"რიტუალური გამარჯვებების ეპოქა დასრულდა, ეს ნამდვილი გამარჯვებაა!" - კვირის პალიტრა

"რიტუალური გამარჯვებების ეპოქა დასრულდა, ეს ნამდვილი გამარჯვებაა!"

საქართველო ბრიუსელში მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას ზეიმობს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება თავისუფლების მოედანზე საერთო-სახალხო ღონისძიებით აღინიშნა. ჩვენი ინტერვიუც დღევანდელი ქართული ჰიმნის ავტორთან, პოეტ დავით მაღრაძესთან­ მილოცვით და ამ მოვლენით დავიწყეთ.

- ვულოცავ ქართველ ხალხს, ხელისუფლებას, თითოეულ მოქალაქეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრებაში, მისი განვითარების გზაზე.­ ყველა ზეიმობს, ხალხმრავლობაა, სიხარული, დროშები გამოფინეს... ამდენი­ თაობა ისწრაფ­ოდა ევროპული ინტეგრაციის მისაღწევად და ჩვენს გენერაციას­ ერგო ამის პატივი­. იმედგაცრუებაც გადავლახეთ, ენთუზიაზმიც შევინარჩუნეთ და მხნეობაც. დაგვიფასდა, რომ არ ჩავიქნიეთ ხელი, ომშიც არ ჩავერთეთ, არც ცალ ფეხზე დავდექით, როგორც შევძელით, ღირსეულად წარმოვაჩინეთ ჩვენი­ ქვეყანა­, ეროვნული ინტერესები უმაღლეს საფეხურზე­ ავიყვანეთ და ამით უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი შევქმენით. პოლიტიკური ძალმოსილებით ჩვენი მასშტაბის ქვეყანა, როდესაც ნაციონალურ ინტერესებს ყველაფერზე მაღლა აყენებს, უმნიშვნელოვანეს პრეცედენტს ქმნის, რასაც არ არის მიჩვეული დღევანდელი პოლიტკონიუნქტურა და პოლიტიკური სამყარო. ამით არის კიდევ უფრო ძვირფასი დღევანდელი დღე...

ევროპასთან ჩვენი კავშირი და სულიერი­ ნათესაობა სიღრმეებიდან იწყება... როდ­ესაც მქონდა პატივი, ვატიკანში­ საზოგადოების წინაშე წარვმდგარიყავი სიტყვით, როდესაც ივერიის ღვთისმშობლის­ მოზაიკური სტელა დაიდგა ვატიკანის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მაშინ აღვ­ნიშნე, რომ ევროპული რენესანსი განაპირობა ანტიკური კულტურის, ანტიკური სამყაროს გონიერებამ და ქრისტიანულმა ზნეობრივი­ საფუძვლების სინთეზმა - ანუ ქრისტიანული მოძღვრებისა და ანტიკური რაციოს ჰარმონიაში გამოიძერწა ევროპული­ რენესანსი, რითაც ამაყობს კაცობრიობა... სამი საუკუნით ადრე გელათის აკადემიაც იგივე­ ჩანაფიქრი იყო. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის სიტყვებით­, "სხვად ათინად და მეორე იერუსალიმად" იყო ჩაფიქრებ­ული გელათი. აი, ეს ფორმულა დაედო საფუძვლად გელათს და ქართულ კულტურას, აზროვნების კატეგორიას, ქართულ მსოფლმხედველობას, ჩვენი კულტურის ხასიათს, განზრახვის სიდიადეს ქართულ კულტურაში. კულტურულ ქსოვილს იგივე განზრახვა დაედო საფუძვლად, რომელიც ჩვენთან მე-12 საუკუნეში "ვეფხისტყაოსნით"­ გვირგვინდება. ქართული კულტურის ოქროს ხანა ევროპაში ისეთ სივრცე­ებს­ აღწევს, რითაც გვეძვირფასება სამყარო და კაცობრიობის ისტორია­. ეს იყო ადრეული­ რენესანსი, მერე რენესანსი,­ გვიანი რენესანსი, კლასიციზმი, ბაროკო და ა.შ. ეს არის ნათესაობა ქართული კულტურისა და ევროპული მსოფლმხედველობისა... ეს მსოფლმხ­ედველობრივი კავშირი, სულიერი ნათესაობა გამოიხატა კულტურათა ნათესაობაში - ანუ ჩვენეული­ და ევროპის სამყაროს გააზრება მჭიდრო ნათესაობაშია... პოლიტიკური­ ბედუკუღმართობის გამო, ყოველთვის ერთნაირი ძალისხმევით ვერ ხერხდებოდა ეს ურთიერთობა­, მაგრამ სწრაფვა მუდმივად­ იყო, იმავე სულხან-საბას­ მოღვაწეობა, შემდეგ მე-19 საუკუნეში სოლომონ დოდაშვილი იყო ევროპეიზმის­ ერთ-ერთი მთავარი მქადაგე­ბელი. უკვე მოგვიანებით­ შემ­თ­­ხვევით არ ამბობს­ ილია ჭავჭავაძე,­ რომ ჩვენ დროშა­ დოდაშვილისგან­ გვე­რ­გო.­.. ამდ­ენი საუკუნე, ამდენი­ თაობა­ ისწრაფ­ოდა მეტი სიახ­ლო­ვისკენ­ ევროპასთან­ და აი, ჩვენს გენე­რაციას­ ხვდა პატივი წილად, რომ ეს დოკუმენტი შექმნილიყო, სადაც უკვე ორმხრივი სწრაფვა­ ჩანს. ეს გაზრდის დღევანდელი საზოგადოების ინტერესს ევროპისკენ სწრაფვის გზაზე. უამრავი სასარგებლო რაიმეს წამოღება შეიძლება­ მეტი სიახლოვის დროს ევროპასთან. პირველ ყოვლისა, ევროპამ რაც მოახერხა, თავისი­ სულიერი მწვერვა­ლები თარგმნა ყოფითი­ კულტურის ენაზე, რომელიც იგრძნობა უნივერსიტეტების აუდიტორიაშიც, სასამართლო დარბაზებშიც, კაფეებშიც, საპარიკმახეროებშიც...

