დაკანონებული ძალადობის ქრონიკა - კვირის პალიტრა

დაკანონებული ძალადობის ქრონიკა

ოკუპირებული გალი ერთგვარი ზონაა,­ სადაც კანონი არ კანონობს და ეთნიკურ ქართველზე ძალადობა დაშვებულია. უფრო მეტიც, ქართველის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო არც ერთი აფხაზი არ დასჯილა. დაკანონებული ძალადობის ქრონიკის ბოლო ეპიზოდი ასეთია: 9 დეკემბერს ოკუპირებულ გალში აფხაზმა მილიციელებმა ცემით მოკლეს საქართველოს მოქალაქე­ თემურ კარბაია. მის სიკვდილამდე ცემისთვის გალელი მილიციელების დასჯას დე ფაქტო ხელისუფლება არც განიხილავს. აფხაზი მილიციელების სისასტიკემ გააჩინა კითხვა, საერთოდ, როგორ ექცევიან ქართველებს აფხაზი ე.წ. სამართალდამცავები და რა მდგომარეობაში არიან ქართველი პატიმრები აფხაზეთის ციხეებში?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის­ ცნობით, აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 3 მოქალაქეა. 2020 წლის 30 სექტემბერს აფხაზეთის ე.წ. დროშის დაწვის­ მცდელობის გამო ოკუპირებულ გალის რაიონში დააკავეს ირაკლი ბებუა და მას 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. 2022 წლის 20 ივლისს დააკავეს ქრისტინე­ თაკალანძე, რომელსაც ბრალად ედება "საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობა" და მას 10 წელი და 6 თვე მიუსაჯეს. იმავე წლის 5 ნოემბერს ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს გალელი ა.თ., რომელსაც ჯაშუშობასაც ედავებიან.

ქართველების პატიმრობა მძიმეა, ოჯა­ხის­ წევრებს მათი მონახულების საშუალე­ბ­აც­ არა აქვთ. მეტიც, მხოლოდ იმიტომ, რომ ირაკლი ბებუა ქართველია, ის დრანდის­ ციხეში არ გადაიყვანეს, ეთნიკურობის გამო ძალადობის მსხვერპლი რომ არ გამხდარიყო, რის გამოც 3 წელზე მეტია მილიციის იზოლატორშია. უცნობია, როგორ პირობე­ბშია ორი ქართველი პატიმარი ქალი. ისინი საქართველოს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ თითქმის მიივიწყეს. მათი ოჯახის წევრებიც მედიასთან კონტაქტს და საჯარო განცხადებებს თავს არიდებენ.

აფხაზეთში სამართალდამცავების თავაშვებულობასა და ქართველ პატიმრებზე დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელი, ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გვესაუბრება:

- ოკუპირებულ აფხაზეთში ამჟამად 3 უკანონო ქართველი პატიმარია: ირაკლი ბებუა, ქრისტინე თაკალანძე და 29 წლის ქალი, გვარად თავაძე. ჩვენი ორგანიზაცი­ის ცნობით, არის კიდევ ერთი ქალი, თუმცა­ მისი ვინაობა ჯერ ვერ დავადგინეთ.­ ვიცით­ მხოლოდ ის, რომ ნარკოტიკების შენახვის­ მუხლით არის დაპატიმრებული. აფხაზური ციხის პირობები არ შეესაბამება­ ადამიანთა­ უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს, ყველა დონეზე მაღალი კორუფციაა და პატიმრებს ფულის გადახდა უწევთ­ ელემენ­ტარული სერვისების­ მიღებაში. ქართველების მდგომარეობა უფრო მძიმდება იმის გამო, რომ პატიმარი ქართველია.

ქართველი პატიმრებიდან ჩვენ მხოლოდ ირაკლი ბებუას შესახებ გვაქვს ცნობები. აფხაზეთში მხოლოდ ერთი, დრანდის ციხეა, თუმცა ბებუა სოხუმის მილიციის იზოლატორშია. ის დრანდის ციხეში არ გადაიყვანეს იმის გამო, რომ სხვა პატიმრებისგან­ ძალადობის მსხვერპლი არ გამხდარიყო. რადგან მან აფხაზეთის დროშა დაწვა, შურისძიების რისკი არსებობდა, ამიტომაც, შეიძლება ითქვას, იზო­ლატორი უფრო დაცულია. თუმცა დახურულ საკანში ძალიან მძიმე პირობებია. მას პრაქტიკულად არანაირი უფლებები არ გააჩნია და როგორც ოჯახი ამბობს, ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებიც აქვს - სტკივა თავი, ხერხემალი და ხელი არ მიუწვდება სამედიცინო სერვისებზე, არა აქვს მედიკამენტები და არ მკურნალობენ, 3 წელზე მეტია, რაც დახურულ სივრცეში უწევს ყოფნა და ეს კიდევ ცალკე სასჯელია.

