ქართული "სამეფო კარის თამაშები" - შევარდნაძის სკანდალური განცხადება ჟვანიაზე და როგორ ეძებდნენ "ტახტის მემკვიდრეს" ბერეზოვსკი-პატარკაციშვილი - კვირის პალიტრა

ქართული "სამეფო კარის თამაშები" - შევარდნაძის სკანდალური განცხადება ჟვანიაზე და როგორ ეძებდნენ "ტახტის მემკვიდრეს" ბერეზოვსკი-პატარკაციშვილი

სანამ უშუალოდ ზურაბ ჟვანიას და რაულ იუსუპოვის გარდაცვალების საკითხის განხილვაზე გადავიდოდეთ, მოკლედ გავიხსენოთ გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება.

1999 წლის შემოდგომაზე საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 72 წელს იყო მიღწეული, თუმცა დასვენებას და პენსიაზე წასვლას ნამდვილად არ ჩქარობდა. მომდევნო წელს საპეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვება და კიდევ ხუთი წლით ქვეყნის მართვა სწყუროდა.

2005 წლისთვის კი “პოლიტიკური მემკვიდრის” დასახელებას გვპირდებოდა. დღეს უკვე ცნობილია ათამდე ქართველი პოლიტიკოსის, ჩინოვნიკისა და დიპლომატის ვინაობა, ვისაც „ბაბუ“ ხან გადაკვრით, ხან კი პირდაპირ ქვეყნის პრეზიდენტობას ჰპირდებოდა, თან ჩვეული “ბიზანტიური პოლიტიკით” ხელს უწყობდა მათი ამბიციების გაღვივებას. ადამიანების მანიპულირების დიდოსტატი შევარდნაძე „პრეზიდენტობის კანდიდატების“ ერთმანეთზე წაკიდებასაც დიდი ოსტატობით ახერხებდა. ამიტომაც კომპრომატები და ტყუილ–მართალი ინფორმაცია კანდიდატებზე შევარდნაძის საიდუმლო საქაღალდეებში უხვად იყო. ერთ–ერთი პოლიტიკოსი, ვისაც შევარდნაძე 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უპირობო მხარდაჭერას ჰპირდებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიაც იყო. 1993 წელს, მაშინ სრულიად ახალგაზრდა პოლიტიკოსი, „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი ზურაბ ჟვანია შევარდნაძის გვერდით იდგა ჯერ „სახალხო მოძრაობა“, შემდეგ კი უკვე პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ შექმნის პროცესში. მაშინ, მოსკოვიდან ახლად დაბრუნებულ შევარდნაძეს პოლიტიკური დასაყრდენი არ ჰქონდა და ზ. ჟვანია, სხვა ახალგაზრდა პოლიტიკოსებთან ერთად, იოსელიან–კიტოვან–გიორგაძესთან „ბაბუს“ დაპირისპირების დროს ყოველთვის იცავდა სახელმწიფო მეთაურის პოზიციას. გარეგნულად შევარდნაძე ყოველთვის მადლიერებას გამოხატავდა ზ. ჟვანიასადმი, კულისებში კი „ძალოვან“ მინისტრებს დავალებებს აძლევდა მასზე კომპრომატების მოსაძებნად. ჩემთვის ცნობილია ინფორმაცია იმ ბინძური ოპერაციების (მაგ. „ცირკის“ თემა) შესახებ, რის საშუალებითაც ჟვანიას და მისი „გუნდის“ (სწორედ მათი, დღეს რომ ზ. ჟვანიას გარდაცვალების სააკაშვილისეულ „ვერსიას“ აქტიურად ავრცელებენ ) დისკრედიტაცია ხდებოდა, თუმცა გასაგები მიზეზების გამო თავს ვიკავებ დაკონკრეტებისგან.

jvaniaaaaaaaa-1702326950.jpg

შევარდნაძე მანიპულირების დიდოსტატი იყო, თუმცა არც ჟვანია გახლდათ მიამიტი.

