„ისევ იმას ვაკეთებ, რასაც უკანასკნელი 29 წელი ვაკეთებდი“ - კვირის პალიტრა

„ისევ იმას ვაკეთებ, რასაც უკანასკნელი 29 წელი ვაკეთებდი“

„თავს არაფერს ვუკრძალავ, უბრალოდ, ვჭამ იმას, რაც ჯანმრთელობას არ ვნებს და რის შემდეგაც არა მაქვს დისკომფორტი. ძირითადად, ქათმის ხორცს ვჭამ, თევზსაც. არავის ვურჩევ დიეტაზე ყოფნას, ის ვნებს ჯანმრთელობას და ცუდი შედეგით მთავრდება, მთავარია ჯანსაღი საკვები“

ქართული პოდიუმის მშვენება კრისტი ყიფშიძე ყოველთვის საინტერესო რესპონდენტია. მართალია, საქმიანობიდან გამომდინარე მუდამ მოდურად აცვია, თუმცა მისი შეხედულებები არასდროსაა მოდას აყოლილი და ტენდენციური. კრისტის სისადავე და ინდივიდუალიზმი გამოარჩევს.

- კრისტი, ამჟამად რას საქმიანობთ?

- ისევ იმას ვაკეთებ, რასაც უკანასკნელი 29 წელი ვაკეთებდი. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, რამაც ძალიან ბევრი კარგი რამ მომიტანა. ის ჩემი ცხოვრების ნაწილია. მოდელობის პარალელურად ინფლუენსერი ვარ, სარეკლამო ბიზნესშიც ვარ ჩართული, ერთ-ერთ ტელეარხზე, დილის გადაცემაში სატელევიზიო რუბრიკა მიმყავს.

- თქვენი თაობის ვარსკვლავთაგან დღეს პოდიუმზე მხოლოდ თქვენ დგახართ, რისი დამსახურებაა, ასეთ საოცარ ფორმაში რომ ხართ?

- ჩემი ფორმულა შედგება გენეტიკის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და საქმის სიყვარულისგან. იღბალზეც არის რაღაც დამოკიდებული, საჭირო დროს საჭირო ადგილზე რომ მოხვდები, ამას რა სჯობს. ძალიან მეხმარება ჩემი შრომისმოყვარეობაც. ყველაფერი ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩემი ცხოვრება ასე წარიმართა. ბევრი რამ იმის დამსახურებაცაა, რომ არ ვფიქრობდი ანაზღაურებაზე, ამ სფეროში, სამწუხაროდ, შრომა სათანადოდ არ ფასდება საქართველოში. როცა კარიერის ერთ ეტაპზე გარკვეულ სიმაღლეებს­ მივაღწიე, ახალგაზრდა ფოტოგრაფების, დიზაინერების `აღმოჩენა~ დავიწყე. ძალიან მომწონს, როდესაც მათ ვეხმარები. სასიამოვნოა, მათ წარმატებაში ჩემი მცირე წვლილის შეტანა და შემდეგ მათი წარმატებით გახარება.

- ჯანსაღი ცხოვრების თქვენეულ ფორმულას გაგვიზიარებთ?

- ვცდილობ ყველაფერი ნატურალური ვჭამო, უარს ვამბობ სწრაფი კვების პროდუქციასა და შემწვარზე. არ ვსვამ ალკოჰოლს, ვსვამ ძალიან ბევრ წყალს, ხოლო ყავას მხოლოდ გაფილტრულს. ჩემი წესები მაქვს, რომლებიც დაკვირვების­ შედეგად გამოვიმუშავე. 11-დან 12-მდე თუ დავიძინე, ძალიან კარგია, ორგანიზმისთვის ყველაზე საჭირო ძილი სწორედ ამ დროსაა. დილით ადრე ვდგები და მაშინვე ვსვამ ერთ ჭიქა წყალს. ძალიან მიყვარს ყავა, მაგრამ უზმოზე არ შეიძლება დალევა, ამიტომ მანამდე ბანანს შევექცევი. შაქარს თითქმის არ მოვიხმარ, მარილს - ზომიერად. გაზიან სასმელებს არ ვსვამ. ნამცხვარსაც მხოლოდ სახლში გამომცხვარს თუ შევჭამ. თვეში ერთხელ შემიძლია თავს უფლება მივცე და ხაჭაპური ან პიცა მივირთვა. თავს არაფერს ვუკრძალავ, უბრალოდ, ვჭამ იმას, რაც ჯანმრთელობას არ ვნებს და რის შემდეგაც არა მაქვს დისკომფორტი. ძირითადად, ქათმის ხორცს ვჭამ, თევზსაც. არავის ვურჩევ დიეტაზე ყოფნას, ის ვნებს ჯანმრთელობას და ცუდი შედეგით მთავრდება, მთავარია ჯანსაღი საკვები. ძალიან მიყვარს ხილი. ამის გამო ჩემი საყვარელი სეზონი ზაფხულია.

- ნატალიაზე მინდა გკითხოთ.

- ჩემი შვილი ყველაზე მნიშვნელოვანია. ნატალიას წელს ნაყოფიერი წელი ჰქონდა. მიიწვიეს სერიალში„`ცვალებადი ნიშნები~, სადაც შესანიშნავად ითამაშა. ახლა მეორე სეზონისთვის ემზადებიან. წინ დიდი გეგმები აქვს, ვურჩევ არ იჩქაროს და ნელ-ნელა მიჰყვეს საქმეს. GIPA-ში ციფრული მედიაკომუნიკაციის ფაკულტეტი დაამთავრა, ახლა მეორე წრეზე წავიდა, სცენარისტების კურსი აიღო. უყვარს წერა, მოდელიც არის, თუმცა კი ამბობს, არაო.

- თქვენი ყოფილი მეუღლე ამბობდა, კრისტისთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვსო, ბავშვები მყავდა მასთან მიყვანილი და გაგიჟდა, რა ცელქები და საყვარლები არიანო.

- მართალია, მე და გიორგის კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჯერ ერთი, საერთო შვილი გვყავს და ორივე მისი დიდი გულშემატკივარი ვართ. ნატალიას კიდევ ჰყავს 2 ძმა და 1 და. საოცრად უყვარს თავისი დედმამიშვილები.

- როგორც ვხედავთ, წვლილიც მიუძღვის მათ გაზრდაში...

- კი უფროსი დაა, თან მკაცრი, თან ძალიან თბილი. მხოლოდ ნატალიას უჯერებენ. ამას წინათ ზურას ვარსკვლავის გახსნაზე ვნახე ისინი. საოცარი სცენა იყო, აქეთ ნატალია, იქით ნიკუშა (ლენუკას ბიჭი) და პატარა შვილიშვილები­. ყველა შვილიშვილს ზურას ირგვლივ მოეყარა თავი. ვარსკვლავის ოჯახური გახსნა ჰქონდათ. მთავარი ხომ ოჯახია.

- ახალ წელს რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია თუ გაქვთ?

- ჩემი ტრადიცია ის არის, რომ ახალ წელს ყოველთვის ახალი სამოსი მაცვია და აუცილებლად სახლში ვხვდები. მერე ვიძინებ, საახალწლო ღონისძიებებზე აღარ დავდივარ. მომწონს ოჯახის წევრებთან ერთად ამ დღესასწაულის სახლში შეხვედრა. უნდა განვეწყოთ კარგად და ვუსურვოთ ერთმანეთს ბევრი პოზიტიური დღე და სიყვარული.