მოდის "ველისაპეთი" - მოაქვს ყველა გაზეთი! - კვირის პალიტრა

მოდის "ველისაპეთი" - მოაქვს ყველა გაზეთი!

შესავლის ნაცვლად: ჩოხატაურში კომუნისტების დროს რაიონული გაზეთი გამოდიოდა, რომელსაც "კომუნიზმის განთიადი ერქვა"!

გასულ ზაფხულს ერთ ოჯახში სტუმრობისას 60-70-იანი წლების უამრავი ასეთი გაზეთი აღმოვაჩინე, "ვიჩუქე" და მოცალეობისას კარგად ვერთობი ხოლმე.

გაზეთის სახელწოდება ყველაზე ნაკლებსასაცილოა - მაშინდელ რაიონულ გაზეთებს სულ "ლენინის დროშა", "ლენინელი", "კოლმეურნის ბედნიერება", "შავი ქვის წითელი მომავალი" და ასეთები ერქვა, მაგრამ ყველაზე საინტერესო რაიონის პარტიულ ხელმძღვანელთა და "სოფლის თავკაცთა" ინტერვიუებია, ძალიან "სერიოზული" და "აქტუალური"; ცხადია, იმ ინტერვიუებს სისულელეც უხვად ახლავს, მაგრამ რაც ერთ-ერთი ინტერნეტსაიტის ჩვენმა კოლეგა-ჟურნალისტებმა გამოქექეს 2008 წელს გამოსულ ხონის გაზეთში, მაგდენს რაიკომის მდივნებიც კი ვერ "გაქაჩავდნენ": ნაციონალების ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი (ანუ რაიკომის მდივანი) პირდაპირ აცხადებს, რომ პარტიული "ობშიაკი" აქვთ და ვინც ხელფასიდან 10%-ს არ დადებს, "ხესაც მოუჭრიან და ხის ძირსაცა"...

 

ჰო, რაც მთავარია, ამ ფულს ტყუილად კი არ აგროვებდნენ, - "გაჭირვებულებს ეხმარებოდნენ" - პარტიის აქტივისტებს.

ატყდა ახლა ამბავი: ცაგარეიშვილმა, - პროკურატურამ გამოიძიოსო; სხვებმა, - ეს აქამდე როგორ შერჩათო; კიდევ სხვებმა - ნწუ, ნწუ, ნწუო... მთავარი კი ის არის, რომ გაზეთები უნდა იკითხოთ, ბატონებო (ჟურნალებიც, რასაკვირველია!), და მაშინ, 2008-შივე გეცოდინებოდათ ეს ამბავი.

რა, ძნელია? ადგები დილით; ჩაის ან ყავას მიირთმევ (თუ ნაბახუსევი ხარ, ლუდს); ჩახვალ ქუჩაში, მიადგები პრესის ჯიხურს და... დაგხვდება იქ მწვანილი, მაწონი, ხორცი, ერთი სიტყვით - "რძე და ყველი"! შენ უკვე ფიქრობ, მიტინგი მოაწყო, გალოთდე თუ თავი მოიკლა და ამ დროს!!! - "პიპი-პიიი!" შენკენ მოდის წითელი "ველისაპეთი", თანაც სამბორბლიანი და მოაქვს ყველა გაზეთი.

ახლა, "კომუნიზმის განთიადიდან" და ხონელი ნაციონალების საყვარლად გულწრფელი თავკაციდან თითქოს სხვა ამბავზე გადავედით, ოღონდ "უკუღმა, ასინეთა, უკუ-ღმა, მარა სულერთია მაგი!" და ისევ გაზეთების "ირგვლივ ვიტრიალებთ", იმ ჩვენებური თამადისა არ იყოს; ამ "ტრიალში" ივანიშვილის ინტერვიუს არ მივადექი, "გვარს არ დავასახელებ" და, ერთ-ერთ გაზეთში?!

ჩვენი ძმა, "ველისაპეთ", ერთი კიდე ჩამოიარე აქეთ, ეს გაზეთი რამდენიმე ცალი მინდა, ივანიშვილის ინტერვიუ ახლობლებს უნდა დავურიგო საჩუქრად - ეცოდინებათ, როგორ შეიძლება, რომ ყველაზე მაღალანაზღაურებადი პრესსამსახური გყავდეს მსოფლიოში და მან შენი ასეთი ინტერვიუ გაუშვას გაზეთში.

