"დეპრე ნიკო ნიკოლაძეს იწვევდა პარიზის და ევროპის სხვა ქალაქების გასანათებლად" - ნიკოს ანონიმური წერილი როტშილდს, პარიზის განათების დაფინანსებაზე
„ნიკო ნიკოლაძე - კაცი-სახელმწიფოს“ ავტორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ვაჟა შუბითიძე წიგნში ნიკო ნიკოლაძის ფენომენს და ადგილს ასახავს ქართული პოლიტიკური აზროვნების ისტორიაში, ასევე - მის მრავალმხრივ მოღვაწეობას...
ვაჟა შუბითიძე ამჯერად ნიკო ნიკოლაძის შესახებ იმ დეტალებს გვაცნობს, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის უცნობია...
- 1881 წელს ნიკოლაძე ესწრებოდა პარიზში ელექტრიკოსთა საერთაშორისო კონგრესს, რომელზეც მარსელ დეპრემ (შემდეგში ცნობილმა აკადემიკოსმა) წარადგინა გამოგონება - ელექტროენერგიის შორ მანძილზე გადაცემის შესახებ, მავთულების მეშვეობით. დეპრემ როტშილდს სთხოვა ამ გამოგონების დაფინანსება, მაგრამ უარი მიიღო. ნიკომ ეს რომ გაიგო, ანონიმური წერილი მისწერა როტშილდს და დაწვრილებით აუხსნა გამოგონების და მისი დიდი ეფექტის არსი, რის შემდეგაც როტშილდმა გამოგონება დააფინანსა. დეპრემ ნიკოს მისწერა, რომ ამას შენს მეტი არავინ იზამდაო, რაც ნიკოსაც აღარ უარყვია. ამის მერე ისინი დამეგობრდნენ და დეპრე ნიკოს იწვევდა პარიზის და ევროპის სხვა ქალაქების გასანათებლად. პირველი ქალაქი საქართველოში, რომელიც ელექტრონით განათდა, იყო ფოთი - ნიკომ მდინარე კაპარჭინაზე ააგებინა პატარა ელექტროსადგური, რომლითაც ფოთი განათდა...
- პრეზიდენტმა გამოსვლის დროს ახსენა ნიკო ნიკოლაძე, ისიც განსასჯელის სკამზე დასვეს და ასამართლებდნენო...
- დიახ, ნიკო ნიკოლაძის ე.წ. სასამართლოს სხდომის მასალები ინახება საჯარო ბიბლიოთეკის არქივში (საქმე 40-1026)... საქმეზე თვალის ერთი გადავლებით ნათლად ჩანს საქმის აღძვრის უსაფუძვლობა და სიყალბე.
1910 წლის 20 დეკემბერს ნიკოლოზ მეორემ ბრძანებულება გამოსცა, იმპერიაში ხიდების მშენებლობის მიმდინარეობა შემოწმებულიყო, რაც დაევალა გ.ნეიდჰარტს, პრემიერ სტოლიპინის ცოლის ძმას...
ნიკო ნიკოლაძეზე საქმე აღიძრა 372-ე მუხლით, რომ თითქოს მან „ბუნგე პალაშკოვსკის“ ფირმისგან ქრთამად აიღო 350 ათასი მანეთი. (არადა, პროექტი სულ დაჯდა 370 ათასი მანეთი). გამომძიებელმა 3 ტომი მასალა მოაგროვა და სასამართლო ჩატარდა 1916 წლის 16-31 მაისს ქუთაისში. ნიკოლაძეს ბრალდება ვერ დაუმტკიცეს, თუმცა მაინც ამხილეს 4 ათასი მანეთის მიღებაში, რაც რეალურად სესხად ჰქონდა აღებული და დააკისრეს 8 ათასი მანეთის გადახდა ან ერთი წელი ციხე.
ნიკოლაძე დროებით გადააყენეს ქალაქ ფოთის თავობიდან (მერობიდან) თუმცა ხელფასს 1914 წლამდე აძლევდნენ. მერე კი ქალაქმა დიდი პატივისცემის ნიშნად წლიური 5 ათასი მანეთი პენსია დაუნიშნა, ერთი წლის განმავლობაში...
ნიკოლაძემ უარი განაცხადა ადვოკატის აყვანაზე და თავის თავს თვითონ იცავდა. ცნობილია ისიც, რომ პროკურორი სთხოვდა გამომძიებელს, ნიკოლაძეს ათი მანეთის აღება მაინც ეღიარებინა, რაზეც ნიკო ნიკოლაძემ პრინციპულად უარი განაცხადა და თქვა, რომ ერთი მანეთის აღებაც კი 350 ათასი მანეთის აღებას ნიშნავსო... ნიკოს არ აღმოაჩნდა 8 ათასი მანეთი და იგი უმეტესწილად სხვებმა დაუფარეს.
