2 მიზეზი, რის გამოც უკრაინას კაპიტულაცია ემუქრება - ერთი ნაბიჯი მსოფლიო სტრატეგიულ კატასტროფამდე?! - კვირის პალიტრა

2 მიზეზი, რის გამოც უკრაინას კაპიტულაცია ემუქრება - ერთი ნაბიჯი მსოფლიო სტრატეგიულ კატასტროფამდე?!

ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) დაბეჭდილია სტატია სათაურით - „უკრაინისთვის პატური სიტუაცია მარცხს და განადგურებას ნიშნავს“ (ავტორი - ლი ჰოკსთადერი). უკრაინას დასავლური დახმარების გარეშე განადგურება ემუქრება, რაც აშშ-ისა და მისი ნატოელი მოკავშირეების პრესტიჟისადმი დარტყმას ნიშნავს“, - ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დასავლეთში უეცრად დაიწყეს ღია ლაპარაკი იმაზე, რის საჯაროდ თქმას ადრე თავს არიდებდნენ - კიევი ომში შეიძლება დამარცხდეს და თუ მართლაც ასე მოხდება, მას ძალზე ნეგატიური და საშინელი მოვლენები მოჰყვებაო.

ის, რომ უკრაინის ბედი დღეს ბეწვზე ჰკიდია, არ აიხსნება მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნების უუნარობით, რომლებსაც რუსეთის ჯარი მყარად აკონტროლებს და არც იმით, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია იარაღის მიწოდებას აყოვნებს, ასევე, არც იმით, რომ რუსეთს უპირატესობა აქვს - ცოცხალ ძალით და რესურსებით.

უკრაინის ბედის საფრთხე გამომდინარეობს ორი უშუალო მიზეზიდან:

პირველი მიზეზი - კონგრესის წარმომადგენლების პალატის წევრი რესპუბლიკელების უარი ამერიკული დახმარების გაგრძელებაზე. უძველესი ამერიკული პარტიის კანონმდებლებმა კიევისადმი დახმარება აშშ-ის სამხრეთი საზღვრის უსაფრთხოების საკითხს დაუკავშირეს - თუ ადმინისტრაცია მექსიკიდან არალეგალური იმიგრაციის აღსაკვეთად ზომებს არ მიიღებს, უკრაინა რესპუბლიკელებისაგან დახმარებაზე თანხმობას ვერ ეღირსება;

მეორე მიზეზი - ევროკავშირის წევრი უნგრეთის უარი უკრაინის დახმარებაზე. პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ვლადიმერ პუტინის „ტროას ცხენად“ ითვლება, რომელიც ევროკავშირში რუსეთის პრეზიდენტის ინტერესებს ემსახურება. [სხვათა შორის, ვიქტორ ორბანმა უკვე დაადო ვეტო 14 დეკემბერს, ბრიუსელში, ევროპის საბჭოს სამიტის დროს, უკრაინისათვის 50-მილიარდიანი ევროს დახმარების გამოყოფის საკითხს].

რა თქმა უნდა, საეჭვოა, რომ უკრაინამ, ამერიკული და ევროპული თანხებისა და იარაღის გარეშე, ომი გააგრძელოს, მით უმეტეს - დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნოს და იმედგამაცრუებელ კონტრშეტევამდე არსებული რეპუტაცია აღიდგინოს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის მთავარმა თანაშემწემ - ანდრეი ერმაკმა გასულ კვირას განაცხადა, არსებობს დიდი ალბათობა, რომ უკრაინა რუსეთთან ომს წააგებს. მარცხის რისკი იმით გამოიხატება, რომ იარაღის გარეშე დარჩენილ უკრაინას უკანდახევა მოუწევს, რაც, ფაქტობრივად, ომის ყველაზე კრიტიკული მდგომარეობის აღდგენას ნიშნავს - იმას, რაც 2022 წლის თებერვალ-მარტში ხდებოდა.

ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რაც უკრაინის დამარცხებას მოჰყვება. მართლაცდა, რეალურად, თუ უკრაინა რუსეთთან ომს წააგებს, ეს იქნება აშშ-ის და მისი ნატოელი მოკავშირეების სტრატეგიული კატასტროფის ტოლფასი მოვლენა, საშინელი კატაკლიზმი მსოფლიოსათვის.

თუმცა უკრაინის არმიის სრული კრახი უახლოეს თვეებში მოსალოდნელი არ არის. ჯარი მართვადია და ჯარისკაცები კარგად არიან საბრძოლოდ მოტივირებულები. ისინი ეკონომიურად იყენებენ საბრძოლო მასალებს და ითვალისწინებენ მის უკმარისობას. მათ არ სჯერათ, რომ სავარაუდო მოლაპარაკების დროს ვლადიმერ პუტინი საომარ მოქმედებას შეაჩერებს და ამისათვის მზად არიან.

რუსეთის პრეზიდენტი სიტუაციას აკვირდება და შესაფერის მომენტს ელოდება, როცა დასავლეთს პოლიტიკური და ეკონომიკური რესურსები ამოეწურება ანუ როცა უკრაინა სასოწარკვეთილების პიკზე აღმოჩნდება. მისი მთავარი უპირატესობა სტრატეგიულ თმენაში გამოიხატება. ვლადიმერ პუტინი თვლის, რომ, საბოლოო ჯამში, უკრაინა იძულებული გახდება, კაპიტულაცია გამოაცხადოს.

ომის ჰორიზონტზე მარცხის აჩრდილი თანდათან იკვეთება და ის შეიძლება რეალური გახდეს, თუ კიევი დასავლეთისაგან ახალ დახმარებას არ მიიღებს. ფულისა და იარაღის გარეშე დარჩენილი უკრაინის მთავრობა ვეღარ შეასრულებს თავის ფუნქციებს (რაც, თავის მხრივ, მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევს), ისედაც საკმაოდ შელახული არმია კი კიდევ უფრო დასუსტდება.

ასეთი შავბნელი სცენარის რეალიზება დასავლეთის პრესტიჟისა და ავტორიტეტისათვის უდიდესი გამანადგურებელი დარტყმა იქნება - მსოფლიო დაინახავს, თუ რა ფუჭი აღმოჩნდება ფართოდ რეკლამირებული დაპირება „იმდენი დახმარებისა, რამდენიც საჭირო გახდება“.

ასეთი მასშტაბის კრახს სერიოზული და ხანგრძლივი ნეგატიური შედეგები ექნება. რომ არაფერი ვთქვათ თვითონ უკრაინის ყოფნა-არყოფნაზე, მსოფლიოში შეუქცევადი პროცესები დაიწყება: დადგება ახალი ეპოქა ავტორიტარული სახელმწიფოების აგრესიებისა, რომლებსაც დასუსტებული დემოკრატიული ქვეყნები ვეღარ შეაჩერებენ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო