კომედიიდან პოლიტიკურ დრამამდე: მძიმე დღეები ზელენსკისთვის - გაწირავს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას?! - კვირის პალიტრა

კომედიიდან პოლიტიკურ დრამამდე: მძიმე დღეები ზელენსკისთვის - გაწირავს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას?!

ესპანური გაზეთი „ლა ვანგუარდია“ (La Vanguardia) აქვეყნებს სტატიას სათაურით - „თუ პუტინი გაიმარჯვებს, აშშ საფრთხეში აღმოჩნდება“: ამერიკელ რესპუბლიკელებს ვოლოდიმირ ზელენსკის ვედრებამ გული ვერ მოულბო, კიევი ერთ დოლარსაც ვერ მიიღებს“ (ავტორი - ფრანჩესკო პეირონი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც უკრაინის პრეზიდენტად არჩევამდე მსახიობი იყო, კარგად უნდა იცოდეს, რომ კომედია და დრამა ხშირად ურთიერთკავშირშია. მან, როგორც მსახიობმა, ასევე, კარგად უნდა იცოდეს, რომ წარმატება ცვალებადი ფასეულობაა. ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება დიდების თვალმიუწვდომელ სიმაღლემდე ახვიდე, მეორე დღეს კი შეიძლება [ძირს ისე დავარდე], რომ სარეკლამოდაც აღარავის დასჭირდე. ამიტომაც, როცა ევროკავშირის და აშშ-ის კარს უკაკუნებ და იძულებული ხდები, მათ დახმარება სთხოვო, ეს ნიშნავს, რომ თანახმა ხარ უბრალო ფიგურანტის როლის შესასრულებლადაც კი.

დიახ, ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე მელოდრამის გმირი გახდა. ერთი წლის წინ, როცა იგი ვაშინგტონში მწვანე ზეთისხილის ფერის მქონე სვიტერით ჩავიდა, მას მთელი კონგრესი, ორივე პალატა ტაშს უკრავდა, რუსეთთან დაპირისპირებაში გამოჩენილი სიმამაცის გამო. „ჩვენ რუსებისაგან დასავლეთსაც ვიცავთ“, - აცხადებდა იგი.

მაგრამ დღეს ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დასავლური სამყაროს გადამრჩენლის როლის შესრულება უკვე უაზრობად იქცა. ამერიკაში ამასწინანდელი ვიზიტის დროს ვოლოდიმირ ზელენსკი ორპარტიულ დაპირისპირებაში პაიკის როლს ასრულებდა.

მაიკლ ჯექსონმა, წამომადგენელთა პალატის ულტრაკონსერვატორმა სპიკერმა გააჟღერა ის, რასაც კონგრესის დერეფნებში რესპუბლიკელები ლაპარაკობდნენ. „არც ერთი ცენტი არ მივცეთ უკრაინას, თუ თეთრი სახლი და დემოკრატები აშშ-მექსიკის საზღვრის უსაფრთხოების დაცვას მეტ ყურადღებას არ დაუთმობენ და არ გაატარებენ შესაბამის, მკაცრ იმიგრაციულ პოლიტიკას არალეგალური მიგრაციის აღკვეთის მიზნით, რაც აშშ-ის ტერიტორიაზე უკანონოდ შესული მექსიკელებისა და სხვა უცხოელების მასობრივ დეპორტაციას ითვალისწინებს. საზღვარზე გარდაქმნები უნდა განხორციელდეს“, - ხაზი გაუსვა მაიკლ ჯონსონმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს და მიანიშნა, რომ იმ 60 მილიარდი დოლარის გამოყოფა რესპუბლიკელების მოთხოვნის შესრულებაზეა დამოკიდებული.

ვოლოდიმირ ზელენსკი შეეცადა საერთო ენის გამონახვას სპიკერთან და განაცხადა, რომ თუ უკრაინა ომს წააგებს და ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს, ეს ძალიან სახიფათო იქნება აშშ-ისთვისაც.

„ჩვენ არ შევიცვლით პოზიციას. რა თქმა უნდა, რუსეთთან ომში ჩვენ, ზოგადად, უკრაინის მხარეს ვართ, მაგრამ ამ კონკრეტულ მომენტში ყველაფერი დემოკრატების მოქმედებაზეა დამოკიდებული, საზღვრების განმტკიცებასთან დაკავშირებით“, - ხაზი გაუსვა სპიკერმა.

ამერიკელი დემოკრატი კანონმდებლები მიგრაციული საკითხის შესახებ კანონებს უკვე 30 წელია, არ იღებენ [და როგორც ჩანს, არც ახლა არ მიიღებენ ისეთს, როგორიც რესპუბლიკელებს სურთ]. ეს ნიშნავს, რომ უკრაინისათვის დახმარების გამოყოფის ალბათობის დონე ძალიან დაბალია. შეიძლება ითქვას, რომ, „მისია შეუსრულებელია“.

სხვათა შორის, მაიკლ ჯონსონმა ისიც გაიხსენა, რომ არის კრიტიკული განცხადებები და კითხვები, თუ როგორ კონტროლდება უკრაინისათვის აშშ-ის მიერ გამოყოფილი დახმარების ხარჯვა. არსებობს ეჭვები, რომ ამერიკის მოქალაქეების მიერ უკრაინელებისათვის შეწირული თანხები ვიღაცების ჯიბეში მიდის. ვოლოდიმირ ზელენსკის პასუხების მიხედვით, უკრაინაში, თურმე, არც კორუფცია არის, არც თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად სარგებლობა ხდება და არც იარაღი გადის მესამე ქვეყნებში.

მოკლედ, თუ ამერიკელი რესპუბლიკელები ოდესმე უკრაინისათვის დახმარების გამოყოფაზე დათანხმდებიან, ეს, ალბათ, მომავალ 2024 წელს თუ მოხდება, მაგრამ ესეც საეჭვოა, რადგან 2024 წელი საპრეზიდენტო არჩევნების წელია და კიევისათვის არავის ეცლება.

ჯო ბაიდენმა თავისი უკრაინელი კოლეგა ძველებური ზარ-ზეიმით არა, მაგრამ მაინც ხელგაშლილად მიიღო. მისი ერთგულება უკრაინისადმი ურყევია. მაგრამ ფული აღარც პრეზიდენტს აქვს - ბაიდენმა თავისი ფონდიდან ბოლო 200 მილიონი დოლარის გამოყოფაღა მოახერხა.

კიევის შეიარაღების დონე ისეა შესუსტებული, რომ ბოლო ამოსუნთქვას უახლოვდება. ამერიკამ უკვე მისცა უკრაინას 70 მილიარდი დოლარის იარაღი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მხრივ ვაშინგტონი კიევისთვის უდიდეს დონორს წარმოადგენს. და მაინც, დღეისათვის სამხედრო დახმარების საკითხი ჩიხშია შესული.

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ამერიკელი რესპუბლიკელების წყალობით, რიო-გრანდე (მდინარე, რომელიც აშშ-მექსიკის საზღვარზე გადის) თავის წყალს „რუსების წისქვილზე ასხამს“.

წყარო