"დედამისმა ტირილით მიპასუხა...ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ეს ამბავი" - რას ჰყვება მარიამ სირბილაძის უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი მის გარდაცვალებაზე?
იტალიაში მცხოვრები ქართველი ქალი მარიამ სირბილაძე, რომელიც სრულიად საქართველომ სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლით გაიცნო გუშინ გარდაიცვალა.
მარიამი სოციალურ ქსელში ხშირად ჰყვებოდა იმ მძიმე დღეებზე, როდესაც დიაგნოზი დაუსვეს, ამხნევებდა ყველას და იტალიაში იმ კლინიკაში მუშაობდა, სადაც წლების წინ სიმსივნე დაამარცხა. მისი გარდაცვალება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
ინტერვიუებში ყოველთვის ამბობდა, რომ იბრძოლა, იმედი არასოდეს დაუკარგავს და საბოლოოდ, "სიკვდილი მოკლა". ის ყოველთვის ამხნევებდა იმ ქალებს, ვინც ახლა გადის იმ რთულ ეტაპს, რაც მან უკვე წლების წინ გადალახა. მარიამს 2 შვილი დარჩა.
kvirispalitra.ge დაუკავშირდა EUROPA DONNA GEORGIA-ს პრეზიდენტს, ანა მაზანიშვილს, რომელიც მარიამის უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი იყო.
- ქალბატონო ანა, ძალიან ვწუხვართ მარიამის გარდაცვალების გამო, იგი თქვენი ორგანიზაციის ვიცეპრეზიდენტი იყო და გარდა თანამშრომლობითი ურთიერთობისა უახლოესი მეგობრები იყავით. რა შეგიძლიათ გვითხრათ მის გარდაცვალებაზე, ბოლო დღეების განმავლობაში გქონდათ მასთან კომუნიკაცია?
- მარიამის გარდაცვალების მიზეზი გახდა გულის უკმარისობა. ამ ზაფხულს ბათუმში ვირუსი შეხვდა, ხველა გაუხანგრძლივდა, აპირებდა, რომ მკურნალობა დაეწყო, თუმცა ვერ მოვასწარით. ამბობდა კიდეც, ცოტა დავაგვიანეთო მკურნალობა, ანალიზების გაკეთება დაიწყო, ორი დღის წინ ვისაუბრეთ მესენჯერით. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ეს ამბავი, ძალიან გავბრაზდი, ასეთი ხუმრობა როგორ შეიძლება-მეთქი, მესენჯერში გადავურეკე, რამ გადარია ეს ხალხი, რას მწერენ, რატომ გადაირივნენ, ადამიანები მეკითხებოდნენ, რა მოხდა და რომ დავრეკე, დედამისმა ტირილით მიპასუხა, მერე არაფერი აღარ მახსოვს.
- სახლში გარდაიცვალა, ისე დაემართა გულის შეტევა?
- გულის შეტევა არ ყოფილა, როგორც ჩანს, ფილტვის დათრომბვა მოხდა, რამაც გამოიწვია გულის უკმარისობა, ზუსტ მიზეზებზე მე გამიჭირდება საუბარი. ძალიან საწყენია, წერენ, რომ მაინც დამარცხდა, მარიამი სიმსივნესთან ბრძოლაში არ დამარცხებულა, ის სიმსივნეზე გამარჯვებული იყო. ისე განვიცდი და ვწუხვარ, საუბარსაც კი ვეღარ ვახერხებ.