300-წლიანი „კარზე კაკუნი“ დასრულდა!
გილოცავ, საქართველო! ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება - მალე ჩვენი ქვეყანა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება! თუმცა გზა ევროპამდე სამი საუკუნე გაგრძელდა და ქართველი ხალხისთვის ამ გზის გავლა არ იყო მარტივი...
სულხან-საბა ორბელიანი
300 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოდან პირველი მისიონერი ევროპაში გაემგზავრა კავშირების დასამყარებლად. სულხან-საბა ორბელიანის ევროპაში მოგზაურობა საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი თავია. ეს იყო ხაზგასმა, დეკლარირება საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და არჩევანის შესახებ. მას რთული დავალება ჰქონდა - საფრანგეთის მეფე ლუი XIV და ფრანგი მაღალჩინოსნები უნდა დაერწმუნებინა, რომ საქართველოსა და საფრანგეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ჩამოყალიბებულიყო. სულხან-საბა ორბელიანი ევროპაში 1713 წელს ჟან რიშარსა და დავით ბერთან (დავით მეგრელი) ერთად წავიდა. მათი მარშრუტი ასეთი იყო: კონსტანტინოპოლი, მარსელი, პარიზი, რომი. იმოგზაურეს ასევე იტალიის სამხრეთში და კუნძულ მალტაზე. 1713-16 წლებში ევროპაში ყოფნისას სულხან-საბას ბევრი დაბრკოლების გადალახვამ მოუწია. მისი მისია მოიცავდა ირანის ტყვეობიდან ვახტანგ VI-ის გათავისუფლებას და თბილისში მის ქრისტიან მეფედ დაბრუნებას, საფრანგეთიდან მისიონერების გაგზავნას საქართველოში კათოლიციზმის გავრცელების მიზნით; საქართველოსა და საფრანგეთს შორის პოლიტიკური, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას, სამხედრო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას. ასევე, თბილისში უნდა გახსნილიყო საფრანგეთის საკონსულო. ელჩად წარგზავნილი ორბელიანი რომის პაპსა და საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ს შეხვდა. ამ უკანასკნელს ორჯერ ეახლა. სამწუხაროდ, მეფის კარზე გადაწყვეტილებების მიღება გვიანდებოდა. საფრანგეთის სამეფო კარზე ქვეყნებს შორის კავშირის დამყარებას ჰყავდა როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები. მთავარი პრობლემა ირანი იყო, რომელიც იმხანად საფრანგეთთან როგორც მეგობრული, ისე სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობდა. თავის მხრივ, საფრანგეთიც დაინტერესებული იყო ირანთან თანამშრომლობით, რათა აღმოსავლეთში საკუთარი პოზიცია გაემყარებინა. არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, რომ არა 1715 წლის 1-ლ სექტემბერს ლუი XIV-ის მოულოდნელი გარდაცვალება. საფრანგეთის სამეფო კარის გეგმები შეიცვალა. ვერსალში ხელმძღვანელობას ჩამოშორდნენ ის პირები, რომლებიც საქართველო-საფრანგეთის თანამშრომლობის იდეას მხარს უჭერდნენ. ლუი XIV-ის გარდაცვალებამ ცხადყო, რომ საქართველო საფრანგეთიდან დახმარებას ვერ მიიღებდა. დასავლეთ ევროპაში მოკავშირის ძიებამ კრახი განიცადა.
