ვის დაუბრაგუნებს "ბრამოსი"?! - სომხეთის ახალი რაკეტები, რომლებიც ბაქოსაც მისწვდებიან და თბილისსაც - კვირის პალიტრა

ვის დაუბრაგუნებს "ბრამოსი"?! - სომხეთის ახალი რაკეტები, რომლებიც ბაქოსაც მისწვდებიან და თბილისსაც

ფაშინიანის ხელისუფლება იმიტომაც იყო მომდურებული კრემლზე, რომ რუსეთმა 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის დაწყებამდე სომხეთს შედარებით თანამედროვე, მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავები - Су-30СМ-ები... რაკეტების გარეშე მიჰყიდა ანუ „აუზში წყლის ჩაუსხმელობის“ ვარიანტი გაუთამაშა...

სომეხი სამხედროები თვლიან, რომ რუსებს ამ მძლავრი საბრძოლო თვითმფრინავებისთვის „ჰაერი-ჰაერის“ და „ჰაერი-ხმელეთის“ კლასის მართვადი რაკეტებიც რომ მოეყოლებინათ, ისინი ყარაბაღის მეორე ომში შეტევაზე გადმოსულ აზერბაიჯანის არმიას ბევრად მეტ დანაკლისს მიაყენებდნენ...

1-b-1702900535.jpg

რუსებისგან რაკეტების გარეშე მიყიდულ სომხურ Су-30СМ-ზე ფაშინიანი ინდური „ბრამოსების“ ჩამოკიდებას“ აპირებს...

შესაბამისად, მოულოდნელი არ გამხდარა ის ინფორმაცია, რომ სომხეთის გენშტაბი ეძებს შესაბამის რაკეტებს, რომელთა საბრძოლო გამოყენება შეეძლება იმ ოთხ Су-30СМ -ს, რომლებიც სომხეთის ცაში ჯერჯერობით მხოლოდ ლამაზ საჰაერო პირუეტებს ხაზავენ.

სომხეთი აწარმოებს მოლაპარაკებებს DRDO-სთან ანუ ინდოეთის „თავდაცვითი კვლევებისა და წარმოების ორგანიზაციასთან“ BrahMos-A ტიპის „ჰაერი-ხმელეთის“ კლასის ზებგერითი მართვადი რაკეტების შეძენაზე, რომლებითაც შეიძლება სომხური Су-30СМ-ების აღჭურვაც, რის შემდეგაც სომხეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს ზუსტი საჰაერო დარტყმების მიყენება შეეძლებათ არანაკლებ 1 000 კმ-ის რადიუსში, რომელშიც ხვდება ბაქოც, თბილისიც და თვით ანკარაც კი...

„ბრამოსის“ რაკეტას ძალზე საინტერესო ისტორია აქვს, რომლის დასაწყისის უნებლიე თვითმხილველი ამ ბლოგის ავტორიც გავხდი...

1997 წელს თბილისის საავიაციო ქარხნის წარმომადგენლებთან ერთად რუსეთში, ჟუკოვსკში „მაკს-97“ საერთაშორისო აეროკოსმოსურ გამოფენაზე სხვადასხვა საავიაციო ტექნიკას ვეცნობოდი, როდესაც ეულად მდგარ ერთ რაკეტასთან შევჩერდი - წაწვეტებულცხვირიანი სხვა რაკეტებისგან განსხვავებით მას ჰაერმიმღები ჰქონდა, რაც იმას მიუთითებდა, რომ სარაკეტო ძრავის ნაცვლად, საჰაერო-რეაქტიული ძრავა ეყენა, რომელშიც ატმოსფერული ჰაერის წინასწარი მაღალი წნევით დაჭირხვნა ხდება, სანამ მისი ჟანგბადი ძრავის წვის კამერაში საავიაციო ნავთს შეერევა, იქ დაიწვება, ძრავის საქშენიდან დიდი სიჩქარით უკან გამოიტყორცნება, რითაც ქმნის რეაქტიული წევის ძალას...