პირადი ცხოვრების ქექვის გარდა, შევარდნაძე ჟვანიას კომპრომეტირების სხვა გზებსაც ეძებდა. ერთ–ერთი ასეთი მიმართულება პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის რუსეთთან კავშირებზე ღია მინიშნება იყო. 1999 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პერიპეტიები ჯერ კიდევ დიდი ინტერესის საგანია. მაშინდელი საყოველთაო გაყალბების შესახებ ბევრი თქმულა და დაწერილა. თუმცა “მოქკავშირის” წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხები მაშინაც და ახლაც იდუმალებით იყო მოცული. მაშინდელი ოპოზიცია ღიად სდებდა ბრალს მმართველ პარტიას რუსეთიდან დაფინანსების მიღებაში.

კერძოდ აცხადებდნენ, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ “მოქკავშირის” წინასაარჩევნო კამპანია (იმიჯმეიკერების მომსახურება და რეკლამა) დააფინანსა რუსეთის პირველმა ვიცე-პრემიერმა ნიკოლაი აქსიონენკომ, რისთვისაც მან ამისთვის ერთ მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა და ამავე წყაროებიდან დაფინანსდა 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სარეკლამო კამპანიაცო. მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია კატეგორიულად უარყოფდნენ ოპოზიციის ბრალდებებს.

ამასთან, ზურაბ ჟვანია ეთანხმებოდა ოპოზიციური ფრაქციების მოთხოვნას საპარლამენტო კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც ამ კონკრეტულ საკითხს შეისწავლიდა. თან ჩვეული მუქარაშეპარული ტონით აცხადებდა, რომ ამ კომისიამ, არა მარტო “მოქკავშირის”, არამედ ყველა პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხები უნდა გაარკვიოსო. ამ განცხადების შემდეგ ოპოზიცია ჩაცხრა, რადგანაც ოპოზიციური პარტიების ნაწილის (უპირველესად ასლან აბაშიძის “აღორძინების”) ფარული კავშირი რუსეთის პოლიტიკურ და ფინანსურ ელიტასთან, სპეცსამსახურებთან და გენერალიტეტთან საყოველთაოდ იყო ცნობილი. ალბათ, ბევრს ახსოვს, რომ მაშინდელი მმართველი პარტია “მოქკავშირი” 1999-2000 წლების არჩევნებში სრულად იყენებდა “ადმინისტრაციულ რესურს”. უპირველესად შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალებს, რომლებიც ყოველნაირად ცდილობდნენ ასლან აბაშიძის მომხრეები არ შემოეშვათ თბილისში. ბევრს შეიძლება დღესაც თვალწინ უდგას: დამტვრეული “მოლაპარაკე ავტობუსები”, სოფელ ჩუმათელეთთან გადაკეტილი ცენტრალური ავტომაგისტრალი, ორი დაპირისპირებული ძალა “პრორუსული” (მაშინვე ჩანდა, რომ პროპუტინისტური) ასლან აბაშიძის და “პრორუსულ-პროდასავლური” შევარდნაძის გუნდი.

ალბათ, ისიც გახსოვთ, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ “ახალგაზრდა რეფორმატორები” როგორ უხდიდნენ გულითად მადლობას პირადად შსს-ს მინისტრს, რომელთანაც რამდენიმე თვეში დაუნდობელ ღია და ფარულ ბრძოლებში ჩაერთვნენ.

საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტელიტას სხვა ქვეყნები რომ ხშირად აფინანსებდნენ ( და დღესაც აფინანსებენ) ეს ცნობილი იყო, თუმცა ამას თავად პოლიტიკოსები (მით უფრო ყოფილი პრეზიდენტი) როცა აღიარებენ, მით უფრო საყურადღებოა.

