"ეს ჩემი მშობლიური გარემოა, მიყვარს აქაურობა. მე და ჩემი მეუღლე ერთნაირად ვფიქრობთ, ჩვენი მთავარი ღირებულებები ერთმანეთს ემთხვევა" - კვირის პალიტრა

"ეს ჩემი მშობლიური გარემოა, მიყვარს აქაურობა. მე და ჩემი მეუღლე ერთნაირად ვფიქრობთ, ჩვენი მთავარი ღირებულებები ერთმანეთს ემთხვევა"

სოფელი საკრაულა, ადრინდელი კიკნაველეთი, ბაღდათიდან 21 კილომეტრის სავალზეა, მდინარე საკრაულის მარჯვენა მხარეს. მოსახლეობისგან თითქმის დაცლილ სოფელში, სადაც ინტერნეტი და გაზი არ არის, ახალგაზრდა ოჯახი თავდაუზოგავად შრომობს და მეურნეობას უძღვება. კოტე კიკნაველიძე და ანა ქობალია მოგვითხრობენ თავიანთ ამბავს.

ანა ქობალია: - საკრაულაში დავიბადე და გავიზარდე. მაღალმთიანი სოფელია, მაგრამ მაღალმთიანის სტატუსი არა აქვს მინიჭებული, არადა, მთებშია ჩაკარგული. ადგილობრივებს გვგონია, რომ ამაზე ლამაზი სოფელი არსად არ არის. ყველას ხომ თავისი უყვარს... ეს იმაშიც გამოიხატება, რომ მე და ჩემი მეუღლე საცხოვრებლად სხვაგან არ წავედით. არადა, შეგვეძლო ბარში გვეცხოვრა და უკეთესად გაგვეკვლია ცხოვრებაში გზა. ძველი სახლი პატარა იყო, შერემონტებაც სჭირდებოდა და ამიტომ ახალი ავაშენეთ.ორ შვილს ვზრდით, სკოლა მცირეკონტინგენტიანია - სულ 20 მოსწავლემდე. ჩემი ბიჭი პირველ კლასშია, კლასში მარტოა. გოგონასთან ორნი არიან. არის კლასკომპლექტებიც, მაგრამ იქაც სამ ბავშვზე მეტი არ არის. საერთოდ, ვცდილობ ყველაფერში კარგი მხარე დავინახო, არ არის ტრაგედია, რომ სკოლაში ცოტა ბავშვია, თუ ადამიანს სწავლა უნდა, მოახერხებს. ჩემს ბიჭს მასწავლებელი გვერდით უზის და ისე მეცადინეობენ... სკოლის ბავშვები ერთ გუნდად არიან შეკრული.

სოფელში ამჟამად 100-მდე მოსახლე იქნება. არის მიტოვებული სახლები, წასული ბევრია.

- დასაფასებელი ნაბიჯია. ასეთი მიჯაჭვულობა სოფელთან რამ განაპირობა?

- უპირველესად, სოფლის სიყვარულმა. სულ უკვირთ და მეკითხებიან, ეს ახალგაზრდა ქალი მანდ როგორ ძლებო? ასეთი პასუხი მაქვს, აქ გავიზარდე, ეს ჩემი მშობლიური გარემოა, იმდენად მიყვარს აქაურობა, რომ აქ ყოფნა არ მეძნელება. ჩვენთან ვინმე ქალაქელი რომ ამოიყვანო, ვერ გაძლებს, მითუმეტეს, ზამთარი რთული გვაქვს. ამიტომაც დაიცალა სოფელი. ისე მოხდა, რომ მე და ჩემი მეუღლეც ერთნაირად ვფიქრობთ, ჩვენი მთავარი ღირებულებები ერთმანეთს ემთხვევა. არც ერთს არ შეგვიძლია ქალაქში ცხოვრება. ჰოდა, აქ ჯანსაღად ვცხოვრობთ, სუფთა ჰაერია, სუფთა პროდუქტით ვიკვებებით. მირჩევნია ქალაქური "სიამოვნებები" მოვაკლო, მაგრამ ჯანსაღად გავზარდო. მომავალში ეს უფრო გამოადგებათ. რაც შეეხება წრეებს, ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ და ყველაფრის სწავლა ისედაც შესაძლებელია.

