უგულავას ნიჩაბი მოუხდებოდა! ოხ რა რიგ მოუხდებოდა!.. - კვირის პალიტრა

უგულავას ნიჩაბი მოუხდებოდა! ოხ რა რიგ მოუხდებოდა!..

წუხელ უგულავას ვუყურე ერთ-ერთ ნაციონალურზე. ძალიან მომეწონა იდეა იმის შესახებ, რომ მაღაზიებს და კომერციულ სტრუქტურებს დაავალებენ მიმდებარე პერიმეტრების გაწმენდას თოვლისა და ყინულისაგან.

ეგ კარგი ბატონო მერო, მაგრამ ეს თქვენი ”თბილსერვისჯგუფიო” თუ რაღაც სამსახური რომ არის. იმის შეფს უთხარით. - მარტო მარილის დაყრა არ კმარა-თქო... (რამდენიმე დღის წინ მარილის ნაკლებობას ვუჩიოდი და ახლა უკვე ვაღიარებ, რომ მარილი ყელამდეა დედაქალაქის ქუჩებში). თბილისში მარტო ავტომობილისტები არ ცხოვრობენ და ასობით ათასი ფეხით მოსიარულე დადის ფეთებ-ფეთებით. ამიტომ უკვე ”ლაფატკების” მომარჯვებაა საჭირო და ტროტუარების გარდა (ესენი ხომ გაკრიალებულია უკვე) ისეთი ადგილების თოვლ-ყინულისგან გასუფთავება, როგორც საფეხმავლო ხიდები და მიწისქვეშა გადასასვლელებია.

აგერ სურათზეც ხედავთ რა მდგომარეობაშია სააკაძის მოედანზე, მერიის ყურის ძირში მდებარე მიწისქვეშას ჩასასვლელი. მართალია, კიბეზე დაცურებულ გოგონას ”ღმერთმა გამცილებელი გამოუგზავნა”, მაგრამ ყველას არ უმართლებს, ან შეიძლება ვიღაცას სულაც არ სიამოვნებდეს შემთხვევით გამვლელზე ჩამოკონწიალება.

ისევ ”მარილის მოყრის” თემას დავუბრუნდები. სამწუხაროდ აღარ ვიცი, ვის ევალება ქუჩების კონტროლი უხვთოვლიანობის შემთხვევაში. თავიდან ”დასუფთავების” პრეროგატივა მეგონა და წინა პოსტში სულ მუქთახორები ვუძახე (დენზე მიბმის გამო). როგორც ”კომპეტენტური წყაროსგან” გავიგე, თოვლთან ბრძოლა არ ყოფილა მეეზოვეების საქმე (ბოდიში ბატონებო და ქალბატონებო), თურმე კეთილმოწყობის სამსახურს ევალება. ტელევიზიით კი კომენტარებს სულ ზემოხსენებული ”თბილსერვისჯგუფის” გენერალური დირექტორი იძლევა. არც იმ თორნიკეს ჯინი მჭირს და არც თქვენი, - მერიის მესვეურებო, მაგრამ პიარის გულისთვის მაინც აწიეთ ერთი ადგილი, დაიკავეთ ხელში ნიჩბები და გამოდით ქუჩაში.

კომერციულ სტრუქტურებს, რომ ავალებთ, პერიმეტრის მიხედვას, პირველ რიგში მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოაწესრიგეთ სიტუაცია და მაგალითი მიეცით სხვებს.

შეიძლება უგულავა არ დაათრევდა წყლის ვედროებს იმერეთის ერთ-ერთ ქალაქში, მაგრამ კარგად მახსოვს რომ ზოგიერთი მინისტრი აკეთებდა ამას... ყველამ ვიცით რომ პიარია, მაგრამ მაგალითია და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ბატონო უგულავა, თქვენ ჩემგან არ გესწავლებათ, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრი გაქვთ და სანამ კომერციულ სტრუქტურებს დაავალებთ რამეს, ჯობია საკუთარ სტრუქტურას მიხედოთ. იმიტომ, რომ როდესაც მაღაზიის მფლობელს თხოვ, ტროტუარი გაასუფთაოს და ამ დროს მისი თანამშრომლები მიწისქვეშა გადასასვლელიდან მესამე ცდაზე, ჯეელი ბიჭების დახმარებით ამოდიან, არ ხარ მაინცდამაინც მართალი...

შეიძლება ვცდები. კომენტარები გვიჩვენებს.

პ.ს. კომენტარებს რაც შეეხება. მადლობა ყველას ვინც არ დაიზარა და ჩემ ნაბუზღუნარს ყურადღება მიაქცია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ”ვბუზღუნებ” იმაზე, რაც არასწორად მიმაჩნია და არა იმიტომ, რომ ვინმეს ჯინი მჭირს.

ვიცი რომ ამ ქვეყანაში საბუზღუნო ისევ ბევრია და შეიძლება რამე თვალთახედვიდან გამომრჩეს. ამიტომ მომწერეთ მეილზე თქვენი თემები და მოხარული ვიქნები თუ თქვენს გასაჭირს ან გულისნადებს დღის სინათლეზე გამოვიტან. იქნებ რამეს ეშველოს კიდეც. მარილი ხომ დაიყარა :)

ჩემი მისამართია buzguna@palitra.ge