„ჩემი პოლიტიკა ჩემი მუსიკა, მეგობრები, ჩემი როიალია“ - კვირის პალიტრა

„ჩემი პოლიტიკა ჩემი მუსიკა, მეგობრები, ჩემი როიალია“

"ჩემი თბილისი მენატრება... რუსთაველზე დაბადებული და გაზრდილი ვარ. რომ გამოხვიდოდი, თავი გეტკინებოდა სალმის მიცემით. ამას წინათ რუსთაველის მეტროდან თავისუფლების მოედნამდე ფეხით გავიარე და ერთი ნაცნობიც არ შემხვედრია..."

ძველი თბილისის პატარა თბილისურ ეზოში ცხოვრობს მოკრძალებული კომპოზიტორი, რომლის შემოქმედებაც ძალიან ღირებულია ქართული თეატრისა და კინოსათვის. მის ნაწარმოებებს ასრულებენ როგორც საქართველოში, ასევე პოლონეთში, ჩეხეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ინგლისის, აშშ-ის, იაპონიის საკონცერტო დარბაზებში, მუსიკალურ და დრამატულ თეატრებში. გოგი ჩლაიძე საქართველოს დამსახურებული მოღვაწეა, 2000-2022 წლებში წლის საუკეთესო კომპოზიტორად დასახელდა, პროფესორი, თბილისის საპატიო მოქალაქე. ბატონი გოგი ფილმ "მარკოზის სახარება" მუსიკისთვის საერთაშორისო კინოფესტივალის "წმინდა ანდრიას ჯვრით" დააჯილდოეს, ხოლო 2023 წელს საქართველოს სამეფო გვირგვინის ორდენის კავალერი გახდა.მის სახლში შედიხარ და თითქოს სამყაროც იცვლება - ძველი ფოტოები, ავეჯი, ინტერიერი - ყველაფერი ისეთ თბილისში გაბრუნებს, ერთხელ მაინც რომ გინატრია, ნეტავ ახლა ძველ თბილისში დამაბრუნა ცოტა ხნით მაინცო.

- როგორ ხართ, ბატონო გოგი, ამ დიდ ქაოსში, სადაც ვცხოვრობთ.

- სრულიად აპოლიტიკური ადამიანი ვარ. ჩემი პოლიტიკა ჩემი მუსიკა, მეგობრები, ჩემი როიალია. ადრიანად ვდგები, 6 საათზე, მუსიკა უკვე გონებაშია და მომზადებული ვჯდები როიალთან. დილით მიყვარს მუშაობა, სანამ ქალაქი გაიღვიძებს და დაიწყება ყოველდღიური ყოფითი პრობლემები.

- ამჟამად რაზე მუშაობთ?

- ძალიან ბევრ რამეზე. რაც მთავარია, დავამთავრე მუშაობა ოპერა "ფიროსმანზე" და ჩაბარებულია ოპერის თეატრში. მხატვარი მურაზ მურვანიძე იქნება. ახლა ველოდებით დაფინანსებას. არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი უდიდესი მეგობრის, პანტომიმის მამის, ამირან შალიკაშვილის დამსახურება. სწორედ მან მაჩვენა 20 წლის წინ თავისი ლექსების კრებული, სადაც შესული იყო ლექსი "ხილვები ფიროსმანზე". ოპერის პირველი მონახაზი ამირანმა მოისმინა და ძალიან ბედნიერი იყო. ლიბრეტო მისია, ხოლო მუსიკა - ჩემი.

მინდა გავიხსენო მეორე ჩემი განუმეორებელი მეგობრის, აწ გარდაცვლილი პიანისტის ლექსო თორაძისისადმი მიძღვნილი პირველი საფორტეპიანო კონცერტი, რომელსაც "თბილისური რაფსოდია" დავარქვი, თან წავაწერე: "ძმა ძმისთვისაო". ეს ნაწარმოები ჯერ კიდევ ლექსოს სიცოცხლეში ჯანო კახიძის დარბაზში შესრულდა. დირიჟორი ვატო იყო, ლექსომ კი კონცერტი დაუკრა. გამოცემულია დისკიც. ამას მოჰყვა მეორე საფორტეპიანო კონცერტიც. ამერიკაში დავურეკე ლექსოს და ძალიან გაუხარდა. მეორე კონცერტს "კალეიდოსკოპი" დავარქვი, რომელსაც, სამწუხაროდ, უნდა წავაწერო "ჩემი ლექსოს ხსოვნას". ლექსოს დამ ნინომ დააარსა თორაძეების სახელობის ფესტივალი და ეს ნაწარმოები 30 მაისს, ლექსოს დაბადების დღეზე შესრულდება. დავამთარე მუშაობა საგუნდო ნაწარმოებზე, რომელსაც გორის ქალთა კაპელა (ხელმძღვანელი თეონა ცირამუა) შეასრულებს. ბოლოს, რაზეც ახლა ვმუშაობ, ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. ეს არის გენიალურ ქორეოგრაფ ნუკრი მაღალაშვილთან ერთად დაწყებული ბალეტი. მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო ნუკრის გარდაცვალება. ორი წლის წინ, როდესაც თურქეთიდან იყო ჩამოსული, მაშინ ერთად გავაკეთეთ პირველი მოქმედება. ბალეტს პირობითად "ქალაქი" დავარქვით. ახლა მის მეუღლესთან, ქალბატონ მედეა მაღალაშვილთან ერთად ვცდილობთ დავასრულოთ.

