ხალხს აძლევთ სტატუსსო? - არაო. აბა, ხელისუფლებასო? - არაო. აბა, ოპოზიციასო? - არა, ქალბატონო სალომე, სტატუსი ქვეყანას უნდა მივცეთო - კვირის პალიტრა

ხალხს აძლევთ სტატუსსო? - არაო. აბა, ხელისუფლებასო? - არაო. აბა, ოპოზიციასო? - არა, ქალბატონო სალომე, სტატუსი ქვეყანას უნდა მივცეთო

ევროპულ სტრუქტურებში გაერთიანება ერთადერთი გამოსავალია ქვეყნის განვითარებისთვის, მაგრამ არა - სიტყვიერად, არა - ფორმალურად გაწევრება, არამედ - რუსეთის მიერ ოკუპირებული ჩვენი ტვინების გათავისუფლება იმ სისტემისგან, რასაც დღეს ემონებით, გუშინაც ემონებოდით და, სავარაუდოდ, ხვალაც დაემონებით.

ჯერ ერთი, ვერ გავიგე ეს ემოციურ ფონზე სახელდახელო გამოსვლები, ხელმოწერების საღამოები, გულზე მჯიღის ცემით შეძახილები რომელმა ევროპულმა გაერთიანებამ მოგვთხოვა? მე, მგონია, რომ არ ვიცით მათი ხასიათი.

წესით, ევროპელებმა უკვე უთხრეს ჩვენს პრეზიდენტს პასუხი. არ გახსოვთ? ისტერიულად, რომ კითხულობდა - ხალხს აძლევთ სტატუსსო? - არაო. აბა, ხელისუფლებასო? - არაო. აბა ოპოზიციასო? - არა, ქალბატონო სალომე, სტატუსი ქვეყანას უნდა მივცეთო, ქვეყანასო.

ამ პასუხით ნათელი ხდება ქართული პოლიტიკური მდგომარეობის დიაგნოზი. ხელმოწერებით თუ იღებდნენ ევროპაში, არ ვიცოდი. როდესაც, ამას მოქალაქეთა ჯგუფი აკეთებს, კი ბატონო, როგორც გინდა გამოხატე შენი ემოცია, მაგრამ თუ პრეზიდენტის ამ პათოსს არ გავიზიარებ, რატომ ვარ არაევროპელი?

თქვენს ეროვნულობას და სიმართლისათვის ბრძოლას მაშინ დავიჯერებ, როდესაც რუსეთიდან მიღებულ თქვენს თანხებს გაასაჯაროვებთ. როდესაც, რუსეთისთვის და ერთმანეთისთვის იაფად მიყიდულ მიწებს და სახელმწიფო ობიექტებს მოინანიებთ, როდესაც ყოველდღე დეზინფორმაციით აღარ გამოკვებავთ მოსახლეობას, როდესაც ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე შეეჯიბრებით ერთმანეთს ნაბიჯების გადადგმაში და როდესაც მე, ერთი მოქალაქე, ვიგრძნობ, რომ ვიღაცის გავლენებით კი არა, სახელმწიფოს მეურვეობით ვაგვარებ პრობლემას...

დღეს, როდესაც ასე ხშირად ვისმენთ ხანდახან ნამდვილ და ხანდახან გამოგონილ ფაქტებს მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით, რაც ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციების იარაღად იქცა, რომელსაც ყველაზე მეტად “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები აკრიტიკებენ, მომინდა ძველი ამბები გაგახსენოთ. და ეს გავაკეთო, არა წამოძახების თვალსაზრისით, არამედ იმისთვის, რომ გამოვხატო ჩემი და მოქალაქეების გარკვეული ჯგუფის სურვილი - ყველამ აღიაროს თავისი შეცდომები; აღიაროს სისტემის უბადრუკობა; აღიაროს, - ის, რაც დღეს არის მთელ რიგ სტრუქტურებში, სწორედ ნაციონალების ხელით არის შექმნილი და თუ რამ ხარვეზია, სისტემურად უნდა აღმოიფხვრას და არა - გარკვეული პირების ჩანაცვლებით.

ნაც. მოძრაობის პოლიტიკური ორგანიზაცია ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დიდი წარმატებით ანიავებდა სახელმწიფო ქონებას პარტიის და ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილ პირებსა თუ კომპანიებზე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ათობით ათასი კვადრატული მეტრი ფართობის სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და დიდი ოდენობით მოძრავი ქონება ერთ ლარად არის გასხვისებული. თუმცა, უცნობია, იხდიდნენ თუ არა აღნიშნული პირები საშემოსავლო გადასახადებს ან, საინვესტიციო პირობების არსებობის შემთხვევაში, კეთილსინდისიერად ასრულებდნენ თუ არა ნაკისრ ვალდებულებებს?!