ნიკოლაძეს უზარმაზარი ავტორიტეტი ჰქონდა მთელ რუსეთში და ევროპაში. მასთან მეგობრობდნენ: ვიქტორ ჰიუგო, ემილ ზოლა, ალფონს დოდე, ლუი ბლანი, ლეო გამბეტა, ნობელები და როტშილდები... ამიტომ რუსებმა სცადეს ადგილობრივი უღირსების მეშვეობით სახელის გატეხა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ...
- 2023 წელი ნიკო ნიკოლაძის საიუბილეო წელი იყო...
- 2023 წლის 27 სექტემბერს 170 წელი შესრულდა უდიდესი ქართველი მოაზროვნისა და მოღვაწის - ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან. პოლიტიკურ და ფილოსოფიურ ლიტერატურაში მრავალი ტერმინია დამკვიდრებული ერისა და პიროვნების მახასიათებლად (მაგ: ერი-სახელმწიფო), მაგრამ ნიკო ნიკოლაძის დასახასიათებლად აუცილებლად მიმაჩნია ახალი ტერმინის - „კაცი-სახელმწიფოს“ შემოღება და დამკვიდრება. სწორედ ეს ტერმინია ზედგამოჭრილი ნიკო ნიკოლაძის წარმოუდგენლად დიდი ღვაწლის დასახასიათებლად.
ამ უდიდესმა საქმიანმა პატრიოტმა, ფაქტობრივად, მარტომ შეძლო სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის უმნიშვნელოვანესი კონცეპტუალური საკითხების დასმა და გადაწყვეტა, ასევე, დიდი ქართული პროექტების წამოწყება და შესრულება, რაც დღესაც სახელმწიფოების და მთავრობების ფუნქციაა და ზოგი ქვეყანა ამასაც ვერ აუდის და ახერხებს ჩვენს განვითარებულ დროშიც კი.
არჩილ ჯორჯაძემ ნიკო ნიკოლაძეს „ულმობელი საქმის კაცი“ უწოდა და, მართლაც, საქართველოს ახალ ისტორიას არ ახსოვს ასეთი ნიჭიერი და ენერგიული, დაუდეგარი და საქმიანი პიროვნება. ნიკო ნიკოლაძემ წინა პლანზე პრაქტიკული და პრაგმატული საკითხები წამოსწია, რაც მთლიანად შეესაბამებოდა და ახლაც შეესაბამება საქართველოს განვითარების მოთხოვნებს. იგი პირველია ქართველ მოაზროვნეებში, ვინც ცივილიზებული ბიზნესის - წარმოების და ვაჭრობის პროპაგანდა და განხორციელება დაიწყო, რაც მაშინ ერის შინაგანი გაერთიანების გზაზე (რელიგიის შემდეგ) აუცილებელი და მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას მოასწავებდა, ისევე, როგორც წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სწრაფი აღორძინებისთვის მისი ბრძოლა და შრომა.
უდიდესი წვლილი მიუძღვის მას ქალაქ ფოთის აღმშენებლობაში და მისი მომავალი პროფილის განსაზღვრაში, პორტის ელექტროფიკაციასა და მექანიზაციაში. მან ფოთის პორტის აღორძინებით ფანჯარა გაჭრა ევროპაში მომავალი საქართველოსთვის, რუსეთის გვერდის ავლით. იგი თითქმის 20 წლის განმავლობაში იყო ფოთის ქალაქის თავი და მისი ბიუჯეტი 10-ჯერ გაზარდა, ხოლო ფოთი ნამდვილ ქალაქს დაამსგავსა, დიდი გარჯის შედეგად.
უდიდესი შრომა გასწია ნიკო ნიკოლაძემ ტყიბულის ქვანახშირის საბადოს ათვისებისა და ქუთაისი-ტყიბულის რკინიგზის მონაკვეთის გასაყვანად, ჭიათურის მანგანუმის წარმოების სამრეწველო და საექსპორტო დონეზე დასაყენებლად, შორაპან-ჭიათურის სარკინიგზო ხაზის გასაყვანად, რითაც მანგანუმის სწრაფი გადაზიდვის საქმეც მოაგვარა და გააიაფა კიდეც.
ნიკოლაძე ასევე აქტიურად მონაწილეობდა თბილისის წყალსადენის მშენებლობაში, კახეთის რკინიგზისა და სურამის (წიფის) გვირაბის გაყვანაში, ქუთაისის აღმშენებლობაში, ტრანსციმბირის რკინიგზის მშენებლობაშიც კი, მანვე მოიწვია ფრანგი მილიარდერი როტშილდი კავკასიაში, ნობელებისათვის კონკურენციის გასაწევად, ფოთში დააარსა ნამდვილი თანამედროვე ბანკი, პირველად საქართველოში დაბეჭდა ობლიგაციები და ლატარიის ბილეთები და ნახევარკაპიკიან გადასახადთან ერთად, ფოთის კეთილმოწყობას და განვითარებას მოახმარა...
მასზე კიდევ იმდენია სათქმელი, რასაც მრავალი სტატიაც არ ეყოფა...
(სპეციალურად საიტისთვის)