„არაფერი არ დაუთმიათ და არც უჩუქებიათ ჩვენთვის, ჩვენ კანდიდატის სტატუსი დავიმსახურეთ“
„კიდევ კარგი, ახლა მაინც არ დაგვტოვეს სტატუსის გარეშე. ეს ძალიან დიდ იმედგაცრუებას გამოიწვევდა ქართველ ხალხში“
"დარწმუნებული ვიყავი, რომ კანდიდატის სტატუსს მივიღებდით. ეს არის ქართველი ერის ათასწლოვანი ბრძოლის შედეგი. ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რამდენს ცდილობდა თეიმურაზ პირველი, სულხან-საბა... ბევრი რამით არის ეს მოვლენა განსაკუთრებული, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მოსალოდნელი პოლიტიკური და მენტალური ცვლილებებია", - ასე გამოეხმაურა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის პირველი თავმჯდომარე აკაკი ასათიანი. საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან დღემდე რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ არაერთი ინსტრუმენტი გამოიყენა, იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრება არ დაეშვა. მსგავსი ამოცანა რუსულ პოლიტიკას 90-იანი წლებიდან მოყოლებული ბალტიის ქვეყნების მიმართაც ჰქონდა, თუმცა უშედეგოდ. 1991-დან 2004 წლამდე პერიოდში ბალტიის სახელმწიფოების ცხოვრების ყველა სფეროში ორიენტაციის შეცვლის პროცესი შეუქცევადად მიმდინარეობდა. ეს პერიოდი ხასიათდებოდა სსრკ-ის შემადგენლობაში ყოფნისას ჩამოყალიბებული როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ისე სამეურნეო-ეკონომიკური სტრუქტურების ნგრევით. ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი 2004 წლის გაზაფხულზე, ევროკავშირსა და ნატოში ბალტიის ქვეყნების შესვლით დამთავრდა. რატომ ვერ დააღწია ქართველმა საზოგადოებამ თავი რუსულ გავლენას, რა შესაძლებლობები გავუშვით ხელიდან, როგორი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა, ბალტიის ქვეყნებთან ერთად რომ გაგვევლო ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიმავალი გზა, რა პერსპექტივა გვაქვს ახლა და რა უნდა გავითვალისწინოთ წარსულის გამოცდილებიდან, ამ საკითხებზე 90-იანი წლების საქართველოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გვესაუბრა:
- ვერ ვიტყვი, რომ მაშინ ქართველებს ევროპასთან უფრო მეტად დაახლოების რეალური შანსი გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ. შანსი ჰქონდა ევროპას და არა ჩვენ. ჩემი თაობა მუდმივად ცდილობდა საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევას, შემდგომი თაობა კი რუსეთისგან თავის დაცვას. როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და მე და ჩემი პოლიტიკური გუნდი ხელისუფლებაში მოვედით, პირველ რიგში დასავლელ ლიდერებთან დავიწყეთ ურთიერთობის დალაგება. ზვიად გამსახურდიას შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა ჩეხეთის პრეზიდენტ ვაცლავ ჰაველთან, მე მქონდა შეხვედრები ავსტრიაში, ესპანეთში, უნგრეთში, შეერთებულ შტატებში... ყველგან უმაღლეს დონეზე გვმასპინძლობდნენ, ყველა მხარს გვიჭერდა, მაგრამ ამასთანავე, ყველა ფრთხილობდა. რუსეთს ახლა აქვს 5000 ბირთვული რაკეტა, მაშინ უფრო მეტი ჰქონდა და ეს ყველას კარგად ახსოვდა. გაზი და ნავთობი მაშინაც კოზირი იყო რუსეთის ხელში. შესაბამისად, ძალიან რთული იყო ევროპელი ლიდერების დარწმუნება, რომ საქართველო თავიანთ ოჯახში მიეღოთ. ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ევროკავშირი არა, მაგრამ ევროგაერთიანება იყო - ევროპის საერთო ბაზარი და ჩვენ ჩვენი თავი იქ გვეგულებოდა, მაგრამ უზარმაზარი დაბრკოლებები გვქონდა.
- თუმცა ბირთვული რაკეტები, გაზი და ნავთობი ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის არ აღმოჩნდა დაბრკოლება, იქნებ ჩვენი მთავარი პრობლემა მაინც შიდადაპირისპირება იყო?