მოიცა, ამ ამბავზე ცოტა ხანს შევჩერდეთ: დიახ, ჩვენი ხმების დასაცავად ქუჩაში ხალხსაც გამოვიყვანთ, თუ საჭირო გახდა, ამისათვის ქუჩის აქციებში გამოცდილ პოლიტიკურ ძალებთან ვითანამშრომლებთო და... თავისპოლიტგაერთიანებაში "ეროვნული ფორუმი" მეორე დღესვე "მიიღო"!

იცით, რა? იქნებ შიმშილობაც დაგჭირდეთ? გამოცდილება მაქვს - ახალგაზრდობაში, სულელი რომ ვიყავი და თავში მიქროდა, 12 დღე ვიშიმშილე, გამსახურდია გადადგეს-მეთქი და მეც "მიმიღეთ", რაააა!

ჯანდაბას, არ მინდა ანაზღაურება და არც "კამანდის წევრობა" - ინტერვიუები გადმომიგზავნოს თქვენმა პრესცენტრმა და დავუბრუნებ "გაკეთილშობილებულს". ოღონდ მერე, ახლა არა, მერე, ძეგლებს რომ დაუდგამენ თქვენს თანამებრძოლებს, ჩემი პატარა ბიუსტიც მიდგით სადმე...

კარგი, მოვრჩი, თორემ ამ ხალხს "მიშისტი" ვეგონები და ხელისუფლებაში რომ მოვლენ, "ჩასარეცხებში" არ მომაყოლონ.

ჰოდა, იმას ვამბობდი: ხელისუფლებამ პრესის ჯიხურები რომ რძე-ყველის ფირმებს მიჰყიდა, ახლა ასეთი ხერხი რომ ვიხმაროთ: ეს ჩვენი "ველისაპეთები", ზუსტად იმ ჯიხურების გვერდით "მივაპარკინგოთ"! აი, ასე, კი არ იარონ აქეთ-იქით, არამედ იდგნენ სწორედ იმ ჯიხურის გვერდით, სადაც ადრე ხალხი გაზეთს ყიდულობდა! რა, ნუ დგახარ, იარეო, ეტყვიან?!

ეს კარგი მოვიფიქრე, უნდა შევთავაზო "ველოპარკის" უფროსს.

აი, ხომ გითხარით, გაზეთების ირგვლივ "ვიტრიალებ"-მეთქი და მშვიდობიანად ვაპირებდი დასრულებას, მაგრამ ვიღაც ჯეელმა აიღო და სანადირო თოფიდან "ჟაკანი" პირდაპირ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტის ფანჯარას მიუშვა... შემთხვევით, რა თქმა უნდა, - გამივარდაო... ისიც შემთხვევითია, რომ ის ჟურნალისტი სპორტზე ან მოდაზე კი არ წერს, ჟურნალისტურ გამოძიებებს აწარმოებს და ხან ვინ ემუქრება და ხან - ვინ...

P.S. სხვათა შორის, გაზეთი რომ არ არსებობდეს, ტელევიზიის ამარაც იოლას გავალთ, მით უმეტეს ქართული ტელევიზიების ხელში: ორშაბათს საზმაუწყებლის ტოქშოუ "აუდიტორიას" ვუყურე. თემა იყო - "ეპატაჟი" და მოწვეული ჰყავდათ "ეპატაჟური ტიპები". ოღონდ ბოლომდე ვუყურე და აღმოჩნდა, რომ იქ დამსწრეთაგან მხოლოდ ლალი მოროშკინამ იცოდა, რა არის "ეპატაჟი"...

არა, ძმაო, არა - ისევ გაზეთები მირჩევნია, თუ არ წაიკითხავ, მაგიდაზე მაინც გაფენ და ყველაფერი ეტევა ზედ: თევზი, პური, ხახვი, კარტოფილი, ლუდი, არაყი. ტელევიზორზე ამდენს დაატევ? (ეს შედარება დოჩანაშვილს "მოვპარე": "დამბაჩიანი კაცი კი მოერევა ხმლიანს, მარა ფანქრის წათლა რომ მოგინდეს, დამბაჩით ფანქარს წათლი შეენ?!")

პროვოკატორი, ჟურნალი "გზა"