"ტვისტი", ასრულებენ მწვრთნელები - კვირის პალიტრა

"ტვისტი", ასრულებენ მწვრთნელები

გუნდების თავკაცთა ხშირ ცვლას ბრაზილიაში "მწვრთნელთა ცეკვას" უწოდებენ. რაც 2011-12 წლების სეზონში ხდება, უბრალო ცეკვა კი არა, რომელიმე სწრაფი ცეკვაა, მაგალითად "ტვისტი" - ერთის წასვლის, მეორის მისვლის ამბებს ყოველდღიურად ვგებულობთ. იკითხავთ: საქართველოს გულისხმობთ, თუ საზღვარგარეთს? გიპასუხებთ: ჩვენს ქვეყანასაც და უცხოეთსაც! ამ თემაზე უახლოეს მომავალში ვაპირებდი დაწერას, მაგრამ ინგლისის ნაკრებიდან ფაბიო კაპელოს წასვლამ მოვლენები დააჩქარა.

იტალიელი მწვრთნელის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ იგი "მწვრთნელთა ფერხულში" არ ჩაება და არც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის დაკრულზე აცეკვდა. თავად გაწყვიტა კონტრაქტი. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ "ქუინზ პარკ რეინჯერსის" მოთამაშის ანტონ ფერდინანდის რასისტული შეურაცხყოფისთვის ინგლისის ნაკრების კაპიტნის ჯონ ტერის საქმე სასამართლომდე მივიდა. განხილვა ივლისისთვის გადაიდო. ინგლისის ფეხბურთის მამები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაელოდნენ და ტერის ნაკრების კაპიტნობა ჩამოართვეს. ამან 65 წლის მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო აღაშფოთა:

- ვთვლი, რომ კაპიტანი ტერი უნდა იყოს. ასოციაციის გადაწყვეტილება ჩემი შეურაცხყოფაა და ამიტომ გადავწყვიტე ნაკრების პოსტის დატოვება. არადა, თითქოს ანგლო-საქსური სამართლიანობა საქვეყნოდაა ცნობილი - ინგლისელები ხომ ყოველთვის ამბობენ: ადამიანი უდანაშაულოა, ვიდრე ბრალეულობა არ დაუმტკიცდება.

ინგლისური გამოცემების მტკიცებით კაპელოს კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტისთვის კომპენსაციის სახით ინგლისის ასოციაციისთვის დიდი ოდენობის თანხის გადახდა მოუწევს. შესაძლოა, ვინმეს გაუკვირდეს, რატომ შეითხელა ჯიბე და რატომ წავიდა ნაკრებიდან მაინცდამაინც ევროპის ჩემპიონატის წინ? საქმე ისაა, რომ კაპელოს არც ფული უჭირს და არც ტიტულები აკლია. თავად განსაჯეთ:

- ჩემს სახლში ვერ ნახავთ ფოტოს, რომელზეც ჯილდოებით ხელში ვარ გამოსახული. ასეთ საგნებს უცხო თვალისგან საგანგებოდ ვმალავ, - ამბობს იტალიელი სპეციალისტი. სამაგიეროდ მისი ოთახის კედლებზე 15 მილიონი ევროს საფასურის მხატვრული ტილოებია.

***

ახლა ჩვენი ვიკითხოთ. საბედნიეროდ, საქართველოს ფეხბურთისა და კალათბურთის ფედერაციები მიხვდნენ, რომ მწვრთნელთა ყოველწლიური ცვლა შედეგს ვერ მოიტანს. ამიტომ, თემურ ქეცბაია და იგორ კოკოშკოვი კიდევ ოთხი წლით დატოვეს პოსტებზე.

საკლუბო სპორტში კი ჯერაც მძიმე მდგომარეობაა. დამრიგებელთა საკითხს ვგულისხმობთ: საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი თვით ადრე აბსოლუტური რეკორდი უკვე დამყარდა, პირველობის მონაწილე 12-დან 10 გუნდს შეეცვალა მთავარი მწვრთნელი. "დინამოში" გარსიას პოსტი დევდარიანმა დაიკავა; "ზესტაფონში" გეგუჩაძე - ჭიაბრიშვილმა შეცვალა; "ტორპედოში" კიკნაძე-ზამთარაძის დუეტი - გეგუჩაძემ; "მეტალურგში" მაისურაძე - ჟორჟიკაშვილმა; "ბაიაში" ქომეთიანი - ტყებუჩავამ; "გაგრაში" პისკოვეცი - ჯელაძემ, "სპარტაკში" კვარაცხელია - ხაჩიძემ; "კოლხეთში" ფილია - დათო მახარაძემ; "დილაში" ამ სეზონში მესამე მწვრთნელად თემურ მახარაძე მივიდა, ხოლო "სიონმა" ყოველგვარი რეკორდი მოხსნა - მეხუთე მწვრთნელი ჰყავს.

საქართველოში #2 სპორტშიც თითქმის ასეთივე სიტუაციაა: ახალი მთავარი მწვრთნელი საკალათბურთო ჩემპიონატის წარმომადგენელ 11-დან 5 გუნდში მივიდა. აქედან "შსს აკადემიასა" და "სოხუმს" ოქტომბრის შემდეგ მესამე თავკაცი უძღვებათ. გვარების ჩამოთვლას არ მოვუყვებით, გაცილებით საინტერესო ასეთი რეფორმების გამომწვევი მიზეზებია. რატომ მყარდება რეკორდები მაინცდამაინც 2011-2012 წლების სეზონში?

ერთ ჭკვიან სპეციალისტს აქვს ნათქვამი: გუნდში თავკაცს ორ შემთხვევაში ცვლიან - როცა საქმე ცუდადაა, ან პირიქით - კარგად. მეორე შემთხვევასთან გვქონდა საქმე საკალათბურთო გუნდის, "ქუთაისის" შემთხვევაში, როცა ერთადერთი ლეგიონერით (ისიც აზერბაიჯანელია) გაძლიერებულმა ქუთათურებმა მალხაზ კოხრეიძის წინამძღოლობით პირველი წრე მეორე ადგილზე დაასრულეს და ლეგიონერებით შევსებულ რამდენიმე გუნდს აჯობეს.

უმეტეს შემთხვევაში კი მწვრთნელებმა ხელმძღვანელობის მიერ გაცემული ავანსი ვერ გაამართლეს. არის კიდევ უამრავი მიზეზი, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მწვრთნელთა "ქართულ ცეკვაზე" ლაპარაკი ცნობილი სპეციალისტის მოსაზრებით დავასრულოთ: წინა სეზონებთან შედარებით გუნდებში თავკაცთა ხშირი ცვლილება კლუბების ხელმძღვანელთა ამბიციების ზრდის ბრალია. ამბიციებმა კი გუნდებში ფულთან ერთად იმატა.

მთავარია, დაფინანსება იყოს, საკლუბო მენეჯმენტსაც ვისწავლით და შუა სეზონში გუნდების გადაწყობა-გადმოწყობასაც ბოლო მოეღება.

ვაჟა სიმონიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)