როგორ „აფერადებს“ თუშის ქალი ახდენილ ოცნებებს - კვირის პალიტრა

როგორ „აფერადებს“ თუშის ქალი ახდენილ ოცნებებს

ხელსაქმე, ხატვა, დიზაინი - რა გინდა, ჩვენს რესპონდენტს ხელიდან არ გამოსდიოდეს. რაც მოინდომა, ყველაფერი შეძლო და ოცნებები აიხდინა... ირა ხეცოიძე წარმოშობით თუშია, ამბობს, რომ ქვემო ალვანიდანაა, ახმეტაში დაიბადა. თუშეთი მისთვის ყველაფერია და თუშური ტრადიციების დამცველია. "იქაურობა, ჩემი მამა-პაპა, ტრადიციები, სითბო, სიყვარული, სილამაზე, თუშური ხელოვნებაა. ნამდვილი ქართველი პატრიოტი ვარ, განსაკუთრებით, თუშური ტრადიციების დამცველი. თუ ვინმე ამბობს, რომ თუშურ სტილში რაღაცას ქსოვს, ან აკეთებს და რაღაც ისე არ არის, გული ვერ მითმენს და ვეტყვი ხოლმე, თუშები წინათ სხვანაირად აკეთებდნენ-მეთქი. მეც კი გავათანამედროვე ჩემი ნამუშევრები - ფერები, ორნამენტი, სულ სიახლის ძიებაში ვარ, მაგრამ ძალიან დიდ პატივს ვცემ ძველს, ის არ უნდა დაიკარგოს. მიმაჩნია, რომ ტრადიციის შეცვლა არ შეიძლება".

- თუშურს ხევსურულში ურევენ?

- ხევსურს მივთხოვდი და ჩემი მეუღლის ოჯახი ბოლო მოსახლე იყო ხევსურეთში. პატარძალს ის მთები ფეხით გადამატარეს... ხევსურული ხელსაქმე და ორნამენტები იქ შევისწავლე. ვქარგავ და ყველაფერს ტრადიციულს ვაკეთებ. შევისწავლე ფშაურიც. სხვაობა თუშურსა და ხევსურულს შორის დიდია. მაგალითად, თუშური სამოსი თალხი, მუქია, მცირე და უმნიშვნელო ფერები აქვს, არც ემჩნევა. ხევსურული ნამუშევარი ძალიან მხიარულ ფერებშია, მრავალფეროვანი ორნამენტებით შემკული, ვერცხლითა და სხვა მოსართავით გაწყობილი. თუშური ნამღერი, გარმონიც კი სევდიანია, ძველი თუშური სიმღერები თითქოს ნატირალია. ხევსურები, ალბათ, უფრო ლაღი ხალხი იყო. სამაგიეროდ, თუშური ფარდაგი მსოფლიოშია ცნობილი. ასევე თუშური მატყლი, თუშური ცხვარი...

370323600-657028393257976-2221441598506633272-n-1702324031.jpg

- მოკლედ, თუშური ტრადიციების სადარაჯოზე დგახართ - თექასაც ამუშავებთ და მხატვარიც ხართ...

- პროფესიით მეხალიჩე, თექის ოსტატი, მინანქარიც გავლილი მაქვს და დეკორატიული ქსოვილების ოსტატი გახლავართ. კერამიკულ საწარმოში კერამიკულ ნაწარმს ვხატავ, ასევე მინაზე, ტექსტილზე... ყველაფერი, მგონი, ბავშვობიდან დაიწყო, ისეთი ცელქი ვიყავი, ჩემი მოუხატავი არც კედელი იყო, არც კარი და არც იატაკი. ჩემთვის დღეს ყველა ტექნიკა - გუაში, პასტელი, აკრილი, ზეთი, ნახშირი, ფანქარი ახლობელია, უბრალოდ, ხასიათს გააჩნია.

- თბილისიდან თელავში საცხოვრებლად რომ გადახვედით და ეზო-კარიც "მოხატეთ", ეგ ამბავიც მოგვიყევით...

- სოფლები რომ დაიცალა, იმხანად მე და ჩემი მეუღლე თბილისიდან წამოვედით და ახმეტაში მიტოვებული სახლი ვიყიდეთ. ეზო ნამდვილი ჯუნგლი იყო. ერთ წელიწადში იქაურობა ისე ვაქციე, ვინც მოდიოდა, გაოცებული იყო. მეზობელი სოფლებიდან ჩემს ეზოში მოდიოდნენ რაღაცების სანახავად. წაქცეული ვაზები გავახარე და აქაურობა მოვაწესრიგეთ.

სამი შვილი მყავს, იქ სკოლა არ იყო და ამიტომ თელავში წამოვიყვანე, ბინა აქაც შევიძინეთ, ისიც მიტოვებული. ეზოში ყველაფერი თავის ნებაზე რომ იზრდებოდა. მსიამოვნებს მოწესრიგებული გარემო, დაღლილი რომ დავჯდები, სულიერად ვისვენებ. მერე ვაკანსია გამოჩნდა და თელავის კულტურისა და დასვენების პარკში დიზაინერად დავიწყე მუშაობა, ჩემი დეკორაციებითა და ყვავილებით ვალამაზებდი იქაურობას. ქალაქის გამწვანებაშიც მიმიწვიეს და სკოლის ეზოები, სასტუმროები გავამწვანე. კახეთში სასტუმრო არ არის, მე და ჩემს მეუღლეს არ გვემუშავა (მეუღლე მებაღეა). მე დეკორაციებს ვქმნი, მცენარეებს ვარჩევ, ჩემი მეუღლე შემსრულებელი მებაღეა და დამხმარეც ჰყავს.

