"მეკობრეები" ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით - "ჩუსტებიანი" ჰუსიტები აბობოქრდნენ:ჩავძირავთ ისრაელისკენ მცურავ ყველა გემს!
11 დეკემბერს ბაბ-ელ-მანდების სრუტეში მცურავ ნორვეგიულ ტანკერს „სტრინდას“...ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა მოხვდა - საბედნიეროდ ეკიპაჟის წევრებიდან არავინ დაღუპულა ,მაგრამ ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა...
რა შუაში იყო ნორვეგიული ტანკერი, რომელსაც მალაიზიიიდან ვენეციაში გადაჰქონდა მცენარეული ზეთი და ბიოსაწვავი, რომ მასზე ძვირადღირებული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა „გაიმეტეს“?
საქმე ის არის, რომ ნორვეგიული ტანკერი ადენის ყურიდან ბაბ-ელ-მანდების სრუტის გავლით წითელ ზღვაში შესვლას აპირებდა, იქიდან კი სუეცის არხით ხმელთაშუა ზღვაში გასვლასა და იტალიის სანაპიროსთან ღუზის ჩაშვებას, მაგრამ იემენის დასავლეთ ნაწილში „გამეფებულმა“ ჰუსიტებმა ეს ტანკერი რატომღაც არაბეთის ყურეში ისრაელის საპორტო ქალაქ ეილატისკენ გეზაღებულად მიიჩნიეს და ირანული წარმოების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტაც „დააწიეს“ ბაბ-ელ-მანდაბის სრუტის ყველაზე ვიწრო ნაწილში...
ის, რომ პროირანულმა სამხედრო-პოლიტიკურმა დაჯგუფებამ ჰუსიტების სახით,ისრაელს ომი გამოუცხადა, ადრეც ვწერდით, თუმცა იემენელი ჰუსიტები არანაკლებ 1 700 კმ-ით არიან დაშორებული ისრაელის ტერიტორიიდან...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჰუსიტებმა ისრაელის საპორტო ქალაქ ეილატისკენ რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა და კამიკაძე-დრონი გაუშვეს, რომელთა ნაწილიც წითელ ზღვაში მოდარაჯე ამერიკულმა სარაკეტო ნაღმოსანმა ჩამოაგდო, ნაწილიც კი ისრაელის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა მის სანაპიროსთან მიახლოებისას.
ამის შემდეგ ჰუსიტებმა ღაზის სექტორის პალესტინელების მხარდაჭერისა და ისრაელთან ბრძოლის ახალი ტაქტიკა აირჩიეს და მთელ მსოფლიოს დაემუქრნენ - ისრაელისკენ მიმავალ ყველა გემს ჩავძირავთო!
ნორვეგიული ტანკერი პირველი არ ყოფილა, ვისაც ჰუსიტებმა ისრაელისთვის,ადენის ყურეში „პასუხი აგებინეს“, მანამდე ჰუსიტებმა მეკობრული სქემით დაიპყრეს ავტომობილების მზიდი უზარმაზარი გემი, რომელიც ერთ ცნობილ ისრაელელ მილიარდერს ეკუთვნოდა, ხოლო რამდენიმე დღის წინ არც მეტი და არც ნაკლები,წითელ ზღვაში მცურავ თვით ფრანგულ ფრეგატს „მიუქსიეს“ ორი კამიკაძე-დრონი!
ფრანგულმა ფრეგატმა ეს კამიკაძე-დრონები იემენის სანაპიროდან 110 კმ-ში მოიგერია, ასევე სწორედ 110 კმ-ში მოხდა ნორვეგიული ტანკერის დაზიანება ჰუსიტების მიერ გაშვებული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტითაც-გამოდის, რომ ჰუსიტელებმა „გამოთოფოს“ ის საერთაშორისო საზღვაო მარშრუტი, რომლის გაყოლებითაც ყოველდღიურად ათობით სავაჭრო გემი მიცურავს ორივე მხარეს,იემენის სანაპიროსთან ამ სიშორეზე...
შესაბამისად ახალი თავდასხმების საშიშროება ელით სხვა სავაჭრო გემებსაც,თუკი ჰუსიტები ჩათვლიან, რომ ეს გემები რამენაირად არიან დაკავშირებულნი ისრაელთან, ხოლო დასავლეთის ქვეყნების სამხედრო ხომალდები ისედაც წარმოადგენენ პროირანული ჰუსიტების მუდმივ სამიზნეებს...
ჰუსიტი ამბოხებულები შიიტური დაჯგუფება „ანსარ ალაჰის“ მოძრაობის წარმომადგენლები არიან, იემენის ჩრდილოეთში ებრძვიან ქვეყნის ხელისუფლებასა და მის მხარდამჭერ საუდის არაბეთის არმიას და - არცთუ წარუმატებლად...
ამას კი შიიტი ჰუსიტები ასევე შიიტური ირანის ისლამური რესპუბლიკის სერიოზული სამხედრო მხარდაჭერის საშუალებით აღწევენ.
ირანის სამხრეთი ნაწილიდან, ომანის ყურესა და არაბეთის ზღვის გავლით, არანაკლებ 1 800 კმ-ის გაცურვა უწევთ იმ სავაჭრო მცირე ზომის გემებს ან, სულაც, სათევზაო კატარღებს, რომლებსაც ირანის წარმოების შეიარაღება და საბრძოლო მასალები კონტრაბანდულად ჩააქვთ იემენის სანაპიროზე, ადენის ყურეში, „ანსარ ალაჰის“ საბრძოლო რაზმებისთვის გადასაცემად.
საუდის არაბეთისა და აშშ-ის სამხედრო ხომალდების ეკიპაჟებმა არა ერთხელ დააკავეს ირანიდან იემენში მცურავი გემები და კატარღები და კონფისკაცია გაუკეთეს მათ ტრიუმებში გადამალულ შეიარაღებას (სწორედ ეს,ირანული წარმოების კონფისკირებული იარაღი და საბრძოლო მასალა გადასცა ამერიკულმა მხარემ უკრაინის არმიას), მაგრამ როგორც ჩანს, ირანული შეიარაღება მაინც აღწევს ჰუსიტებამდე და თანაც - არა მარტო „კალაშნიკოვის“ ავტომატები...
ირანი ყველანაირად ცდილობს თვითონ ოფიციალურად არ დაფიქსირდეს და იემენელი ჰუსიტების ხელით, უფრო სწორედ კი მათი „ჩუსტების“ გამოყენებით, რაც შეიძლება მეტი თავსატეხი გაუჩინოს პირველ რიგში აშშ-ს და მის სამხედრო-საზღვაო არმადებს ადენის ყურესა და წითელ ზღვაში.
დასავლეთის პრესაში გამოჟონა ინფორმაციამ იმის შესახებაც, რომ იემენელი ჰუსიტების „გათავხედებით“ გაღიზიანებულმა თეთრმა სახლმა კულუარული მოლაპარაკებები დაიწყო სპარსეთის ყურეში თავის მოკავშირეებთან, რომ ერთობლივი ძალებით ერთხელ და სამუდამოდ „ჩააჩუმონ“ იემენელი ჰუსიტები და უსაფრთხო გახადონ საზღვაო მიმოსვლა წითელ ზღვასა და ადენის ყურეში...
თუმცა, საუდის არაბეთი ეჭვს გამოთქვამს, რომ შესაძლო ერთობლივი სამხედრო ოპერაცია ჰუსიტების წინააღმდეგ წარმატებული გამოდგეს, მითუმეტეს, რომ საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალები ისედაც მერამდენე წელია ცდილობენ „დააშოშმინონ“ სამხრეთელი აგრესიული მეზობლები, მაგრამ „ჩუსტებიან“ ჰუსიტებს ჯერ მაინც ვერაფერი მოუხერხეს...