2006 წლის მიწურულს “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ თავად, ჟურნალისტის “დახმარების” გარეშე, ამოატივტივა ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტი. მან განაცხადა, რომ ჟვანია ოპოზიციაში იმიტომ წავიდა, რომ კახა თარგამაძეზე იეჭვიანაო და შემდეგ მოჰყვა: „ჟვანიამ რუსეთის ერთ-ერთ ვიცე-პრემიერს არჩევნების წინ (საუბარია 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ – ბ.ა.) დიდი ფული გამოართვა. ამით რუსეთის სპეცსამსახურებმა ისარგებლეს. მალე ჯაშუშების 12 კაციანი ჯგუფი გამოაგზავნეს საქართველოში, - ზოგი უნივერსიტეტში (საინტერესოა რა საიდუმლო ინფორმაციას ინახავდა სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომ რუსებმა ღიად მოსკოვიდან სპეცჯგუფი გამოაგზავნეს იქ “შესაღწევად”? – ბ.ა.), ზოგი აკადემიაში, ზოგიც სამხედრო ნაწილებში. ისეთ მასალებს აგროვებდნენ, რომლებიც არ უნდა მოეგროვებინათ. ეს ხალხი, რომ მზვერავები იყვნენ, შევიტყვე, და ჩემს დაცვას (ამ დროს უშიშროების სამინისტრო და კონტრდაზვერვა რას აკეთებდნენ, თუ მათ შევარდნაძე არ ენდობოდა? -ბ.ა) დავავალე, რადაც უნდა დაგიჯდეთ, შეაღწიეთ ჯაშუშების ბინაში და გაარკვიეთ რა დოკუმენტაციაზეა ლაპარაკი-მეთქი. იმ ჯაშუშებს ლეჩკომბინატის წინ ბინა ჰქონდათ აღებული. იქიდან ჩვენმა ბიჭებმა დოკუმენტების დიდი შეკვრა გამოიტანეს, დოკუმენტების შესწავლა აშშ-ის დაზვერვის უფროსს (ჯორჯ ტენეტს ? - ბ.ა) ვთხოვე, ორი თვე დასჭირდა მის უწყებას ამ დოკუმენტების შესასწავლად და გვაცნობეს, - ეს ხალხი ჯაშუშები არიან და სრულიად საიდუმლო ინფორმაცია ჩაუგდიათ ხელშიო, ეს ამბავი გახმაურდა და ზურაბ ჟვანიამ მაშინ ეს ყველაფერი კახა თარგამაძეს დააბრალა. არადა, თარგამაძე არაფერ შუაში იყო, ჩემი მითითებით გაკეთდა ყველაფერი.”

შევარდნაძე შემდეგ აგრძელებს: “ზურას მივანიშნე, ქვეყანაში ასეთი ხალხი არ უნდა შემოდიოდეს-მეთქი, ისიც ვუთხარი, რომ ამ საქმის შესწავლა ჩემი ბრძანებით მოხდა, მაგრამ ვერ დავაჯერე. . .”.

ტექსტს თუ ყურადღებით წავიკითხავთ დავინახავთ, რომ ამ ინტერვიუში შევარდნაძე მინიშნებებით სდებს ბრალს ჟვანიას რუსეთთან კავშირში. თავად კი ამ ფაქტიდან დისტანცირებას ახდენს. ვითომ საოცრად ფრთხილი და წინდახედული ზურაბ ჟვანია დამოუკიდებლად იმოქმედებდა და “მოქკავშირისთვის” ფულს პრეზიდენტის ნებართვის გარეშე ფარულად ჩამოიტანდა რუსეთიდან? ეს ხომ აბსურდია!

