„შური, ბოღმა, წყენა მომენტალურად გაგდებთ შავი ენერგიების სფეროში. ამიტომ რა ჯობია სიკეთეს, სიყვარულს?“ - კვირის პალიტრა

„შური, ბოღმა, წყენა მომენტალურად გაგდებთ შავი ენერგიების სფეროში. ამიტომ რა ჯობია სიკეთეს, სიყვარულს?“

"ამ ზღაპრულ, ფერად სამყაროში რომ მოხვდებით, თავი ამქვეყნად არ გეგონებათ, სადღაც სხვაგან ხართ. შემიძლია იქ საათობით ვიჯდე და რაღაც სხვა ენერგეტიკას ვგრძნობ. ბედნიერებაა! ეს ყველაფერი იმდენად სასიამოვნოა, ალბათ, მთელი წლისთვის საჭირო ენერგიასა და განწყობას ვიღებ", - ამბობს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი, რომელიც თავისი მრავალფეროვანი პროფესიების, ოჯახის, საახალწლო სამზადისის, სიყვარულისა და სხვა აბსტრაქტული ცნებების შესახებ გულახდილად გვესაუბრება:

მრავალფეროვანი პროფესიები და ჰობი

- ყოველთვის მრავალმხრივი ინტერესები მქონდა, არაერთ სფეროში ვიყავი ჩართული, რადგან ჩვენი თაობა ასე იზრდებოდა - წიგნი, განათლება ძალიან ფასდებოდა, ამიტომ ბევრს ვკითხულობდით, ზღაპრებით დაწყებული, მსოფლიო ლიტერატურით დამთავრებული - ქართული, რუსული, ინგლისური ლიტერატურა, ყველაფერი გავიარეთ. სხვა დონის პედაგოგები გვყავდა, სხვა კულტურა იყო, სხვა დრო, ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა, თანადგომა, სიყვარული, ტრადიციების ცოდნა და პატივისცემა გვქონდა. ეს ყველაფერი მოქმედებს, მუშაობს და აყალიბებს ადამიანს. კომპიუტერები არ იყო და ჩვენი ცოდნა უფრო მრავალფეროვანი გახლდათ. სამი ფესტივალის ლაურეატი ვარ, 1980-იან წლებში; სპორტშიც ვაქტიურობდი და წყალბურთში საქართველოს ჩემპიონი გავხდი; ტრავმის მიღებამდე რაგბისაც ვთამაშობდი.

პროფესიით პოლიტოლოგი ვარ, წითელი დიპლომი მაქვს, უბრალოდ, ამ ბინძურ სფეროში არ წავედი, არ გავეკარე, თორემ ეს მიმართულება ბევრზე კარგად მესმის. 27 წელია, სამედიცინო აკადემიებში სტუდენტებს ბიოქიმიას ვასწავლი, სპეციალობით ბიოქიმიკოსიც ვარ, დოცენტი გახლავართ, სამედიცინო აკადემიის პროფესორი. მერე კი მოვხვდი ასტროლოგიაში და ჟურნალისტიკაშიც, სადაც 1993 წლის შემდეგ ჩემი გადაცემები მაქვს.

აფხაზეთში გატარებული ბავშვობა და ასტროლოგიის ბუმი

- აფხაზეთი ძალიან ინტერნაციონალური იყო, სამაჩაბლოსგან განსხვავებით. წლების განმავლობაში ჯავაში ვისვენებდი ხოლმე და კარგად ვიცნობ ოსურ კულტურას, წესებს, პატივს ვცემ. მახსოვს, ერთხელ ჯავაში ვქეიფობდით და რუსულად რომ წარმოვთქვით სადღეგრძელოები, ეს არც ერთ მხარეს არ მოგვეწონა, მერე მითხრეს, მოდი, ჩვენ ოსურად ვიტყვით, შენ ქართულად თქვი, ჩვენ ხომ ქართული გვესმის, შენ კი მოკლედ გეტყვით რუსულად, რას ნიშნავს, მაგრამ ოსურად მოგვისმინეო. იცით, რა კარგად მიდიოდა ქეიფი? სულ სხვა დამოკიდებულება გვქონდა ერთმანეთისადმი.

