"მთელი თბილისის ქალბატონები მასზე იყვნენ შეყვარებული, დაოჯახებულებიც, რომლებიც მის სიყვარულს გულში იმარხავდნენ, წერილებს კი წვავდნენ"
რაც უნდა დაუნდობელი იყოს დრო, სიყვარულს ვერასოდეს მოერევა. პესიმისტები ამბობენ, რომ 21-ე საუკუნე სიყვარულს ანადგურებს და დედამიწა სიყვარულით აღარ ტრიალებსო. თუმცა, ამაოდ... ჰოდა, ვიდრე 21-ე საუკუნის სიყვარულზე ვისაუბრებდეთ, ძველ თბილისელთა (და არა მხოლოდ) გასაოცარი სიყვარულის მაგალითები გავიხსენოთ.
"ქამრიანი სონა"
"ქამრიანი სონას" სამუდამოდ ჩაუქრობელი სიყვარულის ისტორია პოეტმა იოსებ გრიშაშვილმა შეინახა. სონას ფოტოც მანვე იშოვა და თავის არქივში სამუდამოდ შემოგვინახა. ვინ იყო სონა? ძველი თბილისის ერთადერთი ყარაჩოხელი ქალი, რომელიც მტრებს შიშის ზარს სცემდა თავისი ძალითა და სამართლიანობით, მოყვარეს კი გულს უჩუყებდა. თუმცა, სონა მამაკაცური გარეგნობის სულაც არ ყოფილა, - თურმე ოდნავ უხეში მიხრა-მოხრა ჰქონდა, რაც სავარაუდოდ, ყარაჩოხელად კურთხევის შემდეგ შეიძინა. ისე კი, ხშირად არღანს გამოიტანდა და თავის ცხოვრებაზე სევდიანად მღეროდა, რა დროსაც მის ხმას უჩვეულოდ ნაზი ტონი დაედებოდა და მსმენელსაც ცრემლი ერეოდა. რაზე მღეროდა სონა? თავის უდროოდ დაკარგულ სიყვარულზე: ერთ დროს ნაზსა და მომხიბვლელს თურმე ტოლებში გამორჩეული თბილისელი ყარაჩოხელი შეჰყვარებია, რომელსაც ჯვრისწერის წინ მძიმე ავადმყოფობა დამართნია, ისეთი მძიმე, რომ ვერავის უშველია და შეუწირავს. თმაგაშლილ და სახედაკაწრულ სონას შეყვარებულისთვის დაკრძალვამდე ღამე უთევია, დაკრძალვის წინ კი ყარაჩოხელისთვის ქამარი აუხსნია, თავად შემოურტყამს წელზე და დაუფიცნია: ამიერიდან ჩემს გულსა და სიყვარულს ამ ქამრისა და შავი კაბის ქვეშ ვმარხავ, მორჩა, ჩემი ბედი და სიყვარული დამთავრდაო! აი, მას შემდეგ დასჭირვებია სონას ყარაჩოხლის ძალა და ავტორიტეტი, მას შემდეგ გაუხეშებია არღნის ტარებით მკლავები, საკუთარ დუქანში ტრიალითა და ტვირთის თრევით კი მთელი სხეულიც. Mმას შემდეგ აღარც გათხოვილა, მხოლოდ ყარაჩოხლობდა, სამართლიანობას ამყარებდა თბილისის ამქარში, თავის დუქანში ვაჭრობდა და მღეროდა. მერე თურმე სონას ავტორიტეტით შეწუხებულმა მოშურნემ მას არღანი მოჰპარა და მტკვარში გადაუგდო. სონამ ეს ვიღაც ბაცაცა დიდხანს ეძება, რომ შური ეძია, მაგრამ ვერ იპოვა, ეს შეურაცხყოფა იუკადრისა, თბილისი დატოვა და მცხეთაში გადავიდა, იქ ააშენა დუქანი და სიცოცხლის ბოლომდეც იქ დარჩა. განა ფული აკლდა ან თბილისში ახალ არღანს ვერ იყიდდა? მაგრამ აღარ უნდოდა. აღარ გაიხედა იმ ადგილებისაკენ, რომელმაც ტკივილი მიაყენა. სამაგიეროდ, თბილისს ლეგენდად სონას და მისი სიყვარულის ამბავი დარჩა, ლეგენდად, რომელიც სონას სიყვარულივით არ კვდება და სულსაც კვლავ გვიფორიაქებს.
გრიშაშვილი გათხოვილ მარიჯანს ეტრფოდა
თავად სიყვარულის ლეგენდა იყო პოეტი იოსებ გრიშაშვილი - ძველი თბილისის შეუდარებელი მეხოტბე. ძალიან მომხიბვლელი ყოფილა არა მხოლოდ გარეგნობით, ბოჰემითაც. მის წაკითხულ ლექსებსა და ქეიფს ძველი თბილისი ისე აღიქვამდა, როგორც თეატრს... იმიტომაც იყო, რომ მასზე ლამის მთელი თბილისის ქალბატონები იყვნენ შეყვარებული. მათ შორის, დაოჯახებული ქალბატონებიც, რომლებიც მის სიყვარულს გულში იმარხავდნენ, წერილებს კი წვავდნენ. თავად პოეტს კი ამ გრძნობების დამარხვა აზრადაც არ მოსვლია, - პირიქით, როდესაც მისი გარდაცვალების შემდეგ მისივე არქივი გახსნეს, ყველა შეყვარებული ქალის წერილი და ფოტო უსათუთესად ჰქონდა შენახული. სავარაუდოდ, სწორედ ამ ემოციების გამო დაიგვიანა დაოჯახებაც (ცოლი 61 წლის ასაკში შეირთო). გააგრძელეთ კითხვა