shevardnadzeee-1702327057.jpg

ფოტოზეც კარგად ჩანს: დაპირისპირება უკვე დაწყებულია

ალბათ შევარდნაძე მიხვდა, რომ “ცოტა გადაამლაშა” და იგივე ფაქტი ოციოდე დღის შემდეგ გაზეთ “ყველა სიახლესთვის” მიცემულ ინტერვიუში, საკმაოდ განსხვავებულად გაიხსენა და ძალზე მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა: (ობიექტური შეფასებისთვის ინტერვიუს შესაბამის ნაწილს უცვლელად გთავაზობთ):

” . . კახა თარგამაძესთან ურთიერთობაში არ იყო მართალი, იცით რა მოხდა? ჟვანია ჩავიდა მოსკოვში, ჩემი თანხმობით. არჩევნების წინაპერიოდი იყო და გვიჭირდა. იქ ერთ ვიცე-პრემიერს შეხვდა (გვარს ვერ დავასახელებთ) და ფული სთხოვა. მისცა იმ კაცმა მილიონზე მეტი და დააბარა ამ ფულს შევარდნაძეს ვუგზავნი, შენ კი არ გაძლევო. როგორც თქვენ არ აგიღიათ იმ ფულიდან კაპიკი, ისე მე არ მიხლია იმ ფულისთვის ხელი. არჩევნებს მოხმარდა.. . ასეთი ურთიერთობა გვქონდა. დაახლოებით სამი თვის შემდეგ მივიღე ინფორმაცია, რომ მოსკოვიდან ჩამოვიდა უცნაური ჯგუფი, 10-15 კაცი იყო, დადიოდნენ ხან აკადემიაში, ხან უნივერსიტეტში, გასამხედროებულ ინსტიტუტებში, საავიაციო ქარხანაში, სურათებს იღებდნენ, რაღაცეებს წერდნენ. . . , ძალიან საეჭვო ვითარება იყო. ერთ-ერთ დაცვის ბიჭს დავავალე, როგორმე ეს დოკუმენტები ხელში ჩაეგდო. შემდეგ ეს მასალები გავაგზავნე ამერიკაში. დაზვერვის სამსახურის უფროსი ჩემთან მეგობრობდა და მას ვთხოვე მასალების შეწავლა. სამ თვეს მოუნდნენ იმ დოკუმენტების შესწავლას, მერე დამირეკეს და მითხრეს, ეს ადამიანები ნამდვილი ჯაშუშები არიანო, მათ უნივერსიტეტი კი არა, საიდუმლო დაწესებულებები აინტერესებთო. ეს ხალხი ფაქტობრივად ზურას სტუმრები იყვნენ, ყოველ შემთხვევაში მათი ჩამოსვლა ჟვანიასთან იყო შეთანხმებული. ზურამ მერე აიჩემა დოკუმენტები თარგამაძემ მოიპარაო. . . მე ავუხსენი, რომ თარგამაძეს ცილს სწამებდა და ისიც ვუთხარი, თუ გინდა, იმ კაცსაც დაგისახელებ, რომელმაც ეს დოკუმენტები გამოიტანა მეთქი. . . . კახა მართლა არაფერ შუაში იყო, არც იცოდა ამის შესახებ არაფერი . .. “.

იმ პერიოდში ზ. ჟვანია უკვე გარდაცვლილი იყო და „თეთრი მელა“, როგორც ყოველთვის, თავის სასარგებლოდ „წერდა ისტორიას“. განა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა არ იყო სხვა ქვეყნიდან ფულის ჩამოტანა წინასაარჩევნო კამპანიისთვის? ან რა დიდი მტკიცება სჭირდება, რომ თუ მმართველი პარტია (ამ შემთხვევაში “მოქკავშირი”) სხვა ქვეყნიდან ფინანსდება, იმ ქვეყნის გეოპოლიტიკური ინტერესების გათვალისწინება ყველა შემთხვევაში მოუწევდა? -– ამაზე კი შევარდნაძე დუმილს ამჯობინებდა.