ბოლო დროს ოდნავ გამარტივდა ცხოვრება, რადგან ასფალტიანი გზა გვაქვს და რაიონთან დაკავშირება აღარ გვიჭირს.

- გაქვთ მიწა, რომელსაც ამუშავებთ. რა მოგყავთ?

- ყველაფერი, რაც კი შეიძლება აქ მოვიდეს. ახლა ისეთი დროა, იმდენი მავნებელია ნარგავებს შემოსეული, რომ ბევრ რამეში ხელი გვეშლება. მარტო ფაროსანამ რა გვიყო, თხილი როგორ გაგვინადგურა. მიუხედავად ამისა, არ ვნებდებით. მოგვყავს სიმინდი, ლობიო, ყველანაირი ბოსტნეული - კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო. გვაქვს ვენახი, ყურძნის ჯიშებიდან ციცქა-ცოლიკაური, ოჯალეში. ფუტკარს ვუვლით და თაფლს ვაწარმოებთ. ვზრდით ღორებს, გვყავს პირუტყვი. ცხვრებიც გვყავდა, მაგრამ დროებით გადავაშენეთ, თუმცა კვლავ ვაპირებთ მათ მოშენებას.

- იმერეთში ცხვარი ცოტა უჩვეულოა, ძირითადად, თხა ჰყავთ...

- ჩვენთან უმეტესად თხები ჰყავთ, თუმცა ცხვარიც ჰყავთ. იმერეთში თხილი საკმარის ფართობზეა გაშენებული, იმ თხილის ნარგავებში დადიან და ძირებს უსუფთავებენ. თხა კი შეძვრება და ყველაფერს ჩამოჭამს. ამიტომ ვფიქრობ, ისევ ცხვარი სჯობს.ჩვენი ყოველი დღე ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ ასევე ძალიან განსხვავებულია. დილით ვდგები, მოსავლელებს მოვუვლი, მერე ბავშვებს სკოლაში გავუშვებ, ოჯახის საქმეებს გავაკეთებ. საღამოს ისევ მოსავლელებს უნდა ჩამოვუარო, - ყველაფერი თითქოს იგივეა, მაგრამ მაინც განსხვავებული. ყოველ დღეს სოფელში რაღაც ახალი მოაქვს. ასე რომ, ქალაქში ყოფნა არ მინდა. ვფიქრობ, რთული ცხოვრება გვაქვს არჩეული, მაგრამ სასიამოვნოა, რადგან მარტივ ცხოვრებას რთული მირჩევნია. ერთხელ ვთქვი, გაქცევაა ადვილი, დარჩენაა ძნელი-მეთქი, და არასწორად გაიგეს. როგორ გეკადრებათ, ეს გაქცევა არ არის და უფრო რთული ნაბიჯიაო. მართლაც, ცხოვრება მარტივი არსად არის, მაგრამ როცა სოფელში ფიზიკური შრომა გიწევს ოჯახის სარჩენად, ძალიან ძნელია.

363793402-339922345456203-4405237731751992205-n-1703078064.jpg

- რა განათლება გაქვთ?

- მეც და ჩემს მეუღლეს საშუალო განათლება გვაქვს, მაგრამ პროფესიით "ყველაფერშიკები" ვართ. ყველაფერს ვაკეთებთ. ბუნებრივად მოგვყავს ყველაფერი. რომც გვინდოდეს ქიმიური საშუალებების გამოყენება, ისეთი ძვირია, ვერ შევიძენთ. ჩვენს მოყვანილ პროდუქტს ძირითადად ოჯახს ვახმართ. თუმცა სეზონს გააჩნია, თუ კარგად მოვიდა მოსავალი, გავყიდით. წლეულს ლობიო იმდენი ავიღეთ, რომ გასაყიდიც იყო. გარშემო ჩვენს კეთილმოსურნეებსაც ვუნაწილებთ.

ჩემი ოცნებაა საკრაულა ტურისტული წერტილი გახდეს. აქამდე სახლის აშენებაზე ისე ვიყავით გადართული, რომ სხვას ვერაფერს გავაკეთებდით. საგაისოდ, ალბათ, ვიზრუნებთ პროექტის დაწერაზე.

კოტე კიკნაველიძე:

- ჩვენი ფართობი ეზოიანად ჰექტარ-ნახევარი იქნება. სახლიდან მოშორებითაც გვაქვს 3-4 ნაკვეთი. საქმე ბევრია, ვიღლებით, როგორ არა, მაგრამ დილას ადრიანად ვასწრებთ საქმეს, სიცხე რომ მოძლიერდება, ვისვენებთ. მდინარის პირას ჩავდივართ, კარგი მდინარეა საკრაულა. ჩვენს სოფელს ახლა მდინარის სახელი ჰქვია, თუმცა ადრე კიკნაველეთი ერქვა. საქმე ბევრია, თუმცა მშვიდად ვართ და ყველაფერს გეგმით მივყვებით. რაც მთავარია, ვიცით, რა გვინდა.

- ბავშვები საქმეში გეხმარებიან?

- კი და გვიხარია. მათ რომ ვუყურებთ, ჩვენი ბავშვობა გვახსენდება. ყველაფერს სიხარულით აკეთებენ. ვცდილობთ საქმეს მივაჩვიოთ და ინტერნეტს ცოტათი მოვარიდოთ.

- სოფელში ინტერნეტი არა გაქვთ?

- არა, ჩვენს ინტერნეტს ვიყენებთ. არც გაზი გვაქვს, მამაპაპურად ვართ - ღუმელი, ბუხარი და შეშა. 6 და 10 წლის ბავშვები ცეკვაზე ბაღდათში დაგვყავს. კარგი შედეგები აქვთ. გოგო უფრო ყოჩაღობს, ბიჭი წლეულს შევიყვანეთ. როგორც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ.

387463556-1748707365629492-666524627107273258-n-1703078063.jpg

- მშობლებისგან ისწავლეთ სასოფლო-სამეურნეო მუშაობა?

- უფროსი თაობის ადამიანები ბუხართან რომ დასხდებოდნენ და ლაპარაკობდნენ, ჩვენც იქვე ვიყავით და გვესმოდა, თან მათ შრომას თვალს ვადევნებდით.

ანა:

- შრომის სიყვარული ჩვენც მშობლებისგან გვაქვს გადმოცემული. ვცდილობთ ჩვენს შვილებს იგივე გადავცეთ. შეუძლებელი არაფერია, მთავარია, მოინდომონ, არ დაიზარონ. თუ ადამიანს შრომა, დილით ადრე გაღვიძება შეუძლია, ბევრ რამეს შეძლებს. სოფელში ცხოვრება ბედნიერებაა, სიცოცხლეს მეტად შეიგრძნობ. გული მწყდება, რომ ჩვენი სოფელი დაცლილია, იმდენია მიტოვებული მიწა, მაგრამ ახლა ისეთი დროა, ხალხი ქვეყნიდან გარბის. თუ ვინმესთვის ჩემი სიტყვა რამეს ნიშნავს, ვთხოვდი, სოფლებს დაუბრუნდნენ. სოფლის აღორძინება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენს ქვეყანას იმხელა პოტენციალი აქვს, ყველაფერი შეგვიძლია გვქონდეს და საზღვარგარეთიდან არ შემოვიტანოთ. ჩვენ აქ ვართ და ყველაფერს ნელ-ნელა მივყვებით.