- მაშინ ჩვენ ძალიან ბევრი შიდა პრობლემაც გვქონდა. დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველ ეტაპზე კი იყო ერი უფრო კონსოლიდირებული, მაგრამ ძალიან მალე იჩინა თავი უთანხმოებამ. სხვათა შორის, პროკომუნისტურად განწყობილი ხალხიც ბევრი იყო. რაც შეეხება ბალტიელებს, მათ არ უნდა შევადაროთ თავი. ჯერ ერთი, შუაგულ ევროპაში არიან და ყოველთვის პატარა ევროპულ ქვეყნებად მოიაზრებოდნენ. ამიტომ მიიღეს დაჩქარებული წესით ევროპულ ოჯახში. ჩვენზე მეტი ნამდვილად არაფერი გაუკეთებიათ, უბრალოდ, ერთმანეთში არ უომიათ. ჩვენი რეგიონი ცეცხლში იყო გახვეული ყარაბაღის გამო. ჩვენ ძალიან ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზის გამო ვერ მოვხვდით მაშინ ევროპულ ოჯახში.
- ვინც ისტორია არ იცის, შეიძლება ბევრს აღარ ახსოვს, ბევრი კი საერთოდ არ მოსწრებია რუსული რეჟიმის სისასტიკეს, მაგრამ როგორ შეიძლება პროკომუნისტები ან პრორუსები ყოფილიყვნენ ადამიანები, რომლებმაც 9 აპრილი საკუთარი თვალებით ნახეს?
- 9 აპრილმა, ასე თუ ისე, შეცვალა განწყობები ქართველ საზოგადოებაში, თორემ მანამდე უარესი ვითარება იყო. ერთმა ცნობილმა რეჟისორმა თქვა, როგორი კარგი მეგონა საბჭოთა არმია და როგორი ცუდი ყოფილაო. როგორ ეგონა ის არმია კარგი, რომელსაც მისი ქვეყანა ჰყავდა დაპყრობილი?! აი, ასეთი განწყობები იყო ინტელიგენტთა წრეებში. სხვათა შორის, ბოლომდე ვერც 9 აპრილმა აუხილა თვალები ჩვენი საზოგადოების ნაწილს. ხან გორბაჩოვს ადანაშაულებდნენ ყველაფერში, ხან ელცინს და ხან რუს გენერლებს და იმას კი აღარ ფიქრობდნენ, საიდან იყვნენ მოსულები გორბაჩოვი, ელცინი და რუსი გენერლები. მე გაოცებული ვარ, რატომ უკვირთ პუტინის გადაწყვეტილებები. ისიც ელცინის და გორბაჩოვის მემკვიდრეა, უბრალოდ, უფრო დაბალი დონისაა, ველური, და წინამორბედებისგან განსხვავებით, იმპერიული ზრახვების დაფარვას არც ცდილობს. არაფერს აკეთებს ისეთს, რასაც სხვა რუსი ლიდერები თუ მეფეები არ აკეთებდნენ. პრობლემა პუტინი კი არა, რუსი ხალხის იმპერიული ზრახვებია. ასეთია რუსული ბუნება - ურჩევნიათ საღორეში იცხოვრონ, ოღონდ სხვა ერები დაიპყრონ.ეს ავადმყოფობა ძვირი დაუჯდებათ, უკვე დაუჯდათ კიდეც. პრობლემა ის არის, რომ ამასობაში ჩვენ გვაზარალებენ. თქვენ თითქოს არ დაიჯერეთ, მაგრამ მართლა ეშინოდათ მაშინდელ მსოფლიო ლიდერებს რუსეთის. ელცინზე ამბობდნენ, რომ დათვრება, შეიძლება ბირთვული იარაღის ღილაკსაც დააჭიროს ხელიო.
