ყველაზე სუსტი არმია პოსტსაბჭოთა სივრცეში: რა ემუქრება მოლდოვას - დაანონსებული ცხელი გაზაფხული და ზელენსკის დახმარების იმედი - კვირის პალიტრა

ყველაზე სუსტი არმია პოსტსაბჭოთა სივრცეში: რა ემუქრება მოლდოვას - დაანონსებული ცხელი გაზაფხული და ზელენსკის დახმარების იმედი

რა კარგია, როდესაც აგრესორ რუსეთთან საერთო საზღვარი არ გაქვს! საბჭოთა კავშირის დაშლამდე და მით უმეტეს, საბჭოთა იმპერიის ჩამოშლის შემდეგ, კრემლმა მთელი თავისი აგრესიის ყველა ღია თუ ფარული მეთოდები უშუალო მეზობლების, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა, თუმცა ტერიტორიის ოკუპაციას ვერც მოლდოვა გადაურჩა, სეპარატისტული დნესტრისპირეთის სახით...

და მაინც, ის გეოგრაფიული რეალობა, რომ მოლდოვას საერთო არც სახმელეთო და არც საზღვაო საზღვარი არ გააჩნია აგრესორ რუსეთთან, კიშინიოვს განსაკუთრებულ შანსს აძლევს, თავიდან აიცილოს რუსული სამხედრო აგრესიის გამეორება და, უკრაინას „ამოფარებული“, ,ევროპასთან დაახლოვდეს.

თუმცა კრემლი იხტიბარს არ იტეხავს და აგრძელებს მოლდოვას პროევროპული პრეზიდენტის, მაია სანდუს პოლიტიკურ დაშინებას.

"მოლდოვაში უნდა ესმოდეთ, რომ თუ დნესტრისპირეთში რუსი სამშვიდობოების უსაფრთხოებას ვინმე დაემუქრება, ეს განხილული იქნება რუსეთზე თავდასხმად, როგორც სამხრეთ ოსეთში, სადაც ჩვენს სამშვიდობოებს სააკაშვილი დაესხა თავს!" , - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ეს მუქარა მართალია, ერთი წლის წინ გაჟღერდა, მაგრამ მას აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს.

„ვფიქრობთ, რომ რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს აქ სიტუაციის დესტაბილიზაციას. სავარაუდოდ, ისინი, დაახლოებით, გაზაფხულიდან დაიწყებენ. აქ მყოფ ადამიანებს გამოიყენებენ, ტაქტიკა შეიძლება შეიცვალოს“, - განაცხადა რამდენიმე დღის წინ მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ.

17-დან 22 დეკემბრის ჩათვლით მოლდოვას რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 22-ე სამშვიდობო ბატალიონი ბულბოაკის სასწავლო ცენტრში სამხედრო სწავლებას მართავს, რასაც მოსკოვი აპროტესტებს იმ მოტივით, რომ, თურმე, ეს პოლიგონი სულ რაღაც ოციოდე კმ-ში მდებარეობს „დნესტრისპირეთის რესპუბლიკისგან“ და ე.ი. მოლდოვის არმია აპირებს თავდასხმას დნესტრისპირეთზეო...

2-mol-1703068356.png
დნესტრისპირელი პრორუსი სეპარატისტების ამ ტანკებს მარტო მოლდოვას არმია ვერ გაუმკლავდება...

მოლდოვას რესპუბლიკის შეირაღებული ძალები ყველაზე სუსტები არიან, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების არმიებთან შედარებით - მსოფლიო რეიტინგით ისინი 105-ეა ჩვენს პლანეტაზე და მხოლოდ 6 ათასამდე სამხედროა მის რიგებში, შეიარაღება კი მოითვლის 381 ერთეულ ყველანაირ ჯავშანტექნიკას, 25 სარაკეტო დანადგარს, 9 თვითმავალ ნაღმსატყორცნს და 69 საარტილერიო დანადგარს.

