"ასლანის ხაფანგი" - როგორ აგროვებდა "პატარა ბაბუ" კომპრომატებს იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდნენ - კვირის პალიტრა

"ასლანის ხაფანგი" - როგორ აგროვებდა "პატარა ბაბუ" კომპრომატებს იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდნენ

ძნელია ცალსახად იმის მტკიცება „შევარდნაძის კარზე“ პრეზიდენტობის კანდიდატთა დაპირისპირების მიზეზი ქვეყნის საგარეო კურსის შესახებ არსებული განსხვავებული ხედვა იყო, თუ კარიერისტული ამბიციები. ალბათ ორივე ერთად. შევარდნაძე და ჟვანია „რეალ პოლიტიკოსები“ იყვნენ და ძალზე პრაგმატულად იღებდნენ (ან იცვლიდნენ) გადაწყვეტილებებს. იმ პერიოდის საქართველოს სახელისუფლებო კონფიგურაციაში გადაწყვეტილებებს პირადად პრეზიდენტი შევარდნაძე იღებდა, რომელმაც „ძალოვნების“ კურატორობა, მის ერთ–ერთ ყველაზე ერთგულ თანამშრომელს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ნუგზარ საჯაიას მიანდო. სახელმწიფო მინისტრები (ნიკო ლეკიშვილი, ვაჟა ლორთქიფანიძე, გია არსენიშვილი და ავთანდილ ჯორბენაძე), მაშინ არსებული რეალობიდან გამომდინარე, კანცელარიის ჩინოვნიკები უფრო იყვნენ, ვიდრე პოლიტიკური ფიგურები. ზურაბ ჟვანია პარლამენტის თავმჯდომარე კი იყო, თუმცა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ხელი არ მიუწვდებოდა. მან კარგად იცოდა, რომ იმ პოზიციიდან საპრეზიდენტო რბოლაში გამარჯვების გაცილებით ნაკლები შანსი ჰქონდა ვიდრე „რკინის მინისტრებს“, ამიტომაც ჟვანია ცდილობდა ფარულად აღმასრულებელ ხელისუფლებასაც გადაწვდომოდა და 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაეჭირა თადარიგი. ეს ამბიცია ჟვანიას განსაკუთრებით 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში „მოქკავშიის“ გამარჯვების შემდეგ განუმტკიცდა.

edo-1702622807.jpg

მოწაფე და მასწავლებელი

როგორ ჩატარდა ეს არჩევნები? – საინტერესო კითხვაა და აქ მინდა ერთი ამონარიდი მოვიყვანო გელა ჩარკვიანის მოგონებების წიგნიდან ("ნაცნობ ქიმერათა ფერხული"): შევარდნაძე ეუბნება ბეიკერს - "მართლა, ჯიმ შენ საუბარში ახსენე 1999 წლის საპარლამენტო და 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. თქვი, რომ ისინი უამრავი დარღვევით ჩატარდა და უპატიოსნობასაც ჰქონდა ადგილი. იცი, ვინ იყო ჩემი საარჩევნო შტაბის უფროსი?

ბეიკერი: "არა!"

შევარდნაძე: "ის კაცი, რომელიც დღეს ოპოზიციის სახელით გელაპარაკა".

