ოთხი სასახლე აუშენებია-უჩუქებია: ერთი გაგრაში - სასტუმრო და რესტორანი "გაგრიფში", თითო - ქუთაისსა და ბორჯომში და ერთიც - თბილისში, სადაც 1937 წლიდან დღემდე საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმია (დღეს, როგორც გითხარით, მას ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი ეწოდება!).

საქართველოდან გამგზავრებამდე, ბოლო ხანებში პრინცი და აგრაფინა შვილებთან ერთად (ექვსი შვილი ჰყავდათ - ალექსანდრა, ეკატერინა, ნიკოლოზი, ალექსეი, პეტრე და ნინა) გაგრაში ცხოვრობდნენ. პრინც ოლდენბურგს აგრაფინასადმი მიძღვნილი გაგრის სასახლის მშენებლობა 1900 წელს დაუწყია, 1901-02 წლებში შვეიცარიიდან ასაწყობი მასალა ჩამოუტანია და "გაგრიფში", რომლისთვისაც დროებითი სასტუმრო-რესტორანი უწოდებია, ისე აუგიათ, ერთი ლურსმანიც კი არ გამოუყენებიათ. სამწუხაროდ, მიშენებული ხის სასტუმრო აფხაზეთის ომის შემდეგ აფხაზებს დაუშლიათ. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ინტერნეტით გავრცელდა სანახევროდ დანგრეული სასტუმრო "გაგრიფშისა" და აღდგენილი რესტორან "გაგრიფშის" ფოტოები...

რაც შეეხება ჩვენი ამბის მომხიბვლელ პრინცს, კონსტანტინე ოლდენბურგი, თურმე, მონაწილეობდა ფოთსა და ზუგდიდს შორის რკინიგზის გაყვანასა და გაგრის კეთილმოწყობაში, სადაც მშენებლობას მისი ძმა - ალექსანდრე უძღვებოდა, მაგრამ კონსტანტინეს დამსახურება იმდენად დიდი ყოფილა, რომ 1908 წლის 27 აპრილს ამ უკანასკნელისთვის გაგრაში ძეგლიც კი დაუდგამთ. აგრაფინაც და პრინციც დაუღალავად ეწეოდნენ ქველმოქმედებას და საქართველოს ფარგლებს გარეთ სასწავლებლად წასული ბევრი ახალგაზრდისთვის გაუმართავთ ხელი...

სტატია იხილეთ სრულად - კონსტანტინეს ვალის სანაცვლოდ, დადიანისთვის ცოლთან განშორება მოუთხოვია - ვინ იყო ქართველი თავადის ქალი, რომელსაც პრინცმა სასახლე აუგო