"დაუჯერებელი პეიზაჟები და მსოფლიოს უდიდესი მწვერვალები - თითქოს ზღაპრის ფურცლებიდან რეალობაში გადმოტანილ სამყაროს ჰგავდა" - სიყვარული, ევერესტი და ლამაზი თავგადასავალი...
„ევერესტის პირველ ბაზაზე ასვლის იდეა სათავეს ჩემი მეგობრის, ლიეტუველი ევალდასის ოცნებიდან იღებს. სწორედ ევალდას მიკოლიუნასი, რომელსაც ძალიან უნდოდა ქართული სახელი ჰქონოდა და ამიტომ ვალიკო დავარქვი, დგას ყველა ამ ლამაზი და შთამბეჭავი კადრის უკან“
წლებია, ერთმანეთს არ შევხვედრივართ, არადა, ასე 20-25 წლის წინ ლამის მისი ოჯახის წევრი ვიყავი. ყოველთვის გამოირჩეოდა გონიერებით, ოღონდ ძალიან მორიდებული და სიტყვაძუნწი იყო, თუმცა უსიტყვოდაც ვგრძნობდი, რა დიდი სიყვარული შეეძლო. ვიცოდი, რომ საინტერესოდ იცხოვრებდა და რაღაცით აუცილებლად გამოიჩენდა თავს. ისეთი მშობლების გაზრდილი იყო, უფრო სამეცნიერო გზას "ვუწინასწარმეტყველებდი", მაგრამ გავოგნდი, როდესაც სოციალურ ქსელში მისი მოგზაურობების ჩანაწერებსა და ფოტოებს გადავაწყდი. მაოცებდა, ეს კაფანდარა გოგონა უზარმაზარი ზურგჩანთით რა თამამად მიუყვებოდა ურთულეს მთებსა და მწვერვალებს. თამთა კირვალიძე დღეს უკვე 39 წლის წლის არის და... ახლახან ევერესტის 5320 მეტრი სიმაღლე დასძლია, ცნობილ ქვაზე საქართველოს დროშაც ააფრიალა, სადაც ევერესტის სხვადასხვა ეროვნების "დამპყრობები" ტრადიციულად აფრიალებენ საკუთარი ქვეყნების დროშებს. ევერესტის დალაშქვრის ამბების მოსასმენად თამთას შინ ვესტუმრე...
- მოგზაურობა 10 წლის წინ დავიწყე და ისე გამიტაცა, ყოველი უქმე დღე დაგეგმილი მაქვს, მსურს, რაც შეიძლება ბევრი ვნახო, შევიგრძნო და შევიმეცნო. ამით სულიერ სიმშვიდეს და ჰარმონიას ვგრძნობ, თავს მართლაც სამყაროს ნაწილად აღვიქვამ და უკიდეგანოდ ბედნიერი ვარ. ყოველთვის ვცდილობ რაღაც განსხვავებული, ჩემთვის განსაკუთრებული ვიპოვო თითოეულ ქვეყანაში და ჩემშიც. ამიტომ ევერესტის პირველი ბაზა და მასთან მისასვლელი თითოეული მონაკვეთი ჩემი თავის საუკეთესო გამოცდა და გაცნობის საუკეთესო საშუალება იყო, თანაც, წელს ბლოგის წერაც წამოვიწყე. მინდა ჩემი განცდები, გამოცდილება, საკუთარი თვალით დანახული სამყარო სხვებსაც გავაცნო, მოგზაურობის ჟინიც გადამდები გავხადო და რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ავიყოლიო.
ევერესტის პირველ ბაზაზე ასვლის იდეა სათავეს ჩემი მეგობრის, ლიეტუველი ევალდასის ოცნებიდან იღებს. სწორედ ევალდას მიკოლიუნასი, რომელსაც ძალიან უნდოდა ქართული სახელი ჰქონოდა და ამიტომ ვალიკო დავარქვი, დგას ყველა იმ ლამაზი და შთამბეჭავი კადრის უკან, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში გიზიარებთ.
ვალიკოს თითქმის 4 წლის წინ შევხვდი, როდესაც თავისი ველოტურით (ლიეტუვა-ტაილანდი) საქართველოში ჩამოვიდა, თუმცა მისი სტუმრობა 3 წელზე დიდხანს გაგრძელდა, ცოტა ჩემი და უფრო მეტად "კოვიდის" გამო. საერთო ინტერესიც ბევრი გვქონდა: ორივეს უსაზღვროდ გვიყვარს მოგზაურობა და ბოლო წლების განმავლობაში ერთად მოვიარეთ საქართველოს მთა და ბარი. საზღვრებსაც გავცდით - ვნახეთ ირანი, ომანი, იორდანია და ჩვენი, ორივეს საოცნებო ისლანდია.