გასაგებია, რომ აქ შევარდნაძე ზ. ჟვანიას გულისხმობდა. ამერიკელებთან ჟვანიას "ჩაშვებით" შევარდნაძე ცდილობდა, ჩრდილი მიეყენებინა ყოფილი "მოწაფისთვის". ეს საუბარი მოგვიანებით, 2003 წლის ზაფხულში გაიმართა, მანამდე კი შევარდნაძე და ჟვანია ხალხის დასანახად „მამა–შვილობანას“ თამაშობდნენ, რეალურად კი სხვადასხვა „მიმართულებით მოძრაობდნენ“. ჟვანია აღმასრულებელ ხელისუფლებაში პოზიციების გამყარებას, შევარდნაძე ( და მისი გარემოცვა) კი „ახალგაზრდა რეფორმატორების“ დასუსტებას და კომპრომეტირებას ცდილობდა. „ბაბუმ“ რამდენიმე „ბარტყი“ (ანუ მინისტრის პოსტი) „გადაუგდო“ პარლამენტის ამბიციურ თავმჯდომარეს. ერთად გავიხსენოთ „ჟვანიას გუნდის დესანტი“ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში: გია არსენიშვილი – 1995–2000 წლებში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის მხარეში (თუმცა კახეთში სიტუაციას მაინც მედეა მეზვრიშვილი აკონტროლებდა), ხოლო 2000 წლის აპრილიდან –2001 წლის შემოდგომამდე — საქართველოს სახელმწიფო მინისტრი (შემდეგ კი ელჩად „დაწინაურებული“). 1999 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტმა საგადასახადო შემოსავლების მინისტრად ზ. ჟვანიას „გუნდელი“ მიხეილ მაჭავარიანი დანიშნა, რომელიც 2001 წლის აგვისტოში გადადგა ამ თანამდებობიდან. გავიხსენოთ, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2000 წლის 10 ოქტომბრიდან - 2001 წლის 19 ოქტომბრამდე იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. „ბაბუ“ შემთხვევას არ უშვებდა ხელიდან, რომ არ გაეკრიტიკებინა ჟვანიას პროტეჟეები. თავის მხრივ პარლამენტის თავმჯდომარე ცდილობდა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ კორპუსში ,,თავისიანი” და არა ,,შევარდნაძისტები” ჰყოლოდა: რათა მსოფლიო პოლიტიკის ცენტრებში მათი ინტერესები უფრო კარგად გატარებულიყო. ამას ადასტურებს თედო ჯაფარიძეც, იმ პერიოდში საქართველოს ელჩი აშშ–ში.

ბუნებრივია არც შევარდნაძე იჯდა გულხელდაკრეფილი: ჟვანია და მისი „გუნდი“ მუდმივი თვალთვალისა და ფარული მოსმენების ობიექტები იყვნენ. ამიტომაც იყო, რომ „ბაბუმ“ დაწვრილებით იცოდა, თუ რას საუბრობდნენ მასზე და როგორ დასცინოდნენ ჩუმად „ახალგაზრდა რეფორმატორები“. „ახალგაზრდები პარლამენტში, რომელთაც მე ვენდე და რომლებზედაც იმედს ვამყარებდი, თურმე ჩემ წინააღმდეგ მოქმედებენ“ – ასე „საწყლად“ შესჩივლებდა ხოლმე შევარდნაძე ერთულ ჩინოვნიკებს.

„საპრეზიდენტო თამაშებში“ განსაკუთრებული ადგილი ეკავა „ბათუმელ განდეგილს“ – ასლან აბაშიძეს, რომელმაც წვიმების დროს „საქართველოს ვენეციად“ ქცეული ბათუმი, თბილისელი პოლიტიკოსების ხაფანგად აქცია.

2004 წლის 12 მაისს საინფორმაციო საშუალებები საქართველოს უშიშროების მინისტრის მაშინდელი მოადგილის (!!!), გიგი უგულავას სიტყვებს ციტირებდნენ: “ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შენობაში, ასლან აბაშიძის ყოფილ კაბინეტში აღმოჩენილია მასალები და ინფორმაცია პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას და პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძის შესახებ”. მაშინ უგულავამ ისიც განაცხადა, რომ ასლანი ფარულად ჟურნალისტებსაც უსმენდა და დიდი აგენტურული ქსელი ჰქონდა მთელ საქართველოშიო. ახლადმოვლენილ „ჯეიმს ბონდს“ მხოლოდ იმის თქმა „დაავიწყდა“, რომ „მასალები და ინფორმაცია“ მაშინდელ პრეზიდენტ სააკაშვილზეც უხვად იპოვეს.

