აქციზური მარკების ელექტრონული სისტემა - დამატებითი ხარჯი თუ ტექნოლოგიური პროგრესი - კვირის პალიტრა

აქციზური მარკების ელექტრონული სისტემა - დამატებითი ხარჯი თუ ტექნოლოგიური პროგრესი

შვეიცარიული კომპანია SICPA Security Solutions SA საქართველოში აქციზური მარკების მართვის ელექტრონულ სისტემას დანერგავს. მარკირების ახალი სისტემა აქციზურ და არააქციზურ საქონელზე ქაღალდის და უშუალო მარკირების განხორციელებას, მონაცემთა მართვის ერთიანი ცენტრალიზებული სისტემის შექმნას, ადგილობრივი და იმპორტირებული პროდუქციის მარკირების შესახებ ინფორმაციის რეალურ დროში ფლობას, სამომხმარებლო ბაზარზე მარკირებული საქონლის მოძრაობის კონტროლსა და მონიტორინგს გულისხმობს.

შემოსავლების სამსახურში ასევე მიმდინარეობს მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც ლიმონათის და მინერალური წყლების მარკირებას შეეხება. აღნიშნულ უწყებაში ამბობენ, რომ ლიმონათის წარმოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ქვეყანაში საკმაოდ დიდი რისკებს უკავშირდება, ხოლო მარკირების ახალი სისტემის დანერგვით შესაძლებელი გახდება სამომხმარებლო ბაზარზე მარკირებული საქონლის მოძრაობის გაკონტროლება და მომხმარებლის დაცვა ფალსიფიცირებული საქონლის მოხმარებისგან.

სოსო არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში:

- თავის დროზე, რევოლუციურ წინსვლად ჩაითვალა, როცა ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული ფულის ნიშნების ნაცვლად მიმოქცევაში შემოვიდა ქაღალდის ბანკნოტები. შემდეგი ნაბიჯი იყო ელექტრონული ფული და, მაგალითად, დღეს, განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში ეჭვით უყურებენ იმ ადამიანებს, ვინც ანგარიშსწორებას ახდენს ნაღდი ფულით. მთელი მსოფლიო მიდის იქით, რომ ანგარიშსწორებასა და ფულად ტრანზაქციებში ხარჯები შემცირდეს, რაც საბოლოოდ ემსახურება სამომხმარებლო ეფექტის მიღებისას გაწეული თანამდევი ხარჯების მინიმიზაციას. ამიტომ ეს პროცესი არ შეიძლება შეეხოს მხოლოდ ფულად ანგარიშსწორებას, არამედ იმ ვალდებულებებსაც, რომლებიც წარმოიქმნება საწარმოო სუბიექტებსა და სახელმწიფოს შორის. მეტსაც გეტყვით, დავოსში გამართულ ფორუმზე წამოიჭრა საკითხი, რომ იმდენად ტრანსპარენტულია ანგარიშსწორება სამეწარმეო სუბიექტებსა და სახელმწიფოს შორის, რომ ხომ არ დადგება დრო, ავტომატურ რეჟიმში მოხდეს გადასახადების დაკავება. უტრირებულ მაგალითს მოგიყვანთ: როცა ხელფასს იღებს ადამიანი, უკვე დაქვითული აქვს საშემოსავლო გადასახადი. საუბარია იმაზე, რომ იგივე პრინციპი გავრცელდეს ყველა იმ ვალდებულებაზე, რაც მოცემულ იურიდიულ პირს აქვს სახელმწიფოს მიმართ. ეს, ალბათ, ხვალინდელი დღეა, მაგრამ ლოგიკური განვითარება იქნება იმ პროცესებისა, რაც ახლა ხდება. ამის მთავარი მიზანია, ღია იყოს ეს პროცესები და ვალდებულების გადახდის გარეშე არ დარჩეს ყველა ის წარმოება, რომელსაც ანგარიშვალდებულია სახელმწიფოსთან. ეს არის ლოგიკური ნაბიჯი და დადასტურება ბენჯამინ ფრანკლინის ცნობილი გამონათქვამისა, რამ გარდაუვალია ორი რამ - სიკვდილი და გადასახადები.

