"ჰამასის" კისერზე მარყუჟი ვიწროვდება - ვითარება ომის ეპიცენტრში და რა აიძულებს ისრაელის არმიას საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას?!
7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ღაზას სექტორის მოსაზღვრე ისრაელის დასახლებულ პუნქტებში დივერსიულ-ტერორისტული თავდასხმა (დივერსიული - ისრაელის სამხედრო მოსამსახურეების, ხოლო ტერორისტული კი - ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ) განახორციელა, რის საპასუხოდ ისრაელმა მაშინვე განახორციელა საპასუხო საჰაერო იერიშები, ღაზას სექტორის მიმართულებით, ხოლო „ცახალმა“ - სახმელეთო ოპერაცია ჯავშანჯგუფების, უშუალოდ ღაზას სექტორზე შეტევით, 28 ოქტომბერს წამოიწყო...
საკმაო დრო გავიდა იმისთვის, რომ შევაფასოთ, თუ რამდენად წარმატებულია ისრაელის „ცახალის“ შურისმაძიებელი და დაუნდობელი სახმელეთო და საჰაერო შეტევები ღაზას სექტორში გამაგრებულ „ჰამასისა“ და სხვა პალესტინური დაჯგუფების საწინააღმდეგოდ...
14 დეკემბრის მონაცემებით, ღაზას სექტორში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ოპერატიული რუკა ასე გამოიყურება:
პირველი - „ცახალმა“ შეძლო ღაზას სექტორის ორ ნაწილად გაყოფა;
მეორე - ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში „ცახალმა“ მთლიანად დაბლოკა გასასვლელი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, რითაც „ჰამასს“ მოუსპო საშუალება ზღვით ევაკუირებისა და ან იქიდან დახმარების მიღების;
მესამე - ღაზას სექტორის ყველაზე დიდი ქალაქი, თავად ღაზა, ასევე, ქალაქი ბეით-ხანუნი, ფაქტობრივად, კონტროლდება „ცახალის“ მიერ;

მეოთხე - ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში რჩება დასახლებული ადგილები, სადაც „ცახალმა" ჯერ სრული კონტროლი ვერ დაამყარა, მაგრამ ეს უფრო დროის ფაქტორია, რადგან ეს რაიონები ფაქტობრივ ალყაშია და იქიდან „ჰამასის“ მებრძოლების გაჭრა სექტორის სამხრეთ ნაწილში წარმოუდგენლად მოჩანს;
მეხუთე - ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ტაქტიკური უპირატესობის მოპოვებისა და თანდათანობით განმტკიცების შემდეგ ისრაელის „ცახალმა" შეტევები წამოიწყო სექტორის სამხრეთი ნაწილის მიმართულებითაც, ქალაქ ხან-იუნისის ბლოკადაში მოსაქცევად;
მეექვსე - „ცახალის“ სახმელეთო ოპერაცია ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში, კერძოდ, ხან-იუნისის საცხოვრებელ კვარტლებში ბევრად უფრო რთულად მიმდინარეობს, რადგან „ჰამასის“ ძალების ძირითადი კონცენტრაცია მაინც სექტორის სამხრეთ ნაწილში ხდებოდა, რადგან „ჰამასის“ სამხედრო მეთაურობა თავს არ იტყუებდა და კარგად მოეხსენებოდა, რომ „ცახალი“ პირველ მთავარ დარტყმას ჯერ სწორედ ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილზე განახორციელებდა, როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა, 2008-2009 წლების დეკემბერ-იანვრის ომში;
მეშვიდე - ისრაელის თავდაცვის არმიის „ცახალის“ ჯავშანსატანკო ჯგუფები ხან-იუნისის ქუჩებში შედარებით მეტ საბრძოლო დანაკარგს იმიტომ განიცდიან, რომ ყოველთვის ვერ ხერხდება „მერკავებისა“ თუ „ნამერების“ დაცვა მორიგი მიწისქვეშა გვირაბიდან მოულოდნელად გამომძვრალი „ჰამასის“ მებრძოლებისგან, რომლებიც ახლო მანძილიდან, ყუმბარსარტყორცნიდან „ორთავიან“(ტანდემურად განთავსებული კუმულაციური ქობინები) რაკეტას ესვრიან „მერკავას“ უკანა, შედარებით სუსტად შეჯავშნულ ნაწილს;
მერვე - საერთაშორისო განწყობა ისრაელის სახმელეთო-საჰაერო ოპერაციის მიმართ ღაზას სექტორში ყოველდღიურად უფრო და უფრო ნეგატიური ხდება, თვით აშშ-იც კი, რომელიც ისრაელის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორსა და „გადამრჩენს“ წარმოადგენს აქამდე გამართულ არა ერთ ომში. ამერიკა უკმაყოფილოა იმ მსხვერპლით, რასაც ისრაელის საბრძოლო მოქმედებები იწვევენ ღაზას სექტორის მშვიდობიან მოსახლეობაში.
ამიტომაც ისრაელის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ინტერესებშია, რაც შეიძლება მალე დაამთავროს ეს ომი ღაზაში, ოღონდ აუცილებლად - გამარჯვებით;

