"უკვე დღეებს ვითვლი, რუსები როდის დაიხევენ 25-30 კილომეტრით..." - კვირის პალიტრა

"უკვე დღეებს ვითვლი, რუსები როდის დაიხევენ 25-30 კილომეტრით..."

"არც შეშინებულები ვართ და არც გადაღლილები, გამარჯვებამდე ან სიცოცხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ"

ამერიკულ და ევროპულ მედიაში განგაშის ზარები მას შემდეგ ჩართეს, რაც აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დაფინანსების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა დაბლოკა. დოკუმენტი ითვალისწინებდა 106 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას, აქედან 61 მილიარდი უკრაინის დახმარებისთვის იყო განკუთვნილი. ბრიტანულ გაზეთ "დეილი ტელეგრაფში" გამოქვეყნდა სტატია, რომლის სათაურია: "პუტინი გამარჯვებასთან ახლოსაა, ევროპას უკვე უნდა ეშინოდეს". ეშინიათ თუ არა უკრაინელებს და უკრაინელების მხარდამხარ მებრძოლ ქართველებს, როგორია მათი განწყობები და მოლოდინები? - ამის შესახებ ვანო ნადირაძე გვიამბობს.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"შეშინებულები და გადაღლილები რუსები არიან. სიმართლე გითხრათ, ამ ზამთარს განსაკუთრებულს არაფერს ველოდები, პოზიციური ბრძოლები გაგრძელდება, ძირითადად არტილერია იმუშავებს, შეტევა არც ჩვენი მხრიდან იგეგმება და დარწმუნებული ვარ, არც რუსები აპირებენ რაიმეს. ერთადერთი, სადაც ამინდებიდან გამომდინარე რაიმე ცვლილებაა მოსალოდნელი, ეს სამხრეთის მიმართულებაა და გვაქვს კიდეც კარგი შედეგები. უკვე დღეებს ვითვლი, რუსები როდის დაიხევენ 25-30 კილომეტრით..."

"ჩემ გვერდით ნარჩევი ქართველი ბიჭები არიან, შესაბამისი მომზადებითა და გამოცდილებით. ყველა მათგანს სხვადასხვა მისიაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ეს ბიჭები მოტივირებულები არიან იბრძოლონ სიცოცხლის უკანასკნელ წვეთამდე. მათი ბრძოლის მიზანი სამშობლოა. უკრაინაში საქართველოს სახელით იბრძვიან. იციან, რომ საქართველოს ბედი უკრაინაში წყდება. აქ უნდა დავამარცხოთ სისხლიანი რუსული იმპერია, რომ საქართველოში "გამოსეირნების" სურვილი და შესაძლებლობა აღარ ჰქონდეთ..."

"ბატალიონი და ბრიგადა არ არსებობს, ქართული ჯგუფი რომ არ იყოს მოწინავე პოზიციაზე. ჩვენი ბიჭები ნამდვილად გამორჩეული მეომრები არიან. სადაც ქართველები არიან, ის დანაყოფი ყოველთვის გამოირჩევა. სამწუხარო ის არის, რომ უცხოელ მებრძოლებს შორის მსხვერპლიც ყველაზე დიდი ჩვენ გვაქვს. ბრძოლაში ძალიან თავდაუზოგავები არიან ჩვენი ბიჭები, უკან დახევა არ იციან..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 14 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ბახტურიძე