"ყველაფერი თვითონ შევქმენით­... დილის ექვს საათზე ვდგებოდი. ბევრი ღამე თეთრადაც გამითენებია" - 100 წლის ნინა ბებოს ისტორია - კვირის პალიტრა

"ყველაფერი თვითონ შევქმენით­... დილის ექვს საათზე ვდგებოდი. ბევრი ღამე თეთრადაც გამითენებია" - 100 წლის ნინა ბებოს ისტორია

"მე რომ ასე ყოჩაღად ვარ, ყველას უკვირს... ყანასაც ხელით ვამუშავებ, მყავს ძროხები, ქათმები... 25 იანვარს 99 წლის ვხდები, ნინაობას ვარ დაბადებული და ნინა იმიტომ დამარქვეს. ხმაური, ჟრიამული მიყვარს ოჯახში, უბანში, ყველგან... ჩემები რომ ჩამოდიან, ჩემთვის უდიდესი სიხარულია, ოჯახიდან ხმა გადის"

"100 წელს მიახლოებული ნინა ბებო, რომელიც სოფლის მეურნეობას უვლის და სტუმრებს ხაჭაპურებს უპიწკინებს... სოფელ დეისში მცხოვრები უხუცესი ქალბატონი"... - ამ წარწერით გავრცელდა ფოტო სოციალურ ქსელში, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა."მე და ჩემმა მეუღლემ ტკბილი ცხოვრებით ავაშენეთ ყველაფერი, უღელი ერთად­ გავწიეთ... კარგი მეუღლე, მამა და ბაბუა იყო", - ამბობს ნინა ფოცხვერაშვილი და დიდი შრომით განვლილ წლებს იხსენებს.

- ხარაგაულის რაიონში, სოფელ დეისში დავიბადე და გავიზარდე... შვიდი­ და ვიყავით, ყველაზე უმცროსი­ მე გახლდით. დედა 11 წლის ასაკში გარდა­მეცვალა­ ავადმყოფობით... ასე დავრჩით გოგონები მარტო, სამი და უკვე გათხოვილი იყო, უმცროსები სახლში ვიყავით. ჯერ დეისის დაწყებით სკოლაში ვსწავლობდი,­ შემდეგ ათწლიან სკოლაში გადავედი, რომელიც სულ ფრიადებზე დავამთავრე. ყველაზე მეტად მათემატიკა მიყვარდა. ძალიან მინდოდა უმაღლესი განათლების მიღება, მაგრამ 1942 წელი იდგა, ჩემი ორი დის ქმრები ფრონტზე იყვნენ, დები - ჩვენთან, ოჯახს საშუალება არ ჰქონდა, რომ სწავლა გამეგრძელებინა. მათემატიკა იმდენად მიყვარდა,­ ახლაც მახსოვს, რაც სკოლაში ვისწავლე.

- რამდენი წლის დაოჯახდით?

- 26 წლის გავთხოვდი. ჩემი მეუღლე ნიკოლოზ ცუცქირიძეც დეისელი გახლდათ, რაიაღმასკომის თავმჯდომარე იყო. მე სასოფლო ბიბლიოთეკის გამგე ვიყავი. იქ ორმოცი წელი ვიმუშავე, საქართველოს საპატიო ბიბლიოთეკარის წოდებაც მაქვს. სამი შვილი მყავს, ორი ქალიშვილი, ერთი ვაჟი, შვიდი შვილიშვილი და რვა შვილთაშვილი. სამივე თბილისში ცხოვრობს. ერთი მათემატიკოსია, მეორე - ინჟინერ-ეკონომისტი, ვაჟი - ელექტროინჟინერი...

მეუღლე 1993 წელს გარდაიცვალა, 68 წლის იყო... შემდეგ მე გავაგრძელე მეურნეობის მოვლა. ყანასაც ხელით ვამუშავებ, მყავს ძროხები, ქათმები... 25 იანვარს 99 წლის ვხდები, ნინაობას ვარ დაბადებული­ და ნინა იმიტომ დამარქვეს.

- თქვენი თაობის არიან სოფელში?

- აღარავინ... მე რომ ასე ყოჩაღად ვარ, ყველას უკვირს... როცა გავთხოვდი, არც მე გამაჩნდა დიდად რამე, არც ჩემს ქმარს და ყველაფერი თვითონ შევქმენით­. ასე მოვედით დღემდე. დილის ექვს საათზე ვდგებოდი. ბევრი ღამე თეთრადაც გამითენებია და საქმე გამიგრძელებია. სამი შვილი გასაზრდელი მყავდა, პირუტყვი - მისახედი, სამსახური, სახლში სისუფთავე - ყველაფერი დროს ითხოვდა... ამდენს ვერ შევძლებდი, ასეთი კარგი მეუღლე რომ არ მყოლოდა. შვილებსაც ვასწავლიდი­ სოფლის საქმეს. მეუბნებოდნენ, ეგენიც სოფელში გინდა რომ გაათხოვო, ამდენს იმიტომ ასწავლიო. სხვათა­ შორის, გამოადგათ. ჩემი შვილები­ არ მტოვებენ... სანამ მარტოს შემეძლო სიარული, თბილისში ხშირად ჩავდიოდი...­ ბოლო ოთხი ზამთარი თბილისში, მათ სახლებში გავატარე. ხან ერთ შვილთან ვი­ყავი, ხან მეორესთან და ხან მესამესთან. ჩემს შვილებს უნდათ სულ თბილი­სში ვიყო, მაგრამ ვერ გავჩერდები. სანამ ცოცხალი ვარ, ჩემი სახლის კარს ვერ დავკეტავ!

