თბილისში აწყობილი კამიკაძე-დრონები ქართული არმიის არსენალში „ჩაირიცხნენ“... - კვირის პალიტრა

თბილისში აწყობილი კამიკაძე-დრონები ქართული არმიის არსენალში „ჩაირიცხნენ“...

ვაზიანის პოლიგონზე მორიგი აფეთქებები მოხდა... პოლიგონი სწორედ იმიტომაა, რომ იქ სამხედროებმა ივარჯიშონ და აფეთქებებიც იყოს, მაგრამ ეს აფეთქება სულ სხვა იყო... რადგან ცაში აუჩქარებლად "მოფარფატე" თვითმფრინავის მომცრო მოდელი მოულოდნელად პიკირებაზე გადავიდა, სამიზნეს პირდაპირ ცენტრში მოხვდა და გაანადგურა... ეს თბილისში, ქართულ-პოლონურ ერთობლივ საწარმო "დელტა-ვებეში" აწყობილი WARMATE-ს ტიპის კამიკაძე-დრონის "წერტილოვანი" საბრძოლო გამოყენების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი გახლდათ, რასაც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები და პარლამენტარები აკვირდებოდნენ.

წლის დამდეგს "კვირის პალიტრაში" ვწერდით, რომ "უკრაინის ომმა უკვე გამოავლინა იმ სხვადასხვა დანიშნულების დრონებიდან ის ტიპები, რომლებიც საუკეთესოა საჰაერო დაზვერვისთვის, და ისინიც, რომლებიც კამიკაძე-დრონების ამპლუაში "თავს სწირავენ" რუსული ჯავშანტექნიკის გარანტირებულად ასაფეთქებლად.

უკრაინის ომში წარმატებულ საბრძოლო ნათლობამიღებულთა შორის არიან პოლონური კომპანია WB Grupa-ს წარმოებული სადაზვერვო დრონი FlyEye და კამიკაძე-დრონი WARMATE, რომელთა ეფექტიანი საბრძოლო მოქმედებების არაერთი ვიდეო გავრცელდა უკრაინის ფრონტიდან.

რატომ უნდა გამოიგონო ხელახლა ველოსიპედი, როდესაც ომში უკვე აპრობირებული სადაზვერვო და კამიკაძე-დრონები პოლონელებთან ერთობლივად შეგიძლია აწარმოო - სწორედ ამ პრინციპით ჯერ კიდევ 2022 წლის 19 მაისს თბილისში გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ქართულ-პოლონურ ერთობლივ საწარმო Delta-WB დაიწყებს პოლონური დრონების აწყობას.

სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო 2022 წლის დეკემბერში ვერ მოესწრო დრონების წარმოება, მაგრამ ერთი თვის დაგვიანებით, 2023 წლის იანვრის მიწურულს, ეს ძალზე მნიშვნელოვანი პროცესი მაინც აიღებს სტარტს და ქართული არმია ეტაპობრივად მიიღებს თანამედროვე ომების ისეთ აუცილებელ ატრიბუტს, როგორიცაა სადაზვერვო და კამიკაძე-დრონები, რომელთა საბრძოლო გამოყენება დაზოგავს ქართველი სამხედროების ჯანმრთელობასა და სიცოცხლესაც".

2-droni-1702833821.jpg
ქართულ-პოლონური კამიკაძე-დრონი Warmate

და, აი, 2023 წლის ბოლოსთვის პოლონეთიდან ჩამოტანილი დეტალებით თბილისში აწყობილი ამ ორი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია შეიარაღებაში უშუალოდ საბრძოლო დანაყოფებს გადაეცათ.

მაგრამ სამხედრო ნაწილების შეიარაღების საწყობებში ამ დრონების "დამწნილებას" რა აზრი ექნება, თუკი მათი საბრძოლო გამოყენება არ ეცოდინება ჯარს?