დღეს, ცოტა არ იყოს ღიმილის მომგვრელია ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადება, რომ რუსეთის პირველი ვიცე-პრემიერის ნიკოლაი აქსიონენკოს მიერ მისთვის მიცემული თანხა (მილიონ დოლარზე მეტი, როგორც „ბაბუ“ ამტკიცებდა) ძალზე მნიშვნელოვანი იყო “მოქკავშირის” წინასაარჩევნო კამპანიისთვის. არ დაგვავიწყდეს: მაშინ “საქართველოს რკინიგზა”, საბაჟო და საგადასახადო დეპარტამენტები და კიდევ უამრავი სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურა, ღია თუ ფარული გზებით აფინანსებდა ყველა დონის არჩევნებზე “მოქკავშირის” გამარჯვებას. ასე, რომ აქ წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება უფრო მეორე ხარისხოვანი საკითხი იყო. მთავარი და გადამწყვეტი კი სულ სხვა რამ გახლდათ.

ეს ალბათ, ის გამონაკლისი შემთხვევა იყო, როცა ჩვენი ხელისუფლება რუსეთიდან ფულზე მეტად პოლიტიკური და პიროვნული კეთილგანწყობის დასტურს ელოდა. შევარდნაძე-ჟვანიას “პოლიტიკურმა ტანდემმა” ფსონი აქსიონენკოზე, როგორც რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინის ყველაზე რეალურ მემკვიდრეზე დადო. ეს არჩევანი მათ მეორე, “ოლიგარქების ტანდემის”, ბერეზოვსკ- პატარკაციშვილის რეკომენდაციით გააკეთეს. უნდა ვაღიაროთ, რომ “დაბალანსების პოლიტიკის” თეორიის თანახმად იმ პერიოდში შევარდნაძე-ჟვანიას არჩევანი ყველაზე მისაღებ გათვლად ჩანდა, რადგანაც 1999 წლის აგვისტოს დასაწყისამდე პირველი ვიცე-პრემიერი აქსიონენკო (მაშინ პუტინი ჯერ კიდევ ეფ–ეს–ბეს დირექტორი იყო ) რუსეთის პრეზიდენტობის ყველაზე რეალურ კანდიდატად მოჩანდა.

putini-1702327359.jpg

აქსიონენკო და პუტინი: ერთ–ერთი ელცინის მემკვიდრე უნდა გამხდარიყო

ბერეზოვსკი–პატარკაციშვილს “პოლიტიკურ საჯინიბოში” 1996-2000 წლებში ბევრი “დოღის ცხენი” ჰყავდათ, მათ შორის რუსეთის რკინიგზის შეფს ნიკოლაი აქსიონენკოს 1999 წლის გაზაფხულზე საკმაოდ მყარი პოზიციები ეკავა და “პრეზიდენტის ოჯახის” (ელცინის მეუღლე ნაინა, ქალიშვილი ტატიანა და მისი მომავალი მეუღლე ვალენტინ იუმაშევი) კეთილგანწყობით სარგებლობდა. ბერეზოვსკი-პატარკაციშვილი აქსიონენკოს აქტიურად ლობირებდნენ, ჯერ როგორც რუსეთის პრემიერ–მინისტრს, შემდეგ კი უკვე მომავალ პრეზიდენტს. 1999 წლის მაისში ბორის ელცინმა აქსიონენკო პირველ ვიცე-პრემიერად დანიშნა, საიდანაც ერთი ნაბიჯიღა რჩებოდა პრემიერ-მინისტრობამდე და შემდეგ რუსეთის პრეზიდენტობამდე.

ასე რომ, 1999 წელს საქართველოში „რუსული დესანტი“ ბერეზოვსკი-პატარკაციშვილის რეკომენდაციით და ნიკოლაი აქსიონენკოს (უფრო სწორედ რუსეთის ბიუჯეტიდან მოპარული) ფულით მოხვდა. საინტერესოა, რომ ეს ჯგუფი (შევარდნაძე, რომ „ჯაშუშებს“ უწოდებდა) 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდშიც საქართველოში იყო და დიდი წვლილიც შეიტანა შევარდნაძის საარჩვენო კამპანიაში.