აფხაზეთში კი ერთ ეზოში ვინ აღარ ცხოვრობდა - ქართველები, ბერძნები, უკრაინელები, რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები და ა.შ. არ მახსოვს შუღლი და მტრობა, პირიქით, ბავშვები ძალიან კარგად ვთამაშობდით ერთმანეთში. ცუდი ის იყო, რომ საერთო ენა რუსული იყო, ეს კი სამთავრობო პოლიტიკა გახლდათ, რომელიც სამაჩაბლოსა და აფხაზეთში რუსულ ენას ნერგავდა. ამით მოხდა გაუცხოება. მახსოვს, ერთხელ, ჟურნალისტი ჩამოვიდა ახალქალაქიდან, სომხური გაზეთიდან, და მკითხა, რამ შეიძლება შეაკავშიროს სომხები და ქართველებიო? ბევრი რამეა, მაგრამ მოკლედ რომ გითხრათ, ენამ-მეთქი. როგორო? თქვენ რომ მე ქართულად დამელაპარაკოთ, ერთმანეთში სულ სხვა გაგება გვექნება-მეთქი, მე რომ ერევანში ჩამოვიდე და თქვენ სომხურად დაგელაპარაკოთ, სიხარულისგან ხომ გადაირევით-მეთქი? რუსულ ენას დიდ პატივს ვცემ, ლიტერატურაც მიყვარს, მაგრამ სამხრეთული არ არის, არ არის ახლოს ჩვენს ენერგეტიკასთან. ისეთი სამეზობლოები იყო, ერთი ოჯახი რაიმე კერძს რომ მოამზადებდა, ან ხაჭაპურებს, ღვეზელებს, ნამცხვრებს გამოაცხობდა, მეორეს მიუკითხავდა. საახალწლო სუფრაზე ვისაც რა ჰქონდა, იმას დადებდნენ, ნაციონალური კერძები ერთმანეთთან გადაჰქონდათ და მიდიოდა ცეკვა, სიმღერა, ქეიფი. იქაურობა შესანიშნავად მაგონდება, ბავშვობა ზღაპრული იყო.

- ადრე თქვით, რომ სოხუმში ისეთ ადგილას იყო თქვენი სახლი, საიდანაც ვარსკვლავებს კარგად ხედავდით და აკვირდებოდით, ასტროლოგიით როდის დაინტერესდით.

- გვიან, მაგრამ სულ მაინტერესებდა. ვკითხულობდი ხოლმე, რა არის ეს, ვინ შექმნა ვარსკვლავები, რატომ ანათებენ? სად მიდიან მერე, დღისით რატომ არ ჩანან?­ მთვარე რა არის, ხან დიდდება,­ ხან პატარავდება, ხან სულ არ არის. ასტრონომიასაც რომ გადავხედე, მივხვდი, მაინც არ იყო ის, რაც მე მაინტერესებდა. ამ ყველაფერს რომ ვუყურებდი, მაინტერე­სებდა, ის ჩემზე თუ ახდენდა ზეგავლენას? მთვარე ზეგავლენას ახდენს წყლებზე,­ ზღვებზე­, ოკეანეებზე. ამ დროს მეუბნებიან, რომ შენი ორგანიზმის დიდი ნაწილი სითხისგან შედგება, მაშინ თუ მთვარე­ ოკეანეებს ატრიალებს, ჩვენს სითხეზე არ მოქმედებს? ასეთი ინტერესები მქონდა და პასუხებს ვერ ვიღებდი. ბავშვობაში რა ვიცოდი, ასტროლოგია რა იყო, მერე კი ხელში ჩამივარდა წიგნი, სადაც ეწერა, რომ თურმე 40 საუკუნეა ასტროლოგია არსებობს და იქ ჩემს თავს ზუსტად მიხასიათებენ. რანაირად? დავინტერესდი და იქიდან გავიგე, ვინ ვარ, რა მოვიტანე ამქვეყნად, რატომ მაქვს ესა თუ ის თვისებები, რა მაქვს გამოსასწორებელი და რა გზით უნდა ვიარო. რატომ ისჯები, როცა რაღაცას არასწორად აკეთებ. ეს ცოდნა ასტროლოგიამ მომცა.