მეცხრე - ოფიციალური თელ-ავივი აცხადებს,რომ ის თავს სრულიად გამარჯვებულად მხოლოდ მაშინ ჩათვლის, როდესაც „ჰამასის“ ბოლო მებრძოლსაც ფიზიკურად გაანადგურებს და მთლიანად იყრის ჯავრს 7 ოქტომბრის იმ ტრაგედიისთვის, რაც „ჰამასმა“ ისრაელს მოუწყო...
მაგრამ „ჰამასის“ ყველა მებრძოლის განადგურება ტექნიკურადაც შეუძლებელია და განუხორციელებელია, ისევე, როგორც „ჰამასის“ ყველა სამხედრო მეთაურის თუ მისი პოლიტსაბჭოს წევრების სრული განადგურება - ყველა ლიკვიდირებულის ადგილზე ახალი პიროვნება მოვა;
მეათე - ისრაელის გეგმა-მაქსიმუმი შეიძლება გახდეს ღაზას სექტორის ეგვიპტესთან საზღვარზე „ცახალის“ დანაყოფების დროებითი ჩაყენება, ასევე, ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილისთვის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გასასვლელის ბლოკირებაც, რის შემდეგაც ისრაელის სამხედრო და უსაფრთხოების ჯგუფები დაიწყებენ ღაზას სექტორის დასახლებული პუნქტების გაცხრილვას, „ჰამასის“ იმ წევრების აღმოსაჩენად, რომლებმაც იარაღი გადამალეს, სამოქალაქო ტანსაცმელი გადაიცვეს და მოსახლეობაში „აითქვიფნენ“.
სხვათა შორის, ეს პროცესი -„ჰამასის“ მებრძოლების გამოვლენის სპეციალური სამუშაოები - უკვე ტარდება ბლოკირებული ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც დაკავებულ ასობით პალესტინელ მამაკაცს ქვედა საცვლამდე აშიშვლებენ და ვიზუალურად ამოწმებენ, იბრძოდნენ თუ არა ისინი...
როგორც წესი, ვინც გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან ინტენსიურად ისვრის, მას მხარზე რჩება იარაღის კონდახის მიბჯენის კვალი, ასევე, ხელებზე რჩება დენთის ნაკვალევიც, ყუმბარმტყორცნელების გამოვლენაც არ არის რთული...

მოკლე რეზიუმე:
ისრაელის საერთაშორისო პოლიტიკურ ინტერესებშია, რაც შეიძლება დააჩქაროს სამხედრო ოპერაციის დამთავრება ღაზას სექტორში, რომ თავის წინააღმდეგ საბოლოოდ არ განაწყოს მსოფლიოს ის ნაწილიც, რომელიც „ჰამასის“ მიერ ებრაულ კიბუცებში ჩადენილი მხეცობების გამო, თავიდან ამართლებდა ისრაელის საპასუხო ქმედებებს, მაგრამ იმის შემხედვარე, ისრაელის ბომბებისა და რაკეტების მოხვედრის შედეგად როგორ ჩამოიშლება მთელი საცხოვრებელი კორპუსები, ადამიანების განწყობა იცვლება...
მეორე მხრივ, სახმელეთო ოპერაციის დაჩქარება ღაზას სექტორში მნიშვნელოვნად გაზრდის „ცახალის“ საბრძოლო დანაკარგებს, რისი ტენდეციაც უკვე ისედაც შეინიშნება - ისრაელის ყველა ხელისუფლება კი მებრძოლთა სიცოცხლეს ყოველთვის განსაკუთრებით უფრთხილდებოდა... „ცახალი“ პუტინის რუსული საოკუპაციო არმია არ არის, რომელიც უდიდესი დანაკარგების მიუხედავად, არ წყვეტს ომს უკრაინის წინააღმდეგ...