odl6fcangvh3zpscjaaxxnkguq-1702812767.jpg

ვფიქრობ, ერეკლეს გადაწყვეტილებაც, ჩემი ღრმა რწმენით, ევროპის სასარგებ­ლოდ მიღებული გადაწყვეტილება იყო, ვინაიდან ჩვენ ვიყავით ჩაკეტილი იმ სამკუთხედში, რომელსაც ჰქვია ოსმალეთის, სპარსეთისა და რუსეთის იმპერიები.­ მიუხედავად სწრაფვისა ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავებისა, მაშინდელ ევროპას ჩვენთან მეტი სიახლოვისთვის არ ეცალა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი ოსმალეთის იმპერია დღეს ნატოს წევრია და თურქეთის სახით ევროკავშირის კანდიდატიც არის, მაშინ არც ოსმალეთის და არც სპარსეთის იმპერიებიდან ევროპა არ ჩანდა­. რუსეთის იმპერიიდან კი პეტრე პირველის მიერ უკვე გაჭრილი იყო ფანჯარა ევროპაში. ერეკლე 1720 წელს დაიბადა, 1724 წელს პეტერბურგში უკვე მეცნიერებათა აკადემია და სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტი არსებობდა, სადაც იწვევდნენ ევროპის საუკეთესო მოაზროვნეებს. ამას მხოლოდ იმიტომ ვამბობ, რომ ერეკლეს გადაწყვეტილება იყო ქრისტიანული კულტურის სასარგებლოდ მიღებული მაშინდელ მოცემულობაში. არ ვგულისხმობ აღმსარებლობით ნიუანსებს, არც დოგმებს ვეხები, უბრალოდ, კულტურული თვალსაზრისით დღეს ჩვენი ერთმორწმუნე­ და მოკავშირე არის ესპანეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, იტალია, ჩეხეთი, პოლონეთი, ავსტრია... ესენი არიან დღეს ჩვენი სულიერი მოკავშირეები.­ ეს სწრაფვა არ შენელებულა. როგორც კი საშუალება ეძლეოდათ ჩვენს ხელისუფალთ, ცდილობდნენ ევროპასთან კავშირების გაბმას, ხან წარმატებით, ხან წარუმატებლად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს იდეა მუდამ მიმზიდველი, მომხიბლავი და გადამწყვეტი იყო ქართველი საზოგადოებისთვის.

ისტორიულად ილიამდე მოვედით, მერე რაც მოხდა, ყველამ ვიცით... ბოლოდროინდელ ხელისუფლებებს რომ გადავხედოთ, ყველას რაღაცა წვლილი მიუძღვის ამ საქმეში, რომლის დიდი წილი იმაში, რაც დღეს სახალხო ზეიმის მიზეზი გახდა, დღევანდელი ხელისუფლების ანგარიშზეა.

- და მაინც ვისი დამსახურება იყო გადამწყვეტი?