ამ ძალებით მოლდოვას, რა თქმა უნდა, არ შეეძლება, წარმატებული საბრძოლო ოპერაცია განახორციელოს სეპარატისტული დნესტრისპირეთის „მოსარჯულებლად“, რადგან ადგილობრივი პრორუსული სეპარატისტული შეიარაღებული რაზმების გარდა (რომელთა რიცხოვნობა სცდება 7 ათასს), დნესტრისპირეთში, ასევე, დისლოცირებულია რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალები, რუსეთის არმიის 2 ათასამდე სამხედრო მოსამსახურის შემადგენლობით.

არსებობს სხვა გზებიც მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, მათ შორის - მოძმე რუმინეთისა და მეზობელი უკრაინის დახმარება, მაგრამ აქ სხვა ნიუანსები იკვეთება...

რუმინეთის, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრის ღიად ჩართვა მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებში, ტირასპოლში დისლოცირებული რუსი „სამშვიდობოების“ წინააღმდეგ, კრემლის მიერ შეფასდება, როგორც ნატოს სამხედრო თავდასხმა რუსეთის არმიაზე...

მეორე გზა შედარებით უფრო რეალური მოჩანდა - უკრაინის არმიის დახმარება მოლდოველი კოლეგებისთვის „დნესტრისპირეთის რუსული ანკლავის“ საბოლოოდ „გასაქრობად“...

ეს გეგმები მუშავდებოდა და კულუარული მოლაპარაკებებიც კი მიმდინარეობდა კიევსა და კიშინიოვს შორის, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, როდესაც უკრაინამ სამხრეთის ფრონტის ხაზზე წარმატებას მიაღწია და რუსი ოკუპანტები დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან და ქალაქ ხერსონიდან განდევნა.

მაგრამ დღეს, უკრაინული კონტრშეტევების წარუმატებლად დამთავრების შემდეგ, უკრაინის არმია ისევ თავდაცვას უბრუნდება და დნესტრისპირელი სეპარატისტებისთვის აღარ ცხელა, თუმცა იძულებულია, საზღვართან ერთი-ორი ბრიგადა ჰყავდეს მობილიზებული, რათა ზურგიდან პრორუსი სეპარატისტების მუხანათური დარტყმა არ მიიღოს...

3-mol-1703068356.jpg
მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუს ქვეყნის დასავლეთისკენ სწრაფად წაყვანა სურს, მაგრამ მას ამაში მოლდოვას პრორუსულად განწყობილი მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი ხელს უშლის...

2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაზე სამხედრო აგრესიის დაწყებისას, რუსეთის გენშტაბის ოპერატიულ რუკაზე ერთ-ერთი შეტევის მიმართულება ოდესაზე გავლით, დნესტრისპირეთისკენაც მიემართებოდა, რათა რუსეთის საოკუპაციო ძალებს დერეფანი გაეჭრათ მოლდოვას ამ ოკუპირებულ რაიონამდე, რომელთანაც აგრესორ რუსეთს არც სახმელეთო და არც საზღვაო საზღვარი არ აკავშირებს...

კრემლის ეს ჩანაფიქრი უკრაინის დამცველებმა საბედნიეროდ ჩაფუშეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომძლავრებული რუსეთი, რომელიც იბრუნებს საბრძოლო ინიციატივას უკრაინის ფრონტზე, მომავალში არ შეცდება ამის განხორციელებას...

ამიტომაც, მოლდოვას ჯერჯერობით აქვს დრო, დააჩქაროს ევროპასთან დაახლოების პროცესი და გააძლიეროს თავისი შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობები, რაშიც მას მოძმე რუმინეთი და მთლიანად ევროკავშირი უკვე ეხმარება - უგზავნის ჯავშანტრანსპორტიორებს და მალე მიაწვდის საჰაერო თავდაცვის საშუალებებსაც...