როგორ შევარჩიოთ სათამაშო - კვირის პალიტრა

როგორ შევარჩიოთ სათამაშო

"სათამაშოზე არავინ დაგიწერთ, რომ მავნე ნივთიერებას შეიცავს, ისევე როგორც სურსათზე არავინ დაწერს, რომ მიკრობიოლოგიურად არის დაბინძურებული. შეიცავს თუ არა ამა თუ იმ ნივთიერებას, ამით ვერ შევაფასებთ სათამაშოების უვნებლობას, რადგან ბევრი ნივთიერება დაშვებულია, ზოგიც აკრძალული ან განსაზღვრული დოზით დაშვებული. ამის ექსპერტიზას ჩვეულებრივი მყიდველი ვერ ჩაატარებს, ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ"

ახალი წლის მოახლოებისას ყველა მშობელი ცდილობს სათამაშოებით გაანებივროს თავისი პატარა. ახლახან ცნობილი გახდა, რომ "ზედამხედველობის სააგენტომ" ბაზარზე სარეალიზაციოდ განთავსებული 127 დასახელების სათამაშო შეამოწმა და გამოსცა დადგენილება, რომ მათგან 53 დასახელების ბაზრიდან იქნეს ამოღებული, 10 - გამოთხოვილი, ხოლო 3 სათამაშოზე ეკონომიკურ ოპერატორებს შეუჩერდათ რეალიზაციის უფლება. რა რჩევები შეიძლება გაითვალისწინოს მშობელმა სათამაშოს შერჩევის წინ, ამ თემაზე სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელს ვახტანგ კობალაძეს ვესაუბრეთ:

- საქართველოში სახელმწიფო კონტროლი სათამაშოების უსაფრთხოებაზე­ 2021 წლიდან დაიწყო. სათამაშოებს ამო­წმებენ­ საზღვარზევე. ყველა პარტიას­ უნდა ახლდეს დოკუმენტაცია, რომელიც­ ამ მოდელის უვნებლობის დამადასტურებელი იქნება, თუ არ ახლავს, უკან გააბრუნებენ ან დოკუმენტაციის მოწოდებამდე შეყოვნდება საზღვარზე. საქართველოშიც არის დოკუმენტური კონტროლი და ნიმუშების ინსპექტირება, ექსპერტიზა, ლაბორატორიული შემოწმება, ოღონდ მცირე მასშტაბით. გამოქვეყნებული შედეგები ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს კვლევების 9 თვის ანგარიშია.

- 9 თვისთვის 127 ნიმუში ძალიან ცოტაა.

- რა თქმა უნდა, ეს რაოდენობა საქართველოსთვის მცირეა. მიუხედავად ამისა, ნახევარზე მეტი ბავშვისთვის საფრთხის შემცველი რომ იყო, საგანგაშოა.

- რა იგულისხმება "საფრთხის შემცველობაში"?

- ბავშვს უხარისხო სათამაშოს გამოყენებისას მრავალი საფრთხე შეიძლება დაემუქროს, მექანიკური, ფიზიკური, ქიმიური, დენის დარტყმის, აალების საფრთხე...

ჩვენი კვლევების მიხედვით, მთავარია­ გაგუდვის ანუ ფიზიკური საფრთხე, რო­­დესაც მცირეწლოვანისთვის განკუთვნილ სათამაშოს პატარა ნაწილები სძვრება. ბავშვი, რომელიც ამ ასაკში ყველაფერს პირში იდებს, ჩაიდებს ამ სათამაშოებსაც და შეიძლება გაიგუდოს. ეს მსოფლიოში გავრცელებული საფრთხეა და მეტწილად სწორედ ასეთი ტიპის სათამაშოები აღმოვაჩინეთ.

- გარდა ამისა, აღმოჩენილ იქნა ქიმიური საფრთხეები, უმეტესად ბორის გადამეტებული შემცველობა ე.წ. ტყლარწებში.

- ჩვენთან რეგლამენტირებულია მხოლოდ მცირე ჩამონათვალი ქიმიური საფრთხეებისა. სათამაშოების აბსოლუტური უმეტესობა რეგლამენტირებული არც არის.

