"ვიცოცხლებ შენი ღიმილის ხათრით" - რა ფოტოს აქვეყნებს ტარიელ ხარხელაური? - კვირის პალიტრა

"ვიცოცხლებ შენი ღიმილის ხათრით" - რა ფოტოს აქვეყნებს ტარიელ ხარხელაური?

ცნობილ ქართველი პოეტი, ტარიელ ხარხელაური სოციალურ ქსელში გარდაცვლილი შვილის ფოტოს აქვეყნებს და წერს: "ვიცოცხლებ შენი ღიმილის ხათრით"

xarxelauri-1702742756.jpg

"როგორც დიდი ბოღმაა ძნელი სატარებელი, ისე - დიდი სიყვარულიც, რომ ეს არ გახუნდეს, არ დაგეკარგოს...

სამი შვილი მყავდა... ბიჭი - ბექა, აღარა მყავს, მომიკლეს... ბექას მერე ჩემი მიმწუხრია დამდგარი...

"ჩემო ბექა!

ჩემი ფიქრი შენს გარშემო ბრუნავს, შენთან ათენ-აღამებს, შენს სუნთქვას აყურადებს, შენით ივსება და იცლება, მხოლოდ შენზე ფიქრს შეუძლია ჩემი კუთვნილი სამზეოს გალამაზება.

მხოლოდ შენზე მუდმივად ფიქრმა შესძლო ჩემი ტკივილის ამღერება. აღარც შენი ნაადრევად გასვლა მიკვირს ამ წუთისოფლიდან. ჩვენ ვიკითხოთ, თორემ შენ ოცდასამი წელი სრულად იცხოვრე, სავსემ იცხოვრე. სიმღერაც შეგეძლო, სიყვარულიც. კაცობა იყო შენი ძლიერი ქედის საზიდი. შენფერებს ჩვენნაირთა ცრემლი არსად წაადგება, მაგრამ გვაპატიე, თუ ხანდახან მაინც, უშენობით მოგვრილმა სევდამ მოგვინედლოს ამქვეყნიური მტვრით მინაქრული თვალები.

მზე რომ ამოდის, ასე მგონია, უფრო ნათელია, რადგან შენი განუმეორებელი ღიმილით შეივსო.

ქარი რომ ბორგავს, შენი ხასიათია, მარად მოძრავი, დაუდგრომელი.

წვიმა, წვიმაც კი განსაკუთრებულად მეჩვენება, - თითქოს უფრო ძლიერად წვიმს, რადგან წვიმის წვეთების ხმაურში, შენს სიმღერას შენეული კაცური ხმით ვისმენ.

ამიტომაც არის, რომ უფრო ძნელად დასაჯერებელი გამიხდა დრო - რომელი უფრო ნამდვილი დროა, მე რომ ვცხოვრობ და განზომილებადია, თუ, დრო შენ რომ ცხოვრობ და განუზომელი.

ყოველ შემთხვევისათვის, მე აქედან ასე მეჩვენება"...

წაიკითხეთ ასევე: "სი­ძულ­ვი­ლი ჩემ­თ­ვის უცხოა. ჩე­მი შვი­ლის მკვლე­ლიც არ მძულს..."