- სოფელში ბევრი მეზობელი გყავთ?

- არა, დაიცალა სოფელი... ადრე ბევრი ხალხი იყო, მაგრამ ახლა მთელი დღე გზაზე ერთი მანქანა თუ ამოვა. მხოლოდ სამი ოჯახია პატარა ბავშვებით...

- არ გიჭირთ მარტო ყოფნა?

- მარტო არა ვარ... ჩემი ვაჟი ხშირად­ აქ არის. ისე კი, რაც ქმარი გარდამეცვალა, ის წლები სულ მარტო ვიყავი. არასოდეს შემშინებია, მეზობლები ახლოს მყავდა. ან რა იყო საშიში? არაფერი... ისე კი ხმაური, ჟრიამული მიყვარს ოჯახში, უბანში, ყველგან... ჩემები რომ ჩამოდიან, ჩემთვის უდიდესი სიხარულია, ოჯახიდან ხმა გადის.

- დიდთოვლობა იცის თქვენს სოფელში?­

- ადრე ძალიან დიდი თოვლი იყო და ამ ბოლო წლებში პატარა თოვლი მოდის. როცა კაცია სახლში, მაშინ დიდ თოვლს არაფერი უჭირს. მარტოც ვყოფილვარ დიდ თოვლში, სახლი გადამითოვლია, ბოსლამდე გზა მიმიყვანია... არ მიჭირდა, ეგ კი არა, მეზობელსაც ვუკვალავდი, მარტო ვინც იყო, ვეხმარებოდი...

ყველაფერს ვუმკლავდებოდი. ჩემი მეზობლები ვერ იგებდნენ, მე თუ რამე მაკლდებოდა. მამაჩემისგან მქონდა დარიგება, შენს გაჭირვებაზე არავის უნდა მოუყვე, მტერს გაუხარდება და მოყვარეს გული ჩაუკვდებაო.

- პანდემიის პერიოდი როგორ გაიარეთ, "კოვიდი" ხომ არ შეგხვდათ?

- პირველმა მე მოვიხადე, არც შემშინებია... ჩემს ბავშვობაში ტიფი იყო გავრცელებული, ისიც მოხდილი მაქვს 9 წლის ასაკში. მას მერე ავად აღარც ვყოფილვარ.

- რამდენი ხართ დღეს დედმამიშვილებიდან?

- მარტო მე დავრჩი... ისე, 80 წე­ლზე­ ნაკლები არც ერთს არ უცოცხლია. დისშვილები, დისშვილიშვილები ბლომად­ მყავს. ზოგჯერ მოდიან ჩემთან, თუ დრო აქვთ.

- ამბობენ, რომ ძალიან გემრიელ ხაჭაპურს აცხობთ...

- ჩემი ძროხების ყველით ვაცხობ. ჩვეულებრივ, პურის ცომს რომ მოვზელ, იმ ცომში ყველს ჩავურთავ და სულ ეგ არის, ოღონდ ყველი რაც შეიძლება ბევრი უნდა იყოს და, ალბათ, ამიტომ გამოდის განსხვავებული.

- ახალ წელს როგორ ხვდებით?

- ადრე ყველაფერს მე ვამზადებდი, მაგრამ ბოლო წლებია შვილები ჩამოდიან და ყველაფერი მოაქვთ.

საახალწლო სუფრაზე საცივი აუცილებელია. სულ ვაკეთებდი და ძნელიაო, რომ ამბობენ, მიკვირს. ჩურჩხელებსაც ვაკეთებ, ნიგვზისას, თხილისას... ახალ წელს ხალადეცსა და სხვა კერძებსაც ვამზადებდი.

- კერძების მომზადება ვინ გასწავლათ?

- დედას გარდაცვალების შემდეგ, მე, როგორც ყველაზე პატარას დები, მამაჩემიც და ახლო ნათესავებიც ძალიან მანებივრებდნენ. ასე რომ, ბავშვობაში ბერვი არ მიშრომია. სკოლა რომ დავამთავრე და მუშაობა დავიწყე, მხოლოდ სამსახურში­ სიარული მომეთხოვებოდა. ოჯახის საქმეები, რომ გავთხოვდი, მერე დამჭირდა. ჩემი დები კარგი მეოჯახეები იყვნენ, მათ ვუყურებდი და ყველაფერი ვისწავლე.

- როგორც ვიცი, კარგად მღერით...

- დიახ, ვმღეროდი, ვცეკვავდი კიდეც.... რაც მეუღლე გარდამეცვალა, აღარ მიმღერია, მისი გარდაცვალების მერე ყველაფერს ჩამოვშორდი.

- როგორ მიულოცავთ ჩვენს ქვეყანას ახალ წელს?

- მშვიდობა ყოფილიყოს ოჯახებში, ქვეყანაში, ამოესუნთქოთ და თავი ბედნიერად ეგრძნოთ.