პანდემიის დასრულების შემდეგ კი, როდესაც ქვეყნებმა საზღვრები გახსნეს, დადგა დრო, ამ მიზანდასახულ და სიცოცხლისმოყვარე ადამიანს დაპაუზებული ტური გაეგრძელებინა - ცხოვრების ეს ფურცელი, რასაც ველოსიპედით ლიეტუვიდან ტაილანდამდე მოგზაურობა ჰქვია, დაეხურა, შემდეგ კი ისევ საქართველოში დაბრუნებულიყო. რადგან განშორება ხანგრძლივი გამოგვდიოდა, შევთანხმდით, რომ მისი მოგზაურობის პერიოდში კონკრეტულ ადგილას ერთმანეთს ორჯერ შევხვდებოდით და ჩვენი პირველი შეხვედრის ადგილად ნეპალი შევარჩიეთ. მიზნად ევერესტის პირველი ბაზა და ზღვის დონიდან 5364 მეტრი დავისახეთ - ჯადოსნური სამყარო, სადაც ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მოვხვდებოდი და ამ სიმაღლეზე 13-დღიან ლაშქრობას გავუმკლავდებოდი.
- რამდენი გაემგზავრეთ ევერესტის დასალაშქრად?
- გიდის გარდა სამნი ვიყავით: მე, ვალიკო და შოტლანდიელი ქალი, მიშელ მაკკეიგი. ევერესტის პირველი ბაზიდან გზა უკვე ევერესტის მწვერვალისკენ მიემართება, სადაც სპეციალური ნებართვა, აღჭურვილობა და ფიზიკური მომზადებაა საჭირო. ეს ურთულესი გზა 11 ქართველ მთამსვლელს აქვს წარმატებით გავლილი, მაგრამ მათ შორის ქალი არც ერთი არ ყოფილა, თუმცა ევერესტის რეგიონის ერთ-ერთ ულამაზეს მწვერვალზე - ამა-დაბლამზე, ზღვის დონიდან 6852 მეტრზე, ლაშქრობის შემდეგ ქართველ სოფიო თვარაძეს მიენიჭა წოდება პირველი ქართველი ალპინისტი ქალის, რომელმაც ჰიმალაის მასივები დალაშქრა.
- გვიამბე ხიფათითა და განსაცდელით სავსე 13-დღიანი მოგზაურობის ამბავი.
- კატმანდუ ძალიან განსხვავდებოდა იმ ადგილებისგან, სადაც აქამდე ვყოფილვარ. ამ ქალაქში თანაბრად სუფევს ქაოსი და სიმშვიდე. თითქოს ეს ორი რამ ურთიერთგამომრიცხავია, მაგრამ ზუსტად ეს ნაზავი ქმნიდა იქაურობას წარმოუდგენლად შთამბეჭდავს. აეროპორტიდან ლუკლას მიმართულებით ფრენა დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა. იქ მხოლოდ პატარა თვითმფრინავით ან ვერტმფრენით შეიძლება მოხვედრა. დასაფრენი ბილიკი იმდენად მოკლეა, რომ ყველა თვითმფრინავი ვერ დაჯდება, ამიტომაც თენზინგ-ჰილარის აეროპორტს მსოფლიოში ყველაზე სახიფათო აეროპორტების სიაში საპატიო ადგილი უკავია. ევერესტის პირველი ბაზიდან ლაშქრობას 12 დღე სჭირდებოდა, 9 აღმასვლას და 3 - უკან დაბრუნებას. ევერესტისკენ გზა სოფლებს მიუყვება და ღამეც სოფლებში, "ჩაის სახლებში" უნდა გაგვეთია. პირველი გაჩერება სოფელი ფაკინგი იყო, სადაც გამოუძინებლობის გამო ისეთი დაღლილები მივედით, რომ ლანჩის შემდეგ 5 საათს მეძინა. მეორე დღეს კი უკვე 7-საათიანი ლაშქრობა და ზღვის დონიდან 3440 მეტრი გველოდა. გზა გრძელი იყო, თუმცა ულამაზესი. ბოლო გაჩერება ძალიან ხმაურიანი სოფელი ნამჩე-ბაზარი იყო. ბილიკი წიწვოვანი ტყის გავლით, სოფელ-სოფელ მიუყვებოდა ჰილარის ხიდისკენ, რომელიც ნეპალში ყველაზე მაღალი დაკიდული ხიდია და მისი სიმაღლე 135 მეტრს შეადგენს. ხიდის შემდეგ უფრო ციცაბო აღმართი დაიწყო. გზაში ზურგჩანთაც ისე მძიმდებოდა, რომ ყოველ ნაბიჯზე ვფიქრობდი, ნეტავ ეს ზედა ჩასაცმელი ან შარვალი