"ვირთხების არმიის" შეტევა და გაზმანოვი და კირკოროვი, როგორც ფსიქოლოგიური იარაღი - როგორ აგიჟებენ რუსები უკრაინელ ჯარისკაცებს - კვირის პალიტრა

"ვირთხების არმიის" შეტევა და გაზმანოვი და კირკოროვი, როგორც ფსიქოლოგიური იარაღი - როგორ აგიჟებენ რუსები უკრაინელ ჯარისკაცებს

პოზიციური ბრძოლები ომების ის ეტაპია, როდესაც მოწინააღმდეგე მხარეები საბრძოლო მოქმედებებს ძირითადად სანგრებიდან ახორციელებენ.

სანგარი მიწაში გაჭრილ სრული პროფილის ვიწრო თხრილს წარმოადგენს, რომელშიც მებრძოლს შეუძლია წელში გამართულმა იაროს და იქიდან ისე ისროლოს, რომ მოწინააღმდეგის საპასუხო ცეცხლისგან დაფარული ჰქონდეს თითქმის მთელი სხეული,თავის გარდა.

სანგრებიდან პოზიციური ბრძოლები რამდენიმე ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე დაიწყო პირველი მსოფლიო ომის დროს, გაგრძელდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და ეხლაც მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომის ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე, იმ ომში, რომელიც 21-ე საუკუნის ყველაზე ფართომასშტაბიან საბრძოლო შეტაკებას წარმოადგენს და კაცმა არ იცის, გადაიზრდება თუ არა...მესამე მსოფლიო ომშიც...

შესაბამისად, რუსეთ-უკრაინის ომს ძალიან ბევრი საერთო აქვს პირველ და მეორე მსოფლიო ომებთან მიმართებაში და მათ შორის ის საერთო მტერი, რომელიც ერთნაირად ერჩის ორივე მოწინააღმდეგე მხარეს სანგრებში...

1-v-1702372059.jpg
უკრაინის ფრონტის ატალახებულ სანგრებს „ვირთხების არმია“ უტევს...

ესენი არიან...მინდვრის თაგვები, ქვეწარმავლები და დიდი, დიდი... ვირთხები...

ზაფხულში, ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზის მონაკვეთში, სანგრებში შეყუჟულ გინდ რუს და გინდ უკრაინელ მებრძოლებს მოსვენებას არ აძლევდნენ მინდვრის თაგვები და ქვეწარმავალები, ხოლო წვიმის სეზონის დადგომიდან სანგრებში ახალი და ბევრად საშიში საერთო მტერი გამოჩნდა-უზარმაზარი ვირთხები, რომლებიც ყველაფერს ჭამენ სანგარში-მებრძოლებს საკვებს,ტანსაცმელს, ღრღნიან და აფუჭებენ სამხედრო ტექნიკის ელექტროგაყვანილობის კაბელებს...

რუსეთ-უკრაინის ომმა ერთი ზამთარი კი უკვე მოილია, მაგრამ მაშინ „ვირთხების ამხელა არმიები“ სანგრებში არ დაუფიქსირებიათ-ამას კი შეიძლება ის ახსნა ჰქონდეს, რომ წელს, საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინელმა ფერმერებმა ვეღარ შესძლეს დანაღმული და საარტილერიო ჭურვების სამიზნედ გადაქცეული მზესუმზირისა და ხორბლის მოსავალის მთლიანად აღება, შესაბამისად, ამით კარგად „ისარგებლეს“ მღრნელებმა და ძალზე გამრავლდნენ, ხოლო როდესაც ზამთარში საკვები შემოაკლდათ, იქვე მინდორში გაჭრილ სანგრებში შეყუჟულ მებრძოლებს „ჩააკითხეს“...

გარდა იმისა, რომ სანგრებში მომრავლებული ვირთხები მებრძოლების საჭმელს ანადგურებენ, მათ ათასნაირი საშიში დაავადების გავრცელებულა შეუძლიათ კბენის შემთხვევაში, თუმცა არის კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ნიუანსიც-სანგრებში მომრავლებული ვირთხები დაძინებისა და შესაბამისად დასვენების საშუალებას არ აძლევენ სამხედროებს, რაც ძალაუნებურად მოქმედებს მათ საბრძოლო მზადყოფნაზეც -ისედაც ატალახებულ და გაყინულ სანგარში კვირეებით შეყუჟულ ჯარისკაცს, როდესაც გამოძინების საშუალებაც აღარ აქვს, უქვეითდდება ყურადღება და შეიძლება გამოეპაროს მოწინააღმდეგის მცირერიცხოვანი სადაზვერვო-მოიერიშე ჯგუფის ჩუმად მიპარვა მის სანგართან...ეს კი, დაღუპვის ტოლფასია.

