ისტორია, რომელიც ჩვენს თვალწინ დაიწერა - დიდი ქართული გამარჯვება და სერიოზული საფრთხე, რომელიც სტატუსმა აგვარიდა - კვირის პალიტრა

ისტორია, რომელიც ჩვენს თვალწინ დაიწერა - დიდი ქართული გამარჯვება და სერიოზული საფრთხე, რომელიც სტატუსმა აგვარიდა

აი საგანი და აი გზაც მისდა მისაღწევად.­ აი რისთვის უნდა მომზადდეს ჩვენი ყმაწვილკაცობა, მთელის ევროპის მეცნიერებით და გამოცდილების ფარხმლით შეჭურვილი, აი რა მოედანი უნდა შემოიხაზოს თავისის მოქმედებისათვის და რა გზა უნდა ამოირჩიოს. ამისათვის სამყოფი არ არის კაცმა დაისწავლოს პარიზის ყავახანაში მოარული ფრაზები და იმითი თავი მოიტანოს. ყმაწვილ-კაცობა უნდა მომზადდეს ბეჯითის და ზედმიწევნილ ცოდნითა, უნდა, რამდენადაც შესაძლოა, ძირეულად შეისწავლოს ევროპიული მეცნიერება, წინ გაიმძღვაროს ევროპის გამოცდილება, და ამ თოფ-იარაღით შეუდგეს ჩვენი ქვეყნის საქმეს. უამისოდ, იმ მოედანზედ, რომელიც ჩვენ ზემოთ ვიგულისხმეთ, კაცი ერთ ნაბიჯსაც რიგიანად და სამკვიდროდ ვერ წასდგამს, და იმ საგანს და გზას, რომელიც ჩვენ აღვნიშნეთ, ვერაფერს საბოლოოდ ვერ დააჩნევს. ჩვენის მხრით, ამაზედ უკეთესს საგანს, ამაზედ უკეთესს გზას, უკვე სხვაგან გამოცდილს და გამოყენებულს, სხვას ვერას ვუჩვენებთ ჩვენს საიმედო ყმაწვილ-კაცობას"

("შინაური მიმოხილვა" 1881 წ., 27 აპრილს)

ამას ილია ჭავჭავაძე ჯერ კიდევ მაშინ წერდა, როდესაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა კარგი სიზმარიც კი არ იყო.

გილოცავთ!. საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო! ჩვენ ეს სტატია 8 ნოემბერს დავწერეთ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია ევროკავშირის აღმასრულებელ სტრუქტურებს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას აძლევდა. ის საკითხები, რაზეც მაშინ ვისაუბრეთ, დღესაც აქტუალურია.

სტატუსი, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ხვალ ან ზეგ ევროკავშირის წევრები გავხდებით. მანამდე გრძელი გზაა გასავლელი. გასატარებელია როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური რეფორმები­. ევროპა­ მარტო მაღალი ხელფას-პენსიები და კომფორტული ცხოვრება არ არის. ევროპა არის სამართლიანი სასამართლო, ადამიანის უფლებების ზედმიწევნით დაცვა, სიტყვის თავისუფლება (ოღონდ ისეთი, რომ ამ სიტყვის თავისუფლებამ არ უნდა შელახოს სხვისი ღირსება), სოციალური გარანტიები, საუკეთესო განათლება, მაღალი­ ტექნოლოგიები და ა.შ. - ანუ, პირველ რიგში, ჩვენთვის არის კარგი, რომ ყველაფერ ამას მივაღწიოთ. თუ ევროპისკენ სწრაფი ნაბიჯებით ვიარეთ და, ბოლოს და ბოლოს, გავხდით ევროკავშირის წევრი, საქართველო თავისი გეოსტრატეგიული მდებარეობით, ხალხით, ისტორიით, ბუნებით თუ ინტელექტუალური შესაძლებლობებით ევროპის მარგალიტი გახდება. თუმცა იქამდე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გრძელი გზაა...

რა მოხდებოდა, თუ საქართველო სტატუსს არ მიიღებდა

თუ საქართველო სტატუსს არ მიიღებდა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დაძაბულობა პიკს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას მიაღწევდა. აბა, გამოიცანით, რას გააკეთებდნენ რუსული სპეცსამსახურები და მათი მეხუთე კოლონა საქართველოში. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად შეეცდებოდნენ, რომ საარჩევნო პროცესი გადაქცეულიყო სამოქალაქო დაპირისპირებად და ქვეყანა ისეთ ქაოსში ჩაძირულიყო, რომ ევროპერსპექტივას რამდენიმე ათეული წლით დაეყვინა. შესაძლოა სამუდამოდაც, რადგან კრემლი ქაოსით ისარგებლებდა და შეეცდებოდა საქართველო საბოლოოდ ჩაეთრია რუსულ ჭაობში. შეგახსენებთ, რომ პუტინის ოცნება არის რაღაც საბჭოთა კავშირი-რუსეთის იმპერიის ჰიბრიდის აღდგენა და ამ გეგმებში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია…