სიკეთე, სიყვარული, მეგობრობა...

- რისთვის არის ადამიანი მოსული ამქვეყნად? რას წაიღებს? ვერაფერს, სიკეთის გარდა ვერაფერს. სამყაროში არის ვიბრაციული მუხტი, ადამიანი თავისი ცნობიერების მესამე განზომილებაშია, რომელიც შუმანის სკალის მეშვეობით, ჰერცებში იზომება და ამის ნახვა ძალიან საინტერესოა. როგორც კი თქვენ გაგიელვებთ სასიკეთო ემოცია და აზრი, სკალა­ საინტერესო რამეს გაჩვენებთ - ზემოთ იწევს,­ მაგრამ გაბრაზდით? გეწყინათ რამე? უკან-უკან მიდის. როგორც კი ბრაზობთ, შური, ბოღმა, წყენა გაქვთ, ეს მომენტალურად გაგდებთ შავი ენერგიების სფეროში. ამიტომ რა ჯობია სიკეთეს, სიყვარულს? ეს თქვენს ვიბრაციულ მუხტს აძლიერებს. თქვენს მფარველ ანგელოზებს, იღბალს იზიდავს.

მე როგორც კურო, ვხვდები, რომ ამ სამყაროს ენერგიები იმდენად დაბინძურებულია, რომ ჩვენი ცნება სიყვარულისა, აბსოლუტურად არასწორია. ზოგჯერ არასწორად ვარქმევთ რაღაცებს სიყვარულს. რეალური სიყვარული სრული უანგარობაა, მთლიანად უნდა გასცეთ თქვენი თავი იმ ადამიანისთვის. ის კი არა, რამეში გამომადგებაო. დღეს ეგოიზმმა იმძლავრა, ჩვენი სიყვარული არ არის ისეთი გულწრფელი, ამაღელვებელი და ჭეშმარიტი, როგორიც უნდა იყოს. ზოგი სექსს ეძახის სიყვარულს. სექსი შეიძლება იყოს სიყვარულის გარეშე, მაგრამ ჭეშმარიტი სიყვარული მაშინაა, როცა ორი ადამიანი მთლიანად ერთმანეთისთვისაა.

- ბევრი მეგობარი გყავთ?

- მეგობრები არა მყავს, მთელი საქა­რთველო ჩემი ნაცნობია. ბავშვობის ოთხი მეგობარი მყავდა, უახლოესი, მაგრამ აღარ მყავს, რადგან ადგილი ჰქონდა ღალატს. მერე გაჩნდნენ ახალი ტიპის მეგობრები, რომელთაც აღარ იცოდნენ, რა ექნათ, მიდიოდა ჩემი ქება-დიდება, მაგრამ რომ დავაკვირდი, სხვა რამ დავინახე. ახალგაზრდობაში ამას ისე არ უყურებ, წლებთან­ ერთად მოდის. ძმობას რომ გეფიცებიან, სუფრებია, მთელი ამბები, ადრე ეს გულწრფელი მეგონა, მერე კი დავინახე, რომ ესენი ჩემს გამოსაყენებლად მოდიოდნენ - იწყებოდა ფოტოების გადაღება, "ფეისბუქზე" ატვირთვა, აი, რა ძმაკაცი მყავსო, და მიდის საზიზღარი პიარი. რისთვის? რომ შენი ეგო დაიკმაყოფილო? მერე კი სხვასთან იწყებ პიარს. ეს მეგობრობა არ არის.

მონათესავე სული და პრაგმატული კუროს სიფრთხილეები

- ყველა ადამიანს თავისი მეორე ნახევარი აქვს სულში, რომელსაც ეძებს - პროტოტიპს. შეიძლება ათასნაირ ულამაზეს ქალს შეხვდე, მოგეწონოს, შეხედავ - ეფექტურია, მაგრამ შენი არ არის. აი, როცა შენია, ამ მომენტს გრძნობ, მონათესავე სულია, სხვანაირი კავშირი ჩნდება, სხვა ქიმია მუშაობს.

