გამყიდველები - კვირის პალიტრა

გამყიდველები

თქვენ, რა თქმა უნდა, არ დამიჯერებთ როცა ვიტყვი, რომ შოპინგზე სიარული არ მიყვარს, მაგრამ ასეა და ორი მიზეზი მაქვს:

1. როგორც წესი, არასოდეს ვიცი, რა მინდა. დავბოდიალობ ყველგან, ვისინჯავ ყველაფერს და, საბოლოოდ, ცუდებს შორის უარესს ვარჩევ. სახლში მოსულს აღარაფერი მომწონს და დეპრესიაში ვვარდები;

2. გამყიდველები/კონსულტანტები.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ფარგლებს არ გავცილებივარ, უცხოელ კონსულტანტებზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ჩვენთან მაღაზიაში შესვლის, გულწრფელად რომ ვთქვა, მერიდება.

აქ, უკეთეს შემთხვევაში, კონსულტანტი უკან ბადრაგივით დაგყვება და უხერხულობას გიქმნის (შეიძლება კეთილშობილური მიზანი ამოძრავებს: რომ დავჭირდე, აქვე ვიქნებიო, მე კი სულ მგონია, მითვალთვალებს, რამე არ ჩავიდო ჯიბეში და ვცოფდები), უარესში კი - კართან გხვდება, ნივთებზე შეხედვასაც არ გაცლის, მაშინვე გეკითხება, რით დაგეხმაროს და ყველაფერს ერთდროულად გაჩვენებს.

ამ უკანასკნელ შეთხვევაში ყოველთვის მგონია, რომ კონსულტანტები მაგალითს ბაზრობის გამყიდველებისგან იღებენ. იქ ხომ ფეხის შედგმისთანავე ყველა მხრიდან გეძახიან და სხვადასხვა ნაწარმს ისე გთავაზობენ, არც ინტერესდებიან რა გინდა. რამდენიმეს გასინჯვის შემდეგ კი, თუ არაფერს იყიდი, გემრიელად მოგაწყევლიან ან ქოქოლას მოგაყრიან და შენც, მორიდებული ღიმილით მიდიხარ სხვასთან, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყოს: აქ ხომ მაქსიმალურად ცდილობენ, გაიძულონ, მათაგან იყიდო და, რა დასამალია, რომ ხშირად მიზანსაც აღწევენ.

მე არ მიყვარს ზედმეტი ფამილარობა, რაც, ხშირად, გამყიდველებს ახასიათებთ. ზედ არ გიყურებენ, ისე გეუბნებიან, რომ ლამაზი, გადასარევი და არაჩვეულებრივი ხარ, რომ მოდელის ტანი გაქვს (არადა, იცი რომ ზომაზე 3 კილოთი მეტი ხარ და მოდელი ვერასოდეს იქნები იმიტომ, რომ 180-მდე 12 სმ გაკლია). ზოგი  უფრო შორს მიდის და შენს ნიჭიერებაზეც საუბრობს, ეს ყველაფერი კი საკმარისია, ისედაც დაბნეული რომ მეტად დაიბნე და სულ წაგიხდეს ხასიათი.

მე მესმის, რომ კაპიტალიზმში, როცა ბრძოლა გადარჩენისთვის მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილიც და პროდუქტის გაყიდვაც, მაგრამ ზედმეტი არაფერი ვარგა, რადგან შეიძლება, უკუქმედება გამოიწვიოს. ასე, მაგალითად, მე ყოველთვის ვერიდები იმ მაღაზიაში შესვლას, სადაც ვიცი, რომ კონსულტანტები დამახრჩობენ და ასევე, მაქსიმალურად ვცდილობ, იშვიათად წავიდე ბაზრობაზე.

ბუნებრივია, კონსულტანტები ზემდგომებისათვის თავის მოწონებას, გამყიდველები კი საკუთარი პროდუქციის გასაღებას ცდილობენ, თუმცა, ფაქტია, რომ ჩემნაირი მორცხვი ადამიანისათვის, მსგავსი ძალადობა ისეთი რაღაცის ყიდვით მთავრდება, სულ რომ არ მქონდა გეგმაში. შეიძლება, ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რომ შოპინგი არ მიყვარს. არადა, რამდენიმე დღის წინ, მთელი ხელფასი, სწორედ შოპინგში დავხარჯე.

P.S. სახელსა და გვარს რომ არ დავასახელებ ისეთ მაღაზიაში, ერთხელ დიდი ფასდაკლება იყო. გამომდინარე იქიდან, რომ მათი ყველა ტანსაცმელი მომწონდა, თავი ვერ შევიკავე და შევედი. კონსულტანტები ზემოთ ნახსენები თვისებების კომბინაციით არიან დაჯილდოვებულები და ერთი გამომეკიდა. ჯერ ძალიან ოფიციალური იყო (რას ინებებთ, ამ მასალისაა, გამძლე, ბლა ბლა ბლა), ცოტა ხანში მოეშვა და, კედებს რომ ვყიდულობდი, შეშინებულმა ჩამიწყო: ისე ვნერვიულობ, რამე არ შემეშალოს და არ გამაგდონ აქედანო.

კარგი ტიპი იყო.

მას შემდეგ 4524323-ჯერ შევედი იმავე მაღაზიაში, მაგრამ ჩემი ნაცნობი გოგო აღარ დამხვდა: ეტყობა, გაუშვეს.