შაშკინ ბიძია, კოლეგებს უთხარი - მოგბაძონ... - კვირის პალიტრა

შაშკინ ბიძია, კოლეგებს უთხარი - მოგბაძონ...

ამ თებერვალში ბავშვებმა ორმაგად გაიხარეს. ჯერ იყო და ”მოულოდნელად დიდი თოვლი” მოვიდა და მერე კიდე ძია შაშკინმა იჯიგრა, - დაუგეგმავი არდადეგები გამოაცხადა. რატომ იყო ეს თოვლი მოულოდნელი არ ვიცი, მაგრამ ეს შაშკინს არ ეხება და სხვა სტრუქტურებზეა ლაპარაკი. რაც შეეხება განათლების სამისნისტროს. ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. გუშინდელთან შედარებით გზებზე მანქანებმაც (მაშასადამე სახიფათო და ავარიულმა სიტუაციაბმაც) იკლო და კანტიკუნტად მოჩაქჩაქე საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადგილებმაც იმატა.

მაგრამ ჩემი საქმე ქება-დიდება არ არის, - პოსტი ხომ საბუზღუნო უნდა იყოს და ამიტომ ჩემ საქმეს მივხედავ... ახლა მინდა მცირეწლოვანი ბავშვების დასაქმებული მშობლების სატკივარი გაგანდოთ.

მაინტერესებს რა უნდა ქნას იმ მშობელმა, რომელიც ექსპრომტად მოწყობილი არდადეგებისთვის მზად არ იყო, საკუთარი სამუშაო გრაფიკი სასწავლო დაწესებულების განრიგთან აქვს შეთანხმებული და ბაღიდან ან სკოლიდან გამოშვებული ბავშვის შინ მომვლელ მპატრონებელი არ ჰყავს? ეჭვი არ მეპარება, რომ სრულიად მთავრობას და მოსახლეობის ნაწილს იმის შესაძლებლობა აქვს, რომ საკუთარ შთამომავლობას ძიძები აუყვანონ და შინ დარჩენილებს საპატრონოდ ვინმე დაუტოვონ. საბედნიეროდ მეც ასეთების რიგში ვარ, მაგრამ ჩემი თანამშრომლების მესამედს სწორედ მცირეწლოვანი ბავშვების ვინმესთან დატოვების პრობლემა დაუდგა. რაც ნაკლებია მუშაკის ხელფასი მით უფრო მწვავეა ზემოხსენებული პრობლემა...

რა თქმა უნდა მთავრობა ყველას ძიძას ვერ დაუქირავებს, მაგრამ ხომ შეიძლება, თუ ფორს მაჟორია არამარტო სკოლები გაჩერდეს? მაგალითად თუნდაც სახელმწიფო სამსახურებსაც მისცენ დასვენების დღეები... ძალიან გთხოვთ, ეხლა ეკონომიკურ ფორმულებს ნუ მომიყვანთ და შეჩერებული სამუშაოებით გამოწვეულ ზარალს ნუ დამითვლით. სარკოზის ჩამოსვლის გამო დანიშნული უქმეები თუ შეიძლება, მაშინ გლობალური კლიმატური პრობლემის გამო უქმეების გამოცხადებაც არ არის პრობლემა.

ამიტომ ბატონო შაშკინ, კენედის მკვლელობის საკუთარ თავზე აღებას თავი დაანებე და იქნება მიაწვდინო ხმა მთავრობის სხდომაზე, ვისაც ეს ეხება. იქნებ საერთო გეგმა შემუშავდეს და ფორსმაჟორულ სიტუაციებში ქმედებები გაიწეროს.

როგორც ვიცი ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არსებობს სქემები, რომლების მიხედვითაც ქვეყნის, ქალაქის თუ სხვა ადგილობრივი მთავრობები მუშაობენ. ამ სქემების და გაწერილი გეგმების მიხედვით ყველა სტრუქტურა სინქრონულად მუშაობს. არ არის საჭირო რომელიმე მინისტრის, გუბერნატორის ან მერის კეთილი ნება. წესდებაში წერია, რომ ამა და ამ შემთხვევაში ესა და ეს ქმედებები ხორციელდება. ყველა ასრულებს ინსტრუქციას და არც ქაოსი იქმნება და არც იმის თქმა მოგვიწევს დღის 11-12 საათზე (მესამე-მეოთხე გაკვეთილის დროს), ვინც მოვიდა სკოლაში ხომ კარგი, ვინც არა და მაინც არ ჩავუთვლით გაცდენადო... სკოლიდან ნაადრევად გამოცვენილი ბავშვებიც არ ირბენენ უყურადღებოდ აღვირახსნილ ველურ გუნდებად, თქვენც მეტი დრო დაგრჩებათ უშუალო საქმინაობისთვის და მოსახლეობაც ადვილად მოძებნის გამოსავალს...

შეიძლება ვცდები. კომენტარები გვიჩვენებს.

პ.ს. კომენტარებს რაც შეეხება. მადლობა ყველას ვინც არ დაიზარა და ჩემ ნაბუზღუნარს ყურადღება მიაქცია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ”ვბუზღუნებ” იმაზე, რაც არასწორად მიმაჩნია და არა იმიტომ, რომ ვინმეს ჯინი მჭირს.

ვიცი რომ ამ ქვეყანაში საბუზღუნო ისევ ბევრია და შეიძლება რამე თვალთახედვიდან გამომრჩეს. ამიტომ მომწერეთ მეილზე თქვენი თემები და მოხარული ვიქნები თუ თქვენს გასაჭირს ან გულისნადებს დღის სინათლეზე გამოვიტან. იქნებ რამეს ეშველოს კიდეც.

ჩემი მისამართია buzguna@palitra.ge