misha-aslani-1702622996.jpg

ეს გასაკვირი ნამდვილად არ იყო, რადგანაც წლების მანძილზე ზურაბ ჟვანიას და მისი გუნდის კომპრომეტირებას, “ცენტრთან” ერთად, აჭარის ლიდერიც ცდილობდა. ასლან აბაშიძის მმართველობის წლებში ბათუმი და მთელი აჭარა, ჩოლოქიდან დაწყებული, საქართველოს დაყოფა–დაქუცმაცების თვალსაჩინო სიმბოლოს იყო ქცეული. პირადად რამდენჯერმე მეც გამივლია ჩოლოქის „საკონტროლო პოსტზე“ დამამცირებელი შემოწმების პროცედურა, სამსახურებრივი იარაღის ადგილზე დატოვების მცდელობაც ბევრჯერ ყოფილა და ბრიყვული შეკითხვებიც: “ჭო რისთვის მოიხარ?” ბევრჯერ მომისმენია. ჩოლოქის პოსტიდან აჭარის უშიშროების სამინისტროს გადაეცემოდა ინფორმაცია ყველა შემსვლელზე, რომელიც ოდნავ თუ მაინც აინტერესებდა „პატარა ბაბუ“ – ასლანს, თვალთავალი და ფარული მიყურადება, მზის ამოსვლასავით ყოველდღიურ და ჩვეულებრივ ამბად იქცეოდა. აჭარის მაშინდელ ყველა პრესტიჟული სასტუმროს (უპირველესად კი “ინტურისტში”) საუკეთესო ნომრებში (“საპრეზიდენტო აპარტამენტებში”) ყველგან, ტუალეტებშიც კი, მოსასმენი და ვიდეოსათვალთვალო ტექნიკა იყო დამონტაჟებული. მაშინ რამდენიმე „ახალგაზრდა რეფორმატორი“ გაება „ასლანის ხაფანგში“.

ამგვარად აგროვებდა აბაშიძე კომპრომატებს ყველაზე: “ცენტრიდან” ჩამოსულ ძველ–ახალგაზრდა პოლიტიკოსებზე, მაღალჩინოსან ჩინოვნიკებზე, ბიზნესმენებზე, ჟურნალისტებზე, სპორტსმენებზე და ა.შ. ალბათ ამიტომაც იყო, რომ 1990-იანი წლების ბოლოს ზურაბ ჟვანია ზაფხულში დასასვენებლად ურეკს და, როგორც წესი, სასტუმრო “კოლხეთს” ამჯობინებდა. თუმცა არც ეს შველოდა. . . . .

2001 წლის 2 ნოემბერს ედუარდ შევარდნაძეს ვაშინგტონიდან ჯორჯ ბუშმა დაურეკა და სახელისუფლებო კრიზისის დაძლევა მიულოცა, თან კორუფციასთან ბროლაში თანადგომასაც დაჰპირდა. საქართველოში საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზაციის პრობლემები და კორუფცია ჩვენი დასავლეთელი მეგობრების უმთავრესი თავის ტკივილი იყო. მათ რამდენჯერმე გააფრთხილეს შევარდნაძე და სოციალურ–ეკონომიკური პრობლემებიდან – პოლიტიკურ კრიზისამდე არსებული მოკლე მანძილი თვალნათლივ აუხსნეს. დრომ აჩვენა, რომ ჩვენი უცხოელი მეგობრები ფუჭად არ საუბრობენ და მათ გაფრთხილებებს ყური უნდა მიუგდო. ჩვენი მტრები კი, როგორც ყოველთვის, ფარულად მოქმედებდნენ და პოლიტიკურ და ეკონომიკურ დესტაბილიზაციას უწყობდნენ ხელს. მოხუცი პრეზიდენტი კი ორცეცხლშუა იყო. 2001 წლის ნოემბერის დასაწყისში, როცა საქართველოში სერიოზული პოლიტიკური მღელვარება და გამოსვლები დაიწყო, შევარდნაძემ მხოლოდ მაშინ დაინახა, თუ რა საფრთხის წინაშე იყო მისი "თბილი სავარძელი" და ე.წ. ძალოვან სამინისტროებში იძულებითი საკადრო ცვლილებები განახორციელა. თუმცა უმძიმესი სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყნას უფსკრულისკენ მიაქანებდა.

