"როგორც კი შევხედე, გულში რაღაც ამიდუღდა... მომეხვია, ჩამეხუტა, თავი უხერხულად ვიგრძენი, მაგრამ მეც მივეხუტე. მკითხა, ცოლად გამომყვებიო?" - რას ჰყვება გიული ჩოხელი საბედისწერო შეხვედრაზე
"ჩემი მეუღლე - ბორის რიჟკოვი მამით რუსი და დედით ფრანგი გახლდათ... ჩვენ ერთად მოვიპოვეთ საბჭოთა კავშირში ვარსკვლავის სახელი. ბორისი ქართული ფილარმონიის სოლისტი გახლდათ. ჩვენი ორკესტრი "ჩანგი", რომელიც მან ჩამოაყალიბა, გენიალური იყო. ბორისს ქართული კულტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი.... იგი დღემდე კარგად ახსოვთ ქართველ მუსიკოსებს და თბილად იხსენებენ. საქართველო და ქართველები რომ არ ჰყვარებოდა, მეც არ წამიყვანდა ცოლად. ჩვენ ძალიან დიდი საქმე გავაკეთეთ. სად არ გამოვდიოდით, გადავაბრუნეთ ქართული ესტრადა", - ეს სიტყვები ჯაზის ლეგენდას - გიული ჩოხელს ეკუთვნის...
იგი თავად გვიამბობს, ჯადოსნური ახალი წლის ღამეს როგორ შეხვდა მისი ცხოვრების ყველაზე დიდ სიყვარულს:
- 1956 წელს, საახალწლოდ, გასტროლებით მოსკოვში ვიმყოფებოდით. იმ დროს დიდი ჯაზ-ორკესტრი იყო პოლონეთიდან ჩამოსული. ახალი წლის ღამეს მოსკოვის ცენტრალურ ტელევიზიაში გვქონდა მიწვევა, სადაც მე უნდა მემღერა... უკვე ხრუშჩოვი იყო პირველი პირი და ახალ წელს მთელ საბჭოთა კავშირს ამ ტელევიზიით ულოცავდა. მართალია, ჯაზი საბჭოეთში აკრძალეს, მაგრამ ხრუშჩოვი უფრო თავისუფალი კაცი იყო და აკრძალვები - ცოტა შეარბილა...
როდესაც ტელევიზიით ჩვენი გამოსვლა დასრულდა, ჩემმა მეგობარმა, რუსმა კომპოზიტორმა მთხოვა, სასტუმროში ნუ წახვალ, დიდი გენერალ-ლეიტენანტის ოჯახში ვართ მიწვეულიო... გავიკვირვე, მე არც პოლიტიკოსი ვარ, არც სამხედრო პირი და იქ რატომ უნდა წამოვიდე-მეთქი, მაგრამ მითხრა, მათი ოცი წლის გოგო ჯაზს მღერის და სკოლაში ბავშვებსაც ასწავლისო... თურმე, ტელევიზიით უყურეს ჩვენს გამოსვლას, დარეკეს და მიგვიწვიეს...
წავედით. იქ დიდი სუფრა დაგვხვდა გაშლილი, სტუმრად - ახალგაზრდები, ძალიან ლამაზი ხალხი... ეს არაჩვეულებრივი გოგონა 20 წლის იყო, დაახლოებით, ჩემი ტოლი. მართლაც კარგი გარემო დაგვხვდა, მაგრამ სულ სინანული მდევდა თან, ხომ ჯობდა თბილისში შევხვედროდი ახალ წელს, დედასთან და ჩემს შვილთან ერთად, აქ რა მინდა-მეთქი... რას ვიზამდი, გასტროლი იყო და ეს ყველაფერი დაემთხვა. მოწყენილი ვიჯექი, ისინი კი რუსულ სიმღერებს მღეროდნენ, ცეკვავდნენ, რაც ჩემი არ იყო... მოულოდნელად ეს გოგონა წამოდგა, ჩამეხუტა და მითხრა, მე თქვენ მოგისმინეთ, მეც ვმღერი და მსურს მერე ერთადაც ვიმღეროთო... ძალიან გამახარა მისმა თბილმა სიტყვებმა...