403396294-833070265286233-3861180638469547584-n-1702822497.jpg

- ბევრი მეგობარი გამოგაკლდათ ბოლო წლებში...

- ამირანი, ლექსო, ნუკრი, მისი საოცარი ძმა, ჯარჯი მაღალაშვილი... დღედაღამ ერთად ვიყავით, საოცარ პროექტებს ვაკეთებდით. 80 წლის ასაკში ეს უზარმაზარი საძირკველი გამომეცალა. ამას დაემატა პანდემია, რომელმაც უამრავი კარგი ადამიანი წაიყვანა: ჩემი ანზორ ერქომაიშვილი, თემურ წიკლაური, ბუბა ხოტივარი, რომელთან ერთადაც გავაკეთე ფილმი "მარკოზის სახარება", რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად.

- შეუძლებელია არ გავიხსენოთ "კუკარაჩა", "მარტოხელა მონადირე", "გარიგება" და ასე შემდეგ... როგორ იქმნება კინომუსიკა?

- თეატრში ცოცხალ მსახიობებთან გაქვს საქმე. თავიდანვე ერთვები პროცესში, ესწრები მათთან ერთად პიესის კითხვას, უსმენ და ამის მერე ქმნი მუსიკას. კინომუსიკის შესაქმნელად კი ორნი, მე და რეჟისორი, ვსხდებით და მე გადაღებულ მასალას ვუყურებ, მხოლოდ გამოსახულებებს, რომელთა მიხედვითაც იქმნება კინომუსიკა. ხომ გახსოვთ, "გარიგებაში" გოგა პიპინაშვილი რომ უკრავს, ის ეპიზოდი წინასწარ იყო გადაღებული, მე კი დავაკვირდი ტემპორიტმს, ხელის მოძრაობას და შეიქმნა მელოდია, რომელიც მერე ჰიტი გახდა. "კუკარაჩას" მუსიკა კი დავით თორაძეს უნდა დაეწერა. იმხანად მე მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი. ისე მოხდა, რომ ბატონი დავითი ავად გახდა და ქეთი დოლიძეს შესთავაზა, რომ მუსიკა მე დამეწერა. ამ ფილმის შემდეგ ქეთის კიდევ 4 ფილმი გავაფორმე მუსიკალურად. ავტორი ვარ უნიჭიერესი რამაზ გიორგობიანის ხუთივე ფილმის მუსიკის. დასანანია, ასე ადრე რომ წავიდა ჩვენგან. ახლახან დავამთავრე კაკო შანშიაშვილთან ერთად ფილმი, რომელშიც სიმღერაცაა შესული.

- არ ფიქრობთ, რომ ახლა წინა პლანზე პოლიტიკა გადავიდა და კულტურა დაიჩრდილა.

- მე ამ ყველაფერს გავერიდე. მირჩევნია, ჩემი სათქმელი მუსიკით ვთქვა.

საბჭოთა კავშირის დროს დაწერდი ნაწარმოებს, შეასრულებდი, მეორე დღეს კულტურის სამინისტრო ჰონორარს გიწერდა. მეტიც, შეგიკვეთდა კულტურის სამინისტრო ნაწარმოებს, ვთქვათ, სიმფონიას, და ავანსსაც მოგცემდნენ. ახლა თუ სპექტაკლი შეგიკვეთეს, სანამ ბოლომდე არ მიიყვან და არ ჩაბარდება, მანამდე არაფერს გიხდიან. საბედნიეროდ, მე კინოშიც და თეატრშიც მაქვს მიწვევა, მაგრამ არიან კომპოზიტორები, რომლებიც მხოლოდ კლასიკაზე მუშაობენ. მათ რა უნდა ქნან?

