პუტინის ალგორითმი ანუ ტრანსფორმერები, აფრიკელები და ლენინი - რა "სიურპრიზს" უმზადებს კრემლის დიქტატორი დასავლეთს?!
პუტინმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად გამართა ტრადიციული წლის ბოლო, რიგით მეოცე პრესკონფერენცია. მისი ხელისუფლების სათავეში ყოფნის 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შარშან იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ეს პრესკონფერენცია არ გამართულა. წლევანდელი, ფაქტობრივად, არ განსხვავდებოდა წინამორბედებისგან, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მას საგარეო პოლიტიკაზე ბევრი არ ულაპარაკია. მედიას ისიც კი აქვს დათვლილი, ამ გამოსვლებში რა სიტყვათა შეთანხმებებს იყენებს - 15 ასეთი ფრაზიდან წლევანდელზე მხოლოდ 3 არ გამოუყენებია.
"ტვ დოჟდის" ინფორმაციით, ეს ფრაზები ასე გამოიყურება: კოლექტიური დასავლეთი; კიევის რეჟიმი; გვაიძულეს; ეკონომიკამ გაუძლო; რამე ანეკდოტი; აფრიკელი პარტნიორები; ბანდერა და ნაცისტები; ისტორიულად რუსული მიწა; ტრანსფორმერები; ევროპა იყინება; გეგმა სრულდება; უკრაინა ლენინმა შექმნა; მშობელი 1, მშობელი 2; მოგვატყუეს და ჩახველება, როგორც რეპლიკა. ამ პრესკონფერენციაზე კი, მედიის ინფორმაციით, მას არ უხსენებია მხოლოდ სამი - აფრიკელი პარტნიორები, ტრანსფორმერები და მოგვატყუეს.
რა თქმა უნდა, ტრადიციულად არ დასმულა კრიტიკული შეკითხვები და მათ შორის არც იმაზე, რომ პუტინი უკვე მეხუთე ვადით აპირებს კენჭისყრას. კრიტიკულობის იმიჯის შესაქმნელად ეკრანზე გადიოდა ხალხის კითხვები, სადაც მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმაზე, რომ ადგილზე მათ პრობლემებს არ აგვარებენ. სხვათა შორის, კრემლის პროპაგანდა ამტკიცებს, რომ პრეზიდენტს შეკითხვა 2 მილიონზე მეტმა რუსმა გაუგზავნა, საერთო ჯამში კი პუტინმა 67 კითხვას უპასუხა და, ძირითადად, საშინაო პოლიტიკაზე.
სამაგიეროდ, პუტინმა ბევრი ილაპარაკა იმაზე, რომ მოაგვარებს კვერცხების პრობლემას, რაც რუსეთში დღეს პრობლემურია და "კვერცხების კრიზისიც" კი უწოდეს. ასევე ხალხს დაჰპირდა, რომ შეარბილებს აბორტის აკრძალვას, ეკონომიკის განვითარებისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას და ა.შ.
ომის შესახებ ხაზი გაუსვა რუსების პატრიოტიზმს და იმას, რომ თითქოს "ასეულობით ათასი მოხალისე მზადაა რუს ჯარისკაცებს შეუერთდეს"“, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან და მათი რიცხვი, პუტინისავე თქმით, ამ ეტაპზე 617 ათასია. ამიტომაც, მისი თქმით, „"მობილიზაციის საჭიროება ამ ეტაპზე არ არის". სხვათა შორის, პუტინის ამ განცხადების საფუძველზე ოპოზიციურმა გამოცემა "სოტამ" გამოიანგარიშა, - ეს რიცხვი იმას ნიშნავს, რომ უკრაინაში, სულ ცოტა, 322 ათასი რუსი ჯარისკაცია დაღუპული.
რაც შეეხება უკრაინაში ომის დასრულებას, პუტინმა განაცხადა, რომ "მშვიდობა იქნება მაშინ, როცა ჩვენს მიზნებს მივაღწევთ"“და დასძინა, რომ მიზნები არ შეცვლილა - "უკრაინის „დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია და ნეიტრალური სტატუსი".
შეგახსენებთ, რომ პუტინს უკრაინაში შეჭრისა და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია". ითხოვს, რომ უკრაინა არ უნდა გახდეს ნატოს წევრი და მას უნდა ჰქონდეს ნეიტრალური სტატუსი. პუტინმა საკუთარ ტერიტორიებად უკვე გამოაცხადა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები, თუმცა ვერც ერთ მათგანს სრულად ვერ აკონტროლებს. 2014 წლიდან ასევე ანექსირებული აქვს ყირიმი.