საეჭვოა რუსეთის სპეცსამსახურებს ღიად და ოფიციალურად, თუნდაც ანალიტიკოსების საფარქვეშ, მზვერავები (მით უფრო სპეცრაზმის წევრები) გამოეგზავნათ მაშინ, როცა იმ წლებში (ისევე როგორც დღეს) რუსეთის სამივე სპეცსამასახურის (ეფ-ეს-ბე, საგარეო და სამხედრო დაზვერვები) არალეგალურ რეზიდენტურებს საქართველოს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში ჩანერგილი აგენტურის საშუალებით სრული და ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდათ (და აქვთ) ჩვენთან მიმდინარე პროცესების შესახებ.

ასე რომ, ვერ დავეთანხმები ედუარდ შევარდნაძეს, როდესაც ის ამტკიცებს, რომ ეს “ჯაშუშური ჯგუფი” სახელმწიფო საიდუმლოების ხელში ჩასაგდებად ჩამოვიდა ათასობით კილომეტრიდან მაშინ, როცა აქვე თბილისში თბილ კაბინეტებში რუსეთის უამრავი ჯაშუში იყო მოკალათებული. ეს შევარდნაძემაც ხომ კარგად იცოდა. მაშ რატომ აღელდა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი ისე, რომ ვინმე “დაცვის ბიჭს” დაავალა “პარტიზანული” მეთოდებით დოკუმენტების ხელში ჩაგდება? რა იყო ამის ნამდვილი მიზეზი?

ჩემი აზრით შევარდნაძე იმიტომ გაცეცხლდა ამ „უცნაურ ჯგუფზე“, რომ მათ ფარულად შევარდნაძის შესაძლო მემკვიდრის გამოსავლენად დაიწყეს ინფორმაციის შეგროვება, მოსახლეობის გამოკითხვა და მომავალი პრეზიდენტის კანდიდატურების მონაცემების ანალიზი. ეს საიდუმლო დავალება მათ ბერეზოვსკი–პატარკაციშვილისგან ჰქონდათ მიღებული, რომლებმაც პოსტშევარდნაძისეულ საქართველოს მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატურაზე ადრევე დაიწყეს ფიქრი. იმ პერიოდში პოლიტიკურ კულუარებში პრეზიდენტობის ორი გამოკვეთილ კანდიდატზე – ზურაბ ჟვანიასა და კახა თარგამაძეზე – საუბრობდნენ. ალბათ ამიტომაც „რუსულმა დესანტმა“ მათი რეიტინგების გასათვლელად სოციოლოგიური გამოკითხვების ჩატარება დაიწყო. ეს ფაქტი შევარდნაძის ყურამდეც მივიდა: მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხუთი წელი კი იყო დარჩენილი, თუმცა შევარდნაძეს (როგორც ყველა ავტორიტარული სტილის მმართველს) შეთქმულების და ვადამდე ხელისუფლების დაკარგვის ეშინოდა.

ამიტომ შევარდნაძემ ჟვანია-თარგამაძეს შორის დიდი პიროვნულ–პოლიტიკური დაპირისპირება გააღვივა და 2001 წლის 1 ნოემბერს სრულ გამარჯვებას მიაღწია: მაშინ თანამდებობიდან ჟვანიაც გადადგა და თარგამაძეც. სხვები კი თავად შევარდნაძემ გაათავისუფლა, მათ მაგივრად კი მისთვის მისაღები ახალგაზრდა კადრები დანიშნა. 2002 წლის დადგომას „ბაბუ“ ტრიუმფატორის რანგში შეხვდა. მან საკუთარი უძლეველობა ირწმუნა. ეს იყო მისი საბედისწერო შეცდომა.

(მეორე ნაწილის დასასრული)