ერთი სკით დაწყებული მეფუტკრეობა - „მინდა 1000 ოჯახი მყავდეს...“ - კვირის პალიტრა

ერთი სკით დაწყებული მეფუტკრეობა - „მინდა 1000 ოჯახი მყავდეს...“

გასულ კვირას ერთი მშრომელი ახალგაზრდა მეფუტკრე გავიცანი სოფელ ქვახვრელიდან. ვალერი მღებრიშვილი განათლებით თეოლოგია, თუმცა პროფესიით არ უმუშავია, რადგან 20 წლის ასაკში მეფუტკრეობით სერიოზულად დაინტერესდა და შორს მიმავალი მიზნები დაისახა. დიდ მეურნეობაზე ისევ ოცნებობს, თუმცა დღეისთვის ფუტკრის 150 ოჯახს უვლის.

ვალერი მღებრიშვილი:

- 2014 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე, ბაკალავრიატზე სწავლისას ფუტკრით დავინტერესდი. ერთხელ სემინარიიდან ერთი კვირით, ატენის ხეობაში, მონასტერში მომიწია წასვლამ, სადაც ვნახე სკები, ფუტკარი... იქვე დავიწყე თეორიული წიგნების წაკითხვა და პრაქტიკული სამუშაოები. შინ რომ დავბრუნდი, იმ წელსვე მინდოდა ფუტკრის შეძენა, მაგრამ მაშინ ერთი ოჯახი 250 ლარი ღირდა და ვერ ვიყიდე.

მომდევნო წელს მამამ 250 ლარი ისესხა, მე სკა ვითხოვე და საქმე ასე დავიწყე. პარალელურად მაგისტრატურაშიც კვლავ თეოლოგიის მიმართულებით ჩავაბარე. 2018 წელს, მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, მეფუტკრეობის განხრით კოლეჯი დავამთავრე. მოგვიანებით გავხდი ტრენერი გორში, კასპსა და ქარელში, ასევე გავწევრდი საქართველოს მეფუტკრეობის გაერთიანებაში. ორი წელია, მეფუტკრეობაზე ტრენინგებს ვატარებ.

387493866-387616180393446-185427738707946592-n-1703014564.jpg

- რა აღმოაჩინეთ ამ სფეროში ისეთი, რომ ასე მიგიზიდათ?

- იყო შემეცნებითი და საინტერესო, დაკვირვება უნდოდა და საკმაოდ ღრმა სფერო აღმოჩნდა... მერე ვფიქრობდი, ისე როგორ გამეკეთებინა, რომ მეფუტკრეობის პარალელურად სწავლას არ მოვწყდომოდი... გამოვიდა, რომ ყველაფერი ერთმანეთს შევუთავსე. საქმემ შემიყოლია და უკვე ბიზნესის წამოწყების იდეაც გამოჩნდა. თავიდანვე ვფიქრობდი, რომ დიდი მეურნეობა მქონოდა. თაფლის გაყიდვა რომ დავიწყე, იმ თანხას მეურნეობაში ვაბრუნებდი და თან საქმეში იმაზე მეტი თანხის დამატებაც მიწევდა. ბოლო პერიოდში ჩემს თაფლს ბრენდირებაც გავუკეთე, ჩემი გვარის თაფლი დავარქვი და ეტიკეტიც შევუქმენი. პოპულარიზებაში დამეხმარა ფესტივალებში მონაწილეობაც.

- და ეს ყველაფერი უკვე 8-წლიანი ისტორიაა.

- კი, ასეა. თავიდანვე ვიცოდი, რომ უნდა მეწარმოებინა ისეთი ხარისხის თაფლი, რომელიც საექსპორტო ხარისხის იქნებოდა. აგრეთვე ბუნებრივი, ბიოპრეპარატებით დამუშავებული. თან უნდა მეწარმოებინა დიდი რაოდენობით... მოკლედ, თავიდანვე საექსპორტო თაფლის საწარმოებლად ვემზადებოდი. ასევე ჩემი სანთელი, ცვილი თუ ნებისმიერი პროდუქტი - ყველაფერი ბიოლოგიურად სუფთა უნდა ყოფილიყო და მათი ხელოვნურად დაბინძურება არ მომხდარიყო.