საინტერესოა, რომ პუტინის პრესკონფერენცია დაემთხვა ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას ევროკავშირის გაფართოებაზე, ორბანის წინააღმდეგობის მიუხედავად, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკების დაწყებასაც გულისხმობს. თუმცა ორბანმა მაინც დაბლოკა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარება.
ევროსაბჭოს პრეზიდენტის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები უკრაინის ფინანსური დახმარების საკითხს ისევ განიხილავენ 2024 წლის დამდეგს. ამასთან, დაბლოკვამდე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებდა, რომ თუკი ეს დახმარება დაიბლოკებოდა, კომისია გააგრძელებდა მუშაობას უკრაინის პროგრამის ვარიანტებზე. "ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ იყოს 27 წევრი სახელმწიფოს შეთანხმება, მაგრამ თუ ერთსულოვნებას ვერ შევძლებთ, მაშინ უნდა გვქონდეს სამუშაო გამოსავალი... ალტერნატივები, რომლებსაც ახლა ვიმუშავებთ.
"უკრაინას სჭირდება თანამიმდევრული, პროგნოზირებადი და საიმედო დაფინანსება. ეს მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესგარემოსა და ინვესტორებისთვის", - განაცხადა მან ევროსაბჭოს ბოლო სამიტის შედეგების შეჯამებისას.
მისივე თქმით, უკრაინა უახლოეს დღეებში მიიღებს 18 მილიარდი ევროს ფინანსური პროგრამის ბოლო ტრანშს, რაც დაეხმარება კიევს თავი გაიტანოს მანამ, სანამ ევროკავშირი შემდგომ ფინანსურ გეგმებს შეიმუშავებს.
პარალელურად ისევ ვერ მოხერხდა აშშ-ის სენატში უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის პაკეტის მიღება. გასულ კვირას ბაიდენის ადმინისტრაცია მოლაპარაკებებს აწარმოებდა სენატის რესპუბლიკელებთან, რომლებიც აშშ-ის სასაზღვრო უსაფრთხოების პოლიტიკაში ცვლილებებს მოითხოვენ. ამის სანაცვლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მათ უკრაინის დახმარების პაკეტის მიღებას სთხოვს, რომელიც 110-მილიარდიანი პაკეტია და ასევე მოიცავს ისრაელის დახმარებას და ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინიციატივების დაფინანსებას.
ევროკავშირი აცხადებს, რომ ამერიკის გარეშე უკრაინისთვის დახმარებას ვერ შეძლებენ, თეთრმა სახლმა კი გააფრთხილა კონგრესი, რომ თუ წლის ბოლომდე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, აშშ-ს აღარ ექნება უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად საჭირო ფინანსები. ცნობისთვის: პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.ამ ფონზე რას ნიშნავს პუტინის პრესკონფერენცია ერთწლიანი პაუზის შემდეგ, რა პერსპექტივა აქვს დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორს თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრეთ:
- პუტინს, შარშან ამ დროს, მაინცდამაინც კარგად არ ჰქონდა საქმე და რა უნდა ეთქვა? ახლა საქმე კარგად აქვს და ამიტომაც გადაწყვიტა გამოსვლა.
- საგარეო პოლიტიკაზე ბევრი არაფერი უთქვამს, მით უმეტეს, იცოდა, საერთაშორისო საზოგადოება მის გამოსვლას ყურადღების გარეშე არ დატოვებდა?
- პუტინი აპირებს ომი გამარჯვებით დაამთავროს და მერე დაელაპარაკოს სხვებს. მანამდე კი სერიოზულ ლაპარაკს არ აპირებს, ფიქრობს, რომ უპირატესობა აქვს, მაგრამ გადაწყვეტილი მაინც არაფერია და რატომ უნდა გაამჟღავნოს, რაზეა წამსვლელი. საერთაშორისო ურთიერთობებში პირობებს აყენებს ის, ვინც ომს იგებს.
- ფიქრობთ, აშშ-ში პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებას ელოდება? მანამდე ხომ თავად აქვს არჩევნები და ამისთვის მხოლოდ არსებული მდგომარეობა ეყოფა, მით უმეტეს, რუსეთში შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე?
