უკრაინაში შფოთი გრძელდება - კლიჩკო ზელენსკის პუტინს ადარებს, მოსახლეობა კი ომის შესახებ პრეზიდენტისგან სიმართლეს ითხოვს - კვირის პალიტრა

უკრაინაში შფოთი გრძელდება - კლიჩკო ზელენსკის პუტინს ადარებს, მოსახლეობა კი ომის შესახებ პრეზიდენტისგან სიმართლეს ითხოვს

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინელებს ეჭვი შეაქვთ ვოლოდიმირ ზელენსკის „ვარდისფერ“ მიმართვებში, რომლებშიც რეალობა შელამაზებულია“ (ავტორი - იზაბელა კოშივი, კიევიდან). მასალაში კრიტიკულადაა განხილული უკრაინის ხელმძღვანელობის მოქმედება, რომელიც ნამდვილ ინფორმაციაზე მკაცრი ცენზურის დაწესებით ცდილობს ობიექტური და მძიმე რეალობა შეალამაზოს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი და ამჟამინდელი მრჩევლების მტკიცებით, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებებში რეალიზმის უკმარისობა იგრძნობა, რაც მის მიმართ ნდობას აქარწყლებს..

უკვე 650 დღეა, რაც პრეზიდენტი რეგულარულად - ყოველდღიურად - გამოდის როგორც მინიმუმი, ერთი ვიდეომიმართვით ერისადმი, აქებს და ადიდებს ჯარისკაცთა გმირობას, აღნიშნავს ფრონტის ხაზზე მომხდარ ცვლილებებს და ადასტურებს მტკიცე გადაწყვეტილებას წინ აღუდგეს და გაუმკლავდეს რუსების იერიშებს.

სამი სანდო და სიტუაციის მცოდნე წყაროს თქმით, რომლებიც კარგად იცნობენ უკრაინის მთავრობის კომუნიკაციურ სტრატეგიას, უცვლელი გზავნილი იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ ოპტიმიზმი შენარჩუნდეს, ასეთია: „ჩვენ წინ მივდივართ, პროგრესი ნამდვილად არის“. ასეთი მიდგომა მოქმედებს ყველა დონის სახელმწიფო სტრუქტურაში - სამინისტროებიდან და ადგილობრივი ადმინისტრაციებიდან დაწყებული, სამხედრო სარდლობით დამთავრებული და გულისხმობს უმკაცრეს ცენზურას „ცუდი“ ამბების მიმართ, გინდაც ეს უკრაინის დანაკარგების აღმინიშვნელი ზუსტი ციფრები იყოს ან თუნდაც რუსეთის წარმატებული დარტყმები.

მაგრამ რამდენადაც მიმდინარე წელს უკრაინის არმიამ ბრძოლის ველზე მხოლოდ მოკრძალებულ წარმატებებს მიაღწია, პარალელურად კი დასავლური მხარდაჭერა სუსტდება, არჩეულმა კომუნიკაციურმა სტრატეგიამ შესამჩნევი განხეთქილება გამოიწვია პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სამხედრო სარდლობას შორის, - ამას ამბობენ როგორც შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლები და პოლიტექნოლოგები.

„ჩვენ მეტი რეალიზმი გვჭირდება... და ჩვენ ისეთივე გაბედულები უნდა ვიყოთ, როგორც 2022 წლის 24 თებერვალს ვიყავით“, - ამბობს ერთ-ერთი პიროვნება პრეზიდენტის გუნდის წევრი პოლიტტექნოლოგებიდან, რომელსაც მხედველობაში აქვს ის დღე, როცა რუსეთის არმია უკრაინას თავს დაესხა.

მეტოქეები გამოცოცხლდნენ...

ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკურმა მეტოქეებმა უკვე ღიად დაიწყეს პრეზიდენტის კრიტიკა: კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ამას წინათ უკრაინის მეთაური ავტორიტარიზმში დაადანაშაულა და იგი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსაც კი შეადარა.

თავის მხრივ, სამხედრო მაღალჩინოსნები ამტკიცებენ, რომ განსხვავება ოფიციალურ შეტყობინებებსა და ადგილებზე შექმნილ რეალურ სიტუაციას შორის პრეზიდენტის გამოსვლებს ჩრდილს აყენებს - ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვები მოსახლეობას სიმართლეში ვერ არწმუნებს. ის, რომ ქვეყნის მეთაურის მხრიდან ასახული მოვლენები და ფაქტები განსხვავდება რეალური მდგომარეობისაგან, ასეთი შეუთავსებლობა ეჭვებს ბადებს როგორც უკრაინელებში, ასევე კიევის დასავლელ პარტნიორებში.

მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ ოპტიმიზმით აღსავსე მიმართვები და გზავნილები ერთადერთი საშუალებაა დაამშვიდოს და დაარწმუნოს ყველა ის დასავლელი პიროვნება, რომელიც დაეჭვებულია უკრაინის წარმატებაში, ასევე განამტკიცოს ნდობა უკრაინელ ბიზნეს-ლიდერებში, რომლებიც საკვანძო წყაროებად ითვლებიან ქვეყნის ბიუჯეტის შესასვსებად და თანხების სამხედრო საჭიროებისათვის ხარჯვის საკითხში.

„თუ ჩვენ პესიმიზმს დავთესავთ, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ ადამიანები გადაწყვეტენ უკრაინაში ბიზნესი არ განავითარონ. შესაბამისად, შეწყდება გადასახადების გადახდა, ბიუჯეტში თანხები არ შევა, საბოლოოდ კი ფინანსები არასაკმარისი იქნება ბრძოლის გასაგრძელებლად“, - უთხრა „ფაინენშელ თაიმსს“ ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

აზრთა სხვადასხვაობა აშკარად გამოვლინდა გასულ თვეში, როცა მთავარმა უკრაინელმა გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ბრიტანულ ჟურნალს „ეკონომისტს“ ინტერვიუში განუცხადა, რომ უკრაინის არმიის სახმელეთო კამპანია „ჩიხში შევიდა“ - კიევში ამ სიტყვებზე მკაცრი ტაბუ არის დადებული, თუმცა ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისათვის კარგადაა ცნობილი, რომ ივნისის კონტრშეტევას რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია და ფრონტის ხაზი პრაქტიკულად არ შეცვლილა.

ჩინოვნიკის თქმით, ვალერი ზალუჟნის გულწრფელობამ ბევრი უკრაინელი გააკვირვა, ხოლო ზოგიერთმა დასავლელმა ლიდერმა კიევშიც კი დარეკა და დაინტერესდა: როგორ გავიგოთ გენერლის ნათქვამი - ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პრიორიტეტი უკვე მოლაპარაკებებს ეძლევაო.

გადაჭარბებული მოლოდინების „ხაფანგი“

როგორც უკრაინის თავდაცვის ექს-მინისტრის ალექსი რეზნიკოვის დროინდელი კომუნიკაციების განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი და მრჩეველი ირინა ზოლოტარი ამბობს, ოპტიმისტურმა სტრატეგიამ გარკვეულ ეტაპზე პოზიტიური როლი შეასრულა და უკრაინელებს დაეხმარა როგორც საკუთარი თავისადმი რწმენის, ასევე გაძლებისა და ამტანობის უნარის განმტკიცებაში. მაგრამ ახლა უკრაინის ხელისუფლება თავის ნარატივებში გაიხლართა: გადაჭარბებულმა ოპტიმიზმმა „მომატებული მოლოდინები გამოიწვია, რომელიც სრულიად არ შეესაბამებიან საქმის რეალურ მდგომარეობას“. როგორც ირინა ზოლოტარი აღნიშნავს, პუბლიკაციებს, რომლებშიც სიტუაცია შელამაზების გარეშეა გადმოცემული, ხელისუფლების მხრიდან „სიცრუის იარლიყი“ აქვს მიწებებული. „ასეთი მოქმედების ნაცვლად, მთავრობამ დაბალანსებული რეალიზმის დემონსტრირება უნდა მოახდინოს“, - დარწმუნებულია ირინა ზოლოტარი, - ეს იმიტომ არის საჭირო, რომ საზოგადოებამ რაღაც ილუზიური კოშკები არ ააშენოს და რომ ვარდისფერი სათვალეები მოიხსნას. აუცილებელია, რომ ხალხმა ნამდვილი სიტუაცია იცოდეს, მთავრობას არ უნდა ეშინოდეს ხალხისათვის სიმართლის თქმა. გამარჯვება მძიმე ბრძოლებით იქნება მიღწეული და ეს გრძელ, დამქანცველ მარათონს წარმოადგენს“.

ირინა ზოლოტარი თვლის, რომ უკრაინის მთავრობის საინფორმაციო სტრატეგიამ დასავლეთში კითხვები წამოჭრა: რისთვის იხდის დასავლელი გადასახადის გადამხდელი თავის ფულს უკრაინის დასახმარებლად? იმისთვის, რომ უკრაინას მარადიულად „ერთი ნაბიჯი აკლდეს გამარჯვებისათვის“?