როცა მეფუტკრეობა დავიწყე, მაშინ საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. ევროკავშირი ერთი მეორის მიყოლებით იწუნებდა ჩვენს თაფლს. იმ დროისთვის ქართულ თაფლში ანტიბიოტიკი იყო.

387419563-305546165795499-5637243084063874981-n-1703014564.jpg

- რატომ?

- მეფუტკრეები მას იყენებდნენ, რადგანაც ეგონათ, ფუტკარს დაავადებებისთვის და საპროფილაქტიკოდ სჭირდებოდა. თვითონაც ვერ ხვდებოდნენ, რომ ასე ფუტკარსა და თაფლს აზიანებდნენ. მერე მეფუტკრეთა გაერთიანების ბრძოლით, ტრენინგებითა და სოციალური ქსელებით მოვახერხეთ, რომ საქართველოს მეფუტკრეობაში დიდი გარდატეხა შევიტანეთ. შედეგიც დავდეთ. წლეულს მცირე მოსავლიანობის გამო საქართველოში საექსპორტო თაფლი საკმარისი რაოდენობით ვერ მოგროვდა, თორემ მოთხოვნა დიდი იყო. მხოლოდ 95 ტონა გავიდა. გაისად ოთხჯერ გაზრდაც იგეგმება. დღეს საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებას გეგმა აქვს, რომ ამ რაოდენობას გაიტანს.

- პირადად თქვენი თაფლი გავიდა საზღვრებს გარეთ?

- ჯერ არ გამაქვს, რადგან მინდა რაოდენობა გავზარდო. ამ ეტაპზე მხოლოდ ადგილობრივი ბაზრით შემოვიფარგლები. თუმცა როგორც ვთქვი, საექსპორტო თაფლის დიდი რაოდენობით წარმოებას ვგეგმავ... თაფლთან ერთად ვაწარმოებ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც დღესაც კი დეფიციტია ზოგადად ქართულ ბაზარზე, არათუ საზღვარგარეთ. ეს არის ფიჭიანი თაფლი, თაფლის არაყი, ყვავილის მტვერი, დინდგელი, სანთელი... ყველაფერი­ მინდა მეტი იყოს როგორც რაოდენობრივად, ისე სახეობრივადაც.

- რამდენი დასახელების თაფლი გაქვთ?

- ალპური ზონის, წაბლის თაფლი, აკაციის, ცაცხვისა და მინდვრის ყვავილების. ალპური თაფლი ატენის ხეობაშია აღებული, წაბლის - დასავლეთ საქართველოში (გადამთაბარების შედეგად). ყველაფერი კი ასე ხდება - დასავლეთში აკაცია აპრილში ყვავდება, შესაბამისად, მაისში აკაციის თაფლი იწურება, მერე წაბლი იწყება, შემდეგ ალპური თაფლის დაწურვა ხდება. კალენდარულად გაწერილია გადამთაბარება. მცხეთაში კი ფუტკარი არ მოძრაობს, სტაციონარულზეა, სადაც მხოლოდ ცაცხვისა და მინდვრის ყვავილების თაფლის აღებას ვახერხებ.

386804447-2596088690551873-2639323637079160467-n-1703014563.jpg

- დასაქმებული ვინ გყავთ?

- დახმარება მხოლოდ თაფლის ამოღებასა და ფუტკრის გადამთაბარებისთვის მჭირდება. მეურნეობის გაზრდის შემთხვევაში ადამიანებს აუცილებლად დავასაქმებ. მეფუტკრეობა რომ დავიწყე და არ იყო საშუალება სკები მეყიდა, ვცდილობდი, ჩემით ამეწყო და ამას წლების განმავლობაში ვაკეთებდი. დღეს ცოტა უკეთესი მდგომარეობა მაქვს, აღარ ვაწყობ და შესაბამისად უკეთესი ხარისხის სკასაც ვყიდულობ. ეს დროსაც მიზოგავს. ისეთი სკები ავარჩიე, რომლებიც იდეალურია სამთაბაროდ, თაფლის ასაღებად.