- როდესაც ბოლშევიკების რევოლუციამ გაიმარჯვა­, მერე ათეისტური სახელმ­წ­იფო­ დამყარდა. ათეისტურ სახელმწიფოში­ ათეიზმი უკვე რელიგიად იქცა. რა თქმა უნდა, ცდილობდა ქართული­ სახელოვნებო სამყარო გადა­ერჩინა სულიერი საყრდენები,­ შეენარჩუნებინა და გაეგრძელებინა დიდი ტრადიცია, მაგრამ საპირისპირო­ იყო სახელმწიფოებრივი განზრახვა, რომელსაც ქრისტე ღმერთის მაგივრად ლენინის სახება­ ჰქონდა გამოტანილი. ამან შეაფერხა ჩვენი ურთიერთობა ევროპასთან. ეს ურთიერთობა არ იყო ცხოველი და თავისუფალი, ჩვენ არავინ მოგვცემდა უფლებას, დამოუკიდებლად გვქონოდა ურთიერთობა ევროპასთან, მაგრამ ესეც დასრულდა!

მე არავის არ მინდა არაფერი დავუკარგო, მე შევეცადე უფრო სულიერ ჭრილში განმეხილა ჩვენი სწრაფვა ევროპული ცივილიზაციისკენ. ევროპული მეინსტრიმი და ევროპული ცივილიზაცია ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა ანუ დასავლეთში მოარული თანამედროვე მოდური, ტრენდული ტენდენციები ხშირად, ჩემი აზრით, არ არის ანარეკლი, ექო ევროპული ცივილიზაციის, მაგრამ ევროპული ტრადიცია ისაა, რომ მუდამ პოულობს თავის წიაღში ძალას, რომ მისთვის არამისაღები, დროებითი, ხელოვნურად შექმნილი თუ მოდური ტენდენციები პოდიუმის ბილიკს გააყოლოს, მარადიული ღირებულებები გადაარჩინოს და წაიღოს მომავალში. გეოგრაფიულ ევროპაში კულტურული ევროპა გადარჩება და ამდენად უფრო მიმზიდველი ხდება ჩემთვის ეს თარიღი, რომელიც გამოიხატა ჩვენთვის სტატუსის მინიჭებაში.

- ოპოზიცია ამბობს, რომ ძალით მიაღებინეს ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსი. საერთოდაც, ამ საქმის დადებითად გადაწყვეტა სალომე ზურაბიშვილის დამსახურებააო.

- ამ შესანიშნავ დღეს, ნება მომეცით ეს აბსურდი უკომენტაროდ დავტოვო. ისე, ცნობისათვის და მეხსიერების გასავარჯი­შებლად: ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან; თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან; თავისუფალი უვიზო­ მიმოსვლა ევროკავშირთან; კანდიდატის სტატუსი - ამ ოთხივე დოკუმენტს პრემიერ ღარიბაშვილის ხელმოწერა აქვს.

- შეამცირებს ეს ფაქტი პოლარიზაციას?

- გააჩნია, რას ვგულისხმობთ პოლარიზაციაში. მე საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის პოლარიზაციას ვერ ვხედავ, არ იკითხება. მიუხედავად იმისა, რომ სოცქსელებში ლიბერალური ინკვიზიციის მორალური კოცონები ანთია, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ნების გამოხატულება.

მე მგონია, ხელოვნურად იყო შექმნილი­ პოლარიზაციის სურათი, გარედან იყო ნაკარნახევი, ხელშეწყობილიც. ვერ ვასახელებ საიდან იყო, არ ვიცი. ხან რუსული რუბლებით ფინანსდებოდა, ხან ამერიკული დოლარით და ვერ გაერკვევი ადამიანი,­ გარედან ხელშეწყობილი ხელოვნური პოლარიზაციის ეპიცენტრი სად არის. მაგრამ ეს შეიძლება ერთგვარი გამოცდაც იყო ჩვენი ხელისუფლებისა და საზოგადოებისაც... როცა დარწმუნდნენ, რომ შეუძლია ქართველ საზოგადოებას, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას უმაღლეს საფეხურზე ნაციონალური ინტერესები დააყენოს, რომ მკაფიოდ დააყენოს საკითხი, როგორც დაუყენა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონ ბორელს, - ან თქვენ მიიღებთ რუსეთის სასარგებლო გადაწყვეტილებას, ან სამართლიან გადაწყვეტილებას, სასარგებლოს ევროპისთვისაც და საქართველოსთვისაცო - ამ ყველაფერმა განაპირობა ეს სამართლიანი­ გადაწყვეტილებაა! წინა გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, უსამართლო იყო, როდესაც უკრაინასა და მოლდოვას მისცეს კანდიდატის სტატუსი და ჩვენ კი არა. ჩვენ წინ ვიყავით, როგორც თვითონვე ადასტურებდნენ, და გადაწყვეტილება ალოგიკური იყო...

შემდეგ პროცესს დააკვირდნენ, რამდენად ახორციელებს ხელისუფლება ხელისუ­ფლებას, როგორი ნება აქვს საქართველოს მოსახლეობას... ამასობაში უკრაინი­დან გადმოტყორცნი­ლმა თავზე არაჟანმო­სხმულმა ექსპრეზიდე­ნ­ტის ფაქტორმა სრულიად დაკარგა აქტუალურობა... დაინახა­ ევრობიუროკრატიამ, რომ აქ ნაციონალურ ინტერესებზე მაღლა ვერაფერი დადგება და მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზეც ვისაუბროთ, წინ 2024 წლის არჩევნებია და, ალბათ, უსიამოვნო სიურპრიზებს მოგვიწყობს...

- არ მინდა დღევანდელი დღე ეჭვებით­ დავამძიმო, მაგრამ, რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს. ეიფორია არ უნდა დაგვე­უფლოს. ეს არის დიდი გამარჯვება,­ მაგრამ ხვალინდელი დღე ისევ მუხლჩაუხრელ შრომას, გაფაციცებულ ყურად­ღებას, საფრთხეების არიდებას მოითხოვს, ვინაიდან არც რუსეთი და არც ერთი სხვა ქვეყანა არსად მიდის.

ჩვენ გვაქვს უკრაინის მაგალითი, საფრთხეების თვალსაზრისით ვამბობ. მნიშვნელოვანია დასავლეთის უკრაინისთვის დახმარება, მაგრამ იმასაც შეგვიძლია დავაკვი­რდეთ, სად გავა დახმარების ზღვარი, რათა იმაზე მეტი ილუზია არ გაგვიჩნდეს, ვიდრე რეალობა გვკარნახობს. თუმცა ჩვენი ვითარება განსხვავებულია უკრაინისგან, ის ომშია, მაგრამ მაინც დამაფიქრებელია... პოლიტიკას უნდა კეთება და არაჩვეულებრივი სიბრძნე. სიბრძნის­ დარგია პოლიტიკა. შაირობა ხომ არის სიბრძნის დარგი, პოლიტიკაც სიბრძნის დარგია, რომელიც ემოციებით არ კეთდება. ჩვენ ემოციე­ბით ძალიან ბევრი წელი ვიარეთ, ბევრჯერ დავამარცხეთ რუსეთი, ოღონდ რუსთაველზე, სხვაგან ვერსად. რუსთაველზე ვიგემეთ არაერთხელ რუსეთზე გამარჯვება. ასე გაჩნდნენ რუსთაველის პროსპექტის მაკედონელები და ნაპოლეონები. რუსთაველის პროსპექტზე ვამარცხებდით რუსეთის იმპერიას დღეში სამჯერ, პარალელურად ვკარგავდით სოხუმს, ოჩამჩირეს, კოდორს, ცხინვალს. დავკარგეთ არა სამუდამოდ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს არ ვრცელდება იქ ჩვენი ძალა­უფლება. ამ ფონზე ვზეიმობდით ჩვენს წარმატებებს ფრონტზეც და საზოგადოდ, პოლიტიკურ ასპარეზზეც. რიტუალური გამარჯვებების ეპოქა დასრულდა, ეს ნამდვილი გამარჯვებაა და არა ვირტუალური. ერთხელ და სამუდამოდ არაფერი ხდება­ არც პოლიტიკაში, არც წუთისოფელში. ერთხელ და სამუდამოდ სიკეთე ვერ იმარჯვებს ბოროტებაზე, თორემ ერთხელ გაიმარჯვებდა და მას შემდეგ აღარ იარსებებდა ბოროტება. ჩვენი სამეზობლო არ გამოირჩევა საერთაშორისო ნორმების განუხრელი ერთგულებით. ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან არათუ უნდა შევინარჩუნოთ ურთიერთობა, არამედ უნდა გავამძაფროთ, რათა ყოველი მოსალოდნელი საფრთხე ამ გზაზე ავირიდოთ.

წინ დიდი გზაა. სახელმწიფოებრივ მოღვაწეობას ყოველდღე სჭირდება საფრთხის გათვალისწინება, ზრუნვა, უნდა განვაგრძოთ ცხოვრება უფრო მეტი სიბრძნით და უფრო მეტი სიფრთხილით.