უცებ ეს გოგონა კარისკენ წავიდა და სტუმარს კარი გაუღო. მოდის და ვხედავ, უკან ახალგაზრდა, არაჩვეულებრივი კაცი მოჰყვება, ძალიან ლამაზი, ნამდვილი არისტოკრატი. როგორც კი შევხედე, გულში რაღაც ამიდუღდა... ვხედავ, ეს კაცი იღიმის, პირდაპირ ჩემკენ მოდის და მეუბნება, მე თქვენ გისმინეთ, თქვენით აღტაცებული ვარ, მოდი, ახლა ვიმღეროთო და როიალისკენ წავიდა... ვაიმე, თქვენ დაკვრა იცით-მეთქი? - ვკითხე და ამას ძალიან ხმამაღალი სიცილი მოჰყვა. მითხრეს, შენ არ იცი, ეს რომ ევროპაში პირველი ჯაზმენია, ბორის რიჟკოვიო? მართლაც, დაჯდა როიალთან და ჩემი სიმღერები ჩემს ტონალობაში დაუკრა... რა თქმა უნდა, გავოგნდი, ძალიან გავმხიარულდი, შემდეგ ბორისი გვერდით დამიჯდა და ჯაზზე ბევრი ვისაუბრეთ. ამ ლაპარაკში სუფრასთან სულ მარტოები დავრჩით, ირგვლივ ყველა შემოგვეცალა... ბორისი მომეხვია, ჩამეხუტა, მე თავი უხერხულად ვიგრძენი, მაგრამ მეც მივეხუტე. მკითხა, ცოლად გამომყვებიო? აბა რა, გამოგყვები, ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ჯაზი, მთელი ქვეყნები შემოვიაროთ-მეთქი... ჩამეხუტა, მაკოცა და მითხრა, ახლა ჩემთან, სახლში წავიდეთო...
მის სახლში არაჩვეულებრივი დედა დაგხვდა, მამა, სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ იყო. იქაც გაიშალა სუფრა, ბორისმა რომ შეხედა, დედამისი კარგად შემხვდა, უთხრა, ამას ცოლად ვითხოვო... დედამ, ულამაზესი გოგოაო. ბორისმა რომ უთხრა, ქართველიაო, - მით უმეტეს რომ ქართველიაო, - დედამისმა გახარებულმა უპასუხა...
მათ ავუხსენი, რომ ერთი თვით საზღვარგარეთ გასტროლზე მივდიოდით, ისედაც ორკესტრში ყველა გაოცებული იქნებოდა, არც სასტუმროში და არსად რომ არ ვჩანდი... ბორისმა მითხრა, სასტუმრომდე გაგაცილებო. ჩამსვა "მერსედესში", რომელსაც უკან ოქროს ძაფებით რაღაც ფარდებივით ჰქონდა და წამომიყვანა...
მესამე დღეს უკვე მივდიოდით, გავიხედე, მატარებელთან დგას ბორისი... რომ ავედი, ღია ფანჯრიდან ერთმანეთს ვუყურებდით, ვესაუბრებოდით, ვემშვიდობებოდით... მთხოვა, იქნებ დარჩეო, მაგრამ არაფრით არ შეიძლებოდა, რადგან სოლისტი ვიყავი და ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული. დავპირდი, რომ როგორც კი გასტროლი დამთავრდებოდა, მასთან ჩავიდოდი, დედაჩემის ნაჩუქარი პატარა ბრილიანტის ბეჭედი მოვიხსენი, ნეკა თითზე გავუკეთე და ვუთხარი - ამას რომ დახედავ, იცოდე, მე ვარ-მეთქი...
მერე დავქორწინდით, ჯაზში ძალიან ბევრი რამ შევქმენით, საბჭოთა კავშირი, ევროპა დავიპყარით სიმღერებით და ერთად 14 ბედნიერი წელი გავატარეთ... ყველას ძალიან ვუყვარდით, რადგან ჩვენ ნამდვილი პროფესიონალები ვიყავით და სულ სიყვარულით ვიცხოვრეთ...
ახალ წელს ყველას ისეთ ჯადოსნურ თავგადასავალს ვუსურვებ, როგორიც მე მქონდა 1956 წელს...
(სპეციალურად საიტისთვის)