ერეკლე II
2014-2016 წლებში ირლანდიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ერეკლე II-ის შესახებ საინტერესო ცნობები მოიძიეს. როგორც ირკვევა, ბრიტანული და ირლანდიური პრესა რეგულარულად ბეჭდავდა ცნობებს ერეკლე II-ის შესახებ. ევროპული პუბლიკაციები ახლებურად წარმოაჩენენ ერეკლე II-ის ურთიერთობებს ევროპის სახელმწიფოებთან და საშუალებას გვაძლევს უკეთ დავინახოთ პატარა კახის როლი ევროპასთან დაახლოების საქმეში. გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებამდე ერეკლე II ევროპისკენ გზის გაკვალვას ცდილობდა. მას აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა ბრიტანეთის, ავსტრიის, კორსიკის, პრუსიის ლიდერებთან და მათთან პოლიტიკური კავშირის დამყარებას ცდილობდა. დასავლელ ლიდერებთან პირადი მიმოწერის გარდა, ერეკლე II-მ გეორგიევსკის ტრაქტატის დადებამდე 2 წლით ადრე ევროპაში ელჩები გაგზავნა. მათ ერეკლე II-ის სახელით მოლაპარაკებები უნდა გაემართათ ევროპელ მეფეებთან და მათთან კავშირი დაემყარებინათ, თუმცა ვერც ერთმა ვერ შეძლო დანიშნულების ადგილამდე ჩასვლა. მეფის წარგზავნილი მოციქულები უცნაურ გარემოებებში ზედმიწევნით იღუპებოდნენ. უკანასკნელი ცდა პოლონელი მისიონერი იყო, რომელიც რომის პაპს, ვენეციისა და სარდინიის მეფეებს, ასევე, ავსტრიის იმპერატორს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ელჩი პოლონეთში გარდაცვლილი იპოვეს. პატარა კახის თავდაუზოგავი ცდა, დაჰკავშირებოდა ევროპას, უშედეგოდ დამთავრდა. არსებობს ვერსია, რომ ელჩების გაურკვეველ გარემოებებში გარდაცვალების უკან რუსები იდგნენ. 1783 წლის 24 ივლისს გაერთიანებული ქართლ-კახეთის მეფე გეორგიევსკის ტრაქტატს აფორმებს რუსეთთან.
ილია ჭავჭავაძე და თერგდალეულები
საქართველოს ევროპული გზა პირდაპირ დაკავშირებულია ილია ჭავჭავაძესთან. მას უდიდესი როლი აქვს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნაში. ილია ჭავჭავაძე სათავეში ჩაუდგა თერგდალეულთა თაობას, რომელმაც ქართველ საზოგადოებაში ევროპული იდეები შემოიტანა. შეიძლება ითქვას, ევროპელობისა და საქართველოს ევროპული მომავლის ნარატივი ყველაზე მკაფიოდ პირველად სწორედ ილია ჭავჭავაძის პუბლიკაციებში გამოჩნდა. ილიამ დაასაბუთა, რომ ევროპული ფასეულობები ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე ღირებულია. მას მიაჩნდა, რომ ევროპული ღირებულებები დაიცავდა ქართველ ერს. ფიქრობდა, რომ ევროპულ ოჯახში შესვლით მიიღწევა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, მისი სიცოცხლის, თავისუფლების, საკუთრების დაცულობა, თანასწორობა და ჰარმონია. ილიას მიაჩნდა, რომ ჩვენთვის პრიორიტეტული უნდა ყოფილიყო ევროპული განათლების მიღება, ევროპული მმართველობა, წესი და რიგი, რადგან მხოლოდ ასე შეიძლებოდა ხალხის ცხოვრების გაუმჯობესება. "ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება. ეს უნდა იყოს მისი თოფ-იარაღი"... "ევროპა გაცილებით წინ წასულია, უფრო მდიდარია, უფრო ბედნიერია, უფრო ბევრის სიკეთისა და მადლის მპყრობელია, უფრო ძალოვანი და ღონიერია", - ამბობდა ილია ჭავჭავაძე.
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა
ქართველი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის არასდროს შეწყვეტილა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, შესუსტებული რუსული იმპერიის ფონზე, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით მოქალაქეებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაბადება აცნობა.