371539817-363863096325022-9219634047430463465-n-1702324031.jpg

- თქვენი ეზო გამორჩეულია.

- დიდი სახელოსნოც ავაშენეთ, სადაც ბევრი მსურველი უნდა მივიღო. უსასყიდლოდ ვასწავლი, ვისაც რა აინტერესებს, მაგრამ პატარა ფართობი მაქვს და ამიტომ გავფართოვდი, სახელოსნოს გახსნა გაზაფხულიდან მინდა და იქვე ჩემი ნამუშევრების გამოფენაც მექნება. სახელოსნოში უკვე პროფესიონალურ დონეზე ვასწავლი ხატვას, თექას, ვისაც რისი სურვილი ექნება.

- ეზოში ჩანჩქერი და აუზი გაქვთ, საკუთარი ხელით შექმნილი...

- კი, პატარა აუზი და ჩანჩქერი გავაკეთე. უნდა გენახათ, რამხელა ქვებს ვეზიდებოდი. მეუღლე ჩემზე ლეგენდებს ჰყვება, ისეთი მონდომებული იყო, დაავლო ხელი ლოდს და მანქანაზე შეაგდოო... იმ ქვას რომ ვუყურებ, არ მჯერა, რომ მე ავწიე. ჩვენს ეზოში გამორჩეული დაფნა ხარობს - დაფნა-ფანჩატურია. დიდია, გარედან ბურთს ჰგავს, შიგნით მაგიდა და სკამებია. წვიმაც კი არ ჩადის. მას გარს აკრავს ვარდები, ადესა, შტოში და ვარდების ბაღს გადაჰყურებს. საერთოდ, ბევრი მაგიდა მაქვს ეზოში, მაგიდომანია მჭირს, სკამებიც საკმარისადაა, თუმცა თავისი ადგილი აქვს ყველაფერს.

მეზობელთან გამყოფი ღობე ცოცხალია, ტუიის. არის ასეთი მცენარის საკრეჭი ხელსაწყო, რომელსაც ტოპიარია ჰქვია, საქართველოში მოგვიანებით შემოვიდა. მისგან ფიგურებს ვაკეთებ. კახეთში ეგ ხელსაწყო პირველად მე შემოვიტანე, ამერიკიდან გამოვიწერე. მწვანე ღობე საერთოდ გალავანივით მაქვს, ეზოში არის ხეივანიც.

384552466-318987000957028-3075594636125379733-n-1702324031.jpg

- როგორც ჩანს, მცენარეები ძალიან გიყვართ.

- უზომოდ მიყვარს, ბუნებაში ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და ისეთი ენერგია მოაქვს, როგორიც ხატვას - დაღლილი რომ მივალ შინ, მუდმივად მზად მაქვს საღებავები, ფუნჯები, მოლბერტი და ვხატავ. ასე ვისვენებ... დილას თითქმის ყველა მცენარეს ჩამოვუვლი, რაღაცას მოვაჭრი, მოვუფხვიერებ - ამით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. სამი წლისას ფოტო მაქვს გადაღებული, თურმე ფოტოგრაფმა გადაუღო უბნის ბავშვებს სურათები და მე უარს ვიყავი, სანამ დიდი ბზის თაიგული არ დამაჭერინეს ხელში. ის რომ დავიჭირე, კმაყოფილი და თავაწეული ვზივარ იმ ფოტოში. პატარაობაში მოწყვეტილ ყვავილებს მიწაში ვრგავდი. მეგონა, გაიზრდებოდა და წყალს ვუსხამდი, დიდობაში კი ბავშვობის ყველა ოცნება ავისრულე.

- მცენარეებს კომერციული დატვირთვაც მიეცით?

- თავიდან უცხოური მცენარეები დიდხანს ვერ ვაცოცხლე. მერე ავდექი და სათბური გავაკეთე, გამოვიყვანე მცენარეები. მთელ ზამთარს ვუვლიდი, ღამეებს ვათენებდი. იქ მოყვანილ მცენარეებზე დიდი მოთხოვნა იყო. ეზოში მაქვს მარადმწვანე მცენარეები, ჰიბისკუსები, ვარდები, ოლეანდრები.

387483132-892737339121000-6221110925218079514-n-1702324031.jpg

- როგორ ფიქრობთ, მებაღეობა ყველას შეუძლია?

- ბევრს აქვს სურვილი დახატოს, შეკეროს, მოქარგოს, მოქსოვოს, მცენარე გაახაროს, ბაღი გააშენოს. არ არსებობს შეუძლებელი. ყველას შეუძლია ყველაფერი, თან ისეთი დროა, რამე რომ მოინდომო და ვერ გააკეთო, დაუჯერებელია. ინტერნეტი ამისთვის საუკეთესო საშუალებაა, პრაქტიკულადაც გეხმარება და თეორიულადაც. ფიქრი ბავშვობიდან მიყვარს, სულ ვფიქრობ და ასე ნელ-ნელა მივდივარ მიზნამდე, ბევრს ვშრომობ. ბევრ რამეს ვაკეთებ - თბილისში "არტმეგობრებისა" და მხატვართა ლიგის წევრი ვარ, ვმონაწილეობ ჯგუფურ გამოფენებში... ჩემს მოსწავლეებს კოლეჯში ხშირად ვეუბნები, რომ დაივიწყონ სიტყვები "ვერ შევძლებ". ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი შენს მონდომებაზეა დამოკიდებული.

371505744-7027964043893685-3263643263914531709-n-1702324030.jpg