კლინტონის ერთი მრჩეველი მემუარებში ასეთ რამეს წერს, ღამის ოთხი საათიც რომ ყოფილიყო, ელცინს რომ დაერეკა, ის ფეხზე წამოვარდებოდა. ერთხელ ვკითხე, ასე რატომ გეშინიათ მისი-მეთქი და მიპასუხა, ჩამოყალიბებული ლოთია, გალეშილზე არ წამოუაროს და ბირთვული რაკეტები არ გამოუშვას ჩვენკენო. მე, თედო პაატაშვილი, მერაბ ურიდია და თამაზ გამყრელიძე სენატის ასი წევრიდან 50 კაცს შევხვდით, მათ შორის ბაიდენიც იყო. ბაიდენი და რამდენიმე სენატორი გვიჭერდნენ მხოლოდ მხარს, დანარჩენები ფრთხილობდნენ, ბოლოს ერთმა პირდაპირ გვითხრა, ჩვენ გვირჩევნია ერთი გორბაჩოვი მართავდეს მთელ ამ სივრცეს, ვიდრე 15 რესპუბლიკას ცალ-ცალკე ვდიოთო. ყველა საკუთარი გადმოსახედიდან უყურებდა რუსეთს და სანამ შუა ევროპაში არ გააჩაღა ომი, მანამდე არ შეიწუხეს თავი. იგივე განმეორდა, რაც ჰიტლერთან დაკავშირებით მოხდა, ყველა კოჭს უგორებდა, სანამ საფრანგეთს არ დაესხა თავს. მანამდე დაუდებდნენ ხელშეკრულებას, ჰიტლერი დაარღვევდა, მერე კიდევ დაუდებდნენ, კიდევ დაარღვევდა და ა.შ. სანამ 70 მილიონი კაცი არ შეიწირა, მანამდე არ გამოფხიზლდნენ. ასეა ახლაც, პუტინს უგორებენ კოჭს და ამ ყველაფერს საწყალი უკრაინელი ხალხი ეწირება. გახსოვთ, ობამას გადატვირთვის პოლიტიკა? ბუში არ იყო, რომ თქვა, მე მას თვალებში ჩავხედე და წესიერი კაციაო?! მართლა დაიჯერეს, რომ კა-გე-ბეს მაიორი (გენერალიც კი არ იყო) უცებ კარგი ბიჭი გახდა?! პუტინმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი რომ აღადგინა, მაშინ ვკითხე ჩემს ამერიკელ მეგობრებს, არაფერს არ გეუბნებათ ეს ამბავი-მეთქი? იცით, რა შინაარსის არის ჰიმნის ტექსტი? - ძმურ ხალხთა ოჯახი სამუდამოდ შეკრა დიდმა რუსმა ხალხმაო. როგორ შეიძლება ამაში მინიშნება ვერ დაინახო. მერკელი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე რომ ყოფილიყო, ამის მერე თავის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას რუსეთზე დამოკიდებულს გახდიდა?! მანამდე გარეწარმა შრიოდერმა მილიონ-ნახევარი ევროს გამო განყოფილების გამგედ დაანიშვნინა თავი პუტინს. რა მხარდაჭერა უნდა გვქონოდა ისეთი ევროპისგან, რომელსაც ასეთი ადამიანები მართავდნენ?!
- სამაგიეროდ, შოლცი გამოდგა კერკეტი კაკალი.
- მართლა კერკეტი კაკალი აღმოჩნდა, მაგრამ შეგახსენებთ, თავიდან მანაც აითრია ფეხი უკრაინის დახმარებაზე და საერთოდ, დღემდე არ მიუციათ უკრაინისთვის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ, თან დასძახიან, კონტრშეტევა არ გამოგივიდათო. როგორ გამოუვათ კონტრშეტევა, როდესაც ჰაერში რუსეთი ბატონობს?! აუცილებლად უნდა ვთქვა, რუსეთს უკრაინამ კბილები დააძრო. მიკვირს, უკრაინელი პოლიტიკოსები რომ მოთქვამენ, ვაი, ჯერ არ მოგვიგიაო. კი მაგრამ, კიევისგან მოიგერიეს რუსები, ხერსონი და ხარკოვი გაათავისუფლეს, შავ ზღვაზე რუსულ ფლოტს ისე გაუხადეს საქმე, ოჩამჩირეში გადამალეს. ალბათ, მეტი ფულის მიღება უნდათ...
- რას გულისხმობთ?
- იმას ვგულისხმობ, რომ უკრაინის ხელისუფლებაშიც არ არის ყველაფერი რიგზე. ის არესტოვიჩი ჩვენ რომ გვაკრიტიკებდა, შემთხვევით ოპოზიციაში ხომ არ ჩაუდგა ზელენსკის და რუსული ტექსტებით ხომ არ ლაპარაკობს?!
- საბოლოოდ ევროსაბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, უკრაინას და მოლდოვას კი მოლაპარაკებები გაუხსნა.
