ავიამზიდი "ჩუსტების" წინააღმდეგ - კიდევ ერთი ცხელი წერტილი: ამერიკული ფლოტი ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას იწყებს?! - კვირის პალიტრა

ავიამზიდი "ჩუსტების" წინააღმდეგ - კიდევ ერთი ცხელი წერტილი: ამერიკული ფლოტი ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას იწყებს?!

ჩუსტებიანმა“ ჰუსიტებმა, როგორც მათ ცოტა აგდებულად მოიხსენიებენ, დანაქადნი შეასრულეს და თითქმის მთლიანად გადაკეტეს უმოკლესი საზღვაო გზა ევროპიდან აზიის მიმართულებით, რომელიც ხმელთაშუა ზღვიდან, სუეცის არხით წითელ ზღვაში გადის და შემდეგ ბაბ-ელ მანდების სრუტით ადენის ყურეში უერთდება და არაბეთის ზღვასა და ინდოეთის ოკეანეში გრძელდებოდა...

ბაბ-ელ მანდების სრუტე სტრატეგიული მნიშვნელობისაა, თუმცა იმის გამო, რომ მისი ყველაზე ვიწრო გასასვლელის სიგანე მხოლოდ 26 კმ-ს შეადგენს, ჰუსიტებს იემენის სანაპიროდან მისი სრულად „გამოთოფვა“ შეუძლიათ, როგორც კამიკაძე-დრონებით, ისე ფრთოსანი და თქვენ წარმოიდგინეთ...ბალისტიკური რაკეტებითაც კი, რომლებსაც „ჩუსტებიანი“ ამბოხებული შიიტებისთვის არ ინანებს ირანის ისლამური რესპუბლიკა...

1-hus-1702981824.png
ჰუსიტების შიშით სავაჭრო გემები და ტანკერები ბაბ-ელ მანდების სრუტეს ვეღარ კვეთავენ...

გასაგებია, რომ თეირანი „ჰამასის“ ხელით ღაზას სექტორში, „ჰესბოლას“ გამოყენებით ლიბანიდან, პროირანული დაჯგუფებებით სიირიდან ისე ებრძვის ისრაელს, რომ თავად ირანი არ დაფიქსირდეს ოფიციალურ მონაწილედ და ამას ბოლო პერიოდში დაემატნენ ის ჰუსიტი ამბოხებულებიც იემენიდან, რომლებმაც ისრაელის პორტებისკენ მიმავალი ან იქიდან მომავალი სავაჭრო გემებისა და ტანკერების ჩაძირვა „დაანონსეს“...

მართლაც, ჰუსიტებმა დღემდე არანაკლებ ორ ათეულ სავაჭრო გემზე მიიტანეს იერიში და არც დასავლეთის სამხედრო ხომალდებზე თავდასხმებზე უთქვიათ უარი, რის გამოც ყველაზე ცნობილმა საზღვაო გადამზიდავებმა თითქმის ერთხმად განაცხადეს, რომ დიდი საფრთხის გამო ისინი წყვეტენ ბაბ-ელ მანდების სრუტით გავლას და ახალ მარშრუტს ირჩევენ, რომელიც...აფრიკის კონტინენტს დასავლეთიდან მოუვლის...

2-hus-1702981823.jpg
ამერიკული ატომური ავიამზიდი „ეიზენჰაუერი“ იემენის სანაპიროსკენ მიიჩქარის... „საზღვაო წესრიგის“ აღსადგენად...

დიდი გეოგრაფიული ცოდნა არაა საჭირო იმის მისახვედრად, რომ ეს მარშრუტი რამდენიმე ათასი კმ-ით აგრძელებს საზღვაო გზას ევროპიდან აზიისკენ, რაც ბუნებრივია გამოიწვევს გადაზიდული ტვირთის საფასურის გაზრდას და პირველ რიგში, გააძვირებს ნავთობპროდუქტებს, შესაბამისად გაიზრდება საავტომობილო ბენზინის გასაყიდი ფასიც...