- გამოდის, კანონიც ვერ გვიცავს. შეიძლება რომელიმე სათამაშოს პარტია სადღაც დაიწუნონ იქ მოქმედი კანონების თანახმად და ის საქონელი ჩვენთან შემოვიდეს?

- დიახ და ეს არ იქნება კანონდარღვევა. ასეთია, მაგალითად, ნივთიერება ფტალატები, რომელიც ჩვენ 2016-17 წლებში აღმოვაჩინეთ 44-დან 21 სათამაშოში. ფტალატები ფართოდ გამოიყენება პლასტმასის დამარბილებლად და იწვევს რეპროდუქციული ფუნქციების დაქვეითებას. ჩვენთან კი ეს არ არის შეზღუდული.

- ყველამ დაიმახსოვრა, რომ ტყვიის შემცველობა ერთ-ერთი პრობლემაა.

- კი ბატონო, თუმცა ტყვიის შემცველობა ჩვენთან რეგლამენტირებულია, მაგრამ, მცირე რაოდენობა მოწმდება.

- როდესაც საკვებ პროდუქტზე ვსაუბრობთ, ხშირად გვეუბნებით ხოლმე, წაიკითხეთ­ ეტიკეტი, პროდუქტზე ბევრ ინფორმაციას მიიღებთ. სათამაშოებში როგორაა?

- სათამაშოზე არავინ დაგიწერთ, რომ მავნე ნივთიერებას შეიცავს, ისევე როგორც სურსათზე არავინ დაწერს, რომ მიკრობიოლოგიურად არის დაბინძურებული. შეიცავს თუ არა ამა თუ იმ ნივთიერებას, ამით ვერ შევაფასებთ სათამაშოების უვნებლობას, რადგან ბევრი ნივთიერება დაშვებულია, ზოგიც აკრძალული ან განსაზღვრული დოზით დაშვებული. ამის ექსპერტიზას ჩვეულებრივი მყიდველი ვერ ჩაატარებს, ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, შესაბამისი კომპეტენციის სტრუქტურამ.

- პრობლემაა მეორადი სათამაშოებიც.

- მეორადი სათამაშოების გაყიდვა ჩვენთან შერბილებული რეჟიმით ხდება. იმიტომ, რომ იდენტიფიცირება ან იმის გარკვევა, თუ ვინაა მწარმოებელი და ა.შ., უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია.

- სათამაშოს შერჩევისთვის როგორი იქნება­ თქვენი რეკომენდაცია?

- გარანტირებულად რომ ვთქვა, ასე მოიქეცით და უსაფრთხო სათამაშოს შეიძენთ-მეთქი, არ იქნება სწორი, მაგრამ შეგვიძლია ზოგიერთი რამ გავითვალისწინოთ. მაგალითად, არ უნდა შევიძინოთ სათამაშო, რომელსაც აქვს სპეციფიკური მკვეთრი სუნი, რომელსაც ადვილად სძვრება საღებავი. მოვარიდოთ ბავშვს ისეთი სათამაშოები, რომელსაც პატარ-პატარა ნაწილები მოჰყვება. ასეთმა სათამაშომ შეიძლება ბავშვს კანი დაუზიანოს. უნდა მივაქციოთ ყურადღება, რა ასაკი აწერია სათამაშოს. თუ აწერია, რომ ის განკუთვნილია რომელიღაც ასაკს ზემოთ ბავშვებისთვის, ესე იგი, მცირეწლოვანს უნდა მოვარიდოთ.

- ფასით რომ ვიხელმძღვანელოთ, ვერ მივიღებთ შედეგს?

- ვერა. საფრთხის შემცველი სათამაშოების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ჩვენთანაც და ევროკავშირის მაკონტროლებელი გვერდის საიტზეც. შესაძლოა იგივე­ არ შემოვიდეს ჩვენთან, რაც ევროკავშირის ბაზარზე, თუმცა იქ განთავსებული საფრთხეების შესახებ ინფორმაციას მივადევნებთ თვალს, უფრო ადეკვატური წარმოდგენა შეგვექმნება, რაც დაგვეხმარება სათამაშოების შერჩევაში. თუმცა, ესეც არ არის 100%-იანი გარანტია იმისა, რომ ყოველთვის შევძლებთ თავის დაზღვევას. ამას სახელმწიფოს მაკონტროლებელი ორგანოების კვლევები სჭირდება.