არის კიდევ ერთი გარემოება, რის შესახებ ძნელია დაწერა,მაგრამ მაინც აუცილებლად სათქმელია-პოზიციური ბრძოლების დროს დაღუპულების(რომლებიც მოწინააღმდეგის სანგრებისკენ მოკლე იერიშით მიიწევდნენ) ცხედრები ნეიტრალურ მონაკვეთზე(მოწინააღმდეგე მხარეების სანგრები ხშირად ასიოდე მეტრით თუ არიან დაშორებულნი ერთმანეთისგან) რჩებიან, მათი მიხედვის საშუალება კი არ არის, რადგან სნაიპერები ორივე მხრიდან სწორედ ასეთ მომენტს ელოდებიან...

შესაბამისად, მინდორში უპატრონოდ დარჩენილი ცხედრები ცხოველებისა და განსაკუთრებით მღრნელების „სამიზნე“ ხდება...

3-v-1702372358.jpeg

უკრაინელი სამხედროს „თანამებრძოლი“ კატები სანგრის ვირთხებთან საბრძოლველად...

აფხაზეთის ომის დროს ფრონტის ხაზზე აბა,რატომ არ ვეკარებოდით ღორის ხორცს...

როგორ ებრძვიან მოწინააღმდეგე მხარეები მათ საერთო მტერს სანგრებში-ვირთხებს?

„სანგრის ვირთხებთან“ ბრძოლის საუკუნოვანი გამოცდილება არსებობს-კატები და ძაღლები!

ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც მებრძოლ მხარეებს „ჭურვების შიმშილის“ პერიოდი დაუდგათ და შეტევებზე გადასვლის თავი არ ჰქონდათ, თვეებით სანგრებში მსხდარი გერმანელი, ფრანგი, ბრიტანელი თუ რუსი ჯარისკაცები ჯერ ხიშტ-დანებით ცდილობდნენ მათ სანგრებს შესეული ვირთხების განადგურებას, ამან,რომ არ გაამართლა, შაშხანებიდანაც კი ესროდნენ, რაც კიდევ უფრო დიდი უაზრობა აღმოჩნდა, რის შემდეგაც სანგრებში კატები და ძაღლები „მიიწვიეს“...

როგორც დაკვირვებამ აჩვენა, ძაღლები, განსაკუთრებით კი ტერიერის ჯიშის ძაღლები ბევრად ეფექტიანები აღმოჩნდნენ სანგრის ვირთხების განადგურებაში-კატა, როგორც კი დაიჭერდა ვირთხას, მას შეექცეოდა, აღარ ეძებდა სხვა საკბილოს, ხოლო ტერიერი ნამდვილ ნადირობას იწყებდა ვირთხებზე, რაც სპორტულ ჟინში გადასდიოდა-დაჭერილ და მოკლულ ვირთხას თავს ანებებდა და ახალ სამიზნეს მისდევდა...

რუსეთ-უკრაინის ფრონტის რამდენიმე ასეულ კილომეტრიან სანგრებშიც ერთსაუკუნოვანი გამოცდილების გახსენება მიმდინარეობს-კატები მოამრავლეს, ეხლა შესაბამისი ჯიშის ძაღლებს „ეპატიჟებიან“ სანგრებში, ამასთან, ვირთხებთან საბრძოლველად დაამატეს 21-ე საუკუნის „მონაპოვარიც“ მღრნელების დასაფრთხობი ელექტრონული ხელსაწყოებიც ,მაგრამ როგორც თავად ჯარისკაცები აღიარებენ, ძველ გამოცდილ მეთოდს-კატების „მისევას“ ვირთხებზე,არაფერი სჯობს...

პოზიციური ბროლების დროს მოწინააღმდეგე მხარეების სანგრების ერთმანეთთან ას-ორასიოდე მეტრში მდებარეობა,ბრძოლის დამატებით,ახალ საშუალებას იძლევა-„ფსიქოლოგიური შეტევები“...მუსიკისა და სიმღერების საშუალებით...

რუსეთის საოკუპაციო ძალების აღჭურვილობაშია სპეციალური ხმისგამაძლიერებელი ტექნიკაც, რომლითაც ისინი სანგრებში მსხდომ უკრაინის დამცველებს...გაზმანოვისა და კირკოროვის სიმღერებს ასმენინებენ დღე და ღამე...

უკრაინელი ჯარისკაცები აღიარებენ, რომ გაზმანოვის სიმღერის მოსმენას,ისევ ტყვიების ზუზუნის ქვეშ ყოფნა ურჩევნიათ...

P.S. როდესაც ომის თემაზე ვწერ, უნებურად მახსენდება ჩემი საომარი ისტორიებიც და პარალელებს ვავლებ-აფხაზეთის ომში, სანგარში კატისხელა ვირთხები ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ახალ კინდღთან, საიდანაც ჩვენი არტილერისტები ტამიშის დესანტს „გრადებითა“ და ჰაუბიცებით იგერიებდნენ, სანგარში ღამისთევები იმად დაგვიჯდა, რომ სამხედრო ფორმების გამოხარშვა და თმის მოკლეზე შეჭრა მოგვიწია-სანგრიდან „დასაჩუქრებული“ „ცუდი“ მწერების რამენაირად მოსაშორებლად...