თუმცა გარდა წმინდა ეკონომიკური პრობლემებისა, ჩნდება სტრატეგიულიც - აშშ არანაირად არ დაუშვებს, რომ სპარსეთის ყურის რეგიონში, საითკენაც უმოკლესი საზღვაო გზა სწორედ ბაბ-ელ მანდების სრუტეზე გადის, ვინმემ გზა გადაუკეტოს ამერიკულ სამხედრო-საზღვაო არმადებს...

შესაბამისად, „თავგასული“ ჰუსიტების დამუქრება - შესრულებას უკვე მოჰყვა საკადრისი პასუხი - აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა გუშინ ოფიციალურად განაცხადა მრავალეროვნული საზღვაო ოპერაციის Prosperity Guardian - ის დაწყების შესახებ, რომელმაც წითელ ზღვაში, ადენის ყურესა და მათ დამაკავშირებელ ბაბ-ელ მანდების სრუტეში საზღვაო ნაოსნობის სრული უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს...მრავალეროვნულ საზღვაო ოპერაციაში Prosperity Guardian -ი, აშშ-ის გარდა მონაწილეობას ღებულობენ დიდი ბრიტანეთი, ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, სეიშელის კუნძულები და ესპანეთი, რომლებიც თავიანთ სამხედრო ხომალდებს აგზავნიან იემენის სანაპიროსკენ.

3-hus-1702981823.jpg
იემენის სანაპიროსთან დაწყებულ მრავალეროვნულ საზღვაო ოპერაციაში Prosperity Guardian -ში მონაწილე სამხედრო ხომალდები...

მათ შორის კი განსაკუთრებით გამოირჩევა ამერიკული ატომური ავიამზიდის USS Dwight Eisenhower -ის საზღვაო არმადა, რომლიც პენტაგონმა სპარსეთის ყურედან ადენის ყურესკენ გადაისროლა, ბაბ-ელ მანდების სრუტესთან „წესრიგის“ აღსადგენად...

97 ათასი ტონა წყალწყვის ამერიკულ ატომურ ავიამზიდ „ეიზენჰაუერზე“ 90-მდე საბრძოლო თვითმფრინავი და შვეულმფრენი ბაზირებს, რომელთა გამოყენითაც შეიძლება იემენის სანაპიროზე ჰუსიტების სარაკეტო სასტარტო პოზიციების ოპერატიულად გამოვლენა და განადგურება(არც ის დაგვავიწყდეს, რომ ამერიკული საზღვაო არმადის შემადგენლობაში შედის ფრთოსანი რაკეტების გამშვები კრეისერი და ფრეგატებიც), თუმცა...

თუმცა ის, რომ ჰუსიტებს თავის მხრივ პასუხის დაბრუნება შეუძლიათ...ბალისტიკური რაკეტებით ამერიკული ატომური ავიამზიდის წინააღმდეგ...

საქმე ის არის, რომ მოძრავი საზღვაო სამიზნეების წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტების რეალური საბრძოლო გამოყენების ფაქტი აქამდე არცერთ შეიარაღებულ კონფლიქტში არ დაფიქსირებულა, რადგან ბალისტიკური ტრაექტორიით მფრენი რაკეტის ზუსტად მოხვედრა გაშლილ ზღვასა თუ ოკეანეში მცურავ, თუნდაც 300 მ-ის სიგრძე ავიამზიდზე,წარმოუდგენლად მოჩანდა...

მაგრამ, ორიოდე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჰუსიტებმა ირანისგან გადაცემული მცირე სიშორის ბალისტიკური რაკეტით დააზიანეს მორიგი სავაჭრო გემი, რაც თუ სიმართლეს შეესაბამება, გამოდის, რომ „ჩუსტებიანი“ ჰუსიტები პირველები ყოფილან, ვინც შესძლო მსოფლიო ომების ისტორიაში და შეეცდებიან იგივე გაიმეორონ სავაჭრო გემზე ბევრად უფრო მოზრდილი იმ ამერიკული ატომური ავიამზიდის წინააღმდეგაც, რომელიც სულ რაღაც ასიოდე კმ-ში მიუახლოვდა იემენის სანაპიროს...