"უსიტყვოდ მითხრეს, უნდა გაჩუმდეო... უდიდესი ენერგიის მოკრება დამჭირდა, რომ იმ საშინელ ტკივილს შევბრძოლებოდი!"
ეკა ბესელია: "ადგილი, სადაც ქალი ყველაზე დაუცველია, არის ქართული პოლიტიკა!"
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე საქართველოში ქალთა უფლებების დაცვაზე მუდმივად საუბრობენ და მოძალადეები საკმაოდ მკაცრად ისჯებიან, მაინც უამრავი ქალი ხდება ძალადობის მსხვერპლი!
რა არის ამ პრობლემის ძირითადი მიზეზი და როგორ შეიძლება მისი დაძლევა? - ამის თაობაზე პოლიტიკოსი ეკა ბესელია გვესაუბრება:
- სამწუხაროდ, უნდა დაგეთანხმოთ: ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში ყველაზე დიდი გამოწვევაა. ძალადობის ფაქტები ჩვენს თვალწინ ხდება: ქალებს კლავენ საჯაროდ, დემონსტრაციულად, მათზე ძალადობენ ფსიქოლოგიურად და ეს ყველაზე მეტად რეგიონებში იგრძნობა. ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრი ქალი ძალადობას ითმენს და ჩუმადაა, რადგან სულაც არ არის ადვილი, უამრავი კლიშე დაძლიო და შენი უფლებებისთვის ბრძოლა დაიწყო... ეს, ყველას როდი შეუძლია?!
- ჩვენს ქვეყანაში მამაკაცს, ღალატით დაწყებული, ყველაფერი ეპატიება, ხოლო ქალს თითქმის არაფერს პატიობენ, ეს რით აიხსნება?
- ეს ყველაფერი სტერეოტიპების ბრალია და განათლების პრობლემამდე მივყავართ. ამ მიმართულებით, ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მუდმივი კამპანიაა საჭირო, რომ ყველა ქალთან მივიდეთ, ვისაც საზოგადოების თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდება. მართლაც უცნაურია: მე-12 საუკუნეში, მეფე თამარი გვყავდა. გენიალურმა შოთა რუსთაველმა სწორედ მაშინ თქვა ფრაზა: ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თყნდა ხვადიაო... საკითხავია, როგორ მოხდა, რომ ამდენი საუკუნის შემდეგ, ასეთ ქვეყანაში, ქალი და კაცის თანასწორობაზე ვმსჯელობთ? ჩემი აზრით, ეს უფრო საბჭოთა მენტალიტეტის ზეგავლენით მოხდა. ჯერ კიდევ ბევრ კაცს მიაჩნია, რომ ცოლი მისი საკუთრებაა, ჯერ კიდევ არის რეგიონები, სადაც ფიქრობენ, რომ ძალადობა ურთიერთობის ნებადართული ფორმაა, რაც უდიდესი სირცხვილია! არ ვიცი, როგორ მოხდა, რომ პერიფერიებში ახლაც სჯერათ, რომ ქმარს უფლება აქვს ცოლზე ფიზიკური ძალა გამოიყენოს...
- ქალბატონო ეკა, როგორ ფიქრობთ, რატომ არიან ძალადობის მსხვერპლი ქალები ჩუმად?