2-b-1702900627.png
ასე გამოიყურებოდა ჟუკოვსკის ავიაკოსმოსურ გამოფენაზე ეულად მდგარი „იახონტი“, რომლითაც მაშინ მე და ინდოელი ოფიცრები ერთდროულად დავინტერესდით - მე გადამავიწყდა, ინდოეთმა კი თავის საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო დარტყმების ძირითად მრისხანე იარაღად გადააქცია „ბრამოსის“ სახელით...

მაგრამ ყველაზე საინტერესო ის გახლდათ, რომ ჩემ გარდა, ამ უცნაური რაკეტის გარშემო მალევე თავმოყრა დაიწყეს ჩალმიანმა სამხედროებმა, რომლებშიც ინდოეთის შეიარაღებული ძალების ოფიცრების ამოცნობა რთული არ გახლდათ.

ჩემი არ იყოს, ინდოელი სამხედროებიც დააინტერესა ამ Яхонт-ის ტიპის რაკეტამ, რომელიც საბჭოთა ზებგერითი უნივერსალური ხომალდსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტის - П-800 Оникс-ის საექსპორტო ვარიანტს წარმოადგენდა, მაგრამ მისი მწარმოებლებლის გულისგასახეთქად, მისით დიდად არავინ ინტერესდებოდა, ჩემი და ინდოელი ოფიცრების გარდა...

თბილისში დაბრუნებულს, ეს ამბავი მალე მიმავიწყდა, სანამ ერთი წლის შემდეგ, 1998 წელს არ გავიგე, რომ თურმე რუსეთმა და ინდოეთმა შექმნეს ერთობლივი საწარმო BrahMos, რომელსაც ანალოგიური დასახელების რაკეტების წარმოება უნდა აეთვისებინა, სწორედ იმ აეროკოსმოსურ გამოფენაზე გამოტანილი „იახონტის“ ბაზაზე...

სახელი „ბრამოსი“ შეირჩა ორი მდინარის - ინდოეთის ბრაჰმაპუტრისა და რუსეთის მოსკვას საპატივცემულოდ.

ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა საზღვაო სტარტის „ბრამოსები“ შეიარაღებაში 2005 წელს მიიღეს, სახმელეთო სტარტის „ბრამოსის“ მობილური სარაკეტო დანადგარები ინდოეთის არმიის არსენალში 2007 წელს გამოჩნდნენ, ხოლო ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს საავიაციო სტარტის „ბრამოსების“ მოდიფიკაცია, მხოლოდ 2018 წლიდან „ეღირსათ“...

3-b-1702898085.jpg
ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი Su-30MKI-დან საავიაციო ვარიანტის - BrahMos-A ტიპის „ჰაერი-ხმელეთის“ კლასის ზებგერითი მართვადი რაკეტის სტარტის მომენტი...

ეს კანოზომიერი გახლდათ, რადგან საზღვაო სტარტის „ბრამოსი“ კარგად გამოცდილი, ჯერ კიდევ საბჭოთა „ონიქსისა“ და მისი საექსპორტო ვარიანტის, რუსული „იახონტის“ კლონს წარმოადგენდა და რაიმე დიდი მოდიფიცირების ჩატარება არ სჭირდებოდა, ისევე, როგორც სახმელეთო სტარტის „ ბრამოსს“- მყარსაწვავიანი სასტარტო სარაკეტო ძრავა (იგივე პირველი საფეხური) ახორციელებდა „ბრამოსის“ ვერტიკალურ სტარტს, ანიჭებდა რაკეტას ზებგერით სიჩქარეს, რის შემდეგაც პირველი საფეხური სცილდებოდა. „საქმეში“ ერთვებოდა თავად „ბრამოსის“ თხევადსაწვავიანი საჰაერო-რეაქტიული ძრავა (მეორე საფეხური), რომელიც რაკეტას 3 ათასს კმ/სთ-ზე მეტი ზებგერითი სიჩქარის განვითარების საშუალებას აძლევდა.

სარაკეტო ტექნოლოგიების ექსპორტ-იმპორტის საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად, აკრძალული გახლდათ 300 კმ-ზე შორს მფრენი რაკეტების გაყიდვა, ამიტომაც „ბრამოსის“ ფრენის სიშორეც 290 კმ-დე შეიზღუდა.