- ამერიკის არჩევნებს ელოდება და მისი შედეგებით იმოქმედებს. რაც შეეხება რუსეთის პრობლემებს, ეს რუსეთში პუტინის საწინააღმდეგოდ როდის მუშაობდა, რომ ახლა იმუშაოს? მით უმეტეს, ეკონომიკური პრობლემებიც არ არის იმ მასშტაბის, რასაც ომის დასაწყისში სანქციების დაწესებისას ელოდებოდნენ. რუსები როგორმე გაძლებენ, მაგალითად, "მაკდონალდსის" ჰამბურგერს არ შეჭამენ. მათთვის სათქმელად პუტინს ისიც ეყოფა, რომ ფრონტზე სიტუაცია შემოატრიალა და ეს რომ მართლა ასეა, ვხედავთ. უკრაინას კონტრშეტევა ჩაუვარდა და ამ ზამთარში ვეღარაფერს გააკეთებენ. ამერიკის გარეშე ეს ომი ვერ დასრულდება და ამიტომაც იმასთან ილაპარაკებს, ვინც გაიმარჯვებს. მით უმეტეს, რომ დიდია ალბათობა, ტრამპი გახდეს პრეზიდენტი, რომელიც ომის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერს.
- არჩევნებამდე არის ზაფხული და შესაძლოა დასავლეთმა ისე გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა, ფრონტზე სიტუაცია ისევ შეცვალონ. ამასთან, ტრამპის გამარჯვებაც არ არის გარანტირებული და პუტინი გარისკავს ომის დასრულების გადადებას თუ შეეცდება, სწორედ ახლა დაასრულოს თავისი პირობებით?
- გააჩნია, უკრაინელებს რამდენად მისცემენ იარაღს, ამის მიხედვით იმოქმედებს. თუ არ მისცემენ, შესაძლოა კიდევ წაართვას ტერიტორიები და რაში აწყობს ახლა მოლაპარაკებაზე წასვლა, როდესაც სიტუაცია აშკარად მის სასარგებლოდ არის?
- უკრაინისთვის ამერიკის დახმარების ბედი კიდევ გაურკვეველია. აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტიდან კი გამოუყვეს მცირე თანხა, მაგრამ დიდი პაკეტის გარეშე რა ელოდებათ? მით უმეტეს, პრობლემებია ევროკავშირიდან დახმარების მიღებაზეც ორბანის დაბლოკვის გამო. ევროკავშირმა ეს საკითხი რომც მოაგვაროს, მათ უკვე თქვეს, რომ ამერიკის გარეშე ვერ შეძლებენ დახმარების გაწევას.
- უკრაინას ახლა სჭირდება დახმარება და იარაღის მიწოდება. ის, რომ ევროკავშირმა მაინც მოახერხა უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკების დაწყება, ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ომის დასრულების გარეშე რეფორმის გატარება წარმოუდგენელია და გასაგებია, რომ არც სთხოვენ.
- ამ ყველაფრის გათვალისწინებით ომის დასრულების პერსპექტივა როგორია? დასავლეთი მისცემს პუტინს გამარჯვების საშუალებას?
- იმედი მაქვს, უკრაინას დახმარებას არ შეუწყვეტენ, მაშინ წყალში ჩაიყრება ყველაფერი და ყველანაირად კატასტროფა იქნება, მათ შორის, მორალური. იმედია, ამას აცნობიერებენ...
- ბაიდენი ეხმარება და მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯი მაინც ვერ გადადგეს... მეორე მხრივ, დასავლურ მედიაში გაჩნდა მოსაზრება, რომ ტრამპმა პირველ ეტაპზე შეიძლება უარი თქვას უკრაინის დახმარებაზე, მაგრამ რომ ნახავს, პუტინთან ლაპარაკს აზრი არა აქვს, იძულებული გახდება რუსეთთან პოლიტიკა შეცვალოს და უკრაინის დახმარებაც უფრო გააძლიეროს...
- ტრამპი არ ფიქრობს, რომ პუტინთან მოლაპარაკება შეუძლებელია. ის ფიქრობს, რომ ყველასთან შეუძლია მოლაპარაკება, ამასთან, მას მიაჩნია, რომ რუსეთი არ არის საფრთხე. მისთვის საფრთხე ჩინეთია და ესაა ყველაზე დიდი პრობლემა. როდესაც საფრთხედ არ თვლი იმას, რაც მართლა რეალური საფრთხეა, როგორ შეიძლება ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა?
- ანუ ფიქრობთ, რომ ტრამპი თუ გახდება პრეზიდენტი, უკრაინას რუსეთს დაუთმობს?
- რაც უკვე წაღებული აქვს, ჩემი აზრით, დაუთმობს. როდესაც ამბობს, ერთ დღეში დავამთავრებ ომსო, ალბათ, ამას გულისხმობს. მოცემული სტატუსის პირობებში ორივეს აიძულებს ცეცხლის შეწყვეტას, შემდეგ კი დიდი ხნით გაიწელება სამშვიდობო მოლაპარაკება. ტრამპის ინტერესებში იქნება, რომ ორივე მხარე, უფრო მეტად კი უკრაინა, შეეგუოს სიტუაციას და ამასობაში ის ჩინეთზე გადაერთვება.