ასტროლოგიამ გამარკვია, რომ ლამაზი­ ფორმის შიგნით შეიძლება ბოროტი სული იმალებოდეს. ბოროტი პირდაპირ კი არ მოდის, ბოროტებამ უნდა გაცდუნოს, მათ შორის სწორედ სილამაზის მეშვეობით. ამიტომ ლამაზ ადამიანებთან ფრთხილად ვარ, რადგან რამდენიმეჯერ ცუდი გამოცდილებაც მივიღე. ადრეულ პერიოდზეა საუბარი, ცხადია. მერე, საბედნიეროდ, ჩემი მეუღლე ვნახე, რომელსაც არნახული ადამიანური სულისკვეთება აქვს, ერთგულების უნარი, შინაგანი კულტურა, დავინახე ის, რაც ჩემია...

- როგორ შესთავაზეთ დაოჯახება?

- კურო პრაგმატულია, ამიტომ ზედმეტი დითირამბი, მუხლზე დადგომა, სპექტაკლების დადგმა საჩვენო არ არის. კუროს ურჩევნია საქმით, გამოხედვით დაუმტკიცოს, გვერდზე დგომით, ერთგულებით - ჩემს შემთხვევაშიც ეს ფაქტორები იყო წინა პლანზე წამოწეული. იმის თქმაც კი, "მიყვარხარ", კუროსთვის რთულია, უჭირს. ისედაც, ეს სიტყვა ხშირად თუ გამოიყენე, უფასურდება. საკრალური სიტყვაა და ასე არ უნდა ისროლო. პოზიტივი სხვაგვარად შეიძლება გამოხატო. ქართველმა ხალხმა ყოველდღიურობაში ერთი ძალიან პოზიტიური და კარგი სიტყვა დაკარგა - დილა მშვიდობისა, საღამო მშვიდობისა, აღარ ვამბობთ. გაუმარჯოს! კარგია, კი, მაგრამ იმ სიტყვებიდან სხვა ენერგია, სხვა ვიბრაციული მუხტი მოდის.

ახალი წელი და ოჯახური ტრადიციები

- შესანიშნავი ტრადიციები გვქონდა. ახალ წელს ძალიან ლამაზად ვხვდებოდით ხოლმე! ბუხარიც გვენთო და ის სურნელი დღემდე მახსოვს. ყოველთვის ნამდვილ ნაძვს ვრთავდით, ძალიან ლამაზი სათამაშოები გვქონდა, ზოგი ხის ნაკეთობა იყო, ვარსკვლავები და ა.შ. ახლა ხომ ერთმანეთზე უკეთესია, მაგრამ მაშინაც კარგი სათამაშოები გვქონდა.

მთელი ეს პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო, სამზადისი ბებიასთან, დედასთან ერთად. ეს იყო რიტუალი და იყავი საოცარ მოლოდინში, რომ მოვიდოდა თოვლის ბაბუა ფერიებთან ერთად, ანუ სწყდებოდი ამ სამყაროს, გადადიოდი ზღაპრულ სამყაროში, რომელიც არნახულად სუფთა, ნათელი და ლამაზი იყო. მერე იწყებოდა სროლა, სიმღერები, მხიარულება და ა.შ. ახლაც მახსოვს იმ საცივის გემო, ბებიაჩემი რომ აკეთებდა; უგემრიელესი ჩურჩხელებიც. დილით კი, რასაკვირველია, მხვდებოდა საჩუქარი - თოვლის ბაბუამ მოიტანაო. მანამდე წერილს ვუწერდი, რა მინდოდა... რას ამბობთ, ამაზე უკეთესი რა არის?!

- ახლა როგორ ემზადებით ხოლმე ახალი წლისთვის?