საქართველო და თბილისი აღმოსავლეთ ევროპის კულტურულ ცენტრად წარმოგვიდგა. აქ იკრიბებოდნენ სხვადასხვა ეროვნების მწერლები, პოეტები, მხატვრები, რევოლუციურ რუსეთს გამოქცეული ხელოვანები. საქართველო ვითარდებოდა როგორც ტრადიციული ევროპული ქვეყანა და ამის დამადასტურებელი საქართველოს რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციაა, რომელიც ერთ-ერთი პროგრესული იყო ევროპის კონტინენტზე და ჯერ კიდევ მაშინ აღიარებდა ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო. სწორედ პირველმა კონსტიტუციამ განსაზღვრა ქვეყნის პირდაპირი დემოკრატიის, ხელისუფლების დანაწილებისა და სეკულარული სახელმწიფოს მთავარი პრინციპები. რესპუბლიკის არსებობის მცირე პერიოდში მოესწრო მსოფლიოში დეპუტატად პირველი მუსლიმანი ქალის არჩევა. ისტორიკოსს დიმიტრი სილაქაძის განცხადებით, 1918-21 წლების პოლიტიკური და კულტურული ელიტა წმინდა ევროპული იყო:
"1918 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა გერმანიის მხარდაჭერით გამოაცხადა. ზოგადად იმ პერიოდში საქართველო იყო ევროპული სტილის სახელმწიფო. იყო გარკვეული მიმართულებები, რომლითაც ევროპის უმეტეს ქვეყანასაც კი ასწრებდა. მაგალითისთვის შეგვიძლია ვთქვათ, საყოველთაო არჩევნები, ქალთა თანასწორუფლებიანობა და ა.შ. აქ პოლიტიკური და სამეცნიერო-კულტურული ელიტა იმ იდეალებზე იყვნენ აღზრდილი და იმგვარად ჰქონდათ პოლიტიკური ხედვა ჩამოყალიბებული, როგორც იმ დროს ევროპულ საზოგადოებაში. შესაბამისად, მათი სურვილიც იყო, რომ ევროპული სტილის ქვეყანა ჩამოყალიბებულიყო. ამის წინა პირობა იყო ის, რომ ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც განათლება მიიღეს ევროპულ უნივერსიტეტებში ან იცნობდნენ იმდროინდელ მოწინავე პოლიტიკურ და ფილოსოფიურ იდეებს.
საქართველო აქტიურად იყო ჩართული ევროპულის პოლიტიკურ ცხოვრებაში. საქართველოს დელეგაცია იმყოფებოდა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, სადაც მომავალი მსოფლიოს ბედი წყდებოდა და ირკვეოდა ერების მომავალი.
1920 წლის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობა დე ფაქტო აღიარა ძალიან ბევრმა ევროპულმა სახელმწიფომ, ხოლო 1921 წლის დასაწყისში დე იურეც აღიარეს.
საქართველოს სურდა ერთა ლიგაში შესვლა, თუმცა კენჭისყრაზე მას მხოლოდ რამდენიმე ხმა დააკლდა. ევროპასთან კონტაქტები ძალიან აქტიური იყო.
1920 წლის შემოდგომაზე საქართველოში ჩამოვიდა ევროპელ სოციალისტთა დიდი დელეგაცია, რომელთაც მოიწონეს აქ მიმდინარე რეფორმები. იმ პერიოდის საქართველო ევროპაში ნელ-ნელა ფეხს იკიდებდა, თუმცა არ დასცალდა, როგორც იცით 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის ჯარები შემოვიდნენ, თორემ საქართველო აუცილებლად იქნებოდა კარგა ხნის ევროკავშირის წევრი და სრულფასოვანი ევროპული ქვეყანა".
1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა
დამოუკიდებლობაწართმეული და საბჭოთა კლანჭებში აღმოჩენილი საქართველო დამოუკიდებლობის ხელმეორედ მოპოვებას 70 წელი ელოდა.
გადამწყვეტ ბრძოლად 1989 წლის 9 აპრილი შეგვიძლია მივიჩნიოთ, როდესაც მშვიდობიანი მანიფესტაცია საბჭოთა არმიამ სასტიკად დაარბია, ამის შემდეგ დამოუკიდებლობის აღდგენა შეუქცევადი პროცესი გახდა.
1991 წლის 31 მარტი, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლის აღდგენის თაობაზე. 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.
დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველოს მიზანი ევროპასთან დაახლოება ხდება. საქართველოს საგარეო კურსი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა, რადგან სათავეში დისიდენტი პრეზიდენტი იდგა, რომელიც რუსეთთან დაუნდობელი მებრძოლი იყო. თუმცა მაშინდელი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ევროპა და დასავლეთი ძალიან შორი პერსპექტივა ჩანდა. ამის მიუხედავად, ზვიად გამსახურდიას კრედო დასავლეთთან მიმართებაში ასეთი იყო:
"დასავლეთის კულტურა, ცივილიზაცია, ხელოვნება, პოლიტიკური ნააზრევი, ფილოსოფია, სოციალური და სამართლებრივი სისტემები უაღრესად ახლოა ჩვენთვის. ჩვენი თვალსაზრისით, ამის ათვისება და გათავისება დასავლური, ღია დემოკრატიული საზოგადოების აშენება არის დასავლური ორიენტაცია და არა სხვა რამ".
ედუარდ შევარდნაძე იყო პირველი, ვინც ნატოს პერსპექტივაზე დაიწყო საუბარი
ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობა არ გამოდგა ხანგრძლივი. ხელისუფლებაში მოსული ედუარდ შევარდნაძე დასავლური კურსისკენ სვლას მისი ლიკვიდაციის მცდელობის (1995 წელი) შემდეგ იწყებს. პრეზიდენტი ხვდება, რომ რუსეთის ანაბარა დარჩენა სახიფათოა. ნელ-ნელა მყარდება და ღრმავდება კონტაქტები ევროპულ ქვეყნებთან.
შევარდნაძე იყო პირველი, ვინც ნატოს პერსპექტივაზე დაიწყო საუბარი. მისი პრეზიდენტობის პერიოდში დაიწყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ერზრუმის პროექტი, რათა დასავლელი პარტნიორები დაეინტერესებინა.
1996 წელს საქართველო ხელს აწერს პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებას.
1999 წლის 27 იანვარს კი საქართველო ევროპის საბჭოს წევრი ხდება. "დღეს აღსრულდა, ყველა დროის, ყველა თაობის, ქართველთა ოცნება, საქართველო დიდი ევროპის ბინადარი გახდა" - ედუარდ შევარდნაძე ევროპის საბჭოზე სიტყვით გამოსვლის დროს.
"მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი"
1999 წელს ზურაბ ჟვანიას მიერ სტრასბურგში ევროსაბჭოს გენერალურ ასამბლეაზე წარმოთქმული სიტყვები - "მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი" - საქართველოს ევროპული გზის სახელმძღვანელოში დიდი ასოებით ჩაიწერა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტს მკაფიოდ გამოხატული დასავლური კურსი ჰქონდა. მიხეილ სააკაშვილი ევროპასთან ურღვევ კავშირზე საუბრობდა.
2003 წლის შემდეგ საქართველოში აქტიურად დაიწყო "ევროპულ ღირებულებებზე" დაფუძნებული რეფორმების გატარება. ცვლილებები შეეხო თითქმის ყველა სფეროს - განათლებას, სასამართლოს, კულტურას, სამხედრო სამსახურს, საპოლიციო რეჟიმს და ა.შ.
2006 წელს შემუშავდა ევროპასთან დაახლოების 5-წლიანი სამოქმედო გეგმა, რომელმაც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს ახალი ბიძგი მისცა.
სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დამკვიდრდა ტრადიცია, ოფიციალურ ღონისძიებებსა და დაწესებულებებში საქართველოს დროშასთან ერთად ევროკავშირის დროშას უნდა ეფრიალა.
გილოცავ, საქართველო!
2012 წელს ხელისუფლებაში ახალი მთავრობა მოდის დეკლარირებული ევროპული კურსით.
2014 წლიდან საქართველოს ევროპისკენ სვლა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს - ხელი მოეწერა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას.
2016 წელს ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა.
2022 წელს საქართველომ ევროკავშირში გაწევრების თაობაზე განაცხადი წარადგინა...
2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოზე დადებითი რეკომენდაცია გასცა, რათა მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, 14 დეკემბერს კი 300-წლიანი "კარზე კაკუნი" დასრულდა. დადგა ყველა ქართველისთვის ნანატრი მომენტი, მისი უდიდებულესობა ევროკავშირის სტატუსი საქართველოს ეკუთვნის. ქართველმა ხალხმა ევროპული ოჯახის წევრობა წლების განმავლობაში დიდი ბრძოლის შედეგად მოიპოვა.
სოფო კაჭარავა