"მახვილი მესიისა" - კვირის პალიტრა

"მახვილი მესიისა"

8 თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა - დღე, როდესაც აღესრულა უდიდესი მეფე საქართველოსი; დღე, როდესაც ზეციურ წმინდანთა დასს შეერთო საქართველოსათვის დამაშვრალი გვრიგვინოსნის სული…

16 წლისა ავიდა ტახტზე... იავარქმნილი და დამპყრობთაგან აოხრებული საქართველო ერგო სამართავად... მაინც იდავითა და...

თურქ-სელჩუკთა შემოსევებსა და ბატონობას გადაგვარების პირას მიეყვანა ქვეყანა - "თვინიერ ციხეთა სადამე არა სადა იყო კაცი სოფელსა შინა"... მონარქს, გიორგი მეორეს, დავითის მამას, აღარ ძალ ედვა, აღეკვეთა დიდგვაროვანთა თავგასულობა. .ჰოდა, გაამეფეს დავითი, "თვით მამამან დაადგა გვირგვინი მეფობისა" მას, ვისაც განგება აღმაშენებლობისათვის ამზადებდა - 1089 წელს საქართველოს მეფედ ჯერ კიდევ ყრმა უფლისწული, დავითი, ეკურთხა.

გამეფდა და: თურქთაგან დაიხსნა მათ უღელ ქვეშ მოქცეული ქალაქები...

ხალხი თავის ფუძეს დაუბრუნა, ხელში გუთანი და საჭრეთელი ააღებინა და კვლავ დაინთო ცეცხლი ქართველთა ნაფუძარზე... შემოსული მტერი ქართული მიწიდან გადარეკა, შინაურ ორგულებს კი საკადრისი მიაგო და ერთგულება აიძულა...

ებრძოდა ცოდვასა და გაუნათლებლობას, რადგანაც ეს ორივე ისეთივე საშიშ მტრებად მიაჩნდა საქართველოსი, როგორც თურქ-სელჩუკნი. თავადაც ქრისტიანის ჭეშმარიტი ცხოვრებით ცხოვრობდა და სხვათაგანაც ამას მოითხოვდა - ყოველდღე დაუთვლელად გასცემდა მოწყალებას და, თუ ქისას ბოლომდე ვერ დაცლიდა, იგლოვდა - არ შემიწყალაო უფალმა, არ მიიღოო ჩემნაირი ცოდვილის ხელიდან შესაწირი.  ლოცვაში ათენებდა და ბრძოლაში აღამებდა - ხატებს მოწიწებით სცემდა პატივს და აკი დაიფარა კიდეც გულზე დაკიდებულმა წმინდა გიორგის ჯვარმა მოღალატის ნასროლი ისრით სიკვდილისაგან. წმინდა გიორგი მუდამ მისი მფარველი და თანამებრძოლი იყო - დიდგორის ველზე ხომ, ქართველთა მხარდამხარ მეომარი, მტრებმაც კი დაინახეს და შეძრწუნდნენ.

უცოდინრობას ებრძოდა, რადგან კარგად იცოდა, ჭეშმარიტი განათლება უფლისმიერ ნათელს რომ ამკვიდრებს ადამიანის გულსა და გონებაში. თავადაც საოცრად უყვარდა წიგნი - ერთხელ, თბილისის დასაზვერად წასული, ისე გაერთო კითხვაში, კინაღამ მტრის  რაზმს ჩაუვარდა ხელში. სადაც გინდა წასულიყო, ყოველთვის თან დაჰქონდა თავისი სამგზავრო ბიბლიოთეკა. მუდამ ეხმარებოდა სწავლასმოწყურებულ ახალგაზრდებს და განსაკუთრებით ნიჭიერებს საზღვარგარეთაც კი აგზავნიდა სწავლის გასაგრძელებლად. მერე საქართველოშიც დააარსა ორი უდიდესი ცენტრი - გელათისა და იყალთოს აკადემიები, რომელთაც ისეთივე მისია უნდა ეტვირთათ, როგორიც ათენის აკადემიას - ანტიკური სამყაროს აზროვნების განვითარებაში.

იბრძოდა და ქმნიდა... უფალს ავედრებდა საკუთარ ქვეყანას და ისიც მუდამ შეეწეოდა თავის რჩეულს - აღადგინა, განაძლიერა და განამშვენა სრულიად საქართველო, გასწია იგი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. მტერი მარტო ჩვენი ქვეყნის საზღვრებს იქით კი არ განასხა, არამედ კავკასიიდან ამოუკვეთა ფეხი. ამიტომაც უწოდეს მახვილი მესიისა. მისი მოღვაწეობის ყველაზე ელვარე მარგალიტად მაინც დიდგორი რჩება - სახელი, რომლის მარტო ხსენებაც კი სიამაყით ავსებს ქართველის გულს.

მეფე იყო და ყოველ ბრძოლაში წინ მიუძღოდა თავის მებრძოლებს. ბრძოლის ველს კი უკანასკნელი ტოვებდა. ერთხელ სამი ცხენი გამოუკლეს და მეოთხეზე ამხედრებულმა ანადგურა მტერი. ერთხელ კი, ჯავშანი რომ შეიხსნა, მტრის შედედებული სისხლი ბელტები გადმოცვივდა. უნდა ებრძოლა და იბრძოდა კიდეც. მაგრამ მის სულს ნაიარევებად აჩნდა დაღვრილი სისხლი... იმ სასტიკ დროში, როცა ჩვეულებრივი ამბავი იყო ხოცვა-ჟლეტა, გაგაოცებს ის ტკივილი და სინანული, დავითის აღსარების სტრიქონებიდან რომ მოსჩანს...

მეფე იყო, მაგრამ არასოდეს დავიწყნია, რომ მეფეცა და ბოგანოც ერთნაირად განიკითხება ღვთის წინაშე, რადგან მეფესაც ბოგანოსავით ეწვევა სიკვდილი...

"ჟამი რაი წულილთა და ხმელთა ღმოფშვინვათაი წარმოდგეს, ზარი მეფობისაი წარხდეს და დიდებაი დაშრტეს, შუებანი უქმ იქმნნენ, ყუავილოვნებაი დაჭნეს, სხუამან მიიღოს სკიპტრაი, სხუასა შეუდგენ სპანი, მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!.." ჭეშმარიტი ქრისტიანის ჭეშმარიტი სინანულითა და თავმდაბლობითაა გაჯერებული მისი გალობა, რომელსაც "გალობანი სინანულისანი" უწოდა. კითხულობ და ხვდები - ეს პოეზიაცაა, ღვთისმეტყველებაც, ანდერძიცა და აღსარებაც...

1125 წელს გარდაიცვალა...

8 თებერვალი საქართველოს უდიდესი მეფის, დავით აღმაშენებლის, ხსენების დღეა.

მარიამ ბურჯანაძე (სპეციალურად საიტისათვის)