- ჩვენ კანდიდატის სტატუსი დავიმსახურეთ, არაფერი არ დაუთმიათ და არც უჩუქებიათ ჩვენთვის. საუკუნეების განმავლობაში ვაკლავდით თავს აზიურ ურდოებთან ბრძოლას, ბოლო 30 წელი რუსულ ურდოს ვებრძვით. უკრაინა ახლა ებრძვის რუსეთს და ძალიანაც მამაცურად, ჩვენ 30 წელია ვებრძვით. მანამდე რა იყო, იმას აღარ მოვყვები. "ქართულ ოცნებას" უკიჟინებენ, სანქციები დაუწესე რუსეთსო და თავად ვაჭრობენ. იმ თვითმფრინავებსა და ჭურვებში, რომლებითაც რუსები უკრაინელებს ხოცავენ, უცხოური წარმოების ჩიპები აღმოჩნდა. საიდან? ე.ი. თავად სამხედრო წარმოების ნედლეულსაც ყიდიან რუსებზე, ნავთობსაც და გაზსაც და მე მეუბნებიან, წიწმატი და ღვინო არ გაიტანო რუსეთშიო. ჩვენს წინაპრებს კარგად აქვთ ნათქვამი, "ისეთმა ფურმა ჩამწიხლოს, ჩემზე მეტს რომ იწველისო". ოდეკოლონს რომ გავიტანთ, ეს არის პრობლემა? ეს არ არის პრობლემა, "კრასნაია მოსკვას" დაისხამენ რუსები, ან სულაც არაფერს არ დაისხამენ და აყროლებულები ივლიან. ჩვენ ჩვენი შეცდომები გვეყოფა, უაზრო ულტიმატუმები და პრეტენზიები არ არის საჭირო. რუსეთში იმპორტირებული ღვინოებიდან ქართული ღვინო მეორე ადგილზეა, იცით პირველი ადგილი ვის უჭირავს? იტალიას! შესანიშნავი პრემიერი ჰყავთ, ძალიან მომწონს მეცოლა, მაგრამ თუ მას შეაქვს რუსეთში ღვინო, ჩვენ რატომ გვიშლიან? სულაც არ ვაპირებ "ოცნების" ქებას, მაგრამ ყველაფერში კი არ ტყუის ეს ხალხი.
ბალტიელები რომ ასეთი მამაცნი არიან დღეს, ამის მიზეზი ის ხომ არ არის, რომ ნატოს ქოლგის ქვეშ არიან და ევროკავშირის ფინანსებიც აქვთ?! ჩვენ კი მარტო ვართ დარჩენილი, სადღაც ზღვის გადაღმა! კიდევ კარგი, ახლა მაინც არ დაგვტოვეს სტატუსის გარეშე. ეს ძალიან დიდ იმედგაცრუებას გამოიწვევდა ქართველ ხალხში.
არ იყო მართალი, მაკრონმა ჩვენზე რომ თქვა, გეოგრაფიულად სხვაგან არიანო. ევროპა-აზიის საზღვარი კავკასიონზე გადის, ქედის გადაღმა ევროპაა, ჰოდა, ხევსური, მოხევე და თუშები ევროპელები არიან გეოგრაფიულად. რაც შეეხება პროცესების მოსალოდნელ განვითარებას, "ქართულ ოცნებას" ახლა მართლა მოუწევს რეფორმების გატარება.
- რას მიანიშნებს პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება, "დიახ, ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე და მუხლის ჩოქებზე, არამედ დავდექით მტკიცედ და ღირსეულად მოვიპოვეთ გამარჯვება - ეს ისტორიული გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, ჩვენს დაუმარცხებელ, გაუტეხელ, ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს". ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ "ოცნების" პოლიტიკა ისევ ხისტი იქნება დასავლელი პარტნიორების მიმართ?
- ჩვენ ვითხოვეთ ევროპულ ოჯახში შესვლა, ისინი გვეუბნებიან, კი ბატონო, მობრძანდით, მაგრამ ჩვენ ოთახში შესვლამდე ფეხზე ვიხდითო, შენ ვერ ეტყვი, არ გავიხდი ფეხზე, დივანზე უნდა ვიარო ტალახიანი ფეხებითო. ჩვენ უკვე კანდიდატის სტატუსი გვაქვს, სავარაუდოდ, 2030 წელს ევროკავშირის წვერიც გავხდებით. ჩვენ მოგვიწევს რეფორმების რეალურად გატარება, ვალდებულების შესრულება. სულ რომ არ გვინდოდეს ევროკავშირში შესვლა, ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს რეფორმები.
ხათუნა ბახტურიძე