- ჩემს მეუღლეს ჩემზე მეტად უყვარს ლამაზი დეკორაციებით სახლის მორთვა, ასეთი სამყარო და თუკი რაიმე საშუალება მაქვს, ყოველთვის ვყიდულობთ. ზოგს უკვირს, ხომ არ გადაირიეთ, ამდენი ფული რაში დახარჯეთო. თოვლის ბაბუა მყავს ჩემზე მაღალი, მას თავისი მეუღლე ჰყავს, ასევე, ფერიები, ირმები, მისაბმელებით, მარხილებით და მთელი ამბებით. მოკლედ, ჩვენს ოჯახში რომ შემოხვალთ და ამ ზღაპრულ ფერად სამყაროში მოხვდებით, ამქვეყნად არ გეგონებათ თავი, შემიძლია იქ საათობით ვიჯდე და რაღაც სხვა ენერგეტიკას ვგრძნობ, სხვა სამყაროში ვარ. ხმები ხომ კიდევ ცალკე თემაა - ეს ფიგურები საქსოფონზე უკრავენ, სხვადასხვა მუსიკალურ ჟღერადობას გამოსცემენ. მოკლედ, ბედნიერებაა, იქიდან გამოსვლა არ მინდა ხოლმე. თქვენ უნდა ნახოთ, ჩვენს ძაღლსა და კატას როგორი რეაქცია აქვთ ამ ყველაფერზე. თოვლის ბაბუამ საქსოფონზე "ჯინგლ ბელს" რომ დაუკრა, ძაღლმა მასთან ერთად სიმღერა დაიწყო. ძაღლს უკანა ფეხებზე დგომა და ცეკვა ვასწავლე. ეს ყველაფერი იმდენად სასიამოვნოა, ალბათ, მთელი წლისთვის საჭირო ენერგიასა და განწყობას ვიღებთ.

- ოჯახურ სამზადისში თუ ხართ ჩართული?

- სამზარეულოს არ ვეკარები, რადგან შესანიშნავი მეუღლე მყავს და ყველაფრის მომზადება კარგად იცის. არც მცალია, ხომ იცით, საახალწლოდ ასტროლოგებს რამხელა დატვირთვა აქვთ ყველა ტელევიზიაში თუ გადაცემაში. 31 დეკემბერსაც­ კი იმდენი­ გადაღებაა ხოლმე, სახლში ღამით მივდივარ და საშინაო ფუსფუსს ვუერთდები. ყველას აინტერესებს, როგორი იქნება მომავალი წელი და უარს ვერავის ვეტყვი. ქუჩაშიც კი მაჩერებენ ხოლმე და მეკითხებიან, რაც აინტერესებთ.

- ძირითადად, სად ხვდებით ამ დღესასწაულს?

- ახალი წლის შეხვედრა ოჯახში მიყვარს. კუროს თავისი სახლი უყვარს, მითუმე­ტეს, ასცენდენტი მაქვს კირჩხიბში, ის კი სახლის გიჟია. ოჯახში აღნიშვნის შემდეგ სტუმრად ან რესტორანშიც წავსულვართ. იქ წაიცეკვებ, მეგობრებს ნახავ, ამას თავი­სებური ხიბლი აქვს, თორემ ჩემს სახლს არაფერი სჯობია. ყოველთვის მენატრება, შესაძლოა იმიტომ, რომ ჩემს გემოზე მაქვს მოწყობილი ეს ზღაპრული სამყარო, სიმშვიდე, იდილია, რომელსაც ვერანაირი რესტორანი და სხვა ადგილი ვერ მომცემს. ამიტომ მირჩევნია, ოჯახში მივიღო მეგობრები. ისინიც გიჟდებიან ამ სილამაზეს, თოვლის ბაბუებს რომ უყურებენ. ამ სამყაროში რომ ხვდებიან, ითიშებიან, ისე მოსწონთ. ადრეულ წლებში ბიჭებს ერთად გაგვითენებია კიდეც, გვიქეიფია, ტყეშიც კი ვიყავით კოცონთან, მაგრამ წლებთან ერთად უფრო მეტად გინდა სახლში.