სახელმწიფო ქონების მიმღებთა შორის არიან ცნობილი პიროვნებები, პოლიტიკოსები, სხვადასხვა თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები.

მაგალითად: თბილისის ყოფილი მერის - გიგი უგულავას ძმის, ირაკლი უგულავას კომპანია შპს “ჯოი-ლენდი”, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე ბეჟან ფარცვანია, შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა, ბიზნესმენ თეიმურაზ უგულავას კომპანია შპს “ქროსვეისი”, შპს “vante Hospital Management Group”, რომლის წილის 25%-ს ფლობს ყოფილი დეპუტატი გია ნაცვლიშვილი, ამავე კომპანიის დირექტორია ივანე ყაჭიური, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის “ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის” დირექტორი იყო.

სახელმწიფო ქონება სიმბოლურ ფასად გადაეცა შპს “ახალ ოფისს”, რომლის დამფუძნებელიც კომპანია “სილქ როუდ ბიზნეს ცენტრია”. მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული კომპანია ცნობილ ქართველ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს (ზარალას) ეკუთვნის, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” დროს პრეზიდენტ სააკაშვილთან საკმაოდ მჭიდრო კავშირებით გამოირჩეოდა...

2007 წელი

ამ პერიოდში ჩუქების არა ერთი შემთხვევა გამოვლინდა. თბილისში ბინები გადაეცათ შსს-ს თანამშრომლების ოჯახებს... ასევე, თურქეთ-საქართველოს განათლებისა და კულტურის ფონდს გადაეცა 12 სახეობის მოძრავი ქონება...

2008 წელი

ამავე წელს მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა გამოსცა 19 მაისს გახმაურებული ბრძანება, რომლითაც სიმბოლურ ფასად ნინო ბურჯანაძეს საკუთრებაში გადაეცა დაბა წყნეთში, სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობები (57182) და მათზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (31 696 მ2), ასევე, აღნიშნულ შენობა-ნაგებობებში განთავსებული მოძრავი ქონება (ინვენტარი)...

ეს ძალიან მცირე ჩამონათვალია იმისა, რა მასალაც არსებობს, როგორ ურიგებდნენ მიწებს ან, საერთოდაც, როგორც ისაკუთრებდნენ სხვის ქონებას ნაციონალები. სულ ცოტა, იძულებითი გამოსახლებები გაიხსენეთ...

ჰოდა, როდესაც ტელევიზიები ვიღაცის პრორუსულობაზე საუბრობთ, კეთილი ინებეთ და თქვით ყველაფერი, თქვით არა შეცდომები, არამედ - მიზანმიმართული ბოროტებები. ვალდებულად ჩათვალეთ ყველა პოლიტიკოსი, ყველაფერი გამოვიდეს სააშკარაოზე და ითქვას, რომ ჩვენ, ყველანი, პრორუსული ფსიქიკით ვცხოვრობთ (რაც ბევრს მოიპარავ და ხალხს გააცუცურაკებ, უფრო მაგარი ხარ) და, როგორ შევცვალოთ ჩვენი აზროვნება, ჩამოვაყალიბოთ ახლებური ხედვის სისტემა?

დღეს არც ერთ პოლიტიკურ მხარეს არ ემჩნევა, რომ დეპოლარიზაცია და ქვეყნის განვითარება უნდა. პოლიტიკოსებში არ არიან ისეთები, ვისაც შეიძლება ჰქონდეს "ხალხის" შეგრძნება. მხოლოდ ლაპარაკობენ და არ მოქმედებენ. ყოველი ადამიანი ექსპლუატირებულია მათ მიერ, იდეისა და ღირებულების სიღატაკემდეა მიყვანილი; უარყოფილია, როგორც მოქალაქე და ამ უკანასკნელსაც არა აქვს მოქმედების ანუ განვითარების მოტივაცია...

ყოველი პოლიტიკური გადაცემა სამზარეულოში საჭორაოდ შეკრებილ ადამიანთა ჭრელ კასტას ჰგავს, რომელიც ჭორის დონეზე განიხილავს მოქალაქეთა სასიცოცხლო საკითხებს. ესეც პრორუსულია, რადგან არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში ყველას ყველაფერზე არ ალაპარაკებენ...

სადაც არ არის პასუხისმგებლობა, იქ ჩნდება ქაოსი! კონკრეტული სიტუაციის შეცვლით კი, პირველ რიგში, ცვლი საკუთარ თავს, შემდეგ - გარემოს, შემდეგ - შენს ქვეყანას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტატუსის მიღების შემდეგაც იმავე სისტემაში ცხოვრება არ აგვცდება.