ხომალდიდან სტარტაღებული 3-ტონიანი „ბრამოსი“ ზებგერითი სიჩქარით უახლოვდებოდა მოწინააღმდეგის საზღვაო ან სახმელეთო სამიზნეს 5 მ-იდან 15 კმ-ის სიმაღლეების დიაპაზონში და მიზანს ზუსტად ხვდებოდა, ჯერ ინერციალური და შემდეგ აქტიურ-პასიური რადიოლოკაციური დამიზნების სისტემების გამოყენებით.

4-b-1702900732.png
ინდური „კალკუტას“ კლასის საესკადრო ნაღმოსნიდან „ბრამოსის“ საზღვაო ბაზირების რაკეტის ვერტიკალური სტარტი...

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო დაინტერესებულია ინდური „ბრამოსის“ საავიაციო ვარიანტის - BrahMos-A ტიპის „ჰაერი-ხმელეთის“ კლასის ზებგერითი მართვადი რაკეტების შეძენით, რომელიც, მართალია, მხოლოდ 500 კმ-მდე მიფრინავს, მაგრამ სომხური Су-30СМ-ებიდან ამ რაკეტების საბრძოლო გამოყენების რადიუსი ათას კმ-საც ბევრად გადააბიჯებს.

„ბრამოსის“ საავიაციო ვარიანტის რაკეტის მასისთვის 500 კგ-ის მოკლება გახდა საჭირო, რაც შედარებით ადვილად მისაღწევი გახლდათ, რადგან საჰაერო ბაზირების რაკეტას აღარ სჭირდება სასტარტო სარაკეტო ძრავა, ამ რაკეტის პირველი საფეხურის (რომელმაც რაკეტა მიწას უნდა მოსწყვიტოს და ზებგერით სიჩქარემდე გაიყვანოს) როლს თავად საბრძოლო თვითმფრინავი ასრულებს.

ინდოელ ინჟინრებს დასჭირდათ რუსეთისგან შესყიდული Su-30MKI -ების მოდერნიზაცია, რომ მათზე 2,5-ტონიანი საავიაციო „ბრამოსები“ ჩამოეკიდათ, შესაბამისად, თუკი ინდოელები და სომხები საბოლოოდ შეთანხმდებიან, სომხურ სუ-30-ებსაც შესაბამისი კონსტრუქციული ჩარევა დასჭირდებათ, „ბრამოსებით“ შეიარაღების შემთხვევაში.

5-b-1702900411.png
რუსი ოკუპანტები ანექსირებული ყირიმიდან, „ბასტიონის“ სახმელეთო სარაკეტო დანადგარიდან უკრაინული ოდესის მიმართულებით უშვებენ „ონიქსის“ რაკეტას, რომლის ბაზაზეც შეიქმნა ინდური „ბრამოსი“...

მკითხველს წარმოდგენა რომ შეექმნას „ბრამოსის“ საბრძოლო გამოყენებაზე, საკმარისია იხილოს ის არა ერთი ვიდეორგოლი, რომლებიც ინტერნეტში ვრცელდება, თუ როგორ იღებენ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის სევასტოპილის მიდამოებიდან სტარტს რუსი ოკუპანტების „ონიქსები“ სახმელეთო მობილური სარაკეტო დანადგარებიდან „ბასტიონი“ და მიფრინავენ უკრაინული ოდესის მიმართულებით, ხოლო უკრაინელ მეზენიტეებს ძალზე უჭირთ დაბალ სიმაღლეზე და თანაც - ზებგერითი სიჩქარით მფრენი ამ რუსული „ონიქსების“ არათუ ჩამოგდება, არამედ - დროული რადიოლოკაციური აღმოჩენაც კი...

შესაბამისად, აზერბაიჯანის და, ალბათ, თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობაც არცთუ მშვიდად შეხვდება სომხეთის Су-30СМ-ების შეიარაღებაში ინდურ-რუსული „ბრამოსების“ გამოჩენას, რომლებსაც ამ ქვეყნების დედაქალაქებამდეც შეეძლებაც მიღწევა...

ბაქოსა და ანკარისგან განსხვავებით, თბილისელებს პოტენციურად სომხური რაკეტები, იმედია, თეორიულადაც არ დაგვემუქრებიან... თუ ვცდები?