120908259-1299056637107236-1986529219689375051-n-1702831127.jpeg.jpg

- არა მარტო ციხეშია მძიმე პირობები­, გალის მილიციაც ძალადობს ქართვე­ლებზე. ახლახან ცემით მოკლეს თემურ კარბაია, მანამდე იყო ირაკლი კვარაცხელია, რომელიც გალის იზოლატორში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

- ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობა­ 2019 წელს მოხდა. ის არა აფხაზებმა, რუსმა სამხედროებმა დააკავეს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდე­ბით და სასაზღვრო სამმართველოში­ გადა­­იყვანეს, სადაც თითქოს თავი ჩამოი­ხ­რჩო. მაშინ გამოძიება ფორმალურად ჩატა­­რდა­ და თქვეს, რომ ძალადობა არ დადა­სტურდა­.

კარბაიას შემთხვევაში ძალად­ობა აშკარაა - მას სასტიკად სცემეს.­ როგორც მისი ოჯახის წევრებისგან ვიცით, რეიდის დროს ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით­ ქუჩაში გააჩერეს. კარბაიამ უარი განაცხადა შემოწმებაზე, მილიციელებს უთხრა, რომ თავად გამოცხადდებოდა გალის მილიციაში, მანამდე­ კი საკუთარი­ მანქანით ოჯახის წევრებს სახლში მიიყვანდა. კამათის შემდეგ მას სასტიკად სცემეს, რა დროსაც მიიღო მძიმე დაზიანებები. სწორედ ოჯახის წევრებმა გადაიყვანეს­ ის უგონოდ გალის კლინიკაში სხეულის სხვადასხვა ნაწილის მოტეხილობით, ტვინის­ შერყევით. მალე გალიდან­ სოხუმის საავადმყოფოში­ გადაიყვანეს... გალის მილიციაში მიყვანამდე სცემეს სასიკვდილოდ. ამ სასტიკ ცემაში მონაწილე მილიციელები დააკავეს,­ დაჰკითხეს და შემდგომ გაათავისუფლეს...

ქართველებისთვის შერჩევითი სამართალი მოქმედებს, მათ სასტიკად ექცევიან. თუნდაც ირაკლი ბებუას სასტიკად დასჯას­ დღემდე ლობირებენ ადგილობრივი­ რადიკალური ჯგუფები. სხვათა შორის, მოასწრეს მისი გადაყვანა, თორემ გალში­ მის ლინჩის წესით დასჯას ითხოვდნენ. ყოფილი დე ფაქტო შს მინისტრი ასლან კობახია აცხადებდა, მე ადგილზე დავხვრეტდიო.

აფხაზეთში ძალადობა არ არის იშვიათი,­ სხვა შემთხვევებიც ყოფილა მილიციის რეიდების დროს. ხშირია არასათანადო მოპყრობა, წამების ფაქტები. ყველა მათგანი­ არ ხმაურდება, მხოლოდ ლეტალური შედეგები. ეს მიუთითებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მდგომარეობა ძალიან მძიმეა და მილიციის საქმიანობას არავინ აკონტროლებს, მათ არც არავინ სჯის. ახლაც მილიციელებისთვის ბრალის ასარიდებლად სხვადასხვა ვერსიის გავრცელებას ცდილობენ, თითქოს თემურ კარბაია წაიქცა, თავი დაარტყა და უბედური შემთხვევის გამო გარდაიცვალა. მეორე ვერსიით კი ის ადრე ნასამართლევი იყო, დაკავების სპეცოპერაცია მიმდინარეობდა და წინააღმდეგობის გაწევის შედეგად გარდაიცვალა. მოძალადეებმა იციან, რომ მათ არავინ დასჯის. გახსოვთ, ალბათ, 28 წლის გალელი ნათია ბახტაძის მკვლელობა აგვისტოში. მისი ცხედარი ჯერაც არ არის ნაპოვნი. მკვლელობაში ეჭვმიტანილია გალის ე.წ. ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის შვილი და ცდილობენ აარიდონ მას სასჯელი.

hp-1702831127.jpg

- აფხაზურ ციხეში წლების წინ გარდაიცვალა ქართველი პატიმარი, ზაზა წულუკია. სუს-ის ინფორმაციით, ის 2012 წელს დააკავეს, შემდეგ მასზე ინფორმაცია გაქრა და 2016 წელს გალის შეხვედრებისას აფხაზურმა მხარემ თქვა, რომ წულუკიამ აფხაზეთის ციხეში თავი ჩამოიხრჩო და ის სოხუმში დაასაფლავეს. ამ ფაქტის შესახებ დეტალები თუ გსმენიათ?