სამი საავტორო კონცერტი მაქვს გამზა­დებული. მათ შორის ერთი პატრიარქს მივუძღვენი, მუსიკა ქალბატონ ირმა გურიელის პოემაზე დავწერე. ოპერის გუნდმა და ორკესტრმა შეისწავლეს, მაგრამ კონცერტისთვის დაფინანსება ვერ მივიღეთ.

- გასაოცარია, თქვენისთანა შემოქმედი საზღვარგარეთ რომ ყოფილიყო, ხელისგულზე ატარებდნენ.

- მქონდა შემოთავაზებებიც და საშუალებაც წასვლის, მაგრამ არც მიფიქრია. ეს ჩემი ქალაქია. თბილისიდანაც კი არ გავსულვარ დიდი ხნით.

- რა გენატრებათ ყველაზე ძალიან იმ თქვენი თბილისიდან?

- ის თბილისი მენატრება... ურთიერთდამოკიდებულება, რაც მაშინ იყო. ჩემი თაობა, რომლის უმრავლესობა აღარაა ცოცხალი... დედისერთა ვარ და ამიტომ მთელი სიყვარული მეგობრებზე მაქვს გადატანილი. რუსთაველზე დაბადებული და გაზრდილი ვარ. რომ გამოხვიდოდი, თავი გეტკინებოდა სალმის მიცემით. ამას წინათ რუსთაველის მეტროდან თავისუფლების მოედნამდე ფეხით გავიარე და ერთი ნაცნობიც არ შემხვედრია... რუსთაველის 36 ნომერში ვცხოვრობდით. დიდი სახლი გვქონდა. ბაბუაჩემი ცნობილი დიდი კომპოზიტორი კოტე ფოცხვერაშვილი გახლდათ ჩვენი ჰიმნის ავტორი. ჩვენს სახლში უამრავი ცნობილი ადამიანი იკრიბებოდა: არაყიშვილი, ფალიაშვილი, თაქთაქიშვილი, გალაკტიონი... აი, ასეთ გარემოში ვიზრდებოდი. მახსოვს, 18 წლის ვარ. გაზაფხულია. გამოვედი სახლიდან და წინ ბოშა ქალი გადამეღობა. არ მეშვება, კრასავჩიკ, კრასავჩიკ, გაჩერდი, გაჩერდიო, მომძახის. ჯანდაბას, მიმკითხავე-მეთქი. აიღო ჩემი ხელები, და მოჰყვა თავის ქნევას, 68 წლის რომ გახდები, ძალიან მძიმე დაავადება შეგემთხვევაო. თუ ამას გადაახტები, მერე ძალიან დიდხანს და ჯანმრთელად იქნებიო. მაშინ სასაცილოდ მომეჩვენა ეს, მაგრამ დაახლოებით 10-12 წლის წინ მართლაც გავხდი მძიმედ ავად. ოპერაცია დამჭირდა, თუ გადავრჩებოდი, არ მეგონა, მაგრამ ერთი თვის შემდეგ ფეხზე დავდექი. ეს ჩემი მეუღლის, მარის დამსახურებაა.

- პირად საუბარში გასაოცარი ამბავი მომიყევით დედაზე და იქნებ ჩვენი მკითხველისთვისაც გაგეზიარებინათ.

- ეს ამბავი დედის გარდაცვალების დღეს უკავშირდება. მაშინ პანტომიმის სახელმწიფო თეატრში მთავარ მუსიკალურ ხელმძღვანელად ვმუშაობდი. გავაკეთე სპექტაკლი, სადაც ნაწარმოების შესრულება სცენაზე მე მიწევდა. იმ დღესაც საღამოს სპექტაკლი უნდა ყოფილიყო. დღისით შინ ვმუშაობდი, 90 წელს გადაცილებული დედაჩემი კი გვერდით ოთახში იწვა. იმ სპექტაკლის მუსიკა ძალიან მოსწონდა. მე ჩვეულებრივ დავიწყე დაკვრა, რომ დავამთავრე, შევედი დედასთან ოთახში და ვკითხე, მოგეწონა-მეთქი? კი, ძალიან გთხოვ, კიდევ დაუკარიო. სურვილი შევუსრულე. როცა დავამთავრე, ამ დროს გამოვიდა დედას მომვლელი ქალი და მითხრა, აღარ სუნთქავსო.

- არ შემიძლია არ გკითხოთ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსზე.

- სტატუსი შარშანვე უნდა მიგვეღო. დაქცეულ მოლდოვასა და უკრაინაზე ყოველთვის წინ ვიყავით... ჩახედული არა ვარ მაგ საქმეში, მაგრამ აშკარად უსამართლობაა. დარწმუნებული ვარ, მალე ჩემი ქვეყნის გაბრწყინებას მოვესწრები. ახლა ეს ყველაზე მეტად მსურს.

რუსუდან შაიშმელაშვილი