საბედნიეროდ, ამ დრონების აწყობის პარალელურად, "დელტა-ვებეს" ბაზაზე შექმნილ ტრენინგცენტრში დაიწყო დრონების ოპერატორების მომზადება და გადამზადებაც. ტრენინგცენტრი მოამზადებს ოპერატორებს საქართველოს თავდაცვის ძალებისა და იმ სახელმწიფო სტრუქტურებისთვისაც (მაგალითად, შსს-ს სასაზღვრო პოლიციისთვის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმებისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო და დაცული ტერიტორიების სააგენტოებისთვის), რომლებიც იმედია, დაინტერესდებიან ამ დიდი შესაძლებლობით, რაც მათ საშუალებას მისცემს ოპერატიულად აითვისონ თანამედროვე ქართულ-პოლონური დრონების გამოყენება.

რა ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები აქვთ ამ დრონებს და რამდენად შეუძლიათ გააძლიერონ ჩვენი თავდაცვის ძალების საბრძოლო შესაძლებლობები თანამედროვე ომებში?

მრავალჯერადი გამოყენების FlyEye-ს ტიპის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი განკუთვნილია ბრძოლის ველის სათვალთვალოდ, საარტილერიო ცეცხლის კორექტირებისთვის, რადიოსიგნალების რეტრანსლირებისთვის, სასაზღვრო ზოლის პატრულირებისა და თვით ტყის ხანძრების მონიტორინგისთვისაც.

პოლონური "მფრინავი თვალის" ერთ-ერთი დიდი პლუსი ისიც არის, რომ მხოლოდ 12 კგ-ს იწონის და მას ერთი კაცი ხელით უშვებს - ანუ არ არის საჭირო აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომელიც მოწინააღმდეგის უპირველესი სამიზნეა მოულოდნელი საჰაერო თავდასხმის დროს.

უპილოტოს 60-120 კმ/სთ სიჩქარით 2,5 საათზე მეტხანს შეუძლია სადაზვერვო ფრენა პირდაპირი ხედვის 50 კმ-იან რადიოკავშირის ზონაში - როდესაც შენი "მფრინავი თვალი" 40-50 კმ სიშორეზე მყოფ მოწინააღმდეგეს ზემოდან "დასცქერის" და თითოეულ მნიშვნელოვან დეტალს გადმოსცემს საათების განმავლობაში, მაშინ, წესით, არც თავდაცვისა თუ შეტევის დაგეგმვა უნდა გაგიჭირდეს და არც საარტილერიო ცეცხლის ზუსტად მართვა.

"მფრინავი თვალის" კიდევ ერთი დადებითი მხარე ისიცაა, რომ მას ამოძრავებს არა შიგაწვის, არამედ ელექტროძრავა, შესაბამისად, უპილოტოს სითბური "კვალიც" უმნიშვნელოა, რაც ძალიან ამცირებს მისი ჩამოგდების ალბათობას სითბური დამიზნების საზენიტო "იგლებით". მწარმოებლების მტკიცებით, ამ უპილოტოების მართვის სისტემა მდგრადია რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების ზემოქმედების მიმართაც, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომში ისე გაძლიერდა რადიოელექტრონული ბრძოლის ტექნიკური შესაძლებლობები და ისე დაიხვეწა დრონებთან ბრძოლის ტაქტიკა, რომ ქართულ-პოლონურ დრონებს მუდმივად დასჭირდებათ გაუმჯობესება.

"მფრინავ თვალს" ორი მოძრავი კამერა აქვს ფიუზელაჟის ქვემოთ - დღის ხედვის სატელევიზიო და ღამის ხედვის სითბური. შესაბამისად, ამ სადაზვერვო დრონის დანიშნულებისამებრ გამოყენება დღე-ღამის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

3-droni-1702833822.jpg
პოლონურ WB Electronics S.A.-ს უკვე შექმნილი აქვს DragonFly tipis FPV-დრონი კვადროკოპტერი, რომლის სერიული წარმოების ათვისება "დელტა-ვებეს" მიერ, ძალზე წაადგებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს...

მეორე უპილოტო ერთჯერადი დრონი-კამიკაძეების კლასს განეკუთვნება.

ერთი მეტრი სიგრძის WARMATE 5,7 კგ-ს იწონის და ორიგინალური კატაპულტიდან შეკუმშული ჰაერით უხმაუროდ იღებს სტარტს. თითქმის ასევე გრძელდება ფრენის დროსაც, რადგან მასაც ბევრად ნაკლებხმაურიანი ელექტროძრავა აქვს. გაიხსენეთ, ყარაბაღის ბოლო ომში სომეხი სამხედროები როგორ ასწრებდნენ რეაგირებას, როდესაც მათ თავზე აზერბაიჯანელების შიგაწვისძრავიანი ისრაელური "ჰაროპის" ტიპის დრონი-კამიკაძეები გამყინავი ხმით პიკირებდნენ.

კამიკაძე WARMATE-ს აკუმულატორების ენერგია საკბილოს ერთსაათიანი ძებნისთვის ჰყოფნის და მისი აღმოჩენისთანავე 150 კმ/სთ სიჩქარით პიკირებს მასზე. საბრძოლო დავალებიდან გამომდინარე, მას ეცვლება საბრძოლო ქობინი და უყენდება მსხვრევად-ფუგასური ან კუმულაციური, ან თერმობარული მოქმედების. დრონი-კამიკაძის მსხვრევად-ფუგასური ქობინი 1 კგ-ს იწონის და მასში 300 გრამი ასაფეთქებელი ნივთიერებაა განთავსებული. აფეთქებისას ნამსხვრევები ათი მეტრის რადიუსში ინარჩუნებს დამაზიანებელ ენერგიას, კუმულაციური მოქმედების ქობინი კი 120-დან 220 მმ სისქის მონოლითურ ჯავშანს ხვრეტს და მსუბუქ ჯავშანტექნიკას გარანტირებულად აფეთქებს. თუმცა ტანკის კოშკურაზე ზემოდან მოხვედრისას (თუკი კოშკურის ზემოთ არ არის დაყენებული დინამიკური დაცვის ელემენტები) არსებობს ასევე ტანკის ზედა, შედარებით მცირე სისქის ჯავშნის გარღვევისა და ტანკის საბრძოლო კომპლექტის, ჭურვების (განსაკუთრებით 125 მმ-იანი ჭურვების ჰილზების) დეტონაციის ალბათობა.

რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიან ომში, რომელიც ათასი კმ სიგრძის ფრონტის ხაზზე მიმდინარეობს, სხვადასხვა დანიშნულების დრონებს ინტენსიურად იყენებენ მოწინააღმდეგე მხარეები. შესაბამისად, დრონების დანაკარგი მხოლოდ ერთი დღე-ღამის განმავლობაში... რამდენიმე ათასს აღწევს!

ეს წარმოუდგენელი ციფრია, მაგრამ რეალობაა, რაც იმას კარნახობს, რომ დრონები, გინდ სადაზვერვო და გინდაც დამრტყმელი დანიშნულების, არმიას არსენალში გამოულევლად უნდა ჰქონდეს, თუკი სურს რაც შეიძლება მეტი თავისი ჯარისკაცი გადაარჩინოს.

შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღების გაჯერება ამ და სხვა დანიშნულების, უპირველესად კი FPV-დრონებით (რომელთა სერიული წარმოების დაწყებაზე იმედია დაფიქრდებიან "დელტა-ვებეში", მით უმეტეს, პოლონურ WB Electronics S.A.-ს უკვე შექმნილი აქვს DragonFly ტიპის FPV-დრონი კვადროკოპტერი), საშური საქმეა.

ცალკე პერსპექტივა იხსნება საქართველოში აწყობილი პოლონური დრონების ექსპორტის დაწყების შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც მთავარი დამკვეთის, თავდაცვის ძალების შეკვეთები დაკმაყოფილებული იქნება. უკრაინის ომში ამ ორივე ტიპის დრონის წარმატებულმა საბრძოლო გამოყენებამ მათ სახელი გაუთქვა მსოფლიოში და მოთხოვნაც იზრდება.

არც საქართველოს თავდაცვის ძალებს აწყენდა და შეიარაღების მსოფლიო ბაზარზეც ინტერესს გამოიწვევდა ქართული ჰიბრიდის გამოჩენაც - მზვერავ FlyEye-ს, ისე კამიკაძე ჭარმატე-ს სისტემების შერწყმა ჯავშანმანქანა "დიდგორის" მრავალფუნქციურ ბაზასთან, რათა მობილური და კარგად დაცული "დიდგორის" პლატფორმიდან ამ დრონების გაშვება მოძრაობის დროსაც დისტანციურად იქნეს შესაძლებელი.