ფაქტი ერთია - სტატუსის მიღებამ საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურა დააგდო, სავარაუდო აქციებსა და პოლიტიკურ რყევებს საფუძველი გამოაცალა. შესაბამისად, პოლიტიკური ელიტა კონცენტრირებულია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, აღარავინ საუბრობს­ რიგგა­რეშე არჩევნებზე, ხელისუფლების დაუყოვნებლივ შეცვლაზე, პარლამენტისა თუ კანცელარიის ბლოკირებაზე - ეს კარგია. აი, საპარლამენტო არჩევნები კი სამაგალითოდ კარგად უნდა ჩავატაროთ და მშვიდი პოლიტიკური ცხოვრების კულტურა უნდა დავამკვიდროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველ წელს ათ-ათი სტატუსიც რომ მოგვცენ, ევროპელები ვერანაირად ვერ გავხდებით. რაც შეეხება რუსეთს - რა თქმა უნდა, კრემლი გულხელდაკრეფილი არ იჯდება...

რას გააკეთებს გაბოროტებული პუტინი?!

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სტატუსის მიღებას ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებს დაუფასდებათ პროდასავლური მისწრაფებები და აორთქლდება ეჭვი, რომ ევროპერსპექტივა ზღაპარია და საქართველომ რაღაც განსაკუთრებული, სხვა გზა უნდა ეძებოს.

შესაბამისად, გამოეცლება საფუძველი რუსულ პროპაგანდასაც, რომელიც ცდილობს ჩვენი მოქალაქეების ტვინებზე შტურმს შემდეგი მესიჯებით: "ევროპამ მიგატოვათ", "დასავლეთს არაფერში სჭირდებით", "თქვენი პატრონი არავინ არის" და ა.შ.

რაც მთავარია, პროდასავლური განწყობების გამყარება და ნიჰილიზმის გაქრობა რუსეთისთვის იქნება დიდი დაბრკოლება, რომ როგორმე ჩვენი ქვეყანა უკან, საბჭოთა ჭაობში ჩაითრიოს. რა თქმა უნდა, პუტინი გულხელდაკრეფილი არ იქნება და შეეცდება, სწორედ სტატუსის შემდეგ უფრო მეტად გაააქტიუროს დესტრუქციული პოლიტიკა, რათა ქვეყანა სტატუსს იქით არ წავიდეს. სავარაუდოდ, პირველ რიგში, გრუ-ს "საინფორმაციო ჯარები" გააძლიერებენ პროპაგანდას, თითქოს სტატუსი რეალურად არაფერს ნიშნავს და მხოლოდ "სატყუარაა" საქართველოსთვის. ასევე, გაძლიერდება პროპაგანდა, რომ რუსეთი უკრაინაში იმარჯვებს (ან, ადრე თუ გვიან, გაიმარჯვებს) და თბილისმა დროულად უნდა აირჩიოს, გამარჯვებული რუსეთის ბანაკში იქნება თუ დამარცხებული დასავლეთის. კიდევ ერთი საშიში მიმართულება ოკუპირებული ტერიტორიებია. რუსებმა კარგად დაინახეს, თუ რა მტკივნეული რეაქცია გამოიწვია საქართველოში თამაზ გინტურის მკვლელობამ. ამიტომაც სტატუსის მიღების შემდეგ, სავარაუდოდ, გახშირდება პროვოკაციები აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებებიდან. რუსები შეეცდებიან პროვოკაციები მოაწყონ აფხაზური და ოსური შეიარაღებული ფორმირებების ხელით.

თუმცა დასავლელი მეგობრების დახმარებითა და იმედია, რომ ჩვენი წინდახედულობიდან გამომდინარე, ყველა საფრთხეს ავიცილებთ!

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კარგია, რომ პოლიტიკური რყევები დაცხრება და 2024 წლის არჩევნებამდე მშვიდობიანად­ მივალთ. ამ არჩევნების სამართლიანად და მშვიდობიანად ჩატარება კი არა მარტო­ ევროპერსპექტივისთვის არის კარგი, არამედ,­ პირველ რიგში, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

P.S. 1713-1716 წლებში სულხან-საბა ორბელიანმა დასავლეთ ევროპაში იმოგზაურა. დღეს, 310 წლის შემდეგ, სულხან-საბას ოცნება ხდება!