„უკრაინის არმიის ელიტური 47-ე ბრიგადა ალყაშია, საბრძოლო მასალები ამოწურულია, ფრონტი კრახის წინაშეა“ - ავდეევკას ტრაგედია - კვირის პალიტრა

„უკრაინის არმიის ელიტური 47-ე ბრიგადა ალყაშია, საბრძოლო მასალები ამოწურულია, ფრონტი კრახის წინაშეა“ - ავდეევკას ტრაგედია

ამერიკული სამხედრო გამოცემის - „მილითერი უოჩ მეგეზინის“ (Military Watch Magazine) ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით - „უკრაინის არმიის ელიტური 47-ე ბრიგადა ალყაშია, საბრძოლო მასალები ამოწურულია, ფრონტი კრახის წინაშეა“, რომელშიც ასახულია დონბასის ქალაქ ავდეევკისათვის ბრძოლის გარემოებები და ის მძიმე სიტუაცია, რომელშიც უკრაინის არმიის ქვედანაყოფები არიან მოქცეულნი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„ელიტური 47-ე მექანიზებული ბრიგადა, რომელიც დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაშია დისლოცირებული, რუსეთის არმიის ნაწილების მიერ ალყაშემორტყმულია და განიცდის საბრძოლო მასალების მწვავე დეფიციტს, რასაც უკრაინული და დასავლური წყაროებიც ადასტურებენ.

ბრიტანელების ინფორმაციით, ბრიგადას რუსეთის არმიის ქვედანაყოფებზე შეტევა უნდა განეხორციელებინა მანამ, ვიდრე რუსების ჩრდილოეთ და სამხრეთის ფლანგის ნაწილები ერთმანეთს შეუერთდებოდნენ და ავდეევკას ალყაში მოაქცევდნენ, მაგრამ უკრაინელებმა ამოცანის შესრულება ვერ მოახერხეს, საბრძოლო მასალების უკმარისობის გამო. გაზეთი „თაიმსი“ ბრიგადის თავდაცვისათვის ბრძოლას „სასოწარკვეთილს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ მას, როგორც ჩანს, „გარდაუვალი კრახი“ ელოდება. აშკარაა, ბრიგადის მარცხს რუსები წინასაახალწლო გამარჯვებად ჩაიწერენ.

47-ე ბრიგადა, ელიტური სტატუსის წყალობით, უახლესი დასავლური მძიმე ტექნიკით იყო აღჭურვილი: მისი სატანკო ბატალიონი ითვლიდა გერმანულ „ლეოპარდებს“ (Leopard 2A6), ახლადგარემონტებულ ამერიკულ „ბრედლებს“ (Bradley), ხოლო თვითმავალი საარტილერიო ბატალიონი - М109 ტიპის ამერიკულ ჰაუბიცებს. მაგრამ, სამწუხაროდ, ბრიგადამ ზაფხულში დაწყებული უკრაინის არმიის კონტრშეტევის დროს ტანკებიც დაკარგა და ჰაუბიცებიც, რის შედეგად უკრაინელ სამხედრო ექსპერტებს დასავლური მძიმე ტექნიკის საიმედოობასა და ბრძოლისუნარიანობისადმი ეჭვები გაუჩნდათ.

გასული კვირის დასაწყისში „მილითერი უოჩ მეგეზინის“ კორესპონდენტი ესაუბრა 47-ე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს, სერჟანტ დანილას, რომელმაც აღიარა, რომ სიტუაცია ძალიან ცუდია და რომ ჭურვების უკმარისობა ჯარისკაცებს სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ამყოფებს. „ზაფხულში ჩვენ ათჯერ მეტი საბრძოლო მასალა გვქონდა და ყველა მაღალი ხარისხისა იყო. ვიღებდით ამერიკულ ჭურვებს, ყუთებით, რომლებსაც, ყველას, ერთნაირი წონა და ფორმა ჰქონდა. აუფეთქებელი ჭურვების რაოდენობა უმნიშვნელო იყო. ახლა კი ვიღებთ სხვადასხვა ფორმისა და ხარისხის ჭურვებს, სხვადასხვა ყუთში, რომლებიც, როგორც ჩანს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია შეგროვილი, მაგრამ ისიც ცოტაა და - უხარისხო. სამ დღეში მხოლოდ 15 ჭურვის გასროლა მოვახერხეთ“.

საინტერესოა, რომ ხშირად უხარისხოა ევროპული წარმოების ჭურვებიც - ყველაზე ცუდი კი იტალიური წარმოებისაა, რომლებიც აშკარად აგებენ თავიანთი ხარისხით, ამერიკულ და საბჭოურ (რუსულ) ჭურვებთან შედარებით.

სერჟანტმა დანილამ ვრცლად გადმოსცა ის სიტუაცია, რომელშიც მისი ბრიგადა ჩავარდა. „ჩვენ დაგვევალა 4-კილომეტრიანი სექტორის გაკონტროლება, რომლის მიხედვით, რუსული ქვეითები ქვემეხების ჭურვებით რაც შეიძლება მეტი უნდა გაგვენადგურებინა მანამ, ვიდრე ისინი ჩვენს პოზიციებამდე მოაღწევდნენ. მაგრამ ამოცანის შესრულებას ძლივს ვახერხებთ, რადგან ჭურვების მარაგი იწურება. აბა, ჭურვების გარეშე რისი გაკეთება შეგვიძლია? რუსების ორ-სამ კაციან ჯგუფს აღარ ვესვრით, ველოდებით, სანამ ისინი 10 კაცამდე მაინც თუ მოგროვდებიან, რომ ვესროლოთ. ზოგიერთი ჭურვი ისეთი უხარისხოა, რომ მიზანში ვერ ვახვედრებთ, არასწორი ტრაექტორიით „მიფრინავს“.

ახლა წარმოვიდგინოთ: თუ ელიტური ქვედანაყოფი - 47-ე მექანიზებული ბრიგადა, რომელიც გამოცდილი ჯარისკაცებით არის დაკომპლექტებული, ასეთ დღეშია ჩავარდნილი, როგორ დღეში იქნებიან ის ქვედანაყოფები, რომლებშიც ჩვეულებრივად გაწვეული ჯარისკაცები მსახურობენ? ისინი ხომ უკრაინის არმიის მეტ ნაწილს შეადგენენ...

ამ დროს კი რუსეთის არმიის შეიარაღების ხარისხი გაუმჯობესებულია, მათ ჭურვების შიმშილი არ აწუხებთ. რუსებმა ბოლო თვეებში ბალისტიკური რაკეტების დიდი რეზერვი შექმნეს, რაც ზამთრის თვეებში ხშირ თავდასხმებს მოასწავებს.

დასავლურ და რუსულ წყაროებში ხშირად არის პუბლიკაციები იმაზე, რომ უკრაინის ხელისუფლება ფრონტის ხაზზე სულ უფრო მეტ გამოუცდელ ახალწვეულს გზავნის, რომლებსაც არავითარი საბრძოლო წრთვნა არ გაუვლიათ. ალბათ, სწორედ ამითაც არის განპირობებული დანაკარგების უჩვეულოდ დიდი რაოდენობა, დაახლოებით - 80-90%. სამწუხაროდ, ფრონტის ხაზზე ჯარისკაცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მხოლოდ რამდენიმე საათით განისაზღვრება.

თუ ელიტური 47-ე მექანიზებული ბრიგადა განადგურდება, ასეთი შედეგი უკრაინის არმიაზე დამანგრეველ გავლენას მოახდენს და ძალზე უარყოფითად იმოქმედებს მის სამომავლო მდგომარეობაზე.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო