სცენაზე ორი რამაზ ჩხიკვაძე იდგა - აზდაკი და მიშიკო - როგორ იხსენებს რამაზ ჩხიკვაძე-უმცროსი ბაბუასა და ბებიას
"შვილიშვილები საოცრად უყვარდა. უმცროსი რამაზი პრაღაში დაიბადა, 14 თებერვალს, მამას დაბადების დღე კი 28 თებერვალს იყო. როცა დავურეკე, ბიჭი შეგვეძინა-მეთქი, შეიცხადა და ყურმილი დამიკიდა. თბილისში გვიანი ღამე იყო და დედასთან სათქმელად რომ შესულა, ცრემლები წამოსვლია... საოცრად ემზადებოდა რამაზის ნათლობისთვის, ყველაფერი თვითონ მოაგვარა, ძალიან უხაროდა. ნატალიკოზეც ხომ გიჟდებოდნენ დედაც და მამაც", - მიამბო წლების წინ ინტერვიუში საშა ჩხიკვაძემ.
რამაზ ჩხიკვაძის დაბადების საიუბილეო თარიღი, 95 წელი, რუსთაველის თეატრში აღინიშნება.
გენიალური არტისტის მოსახელე შვილიშვილი, რამაზ ჩხიკვაძე, ამ საღამოს შესახებ გვესაუბრება, ბაბუასა და ბებიასთან დაკავშირებულ ამბებს მოგვითხრობს და მათზე მოგონებებს გვიზიარებს:
- ბაბუს დაბადების 95 წლის აღნიშვნა ოჯახისა და მისი მეგობრების სურვილი იყო, ამიტომ მივმართეთ კულტურის სამინისტროს, მერიას და ერთობლივად დავგეგმეთ რუსთაველის თეატრში საიუბილეო საღამო, რომელსაც ნიკოლოზ წულუკიძე წარუძღვება, მაყურებელი კი ბევრ საინტერესო ეპიზოდს იხილავს რამაზ ჩხიკვაძის შემოქმედებიდან და ცხოვრებიდან.
ცნობილი ფაქტია, როდესაც მხატვარი ან კომპოზიტორი რაიმეს ქმნის, ის სამუდამოდ რჩება, მსახიობობა კი ისეთი რამაა, წლების შემდეგ თეატრში განსახიერებული პერსონაჟები შეიძლება დაავიწყდეთ, ახალმა თაობამ ძველი თაობა არ იცოდეს, ასეთი ფაქტები პირადადაც შემხვედრია. ამიტომ მსგავსი ღონისძიებები აუცილებელია, რათა არტისტების, ამ შემთხვევაში რამაზ ჩხიკვაძის სახელი ახალგაზრდებმაც გაიგონ და იცოდნენ, რას აკეთებდა ის. თანაც ეს ისე მიეწოდოს, რომ მათაც დააინტერესოს და ყველა თაობას მოეწონოს. მთელი ოჯახი ჩართული ვართ, რათა ყველაფერმა კარგად ჩაიაროს.
- ბატონი რამაზი 12 წლის წინ გარდაიცვალა, მასთან დაკავშირებული რა მოგონებები დაგრჩათ მეხსიერებაში?
- ახლა, როცა საღამოსთვის ვემზადებოდი და საარქივო ფოტოებისა და კადრების მოძიება დაგვჭირდა, ბევრი ისეთი რამ ვნახე, რაც არც მახსოვდა, რადგან ძალიან პატარა ვიყავი. ბოლო პერიოდი უფრო მახსოვს, როცა ბაბუ უკვე ცუდად იყო, ავადმყოფობდა. ჩვენ ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა.
- 2009 წელს, როდესაც "კავკასიური ცარცის წრე" ხელახლა დაიდგა, ბავშვის როლი თქვენ ითამაშეთ და რუსთაველის თეატრის სცენაზე ორი რამაზ ჩხიკვაძე იდგა - აზდაკი და მიშიკო. როგორ გახსენდებათ ის პერიოდი?
- მიუხედავად იმისა, რომ 9 წლის ვიყავი, ძალიან კარგად ჩამრჩა მეხსიერებაში. მახსოვს, ძალიან ვნერვიულობდი... ამას წინათ თეატრში ვიყავი ნიკა წულუკიძის ერთ-ერთ საღამოზე, სადაც "კავკასიურის" იმ დეკორაციას იყენებს, საიდანაც მე გამოვრბოდი მიშიკოს როლის თამაშისას. ამ დეკორაციას რომ ვუყურებდი, მახსენდებოდა, როგორ ვნერვიულობდი იმაზე, რომ ფეხი არ წამომეკრა და არ წავქცეულიყავი კარიდან გაქცევის დროს.
საპასუხისმგებლო როლი მქონდა. მაშინ იმდენად ვერც ვაცნობიერებდი ბევრ რამეს. სიცილის შეკავებაც მიჭირდა, არ ვიცი, რატომ, ალბათ, მიხაროდა, ბაბუსთან ერთად რომ ვთამაშობდი, ან ნერვიულობას ამგვარად გამოვხატავდი. მახსოვს ბაბუ მარიგებდა ხოლმე, რა როგორ უნდა გამეკეთებინა. თუმცა არ სურდა მე მსახიობი ვყოფილიყავი, ჩემს დასაც გადააფიქრებინა და აღარც ის გაჰყვა ამ პროფესიას. შეეშვი მაგასო, მომაძახებდა ხოლმე. თუმცა მე სურვილი კარგა ხანს მქონდა და მივყვებოდი კიდეც ამ სფეროს. საქართველოში რომ ჩამოვედი, მიუზიკლშიც მივიღე მონაწილეობა, ჩეხეთში ფილმში გადამიღეს, 2009 წელს კი ფილმში "ბედის ირონია" შემთხვევით მოვხვდი, კასტინგზე ამარჩიეს, პატარა როლია, როდესაც სერგეი ბეზრუკოვი შემოდის სანტასთან ერთად. ფილმში მამაჩემსაც ქართველი მსახიობი თამაშობდა...
- რატომ არ უნდოდა, რომ მსახიობი ყოფილიყავით?
სტატია სრულად იხილეთ გაზეთში "კვირის პალიტრა" - რამაზ ჩხიკვაძე-უმცროსის მოგონებები ბაბუასა და ბებიაზე