- ეს, ალბათ, სისუსტის და არასაკმარისი შინაგანი ენერგიის ბრალია. მათ არა აქვთ იმედი, რომ ვინმე დაიცავს. სწორედ ამიტომაა საჭირო მუდმივი კამპანია: ყველა ქალმა უნდა იგრძნოს, რომ საზოგადოება მის გვერდითაა, რომ თავისი უფლებები ყოველთვის, ნებისმიერ პირობებში უნდა დაიცვას. მართალია, ქალის სადღეგრძელოს ქართულ სუფრაზე განსაკუთრებული შემართებით სვამენ, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში სულ სხვა სიტუაციაა: ქალს ათასჯერ მეტი ძალისხმევა სჭირდება, რომ საზოგადოებაში თავისი ადგილი დაიმკვიდროს. მე ხშირად მსმენია ფრაზა: ამ ქალს კაცის ჭკუა აქვსო... ჩემზეც ხშირად უთქვამთ, ეკას კაცის ტვინი აქვსო - კი მაგრამ, ეს რას ნიშნავს? ანუ ამით უშვებ იმას, რომ ქალს მამაკაცზე ნაკლები ჭკუა აქვს და მისი ტვინი ნაკლებად განვითარებულია? ესე იგი, ქალი რომ შეაქო, უნდა უთხრა, რომ კაცის ტვინი აქვს?! არ შეიძლება ქალსაც ჰქონდეს ძლიერი გონება და ღრმა აზროვნება? არანაკლებ უსიამოვნო სიტყვაა "გათხოვება" - შვილი "გავათხოვე, მივათხოვე, მისთხოვდა"... ჩემი აზრით, ეს სიტყვები უნდა დავივიწყოთ: აბა, რას ნიშნავს მივათხოვე? - ესე იგი, შეიძლება ქალი მამაკაცს დროებით ათხოვონ? ვფიქრობ, რომ ეს სიტყვა ქალის სტატუსს აკნინებს და თანასწორობის იდეას თავშივე უარყოფს. როცა 8-9 საუკუნის წინ, ქართველები ამბობდნენ "ლეკვი ლომისა სწორიაო" და დღეს ამ საკითხზე ვმსჯელობთ, ეს უკვე ნიშნავს, რომ ქვეყანაში განათლების დონე მოიკოჭლებს. მე ვფიქრობ, რომ ეს უდიდესი პრობლემაა, რომელსაც შველა სჭირდება.
- თქვენი ადვოკატობის დროს თუ შეგხვედრიათ ძალადობის მსხვერპლი ქალები და როგორ იცავდით მათ?
- რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი საქმე მქონია, როცა ქალს მოძალადე კაცისგან ვიცავდი. ყოველთვის მძაფრი რეაქცია მქონდა, როცა ე.წ. ძლიერი სქესის აგრესიას ვხედავდი. ამ ქალების პრობლემა და ტკივილი ძალიან მაწუხებდა, მაგრამ არასდროს მითქვამს, რომ მოძალადეს უნდა აპატიო, რომ ძალადობას შეიძლება გაუჩუმდე. ასეთ ქალებს განსაკუთრებული ემოციითა და გამბედაობით ვიცავდი. პირველ ყოვლისა ვაჩვენებდი, რომ არ მეშინოდა მაშინაც კი, როცა მეტისმეტად სახიფათო საქმეების ადვოკატი ვიყავი. 2008 წელს, როცა სხვებთან ერთად ქუჩაში გავედი, როცა საკმაოდ ცნობილი ადვოკატი ვიყავი. მიმაჩნდა, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა კაბინეტში, ან სასამართლო დარბაზში კი არ უნდა გამეგრძელებინა, არამედ ქუჩაში - დემონსტრაციებზე, მიტინგებზე, ბარიკადებზე, სადაც ტყვიებს გვესროდნენ, ქვებს გვიშენდნენ, გვარბევდნენ და ჩვენი სიცოცხლე საფრთხეში იყო, მაგრამ მაინც ვიდექი, არსად გავრბოდი და არ ვიმალებოდი.
- როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება დათმოს ქალმა მისთვის ძვირფასი ადამიანების გამო?
- როდესაც ჩემი შვილი დაიჭირეს, სკოლის მოსწავლე იყო, ამას მოჰყვა ჩემი ძმის დაპატიმრება, რომელიც ყველა აქციაზე დამყვებდოდა... უსიტყვოდ მითხრეს, უნდა გაჩუმდეო. სწორედ მაშინ დამჭირდა უდიდესი ენერგიის მოკრება, რომ ამ საშინელ ტკივილს, ამ განსაცდელს შევბრძოლებოდი და მეთქვა, რომ ბრძოლას ისევ ვაგრძელებდი. ვიცოდი, რომ ჩემს შვილს არ სჭირდებოდა შეშინებული დედა, ხოლო ძმას - სუსტი, უნებისყოფო და. ეს საკუთარ სისუსტეზე და რეჟიმის ძალადობაზე გამარჯვებას ნიშნავდა. ჩემი გამძლეობა რამდენჯერმე გამოსცადეს და დარწმუნდნენ, რომ ვერ გამტეხეს. ოჯახის და ძვირფასი ადამიანების გადასარჩენად, შეიძლება დათმო სიცოცხლე, დათმო ბევრი რამ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - ღირსება და შინაგანი თავისუფლება, რადგან ამით შენთვის ძვირფას, საყვარელ ადამიანებსაც ვერ უშველი. ამგვარი დილემის წინაშე ვიდექი 2009-2011 წლებში, როცა რეჟიმმა უსასტიკესი გამოცდა მომიწყო. ჩემი გამარჯვება მათ ძალადობაზე სწორედ ეს იყო - ბრძოლა გავაგრძელე.