...თავიდან მამამ ის ერთი ოჯახი რომ მიყიდა, მხოლოდ იმ განწყობით, იქნებ დამშვიდდეს, რომ დაეხოცება ფუტკარი, ხომ ნახავს და თავს დაანებებსო. გარშემო ადამიანებიც ასე მიყურებდნენ, - კარგი რა, რა ფუტკარი, დაანებე თავიო. მაინც ჩემს აზრზე დავრჩი - ბევრ რამეში სტუდენტური ფულიც კი გამომიყენებია, ზოგჯერ ყავა არ დამილევია და ასე მომიგროვებია საჭირო თანხა, რომ ინვენტარი მეყიდა... თუმცა მამაჩემი ყველაფერში გვერდში მიდგას.

სულ ის მომენტი მქონდა, მინდოდა, საქმე რაც შეიძლება მალე განმევითარებინა. გამოცდილი მეფუტკრეები მეუბნებოდნენ, მთელი ცხოვრება წინ გაქვს, მოასწრებ, რატომ ჩქარობ, შეცდომა არ დაუშვაო.

- მაგრამ მიზანი დიდია, ხომ?

- კი, დაახლოებით 1000 ოჯახი მინდა სტაბილურად მყავდეს. ეს დაახლოებით 20-30 ტონა თაფლის წარმოებას გულისხმობს... ჩიხურ სიტუაციაშიც არ მიფიქრია, გავჩერდე და შევეშვა-თქო. ზუსტად ვიცოდი, რომ გამოვიდოდა. ამასობაში სასწავლებელიც წარჩინებით დავამთავრე.

- კრედიტით არ გისარგებლიათ და არც გრანტი მიგიღიათ?

- არა და მაგაზე გული ძალიან მწყდება. რამდენჯერაც რაღაც პროექტში მივიღე მონაწილეობა, ვერასდროს დავფინანსდი. ზოგს დაფინანსება ისე მიუღია, ფუტკარზე წარმოდგენა არ ჰქონია, ფუტკარიც დაიხოცა და დაფინანსება ტყუილად გაფლანგულა...

ერთადერთი ის მახარებს, რომ თაფლის გაყიდვა არ გამჭირვებია, ახალი წლის შემდეგ თაფლი აღარ მაქვს ხოლმე.

- რა უნდა ფუტკარს?

- მეფუტკრე რატომღაც ცდილობს, ფუტკარი გადაარჩინოს, მაგრამ ავიწყდება, რომ თვითონ უფრო უნდა თავი გადაირჩინოს და იმასაც მივხვდი, რომ ზედმეტი ხელოვნური ჩარევა ფუტკარს მეტად აზიანებს. გადავწყვიტე, ფუტკრისთვის სტრესი მინიმუმამდე შემემცირებინა. მათთვის სტრესია თუნდაც დაავადებებზე დამუშავება. გამოცდილი მეფუტკრეები დამეთანხმებიან, რომ ზედმეტად სკის ახდაც სტრესს იწვევს და იმ დღეს თაფლის ნაკლებობას ყოველთვის განიცდის ხოლმე ფუტკარი...

როგორც კი მოვა შემოდგომა და მგონია, რომ მთელი წლის ნამუშევარი დავისვენებ, ამ დროს უკვე ერთი სული მაქვს ხოლმე, გაზაფხული მოვიდეს და ყველაფერი თავიდან, ახალი მიზნებითა და გეგმებით დავიწყო... დღეს ვისაც ჰგონია, რომ რაღაც გამომივიდა, ვუპასუხებ, - კი, მყავს ფუტკარი, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.