არ წამომეღო-მეთქი, მაგრამ ვიცოდი, 2 დღეში ტემპერატურა დაიწევდა და, რაც მქონდა, ყველაფრის ჩაცმა მომიწევდა. საღამოს სოფლის დათვალიერება და იქაური ქუდის ყიდვა გადავწყვიტე, გზად კი ულამაზესი მზის ჩასვლა ვიხილე. დღის ბოლოს სატურაცია 93 მქონდა. საბედნიეროდ, ბოლომდე ყოჩაღად ვიყავი. მომდევნო მარშრუტი შედარებით იოლი აღმოჩნდა, მდინარის ხეობაში დავეშვით, მაგრამ შემდეგ ისევ მთის თავზე ავედით. ზღვის დონიდან 4000 მეტრზე ულამაზესი სოფელი პანგბოჩე ვნახეთ, ცოტა შევისვენეთ და კვლავ აღმართს შევუდექით. სამწუხაროდ, იმ დღის აღმართ-დაღმართ სიარულმა უშედეგოდ არ ჩაიარა და მუხლი ძალიან ამტკივდა. თუმცა, 4700 მეტრზე მაინც ავედი. ჩვენმა გიდმა გვიყურა, გვიყურა და გადაწყვიტა, რომ ბრგე მუხლი და კიდევ უფრო მყარი შემართება გვქონდა, ამიტომ ჩვენი სტანდარტული მარშრუტი შეცვალა - ტემპი აგვაჩქარებინა, რათა მე-7 დღეს უკვე ევერესტის პირველ ბაზაზე - 5364 მეტრზე უნდა ავსულიყავით. ეს დღე მართლაც ზღაპრული გამოდგა, გარდა იმისა, რომ მიზანს მივაღწიე, ჩემს თავთან გამძლეობისა და მიზანდასახულობის ახალი ზღვარი გავავლე. საღამო ევერესტის ხედზე განსაკუთრებული მზის ჩასვლით დავასრულეთ, სოფლის თავზე მწვერვალ კალა-პატარის გადმოსახედზე ავედით და დაუვიწყარი სანახაობით დავტკბით. ეს ის დღე იყო, წინაღამით ერთი სული რომ მქონდა, მალე დამეძინა, რათა მალე გათენებულიყო, მაგრამ მღელვარებისგან ვერაფრით ვიძინებდი, ვაითუ იმ გზაზე ვერ ავსულიყავი. მახსოვს, უთენია წამოვხტი, ჩავიცვი, რაც კი გამაჩნდა, და გაბადრული სახით ოცნების ასასრულებლად გავეშურე - სადღაც, 7 საათში იმ ცნობილ ქვაზე, საიდანაც იშლება ხედი და ყველა აფრიალებს დროშას ან წერს რაღაცებს, მეც ავაფრიალებდი ჩემი ქვეყნის დროშას. ოცნებაც ავისრულე და ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერი ვიყავი!
რაც უფრო ზემოთ მივდიოდით, მით უფრო ძნელდებოდა მარშრუტის დაფარვა, უფრო ძვირდებოდა საჭმელი, სასმელი, ნებისმიერი საჭიროების ნივთი. აღარც ტელეფონის დატენა იყო უფასო. გათბობა მხოლოდ საერთო ოთახში იყო, ლოლოები კი საძინებელში - დეკორაციად... წამოსვლამდე საშინლად გავცივდი და სიამოვნების ბოლო ნაწილი გამოვტოვე, მაგრამ არა უშავს, მთავარია, კვლავ შემართებით ვარ, ახალი თავგადასავლების მოლოდინში! ბოლოს დავძენ - ეს გამოწვევა ტკბილ-ცხარე სოუსს მაგონებს... საოცარი, დაუჯერებელი პეიზაჟები, ზღაპრული დაისები და თვალით ხილული ირმის ნახტომები, მსოფლიოს უდიდესი მწვერვალები, მყინვარები - თითქოს ზღაპრის ფურცლებიდან რეალობაში გადმოტანილ სამყაროს ჰგავდა. ეს იყო ამ მოგზაურობის ტკბილი ნაწილი, თუმცა ამ ყველაფერს მეორე, რთული მხარეც თან სდევდა - ყოველდღიური 6-9-საათიანი ლაშქრობა, გაყინული ოთახები და ყოველ ნაბიჯზე უფრო ნაკლები ჟანგბადი, სტრესი, რომ ამ ყველაფერს ორგანიზმმა შეიძლება ვერ გაუძლოს და უკან გაბრუნდე.
2 კვირაა, რაც ევერესტიდან დავბრუნდი. განვლილი 13 დღე ჩემთვის საკუთარი თავის გაცნობის, შინაგანი ძალისა და შეუპოვრობის აღმოჩენის საოცარი თავგადასავალი იყო.