- ქალბატონო ეკა, ძალადობის მსხვერპლი კაცები თუ დაგიცავთ?
- როგორ არა, მამაკაცებზე ძალადობის რამდენიმე ფაქტი მახსენდება: მახსოვს, ერთ ქალს თავისი ქმრის მკვლელობას აბრალებდნენ. ეს ძალიან მძიმე, ემოციური საქმე იყო. მახსოვს, როცა პარლამენტარი ვიყავი, ჩემთან ერთი კაცი მოვიდა, მთხოვდა, რომ დამეცვა და მიყვებოდა, როგორ ძალადობდა მასზე მეუღლე და რა ცუდ დღეში აგდებდა ეკონომიკური, ფსიქოლოგიური თუ მორალური თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, მოძალადე შეიძლება კაციც იყოს და ქალიც, მაგრამ საქართველოში სისტემური ხასიათი ქალთა მიმართ ძალადობას აქვს. მამაკაცებზე ძალადობა უფრო იშვიათია და ერთიან სურათს ვერ ცვლის, რადგან კაცი მაინც ფიზიკურ ძალასთან ასოცირდება... თუ ადამიანის უფლებებს იცავ, კაციც უნდა დაიცვა და ქალიც, მთავარია, სად არის სისტემური პრობლემა და სად უფრო ხშირად ვხედავთ ძალადობის ფაქტებს. სამწუხაროდ, ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენთანაც დაუძლეველი პრობლემაა და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაშიც.
- თუმცა, ქართველი კაცები ხშირად საყვედურობენ, რომ ძალადობის ბრალდებით, ციხეში მრავალი უდანაშაულო ადამიანი ზის...
- უნდა ვაღიარო, რომ ძალადობის ფაქტებზე საგამოძიებო უწყება საკმაოდ მკაცრად რეაგირებს. ალბათ იმის გამო, რომ სასჯელს შემაკავებელი ფაქტორი ჰქონდეს: ვფიქრობ, რომ ამ მკაცრ მიდგომას ერთი მიზანი აქვს: პოტენციური მოძალადის მიმართ გამაფრთხილებელი სიგნალი იყოს. რაღაცამ ხომ უნდა შეაკავოს მოძალადე კაცი? - ეს მკაცრი მიდგომა იმისითვისაა საჭირო, რომ გამაფრთხილებელი ეფექტი ჰქონდეს. უფრო ფრთხილი მიდგომის შემთხვევაში ასეთი შედეგი არ იქნებოდა.
- და ბოლოს, სად, რომელ სფეროშია ქალთა მდგომარეობა ყველაზე სავალალო?
- ადგილი, სადაც ქალი ყველაზე დაუცველია, არის ქართული პოლიტიკა! ქალი პოლიტიკაში ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია, რადგან გაუგონარი შეურაცხყოფის და მორალური ტერორის ატანა უწევს. ფსიქოლოგიური და მორალური ტერორი მეც შემეხო: იმას, რაც ჩემს წინააღმდეგ დატრიალდა, ბევრი ქალი ვერ გაუძლებდა. ამაზე უარესი ადამიანს რა უნდა დაუშავო, მაგრამ ჩემს შემდეგ, მგონი, ბევრმა გაიაზრა, რომ მორალური ტერორის იარაღად გამოყენებამ ქართულ პოლიტიკაში ძალა დაკარგა. მე, როგორც იურისტს, როგორც ქალს, როგორც ლექტორს, მიმაჩნია: ძალადობის მსხერპლ ქალებს უნდა ვუთხრათ, რომ ისინი მარტო არ არიან, რომ ამ პრობლემას ყველა ერთად დავძლევთ და მოვერევით. მხოლოდ ასეთი სოლიდარობით და ერთიანობით მივაღწევთ იმას, რომ მომავალში, ძალადობის პრობლემა ასე მწვავე აღარ იყოს, რომ ქალებმა უსამართლობაზე თვალი აღარ დახუჭონ და საკუთარი უფლებები ბოლომდე დაიცვან.
ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)