-. იმხანად აფხაზეთის ციხეებში ძალიან ბევრი ქართველი იყო. 2016 წელს პატიმრების გაცვლა მოხდა. ქართულმა მხარემ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას გადასცა 4 ოსი მსჯავრდადებული, სანაცვლოდ აფხაზეთის და ცხინვალის ციხეებიდან 14 ქართველი გაათავისუფლეს (9 აფხაზეთის ციხიდან, 5 - ცხინვალის. რედ.).

- შესაძლებელია ირაკლი ბებუას 9 წელი სრულად მოახდევინონ?

- უკვე გავიდა 3 წელი და 3 თვე და ამდენ ხანს რომ საკანში მარტოა ადამიანი, ეს თავისთავად წამებაა. არსებობს წესი, საერთაშორისო სტანდარტი, როდესაც ადამიანს მძიმე დანაშაული არა აქვს ჩადენილი და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში იხდის სასჯელს, მას პატიმრობის ვადა უნდა შეუმცირდეს. რადგანაც ბებუა დახურულ დაწესებულებაშია, მას ამ წესით პატიმრობის 1 დღე 2 კალენდარულ დღედ ეთვლება და 4,5 წელში უნდა გამოვიდეს ციხიდან. ასეთი წესი დრანდის ციხეში ქართველი პატიმრების მიმართ ადრე გამოიყენეს, ამიტომ იმედია, ბებუასაც შეეხება. ამას ემატება მისი ჯანმრთელობის გაუარესებაც და მას აფხაზეთში მოქმედი ნორმებითაც ეკუთვნის ვადამდე გათავისუფლება. ჩვენ დე ფაქტო ომბუდსმენთან გვქონდა საუბარი­, თუ რამდენად შესაძლებელია დე ფაქტო პრეზიდენტმა შეიწყალოს. ჯერ არაფერი თქმულა, თუმცა ველოდებით, რომ მალე, შესაძლოა ამ საახალწლოდ, გადაწყვეტილება მიიღონ.

- ქრისტინე თაკალანძე სად იხდის სასჯელს და რა იცით მის მდგომარეობაზე?

- ქრისტინე თაკალანძე ჯაშუშობის ბრალდებით 2022 წელს დააკავეს და 10 წელი და 6 თვე მიუსაჯეს. ის დრანდის ციხეში იხდის სასჯელს. ბრალდების მიხედვით, ის აგროვებდა საიდუმლო ინფორმაციას, რომლის გადაცემას ქართული მხარისთვის აპირებდა. ჩემი ვარაუდით, ის გალის რომელიმე თანამდებობის პირის შურისძიების მსხვერპლია. აფხაზების გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ქართულად დაწერილი ბარათი, რომელზეც ეწერა, თუ წახვედი გალში ან ზუგდიდში, ეს წამალი მომიტანეო, არის ასევე ხელნაწერი ტექსტი, რომელიც თითქოს ჯაშუშობაზე მიუთითებს და რომელშიც ბევრი შეცდომაა. ჩანს, ის არაქართველის დაწერილია. თაკალანძე რა მდგომარეობაშია, არ ვიცით.

- ბებუას გათავისუფლებაზე მეტ-ნაკლებად აქტიურობა არის. ქრისტინე თაკალანძეს კი არავინ ახსენებს.

- ჩვენ ოჯახის წევრებთან არ გვაქვს კონტაქტი. მათ საუბარი არ სურდათ, იმედი ჰქონდათ, რომ ქრისტინეს გაამართლებდნენ და გამოუშვებდნენ, მაგრამ შეცდნენ. თავაძის ოჯახს იმედი აქვს, რომ პატიმრობას არ მიუსჯიან და აქტიურობით ვითარების გამწვავება არ სურთ.

- არის შანსი, როგორც 2016 წელს გაიცვალა პატიმრები, იგივე მოხდეს ამჯერადაც?

- ხელისუფლებამ პრაქტიკულად გაწირა ბებუა პატიმრობისთვის. არადა, 2017 წელს აფხაზეთში იყო მსგავსი შემთხვევა, როდესაც აფხაზური დროშის შეურაცხყოფისთვის დააკავეს სომეხი მოზარდი და მალევე გაათავისუფლეს ყველანაირი სანქციის გარეშე, მსგავს დანაშაულზე ეთნიკურად ქართველი კი პატიმარია. აშკარაა, რომ ბებუას საქმეზე შერჩევითი სამართალია გამოყენებული, მკაცრი სასჯელი, ზუსტად იმიტომ, რომ ქართველია.

- ახსენეთ, რომ აფხაზეთის ციხეში დიდი კორუფციაა. წელს გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს აფხაზი პატიმარი, რომელსაც ციხეში აპარტამენტები აქვს და ვერანდაზე კანაფიც აქვს მოშენებული.

- ქურდული სამყაროს სუბკულტურა აფხაზეთში ძალიან გავრცელებულია, ციხეშიც და გარეთაც, ეს ვიდეო ამას ადასტურებს.

ეკატერინე ბასილაია