"ქართველმა ბერებმა აღაპებში შეიტანეს ბევრი მათგანის სახელი, საიდანაც ჩანს, რომ საქართველოს ეკლესია დიდ სქიზმას არ სცნობდა" დეგლი ანგელის ტაძარში (შვეიცარიაში) გადავაწყდი იერუსალიმის ძველ ფრესკას, წითლად ამოხაზულია იერუსალიმის ერთ-ერთი მთავარი სიწმინდე, ჯვრის ქართველთა მონასტერი, რომელსაც სტუმრობდა მრავალი ესპანელი, ფრანგი, გერმანელი, ინგლისელი და იტალიელი მომლოცველი და რაინდი, ბევრი მათგანის სახელი ქართველმა ბერებმა აღაპებში შეიტანეს, საიდანაც ჩანს, რომ საქართველოს ეკლესია დიდ სქიზმას არ ცნობდა. ნუმერაცია: 18. ეთიოპიელთა მონასტერი (საინტერესოა, რომ ქრისტეს საფლავში და გოლგოთაშიც ქართველი ბერები შავკანიანი ეთიოპიელი ბერების გვერდით ცხოვრობდნენ, ამის მერე გასაკვირი არაა ზოგიერთ ძველ ქართულ სახარებაზე (ლაბსყალდის ოთხთავი) ზანგების (დიახ, ასე ჰქვიათ ჩვენებურად) მინიატიურები გვხვდება. 19. საკუთრივ ჯვრის ქართველთა მონასტერი 20. იაკობინელთა მონასტერი 21. თეკლას მონასტერი 22. წმ.გიორგის მონასტერი (იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქო) გიორგი ბრწყინვალის მეფობისას ქართველთა მონასტერს ეწვია ინგლისელი ბერი, ანონიმი ანგლიკუსის სახელით ცნობილი (ანუ ინგლისელი), რომელიც წერს, რომ ქართველი ბერები მას ,,გაუმასპინძლდნენ დიდი ქვევრის საუკეთესო ღვინით“, იტალიელი ბერი გუსიც წერს, რომ ქართველთა მდიდარი მონასტერი გულუხვად უმასპინძლდებოდა ევროპელებს. იბნ ფადლალლაჰის ცნობით, დამატებით ირკვევა, რომ ,,მონათლულთა შორის ყველაზე დიდი - ქართველთა მეფის“ (გიორგი ბრწყინვალის) პატივსაცემად ეგვიპტის სულთანმა არა მხოლოდ ქრისტეს საფლავი გადასცა ქართველ ბერებს - აღდგომელებს, არამედ, ჯვრის ქართველთა მონასტერს რამდენიმე სოფელი შესწირა კიდეც. ეგვიპტის სულთნის ძლიერმა დაზვერვამ კარგად იცოდა გიორგი ბრწყინვალის მასშტაბები, იოჰანეს დე კოლუმნა წერს, რომ გიორგი "ძლევამოსილია და კათოლიკეთა მიმართ კეთილგანწყობილი", ამავეს აცხადებს სულთანი გიორგისადმი მიმართვაში: "რომის პაპის მეშველო". წარმოიდგინეთ, რამდენი ჯვაროსნული ომი დასჭირდა დასავლეთ ევროპას ქრისტეს საფლავის მისაღებად, ეგვიპტის სულთანმა კი ის გიორგი ბრწყინვალეს დაუთმო, ამ დონის საგარეო პოლიტიკური მონაპოვარი არც ერთ სხვა ქართველ მეფეს არ ჰქონია, არც დავით აღმაშენებელს და არც თამარს. მართალია, თამარმა დიდი უფლებები მიიღო ქრისტეს საფლავში, მაგრამ არა - მისი უშუალო მფლობელობა და კლიტენი, როგორც გიორგი ბრწყინვალემ. ცნობილია, რომ დავით აღმაშენებლიდან მოყოლებული, თავის მხრივ, ქართველთა ქრისტიანი მეფეებიც სწირავდნენ მეჩეთებს შესაწირავებს, ამასთან, ისინი ნებას რთავდნენ მუსლიმებს, მეჩეთში ხალიფას სახელზე ელოცათ, საპასუხო პატივის მისაგებად მუსლიმებს თბილისის მეჩეთში ქართველთა მეფისათვის კანდელი ენთოთ (კანდელის ტრადიცია მუსლიმურ თემსაც გააჩნდა), როგორც ეს ჰაუკალის ჩანართშია მოთხრობილი.