ჩემი აზრით, უკვე 2002 წლის ბოლოს აშშ-ის ადმინისტრაციამ მკაფიო გადაწყეტილება მიიღო: შევარდნაძის ხელისუფლების დრო ამოიწურა და ის უნდა შეცვალონ "ახალგაზრდა რეფორმატორებმა". თავად შევარდნაძე პრეზიდენტობის ვადის ბოლომდე დარჩებოდა. სახელისუფლებო ცვლილება 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად უნდა მომხდარიყო. რუსეთის ხელისუფლება, რომელსაც საქართველოს დასავლური კურსის ჩაშლა სურდა, საკუთარ გათვლებს აკეთებდა და შესაძლო "სიტუაციურ მოდელებს" აგებდა. რუსეთის სპეცსამსახურები სწავლობდნენ "ახალგაზრდა რეფორმატორების" ფსიქოლოგიურ პორტრეტებსა და პიროვნულ თავისებურებებს, რათა მათ შორის სუსტი რგოლი მოეძებნათ. "საპრეზიდენტო რბოლაში" გადამწყვეტი 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები იყო: ის პარტია, რომელიც მეტ ხმას მიიღებდა,მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებშიც წარმატებას მიაღწევდა.

zura-misha-1702622959.jpg

მასწავლებელი და მოწაფე

ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო სიტუაციის ადგილზე შესასწავლად, აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დავალებით, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმზ ბეიკერი 2003 წლის 5 ივლისს, დაუგეგმავი ვიზიტით თბილისში ჩამოვიდა . პრეზიდენტ შევარდნაძესთან მოლაპარაკებების გამართვამდე (!!!) ბეიკერი 5 ივლისს ოპოზიციური პარტიების ლიდერებს (ზურაბ ჟვანიას, მიხეილ სააკაშვილს, შალვა ნათელაშვილს და სხვ.) შეხვდა (რამაც დიდად გაანაწყენა შევარდნაძე) და მათთან მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების საკითხები განიხილა. მაშინ ბეიკერმა პირდაპირ განაცხადა: "ამ არჩევნების ხარისხი უშუალოდ უკავშირდება ამერიკასთან ურთიერთობებს და აშშ იღებს პასუხისმგებლობას საქართველოში დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე".

მხოლოდ შემდეგ შედგა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან. გელა ჩარკვიანი (რომელიც შევარდნაძისა და ბეიკერის პირისპირ შეხვედრას ესწრებოდა და საუბარს თარგმნიდა) იხსენებს, რომ ბეიკერმა შევარდნაძეს უსაფრთხოების გარანტიები მისცა: თუ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში "ახალი ხალხი" მოვიდოდა, ისინი შევარდნაძის სამართლებრივ დევნას არ დაიწყებდნენ. შევარდნაძემ კი ცივად იუარა (ალბათ, იმდენად იყო დარწმუნებული გამარჯვებაში). სწორედ იმ საუბრისას „ჩაუშვა“ შევარდნაძემ მისი საარჩევნო შტაბის უცვლელი უფროსი – ზურაბ ჟვანია.

"ახალგაზრდა რეფორმატორებს" შორის გამოკვეთილი სამეული (ჟვანია, ბურჯანაძე და სააკაშვილი) იყო სწორედ "ახალი ხალხის" ( ბეიკერის სიტყვებით) ლიდერი. 2003 წლის ზაფხულისთვის შევარდნაძის გადადგომის საკითხი აშშ-ის ადმინისტრაციის ინტერესებში არ იყო: დღის წესრიგში შემოდგომაზე სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იდგა. ვაშინგტონში ფიქრობდნენ, რომ დემოკრატიული არჩევნების შედეგად "ახალგაზრდა რეფორმატორები" გაიმარჯვებდნენ და შემდეგ მთავრობასაც ისინი დააკომპლექტებდნენ, ხოლო პრეზიდენტ შევარდნაძესა და "ახალგაზრდა რეფორმატორებს" შორის საქმიან ურთიერთობას აშშ-ის ადმინისტრაცია „დაალაგებდა“. 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კი "ახალგაზრდა რეფორმატორების" რომელიმე წარმომადგენელი გაიმარჯვებდა და ამ, ორწლიან პერიოდში მოხდებოდა ხელისუფლების მშვიდობიანი, ევოლუციური, და არა - რევოლუციური, გზით შეცვლა.

(მესამე ნაწილის დასასრული)