ჯერ კიდევ 6-7 წლის წინ, როცა გაიზარდა აქციზური განაკვეთები თამბაქოს ნაწარმზე, მკვეთრი შემოსავლების ნაცვლად ბიუჯეტში მიიღეს შემოსავლების მნიშვნელოვანი შემცირება. ჩრდილში წავიდა თამბაქოს რეალიზაციის 2/3. ეკონომიკური საზღვრების უკონტროლობა, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში შესაბამის საქონელზე დაბალი განაკვეთები, გახდა ნოყიერი ნიადაგი და მასტიმულირებელი საშუალება იმისა, რომ ლეგალური ბიზნესის დიდი ნაწილი ჩრდილში გადავიდა. ამ გადაწყვეტილებით ბიუჯეტმა მაშინ თითქმის 100 მილიონი ლარი იზარალა. ახლა ეკონომიკური საზღვრები შეუდარებლად უკეთეს მდგომარეობაშია, კონტროლდება და ეს კიდევ ერთი არგუმენტია იმისთვის, რომ ის გადასახადი, რომლის გადახდაც ევალება ბიზნესს კონკრეტული საქმიანობისა თუ საქონლის სახეობის მიხედვით, დარჩეს ბიუჯეტში.

- რაც შეეხება მარკირების ელექტრონული სისტემის დანერგვას, გასაგებია, რომ მიზანი შესაძლოა თანამედროვე ტექნოლოგიებთან შესაბამისობა და საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესება იყოს, მაგრამ მარკირების შემოღება ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც მანამდე არ ექვემდებარებოდნენ მარკირებას, გაზრდის ხარჯებს მეწარმეებისთვის.

- ეს არ იქნება მნიშვნელოვანი ზრდა ხარჯებისა, სამაგიეროდ, მოხდება ინფორმაციის მყისიერი ანალიზი და პროცესები უფრო პროგნოზირებადი იქნება. ჩვენ დაცულები ვიქნებით გაუგებრობებისგან წარმოებისა და რეალიზაციის პროცესში. ვერ ვიტყვი, რომ ეს აბსოლუტურად მოსპობს ბაზარზე ფალსიფიცირებულ და კონტრაფაქტულ პროდუქციას, მაგრამ ამ შემთხვევაში საკმარისია არა მხოლოდ სახელმწიფოსა და მწარმოებლის მონდომება, არამედ თავად მომხმარებლის სამომხმარებლო კულტურის ამაღლება, რომ არ შეიძინოს აბაზანაში ჩამოსხმული ფალსიფიცირებული მინერალური წყალი, ნაცვლად საღი პროდუქტისა.

- ალბათ, მარკირება საბოლოო პროდუქტის ფასში აისახება?

- ფასზე მხოლოდ დამატებითი საგადასახადო ხარჯები ხომ არ მოქმედებს. ნებისმიერი სხვა ფაქტორი: ნედლეულის, შესაფუთი მასალების ფასი და ა.შ. განსაზღვრავს საბოლოო პროდუქტის ფასს. XIX საუკუნის დასაწყისში ინგლისში ფართო ხასიათი ჰქონდა ლუდიტების მოძრაობას, რომლებიც მანქანა-დანადგარებს ამსხვრევდნენ იმ საბაბით, რომ მათში თავის, ანუ ადამიანური რესურსის კონკურენტებს ხედავდნენ და მიაჩნდათ, რომ ისინი მათ სამუშაო ადგილებს ართმევდნენ. სადღაც მართალიც იყვნენ, მაგრამ საბოლოოდ ეს ხომ ტექნოლოგიური პროგრესის ერთ-ერთი ნაბიჯი იყო. ნებისმიერი ხარჯი, რომელიც მიმართულია წარმოების ეფექტურობის ამაღლებისკენ, საბოლოოდ, შორეულ პერსპექტივაში განსაზღვრულია იმაზე, რომ თავად მწარმოებელიც მოგებული დარჩეს.

(სპეციალურად საიტისთვის)