საზოგადოებასთან კავშირის სფეროს სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ასეთი სტრატეგია უკრაინელებს და დასავლეთის მოსახლეობას სიტუაციის სიმძაფრეს უმალავს და ნდობას ძირს უთხრის. „ზოგჯერ რეალური შეტაკება აჩვენებს სიტუაციას უფრო კარგად, ვიდრე იმავე შეტაკების შელამაზებულად ამსახველი ფოტოსურათი“, - ამბობს ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი თანამშრომელი. მან თავისი ნათქვამის არგუმენტად მოიყვანა კიევის მიერ წარმოებული ე.წ. „კონტრპროპაგანდა“ ბახმუტისათვის ათთვიანი ბრძოლების დროს: უკრაინა ცდილობდა შეექმნა წარმატების შეგრძნება, თუმცა დასავლელი პარტნიორები კიევს აფრთხილებდნენ, რომ ამ უკვე დანგრეული და მიწასთან გასწორებული ქალაქის შენარჩუნება ამდენი მსხვერპლის ფასად არ ღირდა.

„ურყევი ციხე-სიმაგრე“ მოულოდნელად დაეცა...

ოფიციალური სახელისუფლო „ტელეგრამ-არხები“ და სხვადასხვა სოციალური ქსელები აჭრელებული იყო ძლევამოსილი ლოზუნგებით „ბახმუტის ურყევი სიმაგრის“ შესახებ, რომლებიც უეცრად „აორთქლდნენ“ მაისში რამდენიმე დღით ადრე, სანამ რუსები თავიანთ წარმატებას გამოაცხადებდნენ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაინც არ აღიარა ოფიციალურად უკრაინის არმიის უკანდახევა და და ბახმუტის დატოვება, ივლისში კი თავდაცვის სამინისტრომ უკანდახევის შემდეგ ფლანგზე მიმდინარე ბრძოლები იმის დამადასტურებლად წარმოადგინა, რომ ქალაქს ისევ კიევის ჯარი ფლობს და ბრძოლა არ წაგებულა.

„არჩეულმა პიარ-კამპანიამ კადრს მიღმა დატოვა „ათი ათასობით უკრაინული ოჯახის დაქანცვა და გამოფიტვა, ათასობით ყოველდღიური მსხვერპლი, მუდმივი სტრესული მდგომარეობა, ნერვების დაძაბვა და ეჭვები“, - აღნიშნავს ექს-ჩინოვნიკი ირინა ზოლოტარი. „ცუდი ამბების“ მიჩუმათება-დამალვის პოლიტიკის გამო საზღვარგარეთ ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ უკრაინაში ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო რიტორიკას შორის პროპაგანდისტული ბრძოლა მიმდინარეობს.

„ტკბილი ტყუილი და მწარე სიმართლე“

„ცენზურის მიუხედავად, ფრონტის ხაზიდან ახალი ამბები უკრაინულ საზოგადოებამდე სოციალური ქსელებისა და ე.წ. „სარაფნის რადიოს“ მეშვეობით მაინც მიდის“, - ამბობს უკრაინის მასობრივი ინფორმაციის ინსტიტუტის დირექტორი ოქსანა რომანიუკი, - „თითქმის ყველა უკრაინელს ჰყავს ნათესავი თუ მეგობარი, რომლებიც ფრონტზე იბრძვიან ან უშუალოდ დაზარალდნენ საბრძოლო მოქმედებებით. მთავრობის მიერ გავრცელებული მხოლოდ პოზიტიური ინფორმაცია მათში ხელისუფლებისადმი ნდობას კლავს“.

ოქსანა რომანიუკის თქმით, უკრაინის ეროვნული „ტელემარათონის“ (საინფორმაციო ვიდეობიულეტენები, რომლებიც მთავრობის ნებით ქვეყნის ძირითადი ტელეარხების ეთერით ტრანსლირდება) მაყურებლების რაოდენობა მუდმივად მცირდება [და ხშირად მას აღარც უყურებენ]. გარდა ამისა, აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ამას წინათ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ მოსახლეობაში ვლადიმერ ზელენსკისადმი გამოხატული მხარდაჭერა პერმანენტულად მცირდება.

უკრაინული ენის პედაგოგი მარინა ბრილოვა, რომელიც 61 წლისაა, აღიარებს, რომ ოფიციალური სტრუქტურების მიერ გავრცელებულ ახალ ამბებს იგი დიდი ხანია აღარ უსმენს. „რასაკვირველია, პრეზიდენტმა ერი უნდა დარაზმოს, მაგრამ ეს უნდა განახორციელოს ნამდვილი სიტყვით, რეალური სიტუაციის ასახვით. მე თვითონ ისეთი ადამიანი ვარ, რომ სასიხარულო ამბებს უფრო მეტ უპირატესობას ვანიჭებ, მაგრამ რეალობისაგან მოწყვეტით ცხოვრება შეუძლებელია“, - ასკვნის მარინა ბრილოვა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო