ახალი წელი ფეიერვერკის გარეშე?
„საქართველოში არის რეგულაციები, თუმცა მხოლოდ ფურცელზე და ისეა შედგენილი, რომ ვერასდროს აღსრულდება“
გასულ კვირას ქობულეთის მუნიციპალიტეტში პიროტექნიკის აფეთქების გამო მოზარდი დაშავდა. მისი ნასროლი ასაფეთქებელი ბენზინის ავზში ჩავარდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. დაშავებული ქობულეთის კლინიკაში მოათავსეს, მოგვიანებით კი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია. ამ ფაქტს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი გამოეხმაურა და "ოცნებას" მის მიერ 9 თვის წინ ინიცირებული კანონი შეახსენა. 2023 წლის 28 მარტს ანა ნაცვლიშვილმა და არმაზ ახვლედიანმა პარლამენტში პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დააინიცირეს, რომლის მიხედვით, უნდა აიკრძალოს პიროტექნიკის შემოტანა, ფლობა და რეალიზაცია.
- ჩვენი კანონპროექტი გულისხმობს პიროტექნიკის კლასიფიკაციასა და მისი საშიში სახეობების გამოყენების აკრძალვას. პიროტექნიკა, რომელიც დახურულ სივრცეში ერთი მეტრის რადიუსში არ მოიცავს რისკებს, კლასიფიცირებულია როგორც არასაშიში. ჩვენ ევროკავშირის დირექტივითა და მაგალითით ვიხელმძღვანელეთ, იქაც ე.წ. F1-ით კლასიფიცირებული პიროტექნიკაა ნებადართული დახურულ სივრცეში. ეს არის პატარა მაშხალები და შუშხუნები. დანარჩენი, F2, F3 და F4 სახეობის პიროტექნიკა, რომელსაც ახლა იყენებენ განსაკუთრებით წინასაახალწლო დღეებში, სახიფათოა და მათი გამოყენება აიკრძალება. გამონაკლისი იქნება საერთო-ეროვნული მნიშვნელობის ღონისძიება, სადაც დასაშვები იქნება მთავრობის მიერ ერთჯერადად დადგენილებით ნების დართვა, შესაბამისად, რისკიც მინიმალური იქნება.
- თუ არის კანონპროექტით გათვალისწინებული კონკრეტული ღონისძიებები, რა დროსაც მთავრობას ფეიერვერკის მოწყობის საშუალება ექნება?
- თუ ჩაითვლება, რომ ეს არის ეროვნული მნიშვნელობის ღონისძიება, მაშინ კი, თუ არადა, არა. ნებისმიერი ახალი წელი შეიძლება ასეთად არ ჩაითვალოს. ჩვენ უფრო გავთვალეთ, მაგალითად, 26 მაისის ან მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების აღნიშვნა, თუ საქართველოში ჩატარდება რეგიონული ან მსოფლიო ჩემპიონატი.
- პიროტექნიკის გამოყენების გარკვეული აკრძალვები ახლაც არის, თუმცა თქვენ სრულად აკრძალვა გსურთ, რატომ?
- საქართველოში არის რეგულაციები, თუმცა მხოლოდ ფურცელზე. ბევრი გვეკითხება, რატომ გსურთ პიროტექნიკის გამოყენების სრული აკრძალვაო. იმიტომ, რომ ის რეგულაციები არ მუშაობს. მაგალითად, არასრულწლოვნებისთვის პიროტექნიკის მიყიდვა აკრძალულია. ყოველწლიურად ბავშვების დაშავების უამრავი შემთხვევაა. ფურცელზე კი წერია, რომ მიყიდვა აკრძალულია, მაგრამ ეს ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ბავშვის ხელში არ მოხვდეს პიროტექნიკა.
კანონის მიხედვით, ახალი წლის გარდა, ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენება აკრძალულია, მაგრამ რამდენი დაბადების დღე იცით, როდესაც ღამითაც იყენებენ. რეგულაციები ისეა შედგენილი, რომ ვერასდროს აღსრულდება. განსხვავებით ცეცხლსასროლი იარაღისგან, რომელსაც საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური ნომერი აქვს, და გასროლილი ტყვიის მიხედვით შეგიძლია დაადგინო, ვინ ისროლა. ვერასდროს დაადგენ კორპუსის რომელი აივნიდან ისროლეს პიროტექნიკის რომელიმე სახეობა, თუ ჩასაფრებული არა ხარ და წინასწარ არ იცი, რომ იქიდან უნდა ისროლონ. შესაბამისად, სამართლებრივი ოქმი ვერ შედგება. თუ არ აიკრძალება შემოტანა და რეალიზაცია, მუდმივად ვიქნებით ამ პრობლემის წინაშე.
ჩვენთან პიროტექნიკა არ შემოდის ევროპული სახელმწიფოებიდან, იქ კი ხარისხიანს იყენებენ. ძალიან მკაცრად კონტროლდება შენახვის წესებიც. ჩვენთან ასეთი სისტემა არ არის. იმ პიროტექნიკის ნაწილის, რომლის რეალიზებასაც წლიდან წლამდე ვერ ახერხებენ, დასაწყობების პირობებს არავინ ამოწმებს. შარშან, იანვარში 87 კაცი დაშავდა. ეს, რაც ოფიციალურად არის აღრიცხული. აქედან 41 კაცს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. უმეტესად ბავშვები არიან დაშავებული. შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ ეს ლამაზია, მაგრამ ეს რეალურ საფრთხეს შეიცავს, საშინლად აბინძურებს გარემოს, აზიანებს ცხოველებს, ჩიტებს. პიროტექნიკის ბათქაბუთქი ძალიან სტრესულია ჩვილებისთვისაც. არის ქვეყნები, სადაც სრულად აკრძალულია პიროტექნიკის გამოყენება, არის ქვეყნები, სადაც დაშვებულია, თუმცა მკაცრად კონტროლდება რეალიზება, შენახვის პირობები, ვადები. მაგალითად, აშშ-ში ორ კატეგორიად იყოფა: სამომხმარებლო, მცირე ზომის აალებადი და პროფესიული, დიდი ზომის, ფეთქებადი. ნორმები შესაბამისი შტატის კოდექსშია გაწერილი. მაგალითად, მასაჩუსეტში საერთოდ აკრძალულია კერძო პირების მიერ ფლობა, გაყიდვა და გამოყენება კანონით ისჯება. ილინოისში მხოლოდ შუშხუნებია დაშვებული.
- ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართული ოცნება" თქვენს პოზიციას იზიარებს, თუმცა "ლელოს" კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ და საკუთარს დააინიცირებენ.
- მარტში, როცა დავაინიცირეთ კანონპროექტი, გაიმართა ორი სამუშაო შეხვედრა. "ქართულმა ოცნებამ" ვერანაირი არგუმენტი ვერ მოიყვანა და ვერ გააბათილა ჩვენი არგუმენტები. გვეუბნებოდნენ, დიახ, საჭიროებას ვხედავთ, მაგრამ ფაქტია, მოდის ახალი წელი და არაფერი გაკეთებულა. ჩვენ გამიზნულად დავიჭირეთ თადარიგი, რომ გონივრული დრო ჰქონოდა პარლამენტს, გვემსჯელა და შევთანხმებულიყავით საუკეთესო გამოსავალზე. 9 თვე გაწელეს ეს პროცესი და ბოლოს გვითხრეს, არ მივიღებთო. ეს კანონპროექტი ყველას გვჭირდება. კობახიძის განცხადება მხოლოდ ცარიელი სიტყვებია და მეტი არაფერი. თუმცა, თუ შეიმუშავებენ კანონს, ძალიან კარგი, ჩვენთვის მთავარია, საკითხი გადაწყდეს.
სოფო კაჭარავა